"წამომირტყამს, მიჩქმეტია, ყური ამიწევია, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

"წამომირტყამს, მიჩქმეტია, ყური ამიწევია, მაგრამ...“

"ჩვენ ვიქცევით ბევრი სხვა ქართული ოჯახისგან განსხვავებულად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არატრადიციული ვართ. პირიქით, მგონია, მე ვიქცევი ტრადიციულად და სხვებმა უნდა მომბაძონ“

"საინტერესო, მაგრამ რთული და საშიში", - ასე აფასებს გასულ 2021 წელს პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. "იმდენი უცნაური რამე ხდება ჩვენს ირგვლივ, დაწყებული ბოიკოტით, შარლ მიშელებით, შიმშილობებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ა.შ., პირდაპირ კალეიდოსკოპია დაუჯერებელი ამბების. ადამიანები ვეძებთ ახსნას, თუ რატომ ხდება ასეთი უცნაური ამბები ასეთ მოკლე დროში და ეს ამოცანა ამოუხსნელია", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი­ და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს მთავარი ამოცანა ამ უცნაური ამბების ამოხსნა არ იქნება.

- ახალ წელს ოჯახთან ერთად, სავარა­უდოდ, თელავში, მშობლების სახლში შევხვ­დები. სამზადისში ჩართვა ყველას გვიწევს. მე თანაშემწის პოზიცია მაქვს ხოლმე, ვისაც რაში ვჭირდები, ვეხმარები.

- საინტერესოა, როგორია ოჯახში ვახტანგ მეგრელიშვილი­ და რამდენად განსხვავდება იმ საჯარო პირისგან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ?

- მგონი, არც განვსხვავდები, უბრალ­ოდ, ჩემი ოჯახის წევრები მიჩვეული არიან იმას, რაც გარეშე პირებისთვის უცნაურია. ის, რაც სხვებს ეპატაჟად ეჩვენებათ, ჩემი ცოლ-შვილისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

- თქვენი მეუღლისთვის მაინც იქნებოდით ეპატაჟური, ქორწინებამდე მაინც.

- კი, და სწორედ ეს მოეწონა.

- თქვენ რა მოგეწონათ მასში?

- მაიკო კეთილი და სწორი პოზიციის ადამიანია. 21 წლის წინ ერთნაირად აღვიქვით რეალობა და ერთმანეთის ყურადღება მივიქციეთ. იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, მაიკო კადრების განყოფილების თანამშრომელი იყო, საქმეზე მოდიოდა და ჩხუბობდა ხოლმე. მეც მაშინ გავიცანი, როდესაც ჩემს თანამშრომელს ეჩხუბებოდა. ვფიქრობდი, რომ სწორად ჩხუბობდა. ორი თვე ვიმეგობრეთ, მერე დავქორწინდით.

- როგორია თქვენს სამყაროში ოჯახური წესრიგი?

- ჩვენს ოჯახში კაცის როლს კაცი ასრულებს, ქალისას - ქალი, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც გადაწყ­ვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ. მგონია, რომ ძალიანაც ტრადიციული ოჯახი მაქვს. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახი ძალიან ცოტაა. ჯერ კიდევ მძლავრად არის ფესვგადგმული საბჭოთა მენტალიტეტი - ბავშვები სკოლაში დაგვყავს­ და მათ აღზრდას მთლიანად სახელმწიფოს ვანდობთ, ჩვენ კი ამ მნიშვნელოვან ამბავში არ ვმონაწილეობთ. ადამიანებმა არ იციან, რას სწავლობენ მათი შვილები, რატომ სწავლობენ, მოსწონთ სწავლა თუ არა. მე და ჩემს მეუღლეს ეს გვაინტერესებს.­ ის, რომ ჩვენ განსხვავებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით შვილების სწავლა-განათლების საკითხს, ჩვენს ქცევასაც განსხვავებულს ხდის. შესაბამისად ვიქცევით ბევრი სხვა ქართული ოჯახისგან განსხვავებულად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არატრადიციული ვართ. პირიქით, მგონია, მე ვიქცევი ტრადიციულად და სხვებმა უნდა მომბაძონ.

- მარიხუანას მოხმარებაც ტრადიციის შემადგენელია?

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომუნისტები არც არსებობდნენ, კანაფი იყო მცენარე, რომლის გავრცელებასაც ყველაზე წარმატებული ქართველები ცდილობდნენ. საბჭოთა კავშირის დროს რაღაც სიგიჟეები დაგვაჯერეს და ამის ახლაც გვჯერა. 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში ჯილდოებს აძლევდნენ კანაფის მოშენებისთვის. ჩემს ოჯახში ამ მცენარის გამოყენების, მავნე და დადებითი თვისებების შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. შესაბამისად, თუ რამე საშიშროება აქვს კანაფს, ამისგან ჩემი შვილები ყველაზე დაცული არიან ამ ქვეყანაში, ყველაფერი იციან მის შესახებ და იმიტომ.

