"ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ, არ მიყვარს, ქეთი რომ მებუტება" - კვირის პალიტრა

"ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ, არ მიყვარს, ქეთი რომ მებუტება"

"ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ, არ მიყვარს, ქეთი რომ მებუტება. ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ რამის დათმობა არ შემიძლია, მერე დავდევ და ვეხვეწები, შემირიგდეს. ზოგჯერ შესარიგებლად საჩუქრებსაც ვჩუქნი. თუმცა შერიგების სხვა მექანიზმებიც არსებობს..."

საჩუქრებითა და მომავლის იმედით ხვდება ახალ 2022 წელს ვაშაძეების ოჯახი. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი მეუღლე ქეთი სიჭინავა წინასაახალწლო განწყობაზე, წარსულში დარჩენილ პრობლემებზე, სიყვარულსა და სხვა ბევრ საინტერესო ამბებზე გვესაუბრებიან. როგორც ქეთი ამბობს, ახალ წელს ყოველთვის სამარხვო სუფრით, შვილებთან ერთად მომზადებული გოზინაყით და გიორგის მოტანილი ჩიჩილაკით ხვდებიან.

გიორგი ვაშაძე: - მე და ქეთი ჩვენს პირველ ახალ წელს თავისუფლების მოედანზე, ღია ცის ქვეშ შევხვდით... მერეც სულ ვცდილობდით ბავშვებიანად ღია ცის ქვეშ, ფოიერვერკების თანხლებით შევხვედროდით ახალი წლის შემობრძანებას. სამწუხაროდ, პანდემია ამის საშუალებას აღარ გვაძლევს. ჩემთვის 2021 წელი ძალიან რთული იყო - "კოვიდის" გამო მამა დავკარგე. არც პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით იყო დალხენილი პერიოდი. სამწუხაროდ, ვერც ის შანსი გამოვიყენეთ, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით მოგვეცა. რატომ ვერ გამოვიყენეთ? იმიტომ, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა ქვეყანაში ახალი ეტაპის დაწყებაზე, განვითარებაზე და ვიწროპარტიული ინტერესები დააყენა წინ. ახალ წელს ისევ და ისევ პოლიტიკური კრიზისით ვხვდებით, ისევე როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ქეთი: - ძალიან მიყვარს ახალი წელი, თოვლის ბაბუის დანახვა ბავშვივით მიხარია. ყოველ ახალ წელს სურვილებს ვუთქვამ და ვნატრობ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი.

გიორგი: - ქეთი მხოლოდ იმიტომ კი არ მიყვარს, რომ ლამაზია, არამედ კეთილშობილი ადამიანია.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

vashadze2-1640433887.jpg

გიორგი: - ვენაში გაცნობისთანავე გამოვართვი ტელეფონის ნომერი. მას შემდეგ, რაც ევროპაში მივლინებით მიწევდა წასვლა, სულ ვცდილობდი თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადაჯდომის დროს მაინც მოვხვედრილიყავი ვენაში და ქეთის დავკავშირებოდი. არსად მომყვებოდა, ტრადიციული ოჯახიდან იყო და თავისი წესები ჰქონდა. პირველად ბათუმში წავედით ერთად, დაბადების დღეზე. როგორც კი განვმარტოვდით, მაშინვე ხელი ვთხოვე.

ქეთი: - მახსოვს, როგორ ნერვიულობდა.

- მიხვდით, ხელი რომ უნდა ეთხოვა?

- არა, ვერ მივხვდი, მკითხა, ამ ზაფხუ­ლისთვის რა გეგმები გაქვსო. Mვუთხარი, რომ ბევრი გეგმა მქონდა ვენაში. მაშინ ბაკალავრიატზე ვსწავლობდი და მაგისტრატურაში ვაპირებდი გაგრძელებას. არ შეიძლება გეგმები შეცვალო და სწავლა საქართველოში განაგრძოო? მერე, როგორც იქნა, მითხრა, დავოჯახდეთო. მეც დავთანხმდი. აი, ასე დამტოვა გიორგიმ საქართველოში.

გიორგი: - ერთი კარგი ქართველი დავუბრუნე საქართველოს. სხვათა შორის, ქეთი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს სხვადასხვა პროექტზე. ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელიცაა და უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობს მარკეტინგში.

ქეთი: - ბავშვობიდანვე მომწონდა სოლიდური, ჭკვიანი ბიჭები. ჩემსა და გიორგის­ შორის ათი წელია სხვაობა. მის მიმართ თავიდანვე პოზიტიურად განვეწყვე. ძალიან მომწონდა, რომ დასავლური განათლება ჰქონდა, ქართველ კომპლექსიან ბიჭებს­ არაფრით ჰგავდა.

- თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტს თუ გაიხსენებთ?

გიორგი: - ასეთი სამი მომენტი გვქონდა, სამივე ჩვენი შვილების დაბადებას უკავშირდება. პირველი შვილის დაბადება მაინც საოცრება იყო, მიხეილის დაბადებას­ პირადად ვესწრებოდი. მეორე შვილი გაგანია არჩევნების დროს დაიბადა. მახსოვს,­ ქეთი მანქანაში, ჩემ გვერდით იჯდა და მითხრა, სამშობიაროში წამიყვანეო. იმდენად გადართული ვიყავი საქმეზე­, სამშობიარომდე ისე მივედი, ვერ მივხვდი, რატომ მიმყავდა. შუადღის 12 საათზე დაიბადა დავით ვაშაძე. ანასტასია კიევში დაიბადა, ცოტა ნაადრევად. სხვათა შორიც, ქორწილიც კარგად მახსენდება - ნაღდი ქართული ქორწილი გვქონდა, ყველა ტრადიციის დაცვით.

