"ეს არის კულმინაცია და ამიტომ ვამბობ, ძალიან მეშინია-მეთქი: ვინმეს ხელი არ წაუცდეს, სადმე არ ამოხეთქოს" - კვირის პალიტრა

"ეს არის კულმინაცია და ამიტომ ვამბობ, ძალიან მეშინია-მეთქი: ვინმეს ხელი არ წაუცდეს, სადმე არ ამოხეთქოს"

"შეიძლება, შენი ხალხი, შენი მოსახლეობა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მტრად ჩათვალო?!. არადა, ამას ყოველდღე, ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენლისგან ვხედავთ და გვესმის"

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ძალიან მტკივნეულად განიცდის იმ ყველაფერს, რაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქართველ საზოგადოებას, ქვეყანას მოუტანა. კითხვაზე - სად ხედავს იმედს? - მპასუხობს, - მხოლოდ საზოგადოებაში, რომელსაც ეყოფა გონიერება, გაემიჯნოს პოლიტიკოსების მიერ დანერგილ აგრესიას.

- ძალიან იმედიანი, ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა არსებული ვითარება ძალიან მთრგუნავს. ჭკუიდან მშლის ის ფაქტი, რომ მთავრობა ადამიანებივით არ გველაპარაკება, ძაღლებს უფრო დიდ პატივს სცემს, უფრო აფასებს, ვიდრე ჩვენ, რაც ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. ამ პირობებში, რომელ "დიდ" ან სულაც "პატარა" შერიგებაზეა ლაპარაკი, როდესაც ხელისუფლების ყველა განცხადებაში იგრძნობა, რომ ადამიანები, თავისი მოქალაქეები არ უყვართ. როგორი განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს, ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ მათ ვინმე უყვართ, და არ ვიცი, ამ რეალობაში ქართველი ხალხი რამდენად შემრიგებელია. ვეღარაფერს ვეღარ ვუსმენ, ვინაიდან ზიზღის ენის მეტი სხვა არაფერი ისმის მათგან. არადა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სულ რომ არ გეპიტნავებოდეს ვიღაცა, სხვა ტონალობაში უნდა ესაუბრო შენს მოსახლეობას, ვინაიდან მის წინაშე პასუხისმგებლობა გაქვს, რაც უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ ხელისუფლის მიმართ. ისეთი შეფასებები და მოსაზრებები ისმის ოპოზიციისა და მისი მომხრეების მიმართ, შემეშინდა.

- თუმცა არც ოპოზიცია აკლებს, არა?..

- დიახ, მაგრამ მათი მხრიდან წამოსული სიძულვილის ენა მნიშვნელოვნად ხელწაკრულია ხელისუფლებისგან. პასუხისმგებლობა აქვს საზოგადoების წინაშე. შეიძლება, შენი ხალხი, შენი მოსახლეობა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მტრად ჩათვალო?!. არადა, ამას ყოველდღე, ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენლისგან ვხედავთ და გვესმის. ბოლშევიკების დროში ვცხოვრობთ?.. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, თუნდაც მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. მტერს მეტი არაფერი უნდა. ერთი სული აქვს, როდის დავჭამთ ერთმანეთს, და ამას ვაკეთებთ კიდეც. ასეთი პოლარიზებული, გახლეჩილია საზოგადოება. პოლიტიკამ ოჯახებიც კი დაანგრია. თუ რამეზე შეიძლებოდა, ყველაფერზე აისახა, და ასეთ დროს შერიგებისკენ ეს ზერელე მოწოდებები, არ ვიცი, საშველი და გამოსავალი არის თუ არა.

- პოლიტიკური შეხედულებების სხვადასხვაობამ გვერდი ვერ აუარა სახელოვნებო წრეებსაც...

- იმიტომ, რომ ხელოვნების წარმომადგენლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ მიწაზე დავდივართ და ამ ჰაერით ვსუნთქავთ, ამიტომ ვერც ჩვენ ვიდგებით განზე. ადამიანებს ხელოვნებაც დაავიწყეს და საკუთარი თავიც. ქვეყანაში ყველაფერი მოშლილია, გაპარტახებულია, რადგან ყველაფერი პოლიტიზებულია. ღმერთმა ქნას, რომ ძალიან მალე გამოჩნდნენ კეთილგონიერი ადამიანები, მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, საზოგადოებაშიც, რათა ერთად მივიდეთ საერთო დასკვნამდე, რომ ერთი მტერი გვყავს. ერთმანეთი კი არ გვძულს, გვიყვარს, უბრალოდ, ემოციური ხალხი ვართ. როგორც სიყვარულში, ასევე დაპირისპირებაში, კამათში არ ვიცით ზღვარი. რადიკალურები გავხდით, რაც ნამდვილად, არ გვეკადრება, მაგრამ ამის გააზრება არ გვინდა და ასე გამოვხატავთ პოზიციას. ოღონდ შედეგზე არ ვფიქრობთ. სინამდვილეში, ერთმანეთი სულაც არ გვძულს.

