რა წერია ევრო­კომისიის "სკანდალურ დოკუმენტში“?! - კვირის პალიტრა

რა წერია ევრო­კომისიის "სკანდალურ დოკუმენტში“?!

როგორი იყო გასული პოლიტიკური პროცესებით დატვირთული წელი ქართველი­ საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის; ეს იყო გამოცდილების შემძენი წელი თუ ისევ ერთ წრეზე ვივლით, ამის შეფასება მწერალ კოტე ჯანდიერს­ ვთხოვეთ:

- სანამ საზოგადოება დაყოფილია, დაჯგუფებულია სხვადასხვა ქარიზმატული ფიგურის ირგვ­ლივ და სხვა პოლიტიკური­ ჯგუფების განადგურების ვნებით არის შეპყრობილი, სანამ ამომრჩეველი არ მივა იმ დასკვნამდე, რომ "შუა უნდა გაიკრიფოს", პოლიტიკა მათ არჩევანის საშუალებას­ ართმევს და ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს, სასიკეთო არაფერი იქნება და ყოველი ახალი წელი ძველის­ მსგავსად პოლიტიკოსებად წოდებული მანიაკების, მათი ფანატიკური თაყვანისმცემლებისა და ფეისბუკმადიდებლების ყოვლად უმსგავსო ბრძოლის მეტს არაფერს მოიტანს. სრული და განუყოფელი ძალაუფლებისათვის გაჩაღებულ ამ უწესო, ქვეყნის დამაზიანებელ ბრძოლას, ცხადია, არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ხალხის გასაჭირთან.ინტელექტუალურად, პროფესიონალ­ურად და მორალურად დეგრადირებული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი კი ცეცხლზე ნავთის დასხმითაა დაკავებული. მეტიც, ხშირად თვითონაა­ ხანძრის გამჩენი. მათი თვალსაწიერი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ამწუთიერი ინტერესების მომსახურებითა და სკანდალების პროვოცირებითაა დაკავებული. ამას ფული და პოპულარობა მოაქვს. სანამ ამ სისაძაგლეს მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი ჰყავს, სტაგნაცია გაგრძელდება.

- დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის­ განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად რყევებია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ დავლაგდით?

- ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ნებისმიერი ერის დღევანდელ მენტალურ სახეს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი ისტორი­ული გზა და გამოცდილება. ჰეროდოტე ისტორიის მესამე­ წიგნში ("ტალია") აღწერს მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა სპარსეთის ტახტზე მეფე დარ­იოსის ასვლას. რაც ყველაზე საინტერესოა, ჰეროდოტეს მოჰყავს სამი სპარსი­ დიდებულის დისკუსია სახელმწიფოს მოწყობისა და მართვის მოდელებზე. განიხილება სამი ვარიანტი: ათენის დემოკრატიის მსგავსი სახალხო მმართველობა, ოლიგარქია და აბსოლუტური მონარქია. დისკუსიის მონაწილენი აღიარებენ ბერძნული დემოკრატიის ძლიერ მხარეებს, მაგრამ ამ მოდელის გადმოტანა მახლობელი­ აღმოსავლეთის სოციალურ-პოლიტიკურ სინამდვილეში­ შეუძლებლად მიაჩნიათ ერთი მიზეზის გამო: როგორ უნდა მოახერხოს ხალხმა სახელმწიფოს მართვა, თუკი ის უსწავლელია და არა აქვს თანდაყოლილი სიქველე, ანუ შორსმჭვრეტელობა და სიმამაცე ერთდროულად?! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემო­კრატიული მმართველობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ხალხი განათლებული, მამაცი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა. მხოლოდ ასეთ ხალხს შესწევს უნარი­ აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე,­ მის აწმყოსა და მომავალზე. ვინაიდან სპარსელებში ასეთ თვისებებს ვერ ხედავენ, დისკუსიის მონაწილენი მიდიან დასკვნამდე, რომ ერთადერთი შესაძლო მოდელი აქემენიდური ირანის სამართავად მხოლოდ მონარქიაა, როდესაც მეფე ერთპიროვნულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და მოსახლეობის ბედ-იღბალზე. ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში იყო.

მონარქიულ საზოგადოებებში ყველაფერზე პასუხისმგებელია სიუზერენი და მისი ყოფნა ხელისუფლების სათავეში ადამიანებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, დაფიქრების, გააზრების, დასკვნის გამოტანისა და გადაწყვეტილების მიღებაში აქტიური მონაწილეობის ტვირთისაგან. ასეთ პირობებში, რაც უფრო უსწავლელი, არაშორსმჭვრეტელი და სიმამაცისგან დაცლილია ადამიანი, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

