"ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება“
მსოფლიომ პანდემიის კიდევ ერთი მძიმე წელიწადი მოიტოვა უკან, საქართველოში კი ამას დაემატა პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, განსაკუთრებით - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით გამწვავდა და დღემდე გრძელდება. ამასთანავე, ქვეყანაში კვლავ რთულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დასავლეთთან მიზანმიმართულ კონფრონტაციაში ჩართული რუსეთი კი ჩვენს რეგიონშიც მუდმივი დაძაბულობის წყაროა. უკეთესი 2022 წლის იმედით ჩვენი რუბრიკის ჭრილში გადავხედოთ 2021 წელს.
"დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე...“
მამუკა არეშიძე: - ქვეყანაში კარგა ხნის განმავლობაში დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო. დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა ამ დაძაბულობის ჩასაქრობად. ევროპელები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ. ვნახეთ, რა მასშტაბური პროცესი დაიწყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით; ასევე ვხედავდით, ამ პროცესში როგორ მასშტაბურად მონაწილეობდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ეს ყველაფერი განპირობებული არ იყო მხოლოდ იმით, რომ მათ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკური სირთულეები გაჩნდა და ეს ადარდებდათ. ამგვარი კრიზისი სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, მაგრამ მათ ჩასაქრობად ასეთი მასშტაბური ჩარევა არ გვინახავს, აქ კი ისე იყვნენ ჩართული, ზოგჯერ მათი მონაწილეობა ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო, თუმცა ეს განპირობებული იყო უმთავრესად იმით, რომ ყარაბაღის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი შეცვალა. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოლიტიკური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა, რამაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეაშფოთა. კავკასიურ პოლიტიკაში დასავლეთის როლის კვლავ გასაზრდელად და, ამავდროულად, რუსეთისა და თურქეთის აქტიურობის დასაბალანსებლად კავკასიაში მათ სჭირდებათ პოლიტიკური პლაცდარმის გააქტიურება, ასეთი პლაცდარმი კი შეიძლება იყოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ამ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება. ამიტომაც იყვნენ და კვლავაც არიან ისინი ასეთი აქტიურები. რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, ამაში დამნაშავე, უპირველესად, ჩვენ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ უმდაბლესი პოლიტიკური კულტურა გამოვავლინეთ. ჩვენივე ბოლო წლების პოლიტიკით იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ ფინანსურად და მით უფრო - პოლიტიკური გარანტიების თვალსაზრისით სრულად დამოკიდებული ვართ დასავლეთზე. აქედან გამომდინარე, დასავლეთს ასეთი აქტიური ჩარევის მეტი რა დარჩენია?!
"მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვაჭანჭყარებთ, ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს“
დათო მაღრაძე: - მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვაჭანჭყარებთ, ვასუსტებთ და ტურბულენციაში ვამყოფებთ ქართულ სახელმწიფოს. მუდმივად სახიფათო გარემოს ვუქმნით მის დამოუკიდებლობას. ხშირად საკუთარ პრინციპულობას უფრო წინ ვაყენებთ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. ეს ძალზე სახიფათო გზაა. რატომღაც ხშირად ინფორმაცია განათლებაში ვერ გადადის, ქარტეხილი კი - გამოცდილებაში. ეს არის ჩვენი პროვინციალიზმი და უკულტურობა, მაგრამ იმედია, ამ დამოკიდებულებას შევცვლით და გავიაზრებთ, რომ მხოლოდ აწმყოსთვის კი არა, ქვეყნის მომავლისთვისაც წინდაუხედაობა და ამბიციური პრინციპულობა