- სასულიერო პირებიც გამოვიდნენ ვითარების დამშვიდების, შერიგებისკენ მოწოდების ინიციატივით.

- ჯერ სასულიერო პირებმა უნდა აჩვენონ საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ მიტევების, სიყვარულის, მოთმინების, შერიგების მაგალითი. ამას ვერ ვხედავთ მათში. სამწუხაროდ, თავად ეკლესიის მსახურები არ არიან შემრიგებლები და როდესაც ვამბობ, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ, ამასაც ვგულისხმობ. ერი და ბერი შეცვლილია... ცხადია, ბევრია, ვისაც მართლა შესტკივა გული თავის ქვეყანაზე, ხალხზე, ზრუნავს მათზე და ადამიანებს შორის მშვიდობიან და კეთილგონივრულ დამოკიდებულებაზე ლოცულობს. ის მცირე რაოდენობა რასაც აკეთებს, ძალიან დიდი შეცდომაა. ისინი მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე არ არიან პასუხისმგებელი, საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავთ, სულიერი შვილები, რომლებიც მათ პოზიციას იზიარებენ. ამიტომ, კარგი იქნება, როდესაც ამბიონზე დგანან და ქადაგებენ, მეტი ყურადღებით იყვნენ, საქმე სახელმწიფოს, მის სტაბილურ მომავალს ეხება.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტუაცია ზოგჯერ ავად მოსაგონარ 90-იან წლებსაც ახსენებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ყოველდღე დანის წვერზე დავდივართ. არ მახსოვს, ასეთი დაძაბულობა კიდევ ოდესმე ყოფილიყო ქართველ ხალხს შორის. ეს არის კულმინაცია და ამიტომ ვამბობ, ძალიან მეშინია-მეთქი: ვინმეს ხელი არ წაუცდეს, სადმე არ ამოხეთქოს. ძალიან ცუდი ის არის, რომ ეს დაძაბულობა და განხეთქილება კი არ ნელდება, კიდევ უფრო იზრდება. ერთი სული აქვს მტერს, მარტივ მამრავლებად დავიშალოთ, რომ ჩვენი დამარცხება და დაპყრობა გაუადვილდეს. ისედაც დაპყრობილები ვყავართ რუსეთს, ტერიტორია წაგვართვა და მის დასაბრუნებლად, იმ ხალხის შემოსარიგებლად ვერაფერს ვაკეთებთ, ამიტომ ჯერ ერთმანეთთან გვაქვს უამრავი რამ გასარკვევი და ვერა და ვერ გავარკვიეთ. თითქოს წარსულის შეცდომებზე ვერ ვისწავლეთ, ვერ გავიზარდეთ, ვერ დავღვინდით, მაინც ვუჩხიკინებთ ერთმანეთს. საბოლოოდ კი ამით სახელმწიფოს, ჩვენს მომავალ თაობას ვაზარალებთ. არადა, წლების წინ, როდესაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, თითქოს ყველაფერი სხვაგვარად გვქონდა წარმოდგენილი.

- მოზარდებთან, ახალ თაობასთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ. ალბათ სიმღერის გარდა, სხვა თემებზეც საუბრობთ. როგორია მათი თვალსაწიერი?

- ძალიან ნიჭიერი, გონიერი თაობა მოდის, მაგრამ ყველა მათგანში ვხედავ, რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ოჯახებს. ბავშვი ხომ ოჯახის სარკეა. სხვათა შორის, ხანდახან ისინიც არიან პოლიტიკურად რადიკალურად განწყობილი. რა თქმა უნდა, მათ ამ თემაზე არ ვალაპარაკებ. ჩვენი სასაუბრო თემა სიყვარულია და სიმღერა, რომელმაც მხარე და დაპირისპირება არ იცის, მან შეიძლება, კეთილშობილი გაგხადოს, ადამიანებს ერთმანეთი და ქვეყანა შეაყვაროს. ამიტომ მუდამ ამაზე ვსაუბრობთ, თორემ ვგრძნობ, ოჯახებიდან პოლიტიკური პოზიციებით დამუხტულები მოდიან, რაც ძალიან სამწუხაროა.

ასე მგონია, პოლიტიკურად გაზრდა ძალიან შორი პერსპექტივაა, ამას ძალიან ბევრი დრო, ალბათ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. ბევრი დროა მანამდე, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნებით იმ დონემდე მივიდეთ, რომ მსოფლიოს ცივილიზებულმა ქვეყნებმა და საზოგადოებებმა ჩვენი ცხოვრების წესით და ცნობიერებით თავის თანასწორად ჩაგვთვალოს. ახლა, როდესაც ასეთი სახიფათო საგარეო ვითარებაა, საომარი საფრთხის წინაშე დგანან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ჩვენ ერთმანეთისთვის კენჭების სროლაზე ვართ გადართული და არავინ იცის, ამ კენჭებს ქვებს როდის მივაყოლებთ.

- ამაში პოლიტიკურ საზოგადოებას მიუძღვის ბრალი თუ ყველა ერთად ვართ დამნაშავე?

- ყველანი ერთად ვართ დამნაშავე - ის პოლიტიკოსებიც ხომ ქართველი საზოგადოების წიაღიდან არიან გამოსული. დამნაშავეც საზოგადოებაა და თუ რამე კარგი მოხდება, ესეც მისი დამსახურება იქნება... ხანდახან ვფიქრობ - როდის დაიწყო და რატომ მოხდა ჩვენში ასეთი გარდატეხა, ოღონდ - ცუდისკენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის გამო მტრად მოვეკიდეთ ერთმანეთს?..

ახლა მხოლოდ ის უნდა შევიგნოთ, რომ ერთმანეთი არ უნდა გვძულდეს და თუ ამ რთულ პერიოდს გადავლახავთ, მერე შეგვეძლება თქმა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე და იმედი გამოჩნდა.

- პრეზიდენტების შეხვედრა რომ იგეგმება, ამაზე რას გვეტყვით?

- არ მაინტერესებს, არავის შეხვედრის შემდეგ პოზიტიური ცვლილების არ მჯერა. მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს, რომ მათში მომწიფდება რაღაც სასიკეთო ძვრების ეტაპი, რომ ეს შემდეგ ხელისუფლებაზე აისახოს. სხვა შემთხვევაში, არა მაქვს იმის იმედი, რომ სხვა ხელისუფლება მოვა და გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს; თუ ისევ ზიზღნარევი ტონი იქნება, მაშინ მართლა არაფერი გვეშველება. ამიტომ, არავის აქვს უფლება ყურები ჩამოყაროს, ჩირგვებში დაიმალოს და დაელოდოს, რა მოხდება. ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ. მე როგორც შემიძლია, ისე გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას, ოღონდ, ბევრისგან განსხვავებით, ზიზღის ენით ლაპარაკი არ მახასიათებს, ღმერთმა დამიფაროს მსგავსი რამისგან! თუმცა, ხელისუფლეbaსაც და ოპოზიციასაც კი არ ვთხოვ, მოვთხოვ კიდეც, ცოტა დაიმშვიდონ ნერვები, ლექსიკა შეარჩიონ და როგორმე სხვა ენით შეძლონ ერთმანეთთან ლაპარაკი. თორემ ჩვენი აგრესია ვრცელდება მომავალ თაობაზე და როდესაც მათ შორის გახშირებული ტრაგედიის ფონზე თავში ხელებს ვიცემთ, საიდან მოდის ბავშვებში ამდენი აგრესიაო, პასუხია - აი, აქედან მოდის. მედიაში თუ პირდაპირ საუბრებში, ყველგან სიძულვილის ენით საუბარი ისმის. ეს მათზე აისახება... სოციალური ქსელი არ მაქვს, მაგრამ ხანდახან სხვები, ახლობლები წამაკითხებენ ხოლმე; ქალი ვარ და ცუდად ვხდები შიშისგან. არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში, სადაც განვითარებაზე აქვთ ამბიცია, არსებობს კი ამდენი აგრესია?.. მუდამ ამ სიტყვების ერთგული ვიყავით და ვიწონებდით თავს - რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო, - და ჯერჯერობით ვერაფერს აშენებს სიყვარული, ვერ ერევა გარშემო გამეფებულ ამ დამანგრეველ სიძულვილს.

- და მაინც გკითხავთ: შობა-ახალი წელი მოდის. რამდენად გაქვთ საახალწლო განწყობა?

- ჯერჯერობით ნამდვილად არ მეზეიმება. ძალდატანებით, ფორმალურად ვმხიარულობთ მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვები არ დაისტრესონ, - მათ არაფერი დაუშავებიათ. ამიტომ, უფროსი თაობა ხელოვნურად ვცდილობთ განწყობის შექმნას, თორემ ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე როგორ შეიძლება სადღესასწაულო განწყობა გვქონდეს?!. არ გვაქვს, მაგრამ მცირედი იმედი შემომრჩა, რომ ჩვენი გადაღლილი, გამოფიტული ხალხი მაინც შეინარჩუნებს ღირსებას, აუცილებლად მოვა გონს და თავად ეტყვის უარს ამდენ შუღლსა და დაპირისპირებას. ამაშია ერის გადარჩენის გზა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"