"პატრიარქი არის განმათავისუფლებელი! მისი მთელი ისტორია კერპების ნგრევაა - ის ითმენს ამდენ ტკივილს, შეურაცხყოფას, უმადურობას და ისევ ლოცულობს ჩვენთვის" - კვირის პალიტრა

"პატრიარქი არის განმათავისუფლებელი! მისი მთელი ისტორია კერპების ნგრევაა - ის ითმენს ამდენ ტკივილს, შეურაცხყოფას, უმადურობას და ისევ ლოცულობს ჩვენთვის"

საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა, საქართველოში აუცილებლად იქნება ერთსულოვნება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთისგან მოვლენილი 21-ე საუკუნის მოციქულის, ჩვენი პატრიარქის სიტყვებს შევასრულებთ, მოვისმენთ, დავიჯერებთ და გავერთიანდებით, - ამის შესახებ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა.

მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით იქადაგა და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქის მთელი ისტორია კერპების ნგრევაა.

"დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უდიდესი სიხარული, ეს არის ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, ჩვენი სულიერი მამის, საყვარელი პატრიარქის აღსაყდრების დღე. კურთხეულია ეს დღე ღვთისგან, ეს დღე ყოველთვის იქნება საქართველოს ისტორიაში, როგორც ჟამი, განახლებული საქართველოს სიცოცხლის დაწყების, საქართველოსი, რომელსაც მძიმე ჟამი ჰქონდა. ამ დღეს ქართველმა ერმა თავისი შინაგანი ინტუიციით იგრძნო, რომ რაღაც დიდი იწყება. მთელი საქართველო შეძრული იყო იმით, რომ ეკურთხა პატრიარქი. 44 წლის ასაკში იყო მაშინ ჩვენი პატრიარქი, სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან დიდი იმედისმომცემი პიროვნება. ყველას ჰქონდა იმედი, რომ მისი მოსვლა იქნებოდა საწინდარი დიდი ცვლილებების, დიდი შემობრუნებისა, რადგანაც ბოლო საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა კარგავდა როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ძალებს და განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, როცა ჩვენ სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა დავკარგეთ. მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო დააცილა ათეისტურმა რეჟიმმა საზოგადოება ეკლესიას და შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოება სულიერი სიკვდილის პირას იყო მისული. და აი, გამოჩნდა პიროვნება სულიერი და ფიზიკური ძალებით აღსავსე, რომელსაც დიდი იმედი მოჰქონდა. ეს იმედი ჩვენ არ გაგვიცრუვდა. ჩვენ ნამდვილად ვიხილეთ ეპოქა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი ეპოქა იქნება დიდი სულიერი აღმავლობისა და დიდი ამაღლებისა. ეს ყველაფერი მისმა უწმინდესობამ განახორციელა“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ამასთან, მისივე თქმით, "დღეს რთულია თანამედროვე ცხოვრება როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთავარი - ჩვენ დავუბრუნდით ღმერთს!“

"შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო დადგა ისეთ გზაზე, რომელსაც ვერავინ და ვერავითარი ძალა ამ გზიდან მას ვერ გადაიყვანს, ვერ დააცილებს და ვერ დაამარცხებს. ჩვენი სულიერება თანდათან იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დიდი განსაცდელბი - ჯერ კომუნისტური რეჟიმის დროს გვქონდა, მას შემდეგ უფრო დიდი განსაცდელებია იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს იოანე ღვთისმეტყველის წმინდა წერილის აღსრულება იმის შესახებ, რომ ბოლო ჟამს მცირედნი დარჩებიან სარწმუნოებაში და უამრავი ქრისტიანული ქვეყანა, დიდი კულტურის და ისტორიის მქონე უმცირესობაში არიან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასე არ არის და რწმენა თანდათან უფრო ძლიერდება. თუმცა, რწმენასთან დაპირისპირება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. დღეს ცხოვრების ნირი ისეთია, რომ მთელი სამყარო ერთიანი მაჯისცემით ცხოვრობს. ყველა ის მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში, ჩვენზე მოქმედებს. რაც უფრო ძლიერია რწმენისკენ სწრაფვა, წინააღმდეგობის ეს ტალღებიც უფრო ძლიერია. ამას უძლებდა და დღემდე უძლებს ჩვენი პატრიარქი. არასდროს გვახსოვს ჩვენ მისგან საყვედური, ჩივილი... მისი ერთადერთი მწუხარება ჯერ კიდევ სულიერად განუმტკიცებელი შვილების გამოა, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ჩვენს სულებში არსებული კერპი შეირყევა და დაინგრევა, ამის სიმბოლოა ეს 44 წელი. პატრიარქი არის განმათავისუფლებელი! რაც უფრო მეტად დაუბრუნდება დედა-ეკლესიას ჩვენი ერი, მოუსმენს პატრიარქს, მით უფრო სწრაფი იქნება ჩვენი ამაღლება და ცოდვაზე გამარჯვება“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მისივე თქმით, პატრიარქი ითმენს ტკივილს, შეურაცხყოფას და უმადურობას და ისევ ლოცულობს ჩვენთვის და განსაკუთრებით შეცდომილი შვილებისთვის.

"ჩვენი პატრიარქის მთელი ისტორია კერპების ნგრევაა. მან დაანგრია ათეიზმის კერპი. ის კერპი, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო აღმართული სწორედ მისი ლოცვით შეიმუსრა. ის ანგრევს კერპებს ჩვენს სულებშიც და ამას დიდი სიყვარულით აკეთებს. ის ითმენს ამდენ ტკივილს, ამდენ შეურაცხყოფას და უმადურობას, ისევ ლოცულობს ჩვენთვის და განსაკუთრებით შეცდომილი შვილებისთვის. მას აღიარებს არა მარტო მართლმადიდებლური, არამედ არამართლმადიდებელი სამყაროც - მუსულმანური სამყარო, იუდეველთა სამყარო, როგორც დიდ, მსოფლიოსთვის მლოცველ პიროვნებას. მადლობა ღმერთს, რომ მოგვივლინა პიროვნება, რომელმაც ფაქტობრივად ფერფლიდან აღადგინა ჩვენი სულიერება. არ დაგვავიწყდეს რომ ის ჩვენ ტვირთს ატარებს, ამიტომ რაც უფრო მეტად ვეცდებით შევიმსუბუქოთ ცოდვები, ვიქნებით ეს სასულიერო დასი თუ საერონი, მით უფრო შემსუბუქდება პატრიარქის ჯვარი და კიდევ დიდხანს გვექნება საშუალება მისი კურთხევის მიღებისა. განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან დედა-ეკლესიის წიაღს, დაუბრუნდით ეკლესიის წიაღს, ამიტომ პატრიარქის ჯვარს შეამსუბუქებენ და გააძლიერებენ ეკლესიას და საქართველოს. საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა, საქართველოში აუცილებლად იქნება ერთსულოვნება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთისგან მოვლენილი 21-ე საუკუნის მოციქულის, ჩვენი პატრიარქის სიტყვებს შევასრულებთ, მოვისმენთ, დავიჯერებთ და გავერთიანდებით. ეს არის ჭეშმარიტი ერთსულოვნება და მშვიდობა ქვეყანასა ზედა. უფალო მოასწარი ჩვენს პატრიარქს სულიერად და ტერიტორიულად გამთლიანებული ივერია, გაახარე მისი გული შეცდომილთა მოქცევით და ივერიის გაბრწყინებით“, - განაცხადა მეუფე დანიელმა ქადაგებისას.

"ინტერპრესნიუსი"