"გიორგი დაბადების დღეზე გავიცანი. ორ დღეში ვენაში გავფრინდი... ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სკაიპით ვურთიერთობდით"
თითქმის ყველა თარიღი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, ახალ წელს უკავშირდება - 31 დეკემბერს დაიბადა, 29 დეკემბერს ქორწილი ჰქონდა, მეუღლესთან ერთად ერთობლივი დანაზოგით შეძენილ ახალ ბინაშიც ახალ წელს შევიდა. ასე რომ, პარლამენტარ ანა ნაცვლიშვილისთვის ახალი წელი განსაკუთრებული და საკრალური დღესასწაულია. ბედნიერია, როდესაც ბავშვობას, საკუთარ დღეობაზე შეკრებილ ნათესავებსა და მათთან ერთად გატარებულ ძვირფას წუთებზე საუბრობს. 90-იანი წლების გაყინული დღეები, "კერასინკით" გაჭვარტლული ოთახები და მისი დღეობისა თუ ახალი წლის ღამისთვის ძლივს ნაშოვნი რუხი ფქვილის ამბავიც ტკბილ მოგონებად მიაჩნია. ამბობს, რომ ბედნიერ ბავშვობას ძალიან რთული პერიოდი მოჰყვა. ამის გამო დროდადრო სევდა ეუფლება, მაგრამ შვილების - 6 წლის ლაზარესა და 4 წლის მარიამის ბედნიერი სახეები ყველა დარდს ავიწყებს, მათთან ერთად ნაძვის ხესაც ძველებური ხალისით რთავს და გოზინაყსაც სიამოვნებით ამზადებს. გული სწყდება, რომ პანდემიის გამო ახალ წელს ამჯერადაც მშობლების, უცხოეთში მცხოვრები ძმისა და ჯერ კიდევ უნახავი ძმისშვილის გარეშე შეხვდება. თუმცა მომავალ 2022 წელს იმედიანად, ბევრი კარგი სიახლის მოლოდინში ხვდება.
- ურთულესი წელი იყო. განსაკუთრებით მძიმე იყო ვირუსთან უეფექტო ბრძოლის შედეგი - 13 000 კაცი დავკარგეთ. მინიმუმამდე დავიყვანე სოციალური კონტაქტები, რამაც ძალიან დამთრგუნა. რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებსაც შვილები შეეძინათ, დღემდე ვერ ვნახულობ. ჩემთვის პოლიტიკური ტურბულენტობაც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ზრდასრული ადამიანების დღის წესრიგს რომ თავდაყირა აყენებს, გასაგებია და ამას შეგუებული ვიყავი, მაგრამ როდესაც შინ ორი მცირეწლოვანი შვილი გელოდება, ყველაფერი გაცილებით რთულია. ამ წელიწადში ერთი პოზიტიური ამბავიც მოხდა - ჩემი უფროსი შვილი, ლაზარე, სკოლის მოსწავლე გახდა. ვუყურებ, როგორ არის ჩართული სასწავლო პროცესში, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, როგორ ამყარებს ურთიერთობებს კლასელებთან... ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე, შეიძლება ითქვას, მესამე თვალი გამეხსნა.
- შვილების აღზრდაში ოჯახის წევრები თუ გეხმარებიან?
- დამხმარე მყავს, თუმცა ვცდილობ ყველა მნიშვნელოვან მომენტში შვილებთან მე ვიყო.
- ფიქრობთ, რომ შვილების აღზრდის სწორი მეთოდი გაქვთ არჩეული?
- ზოგიერთი ფიქრობს, რომ რადგან ფიზიკურად შეუძლია შვილის გაჩენა, მის სწორად აღზრდასაც შეძლებს. მე თანდათან ვსწავლობ დედობას, შეიძლება შეცდომებსაც ვუშვებ. მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვმსჯელობთ ამ საკითხზე, თუ რამდენად სწორი პოზიცია გვქონდა ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში, რამე ხომ არ შეგვეშალა. მიუხედავად იმისა, ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, ზოგჯერ ბოდიშსაც ვუხდი. მათთან ერთად ვცდილობ სიტუაციის გაანალიზებას. წინასწარ ვერ დაგეგმავ, როგორი მშობელი იქნები, ურთიერთობა ხომ დინამიკურია, პროცესში გამოჩნდება, როგორ უნდა მოიქცე. ჩემი შვილები უკვე პიროვნებები არიან, პატარა პიროვნებები. ამიტომ დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო, რომ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა, ტკივილი არ მიაყენო, არასწორი გზავნილი არ გაუგზავნო. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდაში. შეიძლება ითქვას, ოჯახურ ვალდებულებებს პატიოსნად ვინაწილებთ. ასე რომ არ იყოს, ნამდვილად ვერაფერს მივაღწევდი, ვერც საია-ს ხელმძღვანელი გავხდებოდი, ვერც სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ვიმუშავებდი და ვერც იქ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. მისი ზურგი ყოველთვის მქონდა და მაქვს. ძალიან მეხმარებიან ჩემი მშობლები, დედამთილ-მამამთილი და ბებია-ბაბუაც კი. დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი გულშემატკივარი გყავს.
- მეუღლე სად გაიცანით?
- გიორგი ჩემს საუკეთესო მეგობართან, დაბადების დღეზე გავიცანი. ორ დღეში ვენაში გავფრინდი და ეუთოს ოფისში დავიწყე მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სკაიპით ვურთიერთობდით. როდესაც ჩამოვედი, ძალიან მალე დავქორწინდით. სამხედროა, ძალიან დიდხანს მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, აგვისტოს ომის მონაწილეა. ახლა არმიაში აღარ მსახურობს, მაგრამ მოწოდებით ისევ სამხედროა.
- როგორია პოლიტიკოსისა და სამხედროს ერთობლივი ცხოვრება?
- უნდა გითხრათ, რომ მე დროის დიდი პრობლემა მაქვს, ყველგან ვაგვიანებ. რა ვქნა, ვერ ვაკონტროლებ დროს! გიორგი კი უკიდურესად მოწესრიგებული, დისციპლინის მოყვარული ადამიანია, ყველაფერი წამების მიხედვით აქვს გათვლილი. ეს ხშირად გამხდარა ჩვენი კამათის მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა, ვუგებთ ერთმანეთს. მას აქვს იმ ტიპის ცოდნა და გამოცდილება, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს, შესაბამისად, ჩვენ შორის ხშირად იმართება საინტერესო დიალოგი.
- როგორც პოლიტიკოსს, მხარს თუ გიჭერთ?
- კი, ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ პირველი კრიტიკოსიც და ამას ძალიან ვაფასებ. ზოგჯერ გიორგის არ მოსწონს ჩემი გამონათქვამის ფორმა ან შინაარსი. იგივე შეიძლება ითქვას, ჩემს მშობლებზეც, ჯერ დამთავრებული არა მაქვს გამოსვლა, რომ უკვე საყვედური აქვთ მოწერილი. თუმცა, როცა მოვწონვარ, ამასაც აღნიშნავენ.
- საუბრისას ახსენეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადალახვამ მოგიწიათ. რას გულისხმობდით?
- 18 წლის ასაკიდან ვცდილობდი დამოუკიდებლად გამეკვალა გზა. ამ გზაზე ბევრი უსამართლობა, გულისტკივილი შემხვდა. თუმცა ბევრ რამეს გავუძელი. ჩემს თავს ხშირად ვამხნევებ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს-მეთქი. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, არ იყო ცუდი, რომ ამდენი სირთულე გამოვიარე. იმისთვის, რომ პიროვნებად შედგე, დამოუკიდებლად უნდა გაართვა თავი სირთულეებს. მთელი ბავშვობა ევროპული განათლების მიღებაზე ვოცნებობდი. ისე გავამზადე საბუთები და მივიღე კონკურსში მონაწილეობა, რომ მშობლებმა არაფერი იცოდნენ. სანამ ყველა ეტაპი არ გადავლახე და უნივერსიტეტიდან მოწვევა არ მივიღე, არავისთვის არაფერი მითქვამს. არაერთი სტიპენდია მაქვს მიღებული: ზოგი სწავლისთვის, ზოგიც სამუშაო გამოცდილებისთვის.
- პოლიტიკოსობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ბავშვობიდან მინდოდა იურისტობა, რაც შეეხება უფლებადაცვით მიმართულებას, ამაზე გავლენა იქონია იმ უსამართლობამ, რაც მე და ჩემს ოჯახს დაგვატყდა თავს. პოლიტიკაში მოსვლა არ დამიგეგმავს, ეს თავისთავად მოხდა. როდესაც ადამიანების უფლებებისთვის იბრძვი, ცვლილებები გინდა, ძალაუნებურად ერთვები პოლიტიკაში.
- გვიამბეთ იმ განსაცდელის შესახებ, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს შეგხვდათ.
