"მიფიქრია, რომ ძალიან კარგი ოჯახი გვექნებოდა"
მსახიობს და მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგეს - ქეთი კანტიძეს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე გვიან საღამოს ვესაუბრეთ. ინტერვიუს პარალელურად, ქალბატონ ქეთის გაზქურაზე მოთუხთუხე ქვაბისთვის ყურადღება წუთითაც არ მოუკლია. თან, მწვანილს ჭრიდა - მომდევნო დღის სადილისთვის ჩახოხბილს იმზადებდა. როგორც წესი, საღამოს 7 საათის შემდეგ არ ვახშმობს, მაგრამ გამოგვიტყდა - ისეთი სურნელი ტრიალებს, რომ კარგი იქნება, თუ ვახშმობას გადავურჩებიო...
- ქალბატონო ქეთი, როგორ ბრძანდებით?
- კორონავირუსი მქონდა. ცოტათი სუსტად ვარ... საერთოდ, ვირუსი მსუბუქად გადავიტანე და ანალიზების პასუხიც კარგი მაქვს. "ასტრაზენეკათი" ორჯერ აცრილი გახლდით. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვაქცინა გაკეთებული მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. ბევრი თანმხლები დაავადება მაქვს. ვირუსის გამო, აბსოლუტურად არაფერში ცვლილება არ მქონია - მალევე ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდი.
- ძალიან კარგი. გვითხარით, - "სამზარეულოს ომებში" მონაწილეობის იდეა როგორ გაგიჩნდათ?
- პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ვიფიქრე, - რატომაც არა-მეთქი?! შინ გემრიელ კერძებს ვამზადებ. მე და ნატო ებანოიძემ ერთად მონაწილეობა გადავწყვიტეთ - დიდი ხნის შეხმატკბილებული მეგობრები ვართ. პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გაგვიხარდა... შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ის გამიხარდა, რომ პროექტიდან "გამოვვარდით", რადგან იქ იმდენი პროფესიონალი ვნახე, მათთან შეჯიბრებისას ვერაფერს გავხდებოდი... ისე, გული მაინც დამწყდა: პროექტში ძალიან კარგი ხალხი გავიცანი. შეფებიც არაჩვეულებრივები არიან და გადაცემაც ძალიან კარგია. პროექტში დარჩენა კი მინდოდა, მაგრამ ჩემმა კულინარიულმა ნიჭმა ამის საშუალება არ მომცა. ისეთი ინგრედიენტები დაასახელეს, რომელთა შესახებ საერთოდ, არც კი გამიგონია - რაღაც წყალმცენარეებიო... ლიმონგრასი რა არის, არც ვიცი, კიდევ - რაღაცის რძე, საწებელი... თვალები შუბლზე ამდიოდა, - რა ხდება, ეს რა არის-მეთქი?! ახლა გადაცემას რომ ვუყურებ და ვხედავ, მონაწილეები რას აკეთებენ, ვფიქრობ, მართლა კარგია, რომ პროექტს მალევე "გამოვეთიშეთ".
- კულინარიაში ცოდნის გაღრმავებას ხომ არ აპირებთ?
- ჩემი წონის გამო, კულინარიის არსებობა და ის ფაქტი, რომ შეიძლება ადამიანმა ჭამოს, საერთოდ თუ დამავიწყდება, კარგი იქნება. ცოდნის გაღრმავებას სულაც არ ვაპირებ - არ მინდა: კერძების მომზადება კარგად ვიცი; თუ მომშივდება, მოვიმზადებ. ლიმონგრასი რა არის და რომელ კერძში შეიძლება გამოვიყენო, ამის ცოდნა არაფერში მჭირდება (იცინის). თუ მომინდება, წავალ, სადმე შევჭამ და ეგ იქნება... სულ დიეტაზე ვარ - მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს: ის არ მეჭმება, ეს არ მეჭმება... დავიღალე.
- არის საკვები, რომლის ჭამის ცდუნებას ხშირ შემთხვევაში, დიეტის დროსაც ვერ უძლებთ?
