"როგორც ჩანს, "ოცნებას" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლა ისეთი აგრესიული ტიპაჟი სჭირდება, როგორიც კობახიძეა. შესაბამისად, არჩევანი გააკეთეს შალვა პაპუაშვილზე" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, "ოცნებას" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლა ისეთი აგრესიული ტიპაჟი სჭირდება, როგორიც კობახიძეა. შესაბამისად, არჩევანი გააკეთეს შალვა პაპუაშვილზე"

"ზურაბიშვილმა ჯერ "ქართულ ოცნებაში" მოაგვაროს პრობლემა. მის ინიციატივასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდიდან ძალიან ცუდი, მიუღებელი განცხადებები ისმის"

"ადამიანები სახლს სახურავიდან კი არა, საძირკველიდან უნდა აშენებდნენ" - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ეროვნული შეთანხმების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და საზოგადოებას გამთლიანებისკენ, პოლიტიკურ აქტორებს ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეში საკუთარი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.

შეთანხმების შესაძლებლობაზე და მმართველ გუნდში ბოლო დროს მიმდინარე ცვლილებებზე ანალიტიკოსები პაატა ზაქარეიშვილი, ვახტანგ ძაბირაძე და გია ხუხაშვილი გვესაუბრებიან.

პაატა ზაქარეიშვილი: - ვფიქრობ, რომ შერიგების პროცესი არასწორად დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობას თამაშობს, მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი სხვისთვის დამაჯერებელი აღარ არის. ზურაბიშვილმა ჯერ "ქართულ ოცნებაში" მოაგვაროს პრობლემა. მის ინიციატივასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდიდან ძალიან ცუდი, მიუღებელი განცხადებები ისმის. ძალიან თვალში საცემია მათი დამცინავი ტონი. "ქართული ოცნება" არ არის მზად ეროვნული შეთანხმებისთვის. შესაძლოა, ზურაბიშვილმა ლიდერები ვერ დაითანხმოს, რომ მისი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთებინოს, მაგრამ გააჩუმოს მაინც, ვიდრე თავს მოაბავს რამეს.

- შეიძლება ეს ამბავი "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად იქცეს?

- არამგონია, "ქართულ ოცნებას" ახლა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. თუნდაც კახა კუჭავას გადადგომასთან დაკავშირებით.

- თქვენი ვერსიით, რას ნიშნავს, როგორ გავლენას იქონიებს კუჭავას პაპუაშვილით ჩანაცვლება, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?

- ჩემი აზრით, ყველაფრის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ კუჭავა, ისევე როგორც თავის დროზე არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების აგრესიულ და ცინიკურ რიტორიკაში ვერ ჩაეწერა. თალაკვაძის და კუჭავას რიტორიკა მიმართული იყო უფრო თანამშრომლობაზე, ადამიანურ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ახლა ისეთი აგრესიული ტიპაჟი სჭირდება, როგორიც ირაკლი კობახიძეა. შესაბამისად, არჩევანი გააკეთეს შალვა პაპუაშვილზე. არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა სულ ღიმილიანები მახსოვს, ვნახოთ, პაპუაშვილი თუ გაიღიმებს.

ვახტანგ ძაბირაძე: - ზურაბიშვილის მცდელობა, საზოგადოება რამენაირად გააერთიანოს, კარგია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და ილაპარაკონ, არაფერი არ გამოვა, პირველივე შეხვედრა დასრულდება არათუ უშედეგოდ, არამედ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირებით. ჩვენ ხომ ვიცით, როგორია თითეოეული პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განწყობა ოპონენტის მიმართ?! "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა" მოძრაობამ საერთოდ უარი უნდა თქვას პოლიტიკაზე და სააკაშვილი ციხეში დარჩეს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ციხიდან სააკაშვილი დაინიშნოს რიგგარეშე რჩევნები. ესენი რომ ერთი მაგიდის გარშემო დასვა, წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდება? ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსახილველ თემებს წინასწარ ჩამოაყალიბებს. ოღონდ ამ ჯგუფში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრებისგან, ჟურნალისტებისგან, ექსპერტებისგან, იურისტებისაგან... რაც შეეხება განსახილველ თემებს, უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა, ვეძებოთ დამნაშავე თუ ვეძებოთ შეცდომები. დღეს ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ და არა შეცდომებს. არადა, თუ არ გავარკვეთ, რა შეცდომები დავუშვით წარსულში, ისე არაფერი გამოვა.

ჩვენ არ ვართ ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. არსებობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ე.ი. ორი გზა გვაქვს, ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ რაღაც შეთანხმებამდე, ან საერთოდ ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვსაუბრობთ მხოლოდ მომავალზე. მესამე გზა არ არსებობს. იმისთვის, რომ მეორე გზა ავირჩიოთ, წარსულზე საუბარს თავი უნდა დავანებოთ და მომავალს მივხედოთ, ხელისუფლებაში დიდი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ძალა უნდა იყოს. თავის დროზე "ქართულ ოცნებასაც" დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და "ნაციონალურ მოძრაობასაც". შესაბამისად ამის გაკეთება 2003 წელსაც შეიძლებოდა და 2012 წელსაც, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ნაბიჯი არც ერთმა მათგანმა არ გადადგა. ჩვენი 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ყველამ საკუთარი ხელისუფლების გამყარებაში დახარჯა. დღეს "ქართულ ოცნებას" აღარ გააჩნია პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ყველაფერი დაივიწყოს და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. ამიტომ მხოლოდ ერთი გზა გვრჩება, წარსულის გაანალიზების საფუძველზე მომავალზე უნდა შევთანხმდეთ.

გია ხუხაშვილი: - წესით, ეროვნული შერიგების ფარგლებში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსებთან შეხვედრისას კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს, რომლის ირგვლივაც წარიმართება დისკუსიები. ჩემი აზრით, ის მხოლოდ პოლიტიკოსების მოსმენით არ უნდა შემოიფარგლოს. ზურაბიშვილის დღევანდელი მოქმედება იგივეა, კბილის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი რომ დალიო და არ იფიქრო, რომ ამ ტკივილგამაყუჩებელს თავისი ვადა აქვს, გაივლის და კბილი ისევ აგტკივდება. პრობლემა არის სისტემური, პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დადოს კონკრეტული ხედვა და ამ ხედვის ირგვლივ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები, ან თუ ეს ხედვები არ არსებობს, უნდა გააკეთოს მაგიდა, რომელიც შედგება სხვადასხვა სპეციალისტებისგან და არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, სადაც გამომუშავდება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმით უნდა ესაუბრებოდეს შემდეგ პოლიტიკოსებს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)