1453 წელს, როდესაც კონსტანტინეპოლი­ დაეცა, იოჰან გუტენბერგმა ევროპაში პირველი ტიპოგრაფიული დაზგა აამუშავა და ე.წ. 42-სტრიქონიანი სახარება დაბეჭდა. ამ გამოგონებამ საყოველთაო წიგნიერების ეპოქას დაუდო სათავე, რასაც არნახულად სწრაფი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, განმანათლებლობა, პარლამენტარიზმის ჩასახვა, საკონსტიტუციო მონარქიების წარმოქმნა და საბოლოოდ დიდი დასავლური დემოკრატიების ჩამოყალიბება მოჰყვა. მიზეზთა გამო ჩვენ ამ ევოლუციური პროცესის მიღმა აღმოვჩნდით. ჩვენში შეუზღუდავი მონარქიის პარადიგმა ბუნებრივად არ ჩაუნაცვლებია დემოკრატიულ პრინციპებს - ის ხელოვნურად, ისტორიული ბედუკუღმართობის მიზეზით შეწყდა. შესაძლოა ამით აიხსნას პასუხისმგებლობის დეფიციტი ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოე­ბრივ ცხოვრებაში. ამ დეფიციტის კომპენსაცია მგონია "ძლიერი ხელის"­ მოთხოვნილება, ქარიზმატული ლიდერის გაუთავებლად ძებნა, სტალინის, ზვიადისა და მიშას ირაციონალური კულტი. ეს შეუთავსებელია თავისუფალ აზროვნებასთან, დემოკრატიასთან, საღ აზრთან და კოლექტიური უპასუხისმგებლობისა თუ უაზრობის რეციდივებია. გა­სულმა წელმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა. ამიტომ ვცხოვრობთ და ვიქცევით ისე, როგორც შეგვიძლია.

- რა გამოიკვეთა ბოლო ხანებში, ხელისუფლება ფეხს უწყობს ევროპას და დასავლელ პარტნიორებს თუ ვშორდებით მათ?

- ევროპა და მით უმეტეს, დასავლეთი­ არ არის ერთგვაროვანი იდეოლოგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური სივრცე.­ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, უსაფრთხოების გარდა, რას ვეძებთ ევროპაში და რა­ ფასად გვიღირს ეს. რა მენტალურ ძალებთან გვინდა კავშირი დასავლეთში და რომელ იდეურ-პოლიტიკურ დინებებთან ინტეგრირება მოგვიტანს მაქსიმალურ სარგებელს, უზრუნველყოფს ჩვენს კულტურულ სუვერენობასა და ეროვნულ იდენტობას.

წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა 32-გვერდიანი დოკუმენტი სახელწოდებით "ევრო­კომისიის სახელმძღვანელო პრი­ნც­იპები ინკლუზიური კომუნიკაციისათვის". ეს არის პოლიტკორექტული გამოთ­ქმებისა და ქცევის წესების ერთგვარი კრებული-ცნობარი ევროპარლამენტარებისა­ და ევროსტრუქტურებში მომუშავე მოხელეებისათვის. ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა, რომელსაც გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს, ევროკომისია საერთო-ევროპული კანონპროექტების მომზადებაზეა პასუხისმგებელი. ზემოხსენებული დოკუმენტის ძალით, ევროსტრუქტურების ოფიციალურ პირებსა და რიგით თანამშრომლებს­ ოფიციალურ დოკუმ­ენტებში, საჯარო გამოსვლებში­, ინტერვიუებსა და ზეპირ მეტყველებაში ეკრძალებათ ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს გარკვეული სქესის­, რასის, ეროვნების,­ აღმსარებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისათვის. მაგალითად, დოკუმენტში ასეთად მოხსენიებულია სიტყვები: "ქალბატონი", "ბატონი",­ "გეი", "ლესბოსელი", "ქრისტესშობა". აკრძალულია სანტა კლაუსის, ღვთისმშობლის, იოს­ებისა და სხვ. მოხსენიება. ასევე, წერია: "ნუ ფიქრობთ, რომ ჩვენ გარშემო მარტო ქრისტიანები არიან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანთა ნაწილი­ არ ზეიმობს შობას, მათ განსხვავებული რელიგიური ტრადიციები და კალენდარი აქვთ... მუსლიმანი­ მიგრანტებისთვის შესაძლოა არ იყოს სას­იამოვნო ქრისტიანული დღესასწაულის ხსენება". ამიტომ ევროკომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ შობის დღესასწაულის ნაცვლად ვიხმაროთ "სადღესასწაულო­ დღეები" (holiday season).ევროკომისიის ამ დირექტივას გამოეხმაურა კარდინალი პიეტრო პაროლინი: მიმაჩნია, რომ სწრაფვა დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ სწორია. თუმცა შემოთავაზებული დოკუმენტი ამ მიზნის მისაღწევად უვარგისი საშუალებაა, რადგან საბოლოოდ პიროვნების დაშლისა და ადამიანის განადგურების რისკს შეიცავსო... ევროპა თავის არსებობასა და იდენტობას რამდენიმე ფასეულობას უნდა უმადლოდეს. ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი თუ არა უმთავრესი ფასეულობა, რასაც ევროპა დაეფუძნა, სწორედ ქრისტიანობა იყო. ამიტომ ყველაფ­რის ნიველირება, განსხვავებების წაშლა და ფესვების მოსპობა პიროვნების მოსპობასაც ნიშნავს. კიდევ უფრო მკვეთრი იყო რომის პაპის ფრანცისკ I-ის განცხადება. შობასთან დაკავშირებული ევროკავშირის დოკუმენტი ანაქრონიზმია. სხვადასხვა დიქტატურა ისტორიის განმავლობაში იმავეს ცდილობდა: გავიხსენოთ ნაპოლეონის, ნაცისტების ან კომუნისტების დიქტატურა... მე ახლა ვფიქრობ ევროკავშირზე, რომელსაც აუცილებელ მოცემულობად ვთვლი. ევროკავშირი უნდა დაუბრუნდეს მის დამფუძნებელ მამათა იდეალებს და თავი აარიდოს იდეოლოგიურ კოლონიზაციას, რომელმაც შეიძლება ქვეყნებს შორის განხეთქილება მოიტანოს და ევროკავშირის კრახის მიზეზი გახდეს. ლიბერალურ მედიას არც მსოფლიოში­ და არც ჩვენთან, არ გაუვრცელებია ევრო­კომისიის სკანდალური დოკუმენტის ტექსტი და ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი პოლემიკის შესახებ. არადა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის­, რომელიც ევროკავშირისკენ მი­ისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რითი დამთავრდება ბრძოლა ტრადიციული ევროპული ფასეულობების დამცველებსა და ლიბერალურ გლობალიზმს შორის, რომელიც ევროპულ ქვეყნებსა და საზოგადოებას იდენტობის განადგურებით, კულტურული სუვერენიტეტის ნიველირებითა და ერთობის მოშლით ემუქრება. ამ დროს კი ჩვენი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და"ექსპერტები სააკაშვილის ფსიქიკითა და პერისტალტიკით არიან დაკავებული.