საზიანოა. თუნდაც რაც "ნამოხვანჰესის" გამო ხდებოდა, დეტალური ინფორმაცია არა მაქვს და ვერც ენერგეტიკაში ვერკვევი, მაგრამ ლოგიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვიმსჯელო და, შესაძლოა, ამ მსჯელობამ სადმე ნაპირზე გაგვიყვანოს. რადგან ამდენ ადამიანს გაუჩნდა პროტესტი და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სადღაც შეცდომა დაუშვა. მას ეს პროექტი საზოგადოებისთვის არც შეუთავაზებია, ანუ ჩამოაშორა პროცესს და ამხელა მასშტაბის პროექტი მის ზურგს უკან გააფორმა... „ხუდონჰესი“ რომ შენდებოდა, მაშინაც აპროტესტებდნენ ლოზუნგით, არ გვინდა დენი, სამშობლო და სანთელი გვირჩევნიაო, მაგრამ როცა ელექტროენერგია გამოირთო, ზუსტად ის მოსახლეობა გამოვიდა გარეთ და გადაკეტილ ჭავჭავაძის პროსპექტზე საბურავები დაწვეს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პროტესტი და მუდმივი ტურბულენცია ქვეყნისთვის სახიფათოა, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელი პროტესტი ვინმე არაკეთილსინდისიერმა არ გამოიყენოს, ისინი კი შინ და გარეთ მრავლად არიან. სახიფათოა, რომ "პატრიოტიზმი" უპროფესიო ხალხის პროფესიად იქცა. ისიც კარგად ვნახეთ, აქტივისტები როგორი ერთნაირი "წარმატებით" ერკვეოდნენ ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, ლიტერატურასა და სხვა თემებში. ეს ცხადია, სახიფათოა...
„რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან“
გია ხუხაშვილი: - როდესაც დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვლაპარაკობთ არა მარტო გეოპოლიტიკურ, არამედ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე, სამყაროს აღქმის ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფციაზე. რუსეთი კვლავაც ხელმძღვანელობს მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ე.წ. რეალპოლიტიკის პრინციპებით, როდესაც სამყარო იყოფა გავლენის სფეროებად და ძლიერები თავიანთი ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ სუსტებს. შესაბამისად, სამყაროს გეოგრაფია ლაგდება ამგვარი პრინციპით - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს შენი გავლენა. დასავლური კონცეფცია კი, ფასეულობათა არსებული სისტემიდან გამომდინარე, უფრო აგებულია, ასე ვთქვათ, სუსტის და ძლიერის უფლებრივ გათანაბრებაზე, ანუ სუსტი ხარ თუ ძლიერი, შენ გაქვს სუვერენული უფლება, შენი გზა აირჩიო... შეიძლება ითქვას, რაც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ხდება, პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, უფრო სწორად, საქართველოც ამ პაკეტის ნაწილია, ანუ ორივე ქვეყანა დღეს დიდი გლობალური დაპირისპირების მონაწილეა. ის, რაც მოხდება უკრაინაში, დიდი ალბათობით, მოხდება საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შესაძლოა, ჩვენ ეპიცენტრში არ ვართ. არა მგონია, ეს ყველაფერი ცხელ ფაზაში უახლოეს მომავალში გადავიდეს; ბირთვულ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც მხოლოდ კუნთების თამაშის ნაწილი მგონია, თუმცა მაღალი ტემპერატურა, ალბათ, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. რუსეთი შეეცდება სარფიანად ივაჭროს დასავლეთთან. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს აქვს სხვა კოზირებიც. ერთ-ერთი არის ფორმატი 3+3, რაც ქმნის დამატებით საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, საქართველომ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, მაგრამ დიდი მოთამაშეების თამაშში ზოგჯერ ჩნდება ისეთი წინადადებები, რომლებზე უარის თქმა არც ისე იოლია... დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში ამ სავარაუდო სახიფათო სცენარების დამუშავება-გაანალიზება დაწყებულია, რათა ისევ არ აღმოვჩნდეთ ერეკლე მეორის მდგომარეობაში...
