"ხშირად იცვამს თამამ სამოსს, არასდროს ერიდება მოკლე კაბებსა და ბრენდული ტანსაცმლის მორგებას. გატაცებულია ვარჯიშით" - როგორ ცხოვრობენ 21-ე საუკუნის პრინცები და პრინცესები - კვირის პალიტრა

"ხშირად იცვამს თამამ სამოსს, არასდროს ერიდება მოკლე კაბებსა და ბრენდული ტანსაცმლის მორგებას. გატაცებულია ვარჯიშით" - როგორ ცხოვრობენ 21-ე საუკუნის პრინცები და პრინცესები

როდესაც პრინცებსა და პრინცესებზე ვსაუბრობთ, გონებაში ბუკინგემის სასახლის მკვიდრნი, ჩარლზი, ქეითი, ჰარი და სხვა სამეფო ოჯახის წევრები გვახსენდებიან, თუმცა მსოფლიოში პრინცებისა და პრინცესების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ბუკინგემის საგვარეულოში. ისინი ცხოვრობენ ყველგან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თავიანთი ტიტულით, ზოგი - მოკრძალებულად, ზოგი კი - მდიდრულად ატარებს დროს. გაიცანით პრინცები და პრინცესები, რომელთა შესახებ ბევრისთვის ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი.

დანიის პრინცი ნიკოლაი

22 წლის მომხიბვლელი პრინცი ნიკოლაი დანიური სამეფო ოჯახის წარმომადგენელია. ნიკოლაი საკმაოდ ცნობილია და წარმატებული ცხოვრება აქვს, პრინცი სამოდელო კარიერით არის გატაცებული და ფოტომოდელობაზე წლებია, უარს არ ამბობს. ნიკოლაი უმცროსი შვილია პრინცი ჯოაკიმისა და მისი პირველი მეუღლის - ალექსანდრასი. პრინცი მეშვიდე შთამომავალია დანიელთა სამეფო ოჯახში.

ნიკოლაის ცხოვრებაში მეორე ნახევარი არ გამოჩენილა, პრინცი კვლავ ეძებს პრინცესას და ფიქრობს, რომ კარიერას სამოდელო სფეროს მიუძღვნის.

ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი

მარია ტერეზასა და ჰენრის ახალგაზრდა ყმაწვილი - პრინცი სებასტიანი ლუქსემბურგში სასურველ პარტნიორად ითვლება. 29 წლის პრინცმა უკვე დაასრულა სწავლა, რამდენიმე წელი გაატარა ჯარში და ახლა სამეფო ოჯახის შესაფერისი წესებითა და დოგმებით ცხოვრობს.

პრინცი მედიაში ხშირად არ ჩნდება, თუმცა სოციალურ სამყაროში სებასტიანის ნახვა მაინც შესაძლებელია.

საბერძნეთის პრინცი კონსტანტინ-ალექსისი

საბერძნეთის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა, 23 წლის პრინცი კონსტანტინ-ალექსისი ოჯახში მეორე შვილია. ეს მომხიბვლელი პრინციც სამოდელო კარიერით არის გატაცებული, სოციალურ ქსელებში აქტიურია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს სიამოვნებით იღებს.

ალექსისი ხშირად ჩნდება ცნობილი ბრენდების ფოტოსესიებში, ჟურნალ-გაზეთების ყდებზე და ცნობილი დიზაინერების გვერდით. საბერძნეთის პრინცის ამჟამინდელი გატაცება სწორედ მოდა და დიზაინია.

ესპანეთის პრინცესა ლეონორი

პრინცესა ლეონორი ესპანეთის მომავალი პრინცესაა, რომელიც მამის - ფილიპ მეოთხის შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს. ლეონორი იქნება ქალი დედოფალი, რომელიც ესპანეთს 200 წლის შემდეგ პირველად ეყოლება.

ულამაზესი პრინცესა ახლა 16 წლის არის, სამეფო ოჯახის წესებს სწავლობს, ეტიკეტებსა და ნორმებს ეცნობა და მრავალფეროვანი ცხოვრებით არის დაკავებული. სექტემბერში ლეონორი კოლეჯში მიდის სასწავლებლად, პრინცესას მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია.

ჰანოვერის პრინცესა ალექსანდრა

21 წლის პრინცესა ალექსანდრა მონაკოს პრინცესა კაროლინასა და ჰანოვერის პრინც ავგუსტის ქალიშვილია. ახალგაზრდა პრინცესა, დედისა და ბებიის მსგავსად, მოდის დიდი მიმდევარია, ხშირად ჩნდება სამოდელო ჩვენებებზე და ცნობილი დიზაინერების სამოსს შესანიშნავად ირგებს.

პრინცესა კარგად სრიალებს ციგურებზე, 10 წლიდან სპორტით არის დაკავებული და 2015 წელს მონაკოს სახელით ფიგურული სრიალის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, ალექსანდრას პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს წერენ, როგორც ჩანს, პრინცესა კვლავ ეძებს შესაფერის პრინცს.

არაბეთის პრინცესა იმან ბინთ აბდულა

მეფე აბდულა მეორისა და იორდანიის დედოფლის - რანიას უფროსი ქალიშვილი - იმან ბინთ აბდულა 25 წლის პრინცესაა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობს. იმანს სამეფო ტიტული ელოდება, სწავლის დასრულების შემდეგ მან არაბეთში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და პრინცესას ცხოვრებით იცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო მოვალეობები არაბეთში ბევრად მკაცრია, პრინცესა იმანი საკმაოდ ხშირად იცვამს თამამ სამოსს, არასდროს ერიდება მოკლე კაბებსა და ფერადი, ბრენდული ტანსაცმლის მორგებას. გატაცებულია ვარჯიშით.

(სპეციალურად საიტისთვის)