- ვერ ვიტყვი, მსუნაგი ვარ-მეთქი. ვერც იმას გეტყვით, რომელიმე საკვები მეჯავრება-მეთქი. შემიძლია, ის კერძი მივირთვა, რაც მაქვს. გემრიელად ჭამა ვიცი. კერძს რომ ვამზადებ, შიგნით ყველაფერს ვაქსოვ. როცა მივირთმევ, მაშინაც სულს ვდებ. ეტყობა, საკვები ამიტომ მერგება და წონაში ვიმატებ.
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- ვისთან უნდა ვიგრძნო თავი სასოწარკვეთილ დიასახლისად? არც შვილი მყავს, არც - ქმარი... მარტო ვცხოვრობ. თუ საკუთარ თავს "წავუსასოწარკვეთებ", არ ვიცი (იღიმის). საერთოდ, ჩემ მიერ გაკეთებული ყველაფერი მომწონს და სასოწარკვეთილებაშიც არ ჩავვარდნილვარ. ჩემი თავისთვის რამის მომზადება არ მეზარება - ჩემი ქეთინო ისე მიყვარს, რომ ყველანაირად ვუვლი (იცინის).
- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
- ჩემი ახალგაზრდა მეგობრები არიან და გადაღება, რომელზეც ვგიჟდები - არასოდეს ვიღლები. ასაკიც და ყველაფერიც მავიწყდება... თან, დიდი არაფერი ასაკიც არ მაქვს, ხომ (იღიმის)?.. ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს. საერთოდ, ჩემი ასაკის მეგობრებს რომ ვხვდები, ვგიჟდები - ამ ასაკთან არანაირი კავშირი არ მაქვს-მეთქი! ახალგაზრდებთან ურთიერთობა კარგ ხასიათზე მაყენებს.
- თანატოლებთან არ მეგობრობთ?
- ჯერ ერთი, უკვე ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები, შვილიშვილები... ყველა დაკავებულია. ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით. ძირითადად, მაინც სამსახურის მეგობრებთან ვარ - თითქმის 18 საათს ერთად ვატარებთ. თეატრში მუშაობისთვის განსაზღვრული დრო არ არის, ხომ იცით. შეიძლება, ზოგჯერ 24 საათი იქ ვიყოთ, მაგალითად - როცა ფესტივალია ან სპექტაკლების პრემიერებია. ასეთ დროს თეატრიდან თითქმის არ გამოვდივართ...
- თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?
- ჩემი ახალგაზრდა მეგობრები. მათ ყველაფერს ვუყვები - ჩემ შესახებ ყველაფერი იციან. თუ ერთხელ შემატყვეს, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ყველა მირეკავს - რატომ ხარ ცუდ განწყობაზეო? ჰოდა, მეც სულ კარგ ხასიათზე ვარ. აბა, რა ვქნა?!.
- თქვენს ცხოვრებაში როდის გაჩნდა შეკითხვები: როდის თხოვდები? არ თხოვდები?..
- ბავშვობიდან დედაჩემი მე და ჩემს დას სულ გვეუბნებოდა, - უნდა გათხოვდეთო. ეს თემა ისე შეგვჯავრდა, რომ საერთოდ არ გავთხოვდით. სხვათა შორის, ყველა ინტერვიუში ვამბობ ხოლმე, - ვნანობ, რომ არ გავთხოვდი-მეთქი.
- უხერხულ შეკითხვებს თავს როგორ არიდებთ?
- საერთოდ - ღიმილით, მაგრამ ახლა უხერხულ შეკითხვებს აღარავინ მისვამს. ჩემს ასაკში ვიღამ უნდა მკითხოს, ნუ გადამრევ!.. რაღა დროს ჩემი გათხოვებაა? ახლა კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, მეგობრები მყავდეს, გავერთო, ქვეყანა ვნახო... ასე გავა დრო. თუ ღმერთმა ინება, რომ დიდხანს ვიცოცხლო, ვიცოცხლებ! ადამიანი არ უნდა გაბოროტდე. ბოროტი არც არასოდეს ვყოფილვარ და არა მგონია, ახლა გავბოროტდე.