- ეს იყო ძალიან უსამართლო ბრალდება, რომლის გამოც მამაჩემი ციხეში ჩასვეს. ალბათ, გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ციხეში მყოფ ადამიანებს "დაუძლეველი სურვილი" უჩნდებოდათ, რომ თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. ბრალის დადგენილებაში სიტყვასიტყვით ეწერა: "ფულის გაფანტვა". ციტატა იმიტომ მომყავს, რომ ბრალის აბსურდულობას გავუსვა ხაზი. მამა ერთ-ერთი დიდი ქარხნის დირექტორი იყო. როდესაც თავისი აქციები სახელმწიფოს "აჩუქა", გაათავისუფლეს. ამ უსამართლობამ თავისი კვალი დაატყო ჩემს მსოფლმხედველობას და ბრძოლის უნარიც გამიძლიერა. ერთ დღეს მივხვდი, რომ მარტო დავრჩი, კაციშვილი არ იყო ჩემი მხსნელი, ყველა დაბრკოლება მარტოს უნდა გადამელახა, მათ შორის შეურაცხყოფაც უნდა დამეძლია და ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. ამის მერე სულ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას უსამართლობა, არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციები დაექვემდებარონ პოლიტიკურ დავალებებს. ბევრს უკვირს, რატომ იცავ სააკაშვილს, იმ ხელისუფალს, რომლის მმართველობის დროსაც ამდენი უბედურება გადაგხდაო. პასუხი მარტივია - სწორედ იმიტომ არ ვაპირებ შევეგუო სახელმწიფოს უსამართლო დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, რომ ასეთი სიმწარე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ამჯერად იმ ადამიანის წინააღმდეგ არის მომართული სახელმწიფო მანქანა, ვინც ჩემს ოჯახს ზიანი მიაყენა, მაგრამ თუ პრობლემა მე არ მეხება, არ უნდა ვინაღვლო?! უსამართლო სასამართლო არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს.
- სააკაშვილის ბოდიში უსამართლო სასამართლოს შესახებ მიიღეთ, ყველაფერი აპატიეთ?
- მოქმედი ხელისუფლება "ნაციონალების" დანაშაულებს ისე თვალსაჩინოდ იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ უფლებადაცვით ორგანიზაციებს მოქმედებისთვის გზას არ უტოვებს. ეს ტაბუ უნდა მოიხსნას და სიმართლე ითქვას. სიმართლე უნდა თქვან სახელმწიფო ინსტიტუციებმა - პროკურატურამ და სასამართლომ.
- ანუ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესი ისეთი პოლიტიზებულია, რომ სიმართლის გარკვევა შეუძლებელია?
- დიახ, ასეა. ჩვენ, ვინც უსამართლობის მსხვერპლი ვიყავით, საზოგადოების ერთი ნაწილი გვეუბნება, რომ სინამდვილეში ჩვენს თავს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ხოლო მეორე ნაწილი გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი უბედურება კი არ აწუხებს, უბრალოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება ჩვენი ტრაგედიები. მინდა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამასთან, მჭირდება გარანტია, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ მოხდება, ამას კი ინსტიტუციური ცვლილებები სჭირდება.
- რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ ეროვნულ შეთანხმებას?
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ახალ 2022 წელსაც დიდი იმედით ვხვდები, მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ - თუ ხელს არ გავანძრევთ, თოვლის ბაბუა ხურჯინით არ მოგვიტანს ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას. ეროვნული თანხმობა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ სიმართლე გაირკვევა, კარგიც და ცუდიც. ადამიანებს, რომლებმაც წინა ხელისუფლების მმართველობა საკუთარ ტყავზე იწვნიეს, ვერ ეტყვი, ბოდიში მოგიხადე და ამით დამთავრდეს საქმეო. დღეს ლუკა სირაძის ან ია კერძაიას ჭირისუფალს ვინ გაუბედავს, პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ და ამისთვის თქვენი საქმეების დავიწყებაა საჭიროო?! "ნაციონალების" 9-წლიანი მმართველობის მუდმივად ძაგება გამოსავალი არ არის, გამოსავალი იმ სისტემის გაშიფვრაა, სადაც ბევრი უფლებადარღვევა იყო და არის. უნდა გავარკვიოთ, როგორ იყო ეს სისტემა აწყობილი და წარსულის გამოცდილებაზე შევქმნათ ახალი სისტემა, რომელიც მსგავს პრეცედენტებს გამორიცხავს.
ხათუნა ბახტურიძე