- როგორი მშობლები ხართ?

ქეთი: - ცელქი ბავშვები არიან და მაქსიმალურად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. ყველა ფსიქოლოგი, რომელთაც ვუსმენ, ამბობს, რომ ზედმეტი სიმკაცრე და დასჯა ბავშვზე დადებითად არ მოქმედებს. შესაბამისად, მეც ვცდილობ ყველაფერი მშვიდად და წყნარად ავუხსნა. ჩვენი­ ბიჭები სპორტით, კერძოდ, ფეხბურთით არიან დაკავებული, ანასტასია კი ცეკვავს.

გიორგი: - და ხატავს. მკაცრი არც ერთი არა ვართ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში მაინც ჩემი გადასატეხია ხოლმე სიტუაცია. ახლა ისეთი დროა, ბავშვებმაც კი ისწავლეს თავიანთი უფლებები, ასე რომ...

- პოლიტიკა რამდენად არის შემოჭრილი თქვენი შვილების ცხოვრებაში?

ქეთი: - ყველანაირად ვიცავ შვილებს პოლიტიკისგან. ბავშვები გიორგის ოპონენტების შვილებთანაც მეგობრობენ და არ მინდა დისკომფორტი შეექმნათ. ჩემი ვაჟი კახი კალაძის ვაჟის თანაგუნდ­ელია ფეხბურთში და არ მინდა მათ მეგობრობას მამების პოლიტიკურმა პოზიციამ ხელი შეუშალოს.

გიორგი: - უი, მე არ ვიცოდი.

- თქვენ თუ იზიარებთ მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებს?

- მისი პირველი მხარდამჭერი ვარ, სხვაგვარად გაგვირთულდებოდა ურთიერთობა. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს.

- რა არის თქვენი მიზანი?

გიორგი: - ამ ეტაპზე ქვეყნის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანა, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, დასავლური კურსის გაძლიერება... ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქეთის მხარდაჭერა. ყოველთვის ყველაფერზე ერთი აზრი გვაქვს, ხანდახან ვკამათობთ კიდეც. თუ საქმე პოლიტიკას ეხება, არა, მაგრამ ოჯახურ საკითხებში მე უფრო დამთმობი ვარ. არ მიყვარს, რომ მებუტება. ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ რამის დათმობა არ შემიძლია, მერე დავდევ და ვეხვეწები, შემირიგდეს. ზოგჯერ შესარიგებლად საჩუქრებსაც ვჩუქნი. თუმცა შერიგების სხვა მექანიზმებიც არსებობს.

- თქვენს შორის უხერხულობას ხომ არ ქმნის ვანო ჩხარტიშვილის ფაქტორი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გიორგის ყოფილი თანამებრძოლებიც კი წამოაძახებენ ხოლმე თქვენს ბიძასთან ნათესაურ კავშირს?

ქეთი: - რა ვქნა, ასეთია რეალობა, ვერავის ხათრით ვერ შევცვლი რამეს. ჩემი ნათესავებიც ძალიან მიყვარს და გიორგიც. არც ვაძლევ თავს ამ ამბავზე ნერვიულობის უფლებას. სხვებმა ინერვიულონ!

- ამ საკითხზე არც ოჯახში საუბრობთ?

- არა, სხვათა შორის, ორივეს ძალიან ვუყვარვარ და მიფრთხილდებიან. რა ვიცი, 2010 წელს დავქორწინდით მე და გიორგი და ვანო ჩხარტიშვილი მაშინაც ჩემი ბიძა იყო, მაგრამ არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება.

- ბატონო გიორგი, ხომ არ ნანობთ, რომ "ნაცმოძრაობიდან" წამოხვედით და ამის გამო არა მარტო დამოუკიდებლად ბრძოლამ, ყოფილ თანამებრძოლებთან დაპირისპირებამაც მოგიწიათ?

- ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება­ მივიღე. ძალიან ხშირად არ შესრულდა ჩვენს შორის დადებული პირობა. ადამიანს უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ.

- იმედგაცრუების მომენტებში უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლა ხომ არ გიფიქრიათ?

- არა, მე არაერთხელ მითქვამს უარი სხვა ქვეყანაში წასვლაზე, იმიტომ, რომ აქ, საქართველოში მინდა წარმატებას მივაღწიო, ჩემი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში მსურს მონაწილეობა.

ქეთი: - ჩემი შვილები ბევრს კარგავენ იმის გამო, რომ გიორგის სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ სურს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად კარგია განვითარებულ ქვეყანაში განათლების მიღება და ცხოვრებაც. ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, აუცილებლად წავიდოდი ევროპაში, თუმცა რას ვიზამ, გიორგის პრინციპებს, არჩევანს პატივს ვცემ.

- თქვენი წარმოდგენით, 2021 წლის ბოლოს დაწყებული შეთანხმების პროცესი 2022 წლისთვის როგორ გაგრძელდება?

გიორგი: - უახლოეს მომავალში ნამდვილად არაფერს ველი, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ეტყობა იმის მზაობა, რომ შეთანხმება სურდეს. თუმცა კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო. რაც მეტი აქტორი ილაპარაკებს შეთანხმებაზე, მით უკეთესი იქნება. მიხარია, რომ საქმეში სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი აქტიურად არიან ჩართული.

ხათუნა ბახტურიძე