რატომ იყიდა ცხენი ლევან იოსელიანმა
"მომავალი წელი 2021 წელზე უარესი ვერაფრით ვერ იქნება. მე და ალეკოს იმდენად რთული წელი გვქონდა, ისეთი წინააღმდეგობების დაძლევა და ისეთი დაუმსახურებელი რამეების ატანამ მოგვიწია, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! მიხარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა. ახალ წელს ახალი იმედით ველოდებით", - ასეთია პარტია "მოქალაქეების" ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანის საახალწლო განწყობა და მოლოდინი. როგორც ამბობს, პოლიტიკურმა კრიზისმა მასზე, როგორც პიროვნებაზე, ძალიან იმოქმედა, ბევრი ინერვიულა იმის გამო, რომ კოლეგა ოპოზიციონერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ნამდვილი სვანია - პოლიტიკოსისთვის შეუფერებლად გულუბრყვილო და უანგარო, მაგრამ პრინციპული და შეუვალი. "კეთილია, დაეხმარება ადამიანს და მერე თავადვე უხარია. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო განათლება აქვს მიღებული ჯერ თბილისში, შემდეგ ამერიკაში, ძალიან გულუბრყვილოა. ერთი კვირა ინერვიულა იმის გამო, პირველი კრიტიკული განცხადების შემდეგ ტროლებმა "ფეისბუკის" გვერდზე გალანძღეს. მეგობრებს გვეკითხებოდა, რა უნდათ, რას მერჩიანო", - გვიამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა. უყვარს სპორტი, დოკუმენტური პროზა, აღმერთებს ვაზსა და ღვინოს, მაგრამ არ უყვარს თამადობა. ერთგულია, პირველად ვინც შეუყვარდა, ცოლადაც ის მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული და სიმპათიურია, ცოლი არასდროს ეჭვიანობს. ენდობა და იმიტომ. თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებად ქორწილის დღეს, განსაკუთრებულ დღესასწაულად კი ქორწინების შემდგომ პირველ ახალ წელს მიიჩნევს.
- ახალი წლის ღამეს არსად არ გავდივარ, ამჯერადაც ახალ წელს ცოლ-შვილთან ერთად შევხვდები, დავლოცავ, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ერთმანეთს საჩუქრებს გავუცვლით. შემდეგ მეგობრებიც მოვლენ, მეორე დღეს კი მშობლებთან წავალ. საჩუქრები უკვე ყველას ვუყიდე. ერთ შვილს, რომელიც წელს სკოლას ამთავრებს, ლეპტოპს ვაჩუქებ. დანარჩენს არ გეტყვით, სიურპრიზს ვუმზადებ. სხვათა შორის, მეც ველოდები მეუღლისგან სიურპრიზს, არასდროს მიმხელს, მაგრამ ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, ყოველთვის გახარებული ვრჩები.
- სამზადისში თუ მონაწილეობთ?
- კი, სუფრას თეთრ, ასევე შავ ღვინოს და შამპანურს შევმატებ. სხვათა შორის, ჩემს ოჯახში სხვა სასმელს არ ვაღიარებთ. ვისკი, არაყი და ლუდი ჩვენი სასმელი არ არის.
- სამზადისში თქვენი მონაწილეობა სუფრაზე ღვინის მიტანით შემოიფარგლება?
- არა, სკამების შემოტანა, გატანა და მაგიდის აწყობა-დაშლაც ჩემზეა. რა ვქნა, მეტი არაფერი შემიძლია.
- შეგიძლიათ ის ახალი წელი გაიხსენოთ, რომელიც ყველაზე ლამაზი დღესასწაული იყო თქვენს ცხოვრებაში?
- 20 წლის ვიყავი, უსაზღვროდ ბედნიერი და გახარებული - გვერდით ჩემთვის უსაყვარლესი გოგონა მყავდა. ახალი წლის ღამეს მშობლების სახლში შევხვდით, შემდეგ მეგობრებთან წავედით.
- საახალწლოდ სურვილების ჩაფიქრების თუ გჯერათ?
- მხოლოდ ახალ წელს კი არა, ზოგადად მჯერა სურვილების, ოცნებების. დარწმუნებული ვარ, თუ ადამიანს მთელი გულით უსურვებ რაიმეს, აუხდება.
- რა არის სურვილი, ოცნება, რომლის ახდენა ყველაზე მეტად გსურთ?
- გეტყვით, ოღონდ დამიჯერეთ - აი, ახლა ძალიან მინდა მომავალ ახალ წელს სოხუმში შევხვდეთ.
- ახალი წლის ღამეს თავგადასავალი არასდროს გადაგხდენიათ?
- არა, არა ვარ ის ადამიანი, საუნაში დავიძინო და მერე სხვა ქალაქში გავიღვიძო. არაორდინარულად მახსენდება ახალი წელი, როცა გავიგე, რომ სინამდვილეში თოვლის ბაბუა არ არსებობდა და საჩუქრებს მშობლები მჩუქნიდნენ. მაშინ 7-8 წლის ვიყავი. უცნაური განცდა დღემდე მახსოვს, ეს არ იყო იმედგაცრუება, უფრო იმის აღმოჩენას ჰგავდა, რომ უკვე ბავშვი აღარ ვიყავი...
- ალბათ, თქვენმა შვილებმა უკვე იციან, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.
- ნიკუშა უკვე 11 წლის არის. როგორც ამბობს, 7 წლის ასაკში მიხვდა, საჩუქრებს თოვლის ბაბუას სახელით ჩვენ რომ ვყიდულობდით.
- თქვენს შვილებზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
- სამი შვილი მყავს. უფროსი ქალიშვილი ანა 21 წლის არის, კოტე - 17 წლისა, ნიკუშა ნაბოლარაა. მგონი, შვილებისთვის, განსაკუთრებით ანასთვის, მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა. ჩვენს ურთიერთობას რომ შეხედოთ, და-ძმა უფრო გეგონებით, ვიდრე მამა-შვილი. სხვათა შორის, ანა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად მეხმარება. წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩემ გვერდით იყო.
შუათანა, კოტე, ძირითადად, ვარჯიშით არის დაკავებული. ადრე ფეხბურთი მისი ინტერესის მთავარი საგანი იყო, ახლა კულტურიზმმა გაიტაცა. იმ ასაკშია, ფიზიკურ გარეგნობაზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები არიან, სხვადასხვა ინტერესი და შეხედულება აქვთ. მეც პატივს ვცემ მათ ინტერესებს, ჩემს სურვილებს თავს არ ვახვევ. რაც მთავარია, კარგად სწავლობენ.
- როგორც ვიცი, სპორტს თქვენს ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უჭირავს.
- კი, მაგრამ მე სპორტის სხვა სახეობით ვარ დაკავებული. საბურთალოს ქუჩაზე გავიზარდე, მთელი ბავშვობა იპოდრომზე მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარდა ცხენები... ეს სიყვარულიც მარადიული აღმოჩნდა. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ცხენი ვიყიდე და ცხენოსნობა ერთ-ერთ მთავარ პროფესიად გავიხადე. 15 წელია უკვე ამ სპორტით| ვარ დაკავებული. შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობ. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. 7 საათზე უკვე იპოდრომზე ვარ, ვვარჯიშობ და შემდეგ მივდივარ სხვა პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად.
- ერთხელ მითხარით, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებდათ. როგორ მოხდა, რომ პოლიტიკოსობა თქვენს მთავარ საქმედ აქციეთ?
- ამ ამბავში ალეკომ "ჩამითრია". როდესაც საკრებულოს დეპუტატობაზე გადაწყვიტა კენჭისყრა, აზრი მკითხა. მოვუწონე და აღვუთქვი, რომ დავეხმარებოდი. გავხდი კიდეც მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან ყოველთვის მის გვერდით ვიდექი როგორც იურისტი. როდესაც ალეკომ "სამოქალაქო მოძრაობის" დაფუძნება გადაწყვიტა, მთხოვა, მთაწმინდის ოლქში კენჭი მეყარა. ვინაიდან კარგად ვიცნობდი ალეკოსაც და მის ღირებულებებსაც, ეს გამოწვევა მივიღე.
- ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?
- მეუღლისთვის ეს უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლაც მსაყვედურობს, რა გინდოდა, მშვენიერი ცხოვრება გვქონდაო.
- მეუღლე რა პროფესიის არის?
- ისიც იურისტია, სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით და უნივერსიტეტშიც. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. სტუდენტობისას დავოჯახდით. ხშირად ვხუმრობ, ერთად უფრო ბევრი დრო გვაქვს გატარებული, ვიდრე ერთმანეთის გარეშე-მეთქი.
- ახალი, 2022 წლისგან რას ელით?
- მგონი, 2022 წელი უფრო მშვიდი იქნება. ძალიან მინდა ქართველები ერთმანეთის მიმართ უფრო ადამიანურები გავხდეთ და აგრესია დიალოგმა ჩაანაცვლოს. შეიძლება ყველა ვერ შეიყვარო, მაგრამ მთავარია, სიძულვილი გავატანოთ ძველ წელს.
მგონი, ქართველებს თანდაყოლილი უნარი გვაქვს, ერთმანეთს სერიოზული რაღაცები მარტივად ვაპატიოთ, მაგრამ შეიძლება სულ პატარა შეცდომისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავეკიდოთ. დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, ვისაც ოპონენტებთან ლაპარაკი არ სურს, ის პოლიტიკოსი კი არა, ექსტრემისტია. პოლიტიკის მთავარი ამოცანა კომპრომისის ძიებაა, კომპრომისს კი მხოლოდ საუბრისას თუ იპოვი. არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავი გგონია მართალი.O ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ხშირად სიმართლე არც ერთის მხარეს არაა, სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია.
ხათუნა ბახტურიძე