- თავის მოსავლელად დიდი ფინანსური სახსრები გჭირდებათ?
- არა, რადგან ჩემი ახალგაზრდა მეგობრების დამსახურებით, არაჩვეულებრივი კოსმეტიკა მაქვს: ნუცა, თამუნა, ნატო, ქეთი, თეა სულ ბრენდულ კოსმეტიკას მჩუქნიან. კოსმეტიკურ საშუალებებს ჩანთიდან რომ ამოვიღებ, ყველა უყურებს - როგორი ძვირფასიაო! თავად არაფერს ვყიდულობ, სულ ჩემი მეგობარი "ბავშვები" მჩუქნიან.
- სამსახურის გარდა, თქვენი და თქვენი ახალგაზრდა მეგობრების განხილვის თემა რა არის, როცა იკრიბებით?
- განვიხილავთ სპექტაკლებს, ფილმებს, სერიალებს... ყველაფრის საქმის კურსში მაყენებენ - ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩეო. ტელეფონში ყველა აპლიკაცია მაქვს ჩაწერილი: "მესენჯერი", "ვოთსაპი", "ფეისბუკი"... მეც ყველაფერს ვსწავლობ - რა ხდება, ხელოვნებაში რა სიახლეებია... ვინც გასათხოვარია, რაკი მე მარტო დავრჩი, მათ ვურჩევ - გათხოვდით, მარტო არ დარჩეთ. ოჯახი უნდა შექმნათ-მეთქი. სიცილით იხოცებიან, როცა ამას ვეუბნები...
- "ტიკ-ტოკზეც" ხართ დარეგისტრირებული?
- ჯერჯერობით - არა. სხვათა შორის, მითხრეს, რომ დავრეგისტრირებულიყავი, მაგრამ - თავი დამანებეთ, ახლა არ "მატიკტოკოთ"-მეთქი (იცინის)...
- აღნიშნეთ, ვნანობ, რომ არ გავთხოვდიო. რატომ არ შექმენით ოჯახი?
- ჯერ 5-6 წელი კონსერვატორიაში ვაბარებდი. სულ ქულა მაკლდებოდა - "გადავყევი"... შემდეგ თეატრალურში, ხმის რეჟისურაზე ჩავაბარე, მერე ვსწავლობდი... უკვე 30 წლის ვიყავი, როცა სწავლა დავასრულე. 90-იანი წლები, არეულობა იყო... თეატრში ვმუშაობდი, დღე და ღამე რეპეტიციები მიმდინარეობდა... რაღაცნაირად, ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ვერ გავთხოვდი. მერე, ძალიან გვიან ასაკში კი გავთხოვდი, მაგრამ რატომღაც, ეს ურთიერთობა არ შედგა და ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს...
- ყოფილა ადამიანი, ვის შესახებაც გიფიქრიათ, - ჩემი მეორე ნახევარიაო, მაგრამ რატომღაც, დღეს ერთად არ ხართ?
- ახალგაზრდობაში - კი, ერთი ასეთი ადამიანი იყო. მიფიქრია, რომ ძალიან კარგი ოჯახი გვექნებოდა.
- მიზეზი რა იყო, რის გამოც დღეს ერთად არ ხართ?
- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მეგონა, ყველაფერი წინ იყო. ხომ იცი, ადამიანს სულ გგონია, ყველაფერი წინ არის. უცებ, მოიხედავ და, წინ არაფერი აღარაა. დრო მალე გადის...
- თქვენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი რა არის?
- ის, რომ ყველა მიყვარდეს, სიყვარული გავცე, ყველას კარგი განწყობა შევუქმნა და ჩემ გარშემო ადამიანები ბედნიერები იყვნენ. მინდა, სიმშვიდე იყოს, კარგად ვიყოთ, მომავალ თაობას კარგი ცხოვრება ჰქონდეს, განსწავლულები იყვნენ, თავიანთი გზა იპოვონ, ოჯახი შექმნან და ბევრი შვილი გააჩინონ...
ეთო ყორღანაშვილი