"მთელი ქვეყანა დეჟავიუს სინდრომით ცხოვრობს“
სანდრო თვალჭრელიძე: - არჩევნების წინ ინტერნეტსივრცეში გამოჩენილმა ფარულმა ჩანაწერებმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ვნახეთ, რომ 3000-მდე დოკუმენტი, ძირითადად, სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებსა თუ მიმოწერას შეიცავს. რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ბურუსით მოცული პროცესია. ისმის უამრავი შეკითხვა, მაგალითად, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს? პირველი სავარაუდო პასუხი ამ კითხვაზე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი მიყურადება და ჩანაწერების დასაწყობება არამარტო სახელმწიფო უწყებების ნამოქმედარია. თუ ეს ჩანაწერები სუს-მა გააკეთა, ჩნდება კითხვა: არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინება? თუ მიყურადება ხდებოდა უკანონოდ? ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარ პროცესებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. დღეს ტექნოლოგიები ისეთ დონეზეა განვითარებული, არ გამოვრიცხავ ამ პროცესში ჰაკერების ხელს და არც - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობას. წინა პერიოდს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხომ მუდმივად იყო ამგვარ ჩანაწერებზე ლაპარაკი. ვინმე დაიჭირეს? რაღაც, არ მახსენდება... ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა. თუ ეს ქვეყანაშია გაკეთებული, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასე მუშაობდე, არ შეიძლება საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სახელმწიფო ინტერესებს აზარალებდე, მით უფრო, რომ ასეთი სვლები, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ მოგებას არავის მოუტანს.
"სრულიად გაუგებარი რამ მოხდა - კაცი, რომელიც ამდენი წელი ქვეყნიდან გაქცეული იყო, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩაჰბარდა“
რამაზ საყვარელიძე: - გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა - კაცი, რომელიც ამდენი წელი ქვეყნიდან გაქცეული იყო, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩაჰბარდა. ხელისუფლება რომ შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა მათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად აუხსნელი რამაა. დავუშვათ, ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე. რაც მერე მოხდა, უფრო ბუნდოვანია... მისი სასამართლო სხდომებიდან კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ან სხვას აბრალებს, ან უარს ამბობს დანაშაულის დანახვაზე. სააკაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს რეფორმა არ და ვერ შეძლო და რომ ეს მიაჩნია თავისი პრეზიდენტობის ყველაზე სუსტ წერტილად. თუ ამ განცხადებას დავუპირისპირებთ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ ის არის "ახალი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი", უეცრად აღმოვჩნდებით რეალობაში, რომ სააკაშვილმა და დანარჩენებმა ააშენეს სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის. ნამდვილად ასეა და ასეთ სახელმწიფოში, კარგა ხანია, ვცხოვრობთ, ოღონდ რა არის საამაყო უსამართლო სახელმწიფოს შექმნაში, არ ვიცი... სახელმწიფო იძულების ინსტრუმენტია. ერთადერთი, რაც მის ძალას ზღუდავს და აკონტროლებს, არის სამართალი. თუ ქვეყანაში სამართალი არ არის, მაშინ სახელმწიფო იქცევა აგრესიული ავტორიტარიზმის წყაროდ. მოდი, განვიხილოთ ერთი ეპიზოდი: შვილის დაფინანსების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას ბევრი სტუდენტი დააფინანსეს და მისი შვილიც მათ შორის იყო. არ ვდაობ, მართლაც იღებდნენ ახალგაზრდები დაფინანსებას, დარწმუნებული ვარ, მისი ვაჟიც იმსახურებდა, მაგრამ მაგ საქმეში ერთი ძალიან საჩოთირო შეკითხვა არსებობს: იმ ხალხზე დახარჯულ თანხებსაც, რომელთა სწავლა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, გრიფი "საიდუმლო" დაადეს?