სანამ ბავშვები არიან (კოსტა 11 წლის არის, გაბე 15-ის, ჟუ 16-ის) ზუსტად იციან, რომ არაფერი ესაქმებათ კანაფთან, მაგრამ როდესაც ზრდასრული ადამიანები გახდებიან, მათ მოუწევთ სხვადასხვა არჩევანის გაკეთება - კანაფი მოწიონ, სასმელი დალიონ, კლუბში წავიდნენ თუ "ექსტაზი" გადაყლაპონ... უამრავი არჩევანის წინაშე დადგებიან და მინდა ამ მომენტისთვის­ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული ყველა საფრთხისა და ბენეფიტის შესახებ, რათა გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.

megrel-1640429900.jpg

- თქვენ გაქვთ ნათქვამი, რომ ბავშვის აღზრდის მკაცრ მეთოდებს ემხრობით.

- შვილის გაზრდა მშო­ბლის პასუხისმგებლობის საქმეა. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მეთოდის მოსინჯვა შეიძლება­. ბავშვის აღზრდა ოჯახისთვის საკრალური ამბავია, რომელშიც შეიძლება ვინმე სხვას სთხოვოს დახმარება, მაგრამ საბოლოოდ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა. შეიძლება კი გაექცეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაეწევა, ცხვირში მაგრად მოხვდება, ამიტომ ჯობია არ გაექცეს!

- შვილები გაგილახავთ?

- შეიძლება წამომირტყამს, მიჩქმეტია ან ყური ამიწევია, მაგრამ ეს ბავშვებისთვის ტრაგედიად არ ქცეულა, ურთიერთობა არასდროს გაგვფუჭებია. ზოგჯერ მივმხვდარვარ კიდეც, რომ არასწორად მოვქცეულვარ და ბოდიშიც მომიხდია. თუმცა რაღაც მომენტებში საჭიროა ბავშვი გააჩერო, სხვადასხვა რისკი აარიდო თავიდან. ჩემი აზრით, კლიშეების დაწესება, ის არ შეიძლება, ეს შეიძლებაო, არასწორია. მშობლები და შვილები თავისუფლები არიან ერთმანეთთან ინტერაქციაში.

- შვილებთან დროის გატარება­ მოგწონთ?

- ამაზე მეტად არაფერი მომწონს, ყველა დღე მაბედნიერებს.

- საახალწლოდ საჩუქრები უკვე შეარჩიეთ?­

- აი, ეგ არ მეხერხება. ისინი უფრო მჩუქნიან.

- რით ახერხებთ მათ გახარებას?

- ცოლს ხან კინოში ვპატიჟებ, ხან ყვავილებს ვჩუქნი, ხან შვილებს ვეკითხები, რითი გავახარო მათი დედა. ბავშვებსაც ვეკითხები ხოლმე, რა გაახარებთ.

megrel3-1640429873.jpg

- თქვენ როგორ ახერხებთ განტვირთვას?

- რამდენიმე დღის წინ ილონ მასკზე­ წერდნენ, როგორ შეიძლება ამდენს მუშაობდესო. წარმატებული ადამიანები ბევრს მუშაობენ, ოღონდ მათთვის მუშაობა გართობაა. თქვენ რასაც სამუშაოს უწოდებთ, ჩემთვის გართობაა. ჩემთვის საინტერესოა მივიდე პარლამენტში, ადამიანებს რაღაც ვუთხრა, საღამოს რაღაც წავიკითხო ან ტელევიზორს ვუყურო. ფიზიკის შესახებ რამეს რომ წავიკითხავ, ან ვიდეოს ვუყურებ, ისიც საქმეა - მსოფლმხედველობაზე მოქმედებს. ჩემი პროფესია ჩემი პოზიციის გამოხატვაა. ამიტომ ვერთობი ამ საქმით.

- რა განათლება გაქვთ მიღებული?

- ქირურგი ვარ. მაგრამ ექიმად ვერ ვივარგე. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდგომ, არასამთავრობო ორგანიზაციიდან მთავრობაში აღმოვჩნდი. რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი და ხშირად მიწევდა პოლიტიკოსებთან ურთიერთობა. ვმეგობრობდი კახა ბენდუქიძესთან, რომელიც სულ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. მეც ბუნებრივად ჩავერთე პროცესში, თუმცა თავიდან ეს ამბავი დიდად არ მაინტერესებდა. კახას გარდაცვალების შემდეგ ოფიციალურად გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა.

- ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაგიკეთებიათ?

- ადამიანები დამირწმუნებია, რომ ფულის გაფლანგვას ღარიბებისთვის მიცემა სჯობს. ამას შედეგად მოჰყვა სოციალური დახმარების პროგრამა, რომელშიც ახლა 600 მილიონზე მეტი იხარჯება. ჯერჯერობით ეს არის ჩემ მიერ გაკეთებული ყველაზე კარგი საქმე.

ხათუნა ბახტურიძე