- ხშირად ამბობენ, რომ ქართველი საზოგადოება შეიცვალა. რა გზას ადგას ერი?

- ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც პოლიტიკური სუვერენიტეტის უქონლობის დროსაც კი, როგორ ინარჩუნებს ერი იდენტობას, კულტურულ სუვერენობას და ავითარებს კიდეც. ებრაელებმა ეს შეძლეს. სხვათა შორის, XIX საუკუნის საქართველოს ისტორიაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ერს პოლიტიკური დამოუკიდებლობის არარსებობის მიუხედავად, შეუძლია შეინარჩუნოს და განავითაროს კულტურული სუვერენიტეტი და ხელსაყრელ ისტორიულ მომენტში ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით აღადგინოს დამოუკიდებლობა. წარსულის გააზრება და ცოცხალ ტრადიციაზე დაფუძნებული მუდმივი განახლებისა და ახალი ცოდნისკენ სწრაფვა ამის პერსპექტივას იძლევა.

ვფიქრობ, დღეს საპირისპირო ვითარება ყალიბდება: ერთი მხრივ, გვაქვს პოლიტიკური სუვერენიტეტი, მეორე მხრივ, ჩვენი კულტურა განიცდის ხარისხობრივ დაღმასვლას, ხდება საერთაშორისო ტრენდულ კულტურულ კონიუნქტურაში გათქვეფა და ნიველირება. ჩვენი ფილმები და ლიტერატურული ტექსტები უფრო და უფრო ემსგავსება მოდური დასავლური ანალოგების უფერულ ასლებს, მის სექენდჰენდს. ყველაფერი ქართული აღიწერება როგორც მახინჯი, ანტიდასავლური და ანტიადამიანური ფენომენი. ამ ნაწარმოებების ავტორებს საკუთარ იდენტობასა და ისტორიაზე უარის თქმა, მისი შერცხვენა და ამაზრზენ ფერებში წარმოდგენა მიაჩნიათ დასავლეთთან ინტეგრაციის ყველაზე სწორ და ეფექტურ საშუალებად. ისინი მთელ მსოფლიოს ამცნობენ, თითქოს ამ ზოოპარკისმაგვარ საზიზღარ ქვეყანასა და დეგენერატ ხალხთან არაფერი აქვთ საერთო. ეს სხვა არაფერია, თუ არა ნებაყოფლობითი მენტალური ემიგრაცია, რასაც ერთვის მოსახლეობის ყოველწლიური ფიზიკური გადინება ქვეყნიდან. ამან საბოლოდ კულტურის პაგანიზაციამდე და იდენტობის მოშლამდე შეიძლება მიგვიყვანოს და მაშინ ეს ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სუვერენიტეტი უსარგებლო ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა.

- ახალ წელს სურვილები ხდებაო... სამი სურვილის ჩაფიქრების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რის შეცვლას ინატრებდით?

- ვინატრებდი განათლების სისტემისა და მისი პრიორიტეტების, მედიის ეთიკურ-ინტელექტუალური სტანდარტისა და პირად ერთგულებაზე დაფუძნებული საკადრო პოლიტიკის შეცვლას, თუმცა ამის წინა პირობა არ ჩანს.