"საპარლამენტო არჩევნების შედეგებში მოულოდნელი ბევრი არაფერი ყოფილა“
ვახტანგ ძაბირაძე: - ჩემი აზრით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში მოულოდნელი ბევრი არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილზე "ქართული ოცნება" გავიდოდა, მეორეზე - "ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - გიორგი გახარიას პარტია. სავარაუდოდ, პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის მოვლენები, 1-ლ ოქტომბერს რომ განვითარდა - ვგულისხმობ სააკაშვილის ჩამოსვლას. ჩემი აზრით, ამან ახეირა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და დაარტყა გახარიას პარტიას, თუმცა, ვფიქრობ, მისი მოპოვებული მხარდაჭერა მაინც ანგარიშგასაწევია. წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ. როდესაც გიორგი გახარია გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ის წაიღებდა "ქართული ოცნებისა" და ამ პატარა პარტიების მხარდამჭერთა ნაწილის ხმებს. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი იქნებოდა მეორე ტურის ჩატარება. კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას "დამსახურებაა"... ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ არჩევნებზე ასეთი აქტიურობა ვნახეთ, მილიონ რვაასი ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა საარჩევნო ურნებთან, რაც ნიშნავს, რომ არაერთხელ იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებას მაინც აქვს იმედი, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით ცვლილებები შესაძლებელია... სააკაშვილის ჩამოსვლამ და ოპოზიციის განცხადებებმა, რომ ეს არჩევნები უნდა ექციათ რეფერენდუმად, ნაყოფი გამოიღო, თუმცა მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" 43%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას დაიწყებდა, არ გამართლდა. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო სასურველი პროცენტი, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლამაც შეუწყო ხელი..
"საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ზღუდეები სრულად მოშიშვლებულია“
ხათუნა ლაგაზიძე: - ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო ტრანშის ნაწილზე უარის თქმასთან დაკავშირებულ კითხვას ასე უპასუხა: "ევროპარლამენტი ჩვენი დირექტორი არ არის", რასაც მოჰყვა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, განცხადება: ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ სჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგანო... ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა... თუ დავაკვირდებით, ეს პროცესები იმ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩაება. წლებია უკვე ვამბობ, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ზღუდეები სრულად მოშიშვლებულია. ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის წინაშე, ფაქტობრივად, კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, რაც მიზანმიმართული პოლიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოზიცია დიდწილად განაპირობა "ქართული ოცნების" რიგი ქმედებებისადმი დასავლეთის ლოიალურმა დამოკიდებულებამ. როცა "ქართული ოცნების" პოზიციის მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ის არის, რომ ეს გზა "ქართულმა ოცნებამ" ორ ცუდ არჩევანს შორის მისთვის ნაკლებად უარესის პრინციპით აირჩია - ან უნდა დაეთმო სასამართლო ხელისუფლების კონტროლი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ან დაეკარგა ევროკავშირის კეთილგანწყობა. როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ პირველი "ოცნების" ძალაუფლებისთვის გაცილებით საშიშია, მეორე არჩევანი კი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება-აღშფოთებას გამოიწვევდა, ასევე - მოკლევადიან პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვას და საბოლოოდ ეს გზა უფრო ეიოლათ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება ანალოგიურ შემთხვევაში ასეთ გზას არ დაადგებოდა. შეეცდებოდა სხვა ფორმები მოეძებნა საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც ძალაუფლების, ისე იმიჯის შენარჩუნების მიზნით. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ "ქართული ოცნებისთვის" პროდასავლური გზა არ არის ორგანული არჩევანი.
„ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება“
თენგიზ ფხალაძე: - ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომაც გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. ინიციატივა ძალიან კარგია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მოხერხდება და ეს პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური გახდება. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ვეთანხმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - როდესაც შიგნით არა გვაქვს ერთიანობა, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე და დავაინტერესოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები? ან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ეროვნულ ინტერესებზე, როდესაც არ გვაქვს განსაზღვრული საკითხები, რომლებზეც ყველა შევთანხმდებით?.. ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში ყველა ჩაერთოს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად! ვიმეორებ, ეს იქნება რთული და მტკივნეული გზა. ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს.