"თუ სიყვარული არ არის, სამყარო­ სულგამოცლილ ფიტულს ემსგავსება, რომელიც სწორი გზით ვერ წავა“ - კვირის პალიტრა

"თუ სიყვარული არ არის, სამყარო­ სულგამოცლილ ფიტულს ემსგავსება, რომელიც სწორი გზით ვერ წავა“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე საბა (ინწკირველი) "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- უპირველესად მის უწმინდესობას ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს, ასევე 4 იანვარს 89 წლის ხდება და იუბილესაც ვულოცავ. ჩემთვის რთულია ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის შეფასება. ალბათ, ისინი უფრო მეტს იტყვიან, ვინც მისი აღსაყდრების პირველივე დღიდან პატრიარქთან ერთად მოდის, მათ უფრო კარგად ეცოდინებათ­, რა სირთულის გავლამ მოუწია მას ამ 44 წლის განმავლობაში და საზოგადოდ, რამდენად მძიმეა საპატრიარქო ჯვარი. ის პერიოდი, როდესაც მისი პატრიარქობა დაიწყო, 70-იანი წლები, ათეისტური ეპოქა გახლდათ. მან დაღი დაასვა ქართველ საზოგადოებას, მაგრამ ღვთის წყალობით იმ გარდამავალ პერიოდში პატრიარქმა შეძლო და ბეწვის ხიდზე გაატ­არა საქართველოს ეკლესია. მას შემდეგ, რაც ერმა არა მარტო რელიგიურად, ეროვნულადაც დაიწყო გამოღვიძება, უამრავი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა. იყო რეგიონები, სადაც ეკლესია-მონასტრები არც იყო, შესაბამისად, არც ღვთისმსახურება აღესრულებოდა. მის ღვაწლზე ამერიკაში დაარსებული ეპარქიაც მოდის. ის აქამდე ქართულმა დიასპორამ მოიტანა, მაგრამ პატრიარქის ბრძნული გადაწყვეტილების შედეგია. ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ მის ღვაწლს, ისტორია და მომავალი თაობები უფრო კარგად დაინახავენ, თუ როგორ რთულ პერიოდში რამდენად სწორად იარა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პატრიარქის საჭეთმპყრობელობით. მის მოღვაწეობას ძალიან დიდი ასპარეზი აქვს, მხოლოდ ეკლესიურს არა, ეროვნულ, კულტურულ, საზოგადოებრივ სფეროებში გაწეულ დამსახურებას ვგულისხმობ. ამ ყველაფრის გაკეთება მას დიდი წინააღმდეგობების კვალდაკვალ უწევდა, ზოგჯერ ფარულად, ამ ბოლო დროს აშკარად. მას კი არა, ქართულ ეკლესიასა და რწმენას ებრძოდნენ. ასეთი რამეები ყოველთვის ხდებოდა, შეუცდომელი არავინაა, ამიტომაც შესაძლოა შეცდომები ჰქონოდა პატრიარქსაც, მღვდელმთავრებს ან სხვებსაც, რადგან შეუცდომელი მხოლოდ ქრისტეა. არაერთხელ გვინახავს მისგან ცრემლებით ნათქვამი სინანული და შენდობა. ადამიანის მოღვაწეობა არ არსებობს გადაცდომის გარეშე, გამიზნულად კი არა, უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებზე ვსაუბრობ, რასაც ადამიანი იმ წუთში შეიძლება­ ვერ ხვდებოდეს­, მაგრამ დროთა განმავლობაში გააანალიზოს თავისი მოქმედება და იფიქროს, მაშინ, ალბათ, სხვაგვარად მოქცევა ჯობდაო. როდესაც ადამიანი ამბობს, უშეცდომო ვარო, ეს არის პრობლემა და არა ცრემლით შენანება. როდესაც პატრიარქი დიდმარხვის დაწყებამდე, ლოცვისა და ქადაგების დროს, აკანკალებული ხმითა და ცრემლებით გვესაუბრება, ერისა და სასულიერო პირებისგან შენდობას ითხოვს, ეს ძალიან­ დიდი მაგალითია და დასტური იმისა, რომ შეუცდომელი არავინაა და მთავარია, პატიება გულწრფელად ითხოვო. ვინც შეუცდომელია, იმან აიღოს ქვები და გვესროლოს. ადამიანები ამას ხშირად ვერ იგებენ. როდესაც სიმართლის ძიებას იწყებენ, არ აინტერესებთ, რომ შესაძლოა მათაც­ აქვთ შეცდომები და როგორც სხვას­ მოექცევი, ასევე მოგექცევა შენ უფალი. ასე რომ, მასში ერთ ყველაზე დიდ თვისებას გამოვარჩევდი - ბოლომდე შეუძლია ადამიანის გვერდში­ დგომა მისი დანაშაულის, ცოდვის სიმძიმის მიუხედავად, იმის იმედით, რწმენით, იქნებ­ შეინანოს და დაბრუნდეს. შეუძლია ყველაფერი მიუტევოს­ ადამიანს, რადგან­ უდიდესი მოწყალება და სიყვარული აქვს. ყოველთვის მიკვირდა და დღემდე მიკვირს, რომ იგივე არა გვაქვს ჩვენ, თუნდაც მღვდელმთავრებს­ მისი და ერთმანეთის, არც სხვა ადამიანების მიმართ. სირთულეები უნდა იყოს, ეს ახასიათებს სასულიერო და სამღვდელმსახურო საქმიანობას, ქრისტიანობა ტანჯვა და ჯვარცმაა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს: "პირველად მე მდევნენ და თქვენცა გდევნენ..." იმ გზის გავლა, რაც მაცხოვარმა გაიარა, ქრისტიანებსაც უწევთ. სასულიერო პირობა­ ისედაც ძალიან მძიმე ტვირთია­, პატრიარქობა­ კი ბევრად მძიმე ჯვარია... ქედს ვუხრი და მადლობას ვუხდი მას იმ მოთმინებისა და სიყვარულისთვის, რაც აქვს და ვერც იმას ვიტყვი, რომ ასევე ვპასუხობთ. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს პატიებისა და სიყვარულის ისეთივე უნარი...

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაახლოებით ხუთი ათასა­მდე სასულიერო პირია და შეუძლებელია მათ შორის არ იყოს ისეთი, ვისაც შესაბამისი განათლება ან სულიერება აქვს. კიდევ ერთი პრობლემაც გვაქვს - განათლების დაბალი­ დონე სახარების, ღვთისმეტყველების ცოდნაში და საზოგადოდ, მოსახლეობაში.

სასულიერო პირებს საღმრთო წერილის ცოდნა და ეკლესიის მორჩილება მართებთ. ამა თუ იმ საკითხზე სინოდალური გადაწყვეტილება უნდა შევასრულოთ და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეკლესია გვეუბნება. თუმცა არც ამას ვასრულებთ.­ გულსატკენია, როდესაც სასულიერო პირები ერთ საკითხს სხვადასხვანაირად აფასებენ.

ჩვენ ინტერნეტეპოქაში ვცხოვრობთ, ადამიანის სიტყვა ადვილად ვრცელდება და რატომღაც ზოგი სასულიერო პირი ვერ აღიქვამს იმ სიტყვების საფრთხეს, რომლებიც მის ემოციურად ნათქვამს მოჰყვება. არადა, ძალიან რთულია, მორწმუნე ადამიანმა გაარჩიოს, ვის მოუსმინოს და საით წავიდეს. ქრისტიანობა ერთი სასულიერო პირის განცხადება არ არის, ისევე, როგორც ერთი მღვდლისა და მღვდელმთავრის, ეკლესიის პოზიცია არ არის. ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე ეკლესია ჯერ მსჯელობს და მერე გამოაქვს გადაწყვეტილება და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებსაც უფრთხილდება, რათა ხისტი და მტკივნეული კი არა, მშობლისა და შვილისმიერი დამოკიდებულება შეინარჩუნოს, რათა არ გაღიზიანდნენ. თუმცა მას ზოგჯერ მკაცრი და პირდაპირი დამოკიდებულებაც აქვს.ახლა შობის მარხვაში ვართ, ბეთლემში მაცხოვარი უნდა იშვას. ასე ვიქცევით ყოველ­ წელს, ვემზადებით ქრისტეშობისთვის­ და უნდა შევხედოთ საკუთარ თავს, როგორ ვხვდებით უფალს, რა შეიცვალა გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენში. თუმცა ზოგი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ ისე ვმარხულობთ და ვლოცულობთ როგორც შეგვიძლია. მთავარია, გულით გვიყვარდეს და გვწამდეს უფალი. ზოგიერთი ფიქრობს, თუ იმარხულებს, გარკვეული კანონებით, დოგმებით­ თუ იცხოვრებს, ქრისტეშობას განწმენდილი შეხვდება. ასე არ ხდება, უფალი მოდის ჩვენთან და მას მომზადებული უნდა დავხვდეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, შობა და საზოგადოდ, ქრისტიანობა ღვთის დიდი სიყვარულის გამოვლინებაა და არა იმის განხილვა, ვინ როგორ ინახავს მარხვას. ბაგაში დაბადებით ქრისტემ გვასწავლა, რომ ერთმანეთის უპირობო სიყვარული და უბრალოება გვქონდეს. სწორედ ამიტომ ვთქვი უწმინდესზე, რომ მისი ყველაზე დიდი თვისებაა ადამიანის სიყვარული, რითაც შეიძლება ქრისტიანი შეფასდეს - გულწრფელი სიყვარული არის მთავარი მცნება, რაც გადაგვარჩენს.

- სწორედ გულწრფელი სიყვარული აკლია­ ჩვენს საზოგადოებას, სამყაროს, არა?

- დიახ, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა­ მთელი კაცობრიობისთვის. ამიტომაც არაერ­თხელ დაესხნენ თავს ეკლესიას, პატრიარქს საზოგადოების წევრები, სასულიერო პირებიც კი. შეიძლება ადამიანი მიიჩნევს, რომ ქრისტიანია, ან სულაც არ არის მორწმუნე, მაგრამ აზრის გამოხატვა სამართლიანობად მიაჩნია, ეკლესიაში სავალალო მდგომარეობაა და ამაზე უნდა მელაპარაკა, უნდა მემხილაო... უპირველესად ჯობს საკუთარი თავი ვამხილოთ. მხილება ადამიანის გამოსწორებას, მის სწორ გზაზე დაყენებას ემსახურება და არა დაცინვას, ქილიკს, გამეტებას. არა მგონია, მათი ქმედება სიყვარულით იყოს ნაკარნახევი. საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ თვალს ვადევნებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ხშირად გაოგნებული ვარ მედიის მუშაობით. ზოგიერთი მედიის სიუჟეტი თუ ჟურნალისტური გამოძიება ადამიანის განადგურებას ემსახურება. ვფიქრობ, სიტყვამ ასეთი დამოკიდებულებით ფასი დაკარგა, ადამიანებმა კი ნდობა და სიყვარული. სიყვარული, ეს მართლაც ღვთიური გრძნობა, ხანდახან გაუფასურებული მგონია. არადა, თუ სიყვარული არ არის, სამყარო­ ვერ ვითარდება, ემსგავსება სულგამოცლილ ფიტულს, რომელიც სწორი გზით ვერ წავა. როგორ შეიძლება ამ ვითარებაში ვთქვათ, რომ ღმერთი გვიყვარს, როდესაც ასე მარტივად ვსპობთ, ვქოლავთ და ლაფში ვსვრით და იმ მდგომარეობაში ვაგდებთ ადამიანს, რომ ზოგჯერ სიკვდილიც შეიძლება სანატრელი გაუხდეს. ადამიანის სრულყოფილებისკენ სწრაფვა და სიყვარულის სწავლა მთელი ცხოვრება გრძელდება, მაგრამ არ გვესმის ეს... სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიას წარმოვადგენთ, დღეს ვართ და ხვალ აღარ ვიქნებით, მაგრამ ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ლოცვა და რწმენა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ისტორიულ ქარტეხილებს გაუძლო, სულ იქნება. ეს კარგად უნდა გაიაზროს ქართველი საზოგადოების ნაწილმა, როდესაც ერთ სასულიერო პირზე იმედგაცრუებული ეკლესიის რყევას ცდილობს. მასზე გადის ქვეყნის სტაბილური განვითარება, მისი მომავალი. ახლა, როდესაც ასეთი უმძიმესი ვითარებაა ჩვენს სამეზობლოში, ჩვენ მაინც ცეცხლს ვეთამაშებით. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უფრო კარგად ხედავენ საფრთხეს. სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ სრულიად აპოლიტიკურად ყოფნაც შეუძლებელია, საქართველოს შვილები ვართ და ვხედავთ, რაც ხდება. ზოგჯერ დუმილი უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ლაპარაკი. წინასწარ ვერავინ იტყვის, რა მოხდება, მაგრამ ქვეყნებს შორის დაპირისპირებაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია. ჩვენი მთავარი ინტერესი ჩვენი ქვეყანაა. დაქსაქსული, რადიკალურად განწყობილი საზოგადოება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. შეუცდომელი არავინაა და ქვეყნის სტაბილური განვითარება და წარმატება დაპირისპირებით კი არა, გონივრული, დინჯი მოქმედებებით და მშვიდი მსჯელობით, გადაწყვეტილებებით მიიღება. უშეცდომო ხელისუფალი არ არსებობს. დიდმა მეფე დავით აღმაშენებელმა "გალობანი სინანულისანი" დაწერა, ანუ მასაც, უდიდეს მმართველსაც ჰქონდა­ შეცდომები, რომლებიც შეინანა...­ საქართველოს უმდი­დრესი, მაგრამ ნარეკ­ლიანი ისტორია აქვს და გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, მაგრამ არა... 90-იანი წლების დაპირისპირებამ სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. სულ რაღაც 30 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ იმ ტრაგედიამ სამჯერ მეტი დროით დაგვხია უკან და ერთობა მაინც ვერ ვისწავლეთ. დღემდე მთელ ძალსა და ენერგიას არჩევნებიდან არჩევნებამდე ურთიერთდაპირისპირებაზე ვხარჯავთ, იმაში, თუ როგორ ებრძოლონ პოლიტიკოსები ერთმანეთს, რათა როგორმე თავიანთი მომხრეები, მათი მხარდამჭერი ტელევიზიები აიყოლიონ­, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. წლებია ქართული მართლმსაჯულება დამოუ­კიდებელი ვერ გახდა, რასაც ახლა ორივე მხარე სათავისოდ იყენებს. ამასობაში კი საზოგადოება ზარალდება. თუ ადამიანმა დააშავა, უნდა გასამართლდეს კიდეც, თუმცა ისიც ცხადია, რომ ქართულ სასამართლოსთან კითხვები ნამდვილად არსებობს. კიდევ ერთი - შენი ქვეყნის პრეზიდენტს ისე არ უნდა მოექცე, რომ მთელი მსოფლიო ამას არჩევდეს. კულტურული საზოგადოების ამბიცია გვაქვს და მეტი თავდაჭერა გვმართებს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ პატრიარქის მიმართ როგორ გამოხატავდნენ აზრს და, ალბათ, ეს არც უნდა მიკვირდეს. დამნაშავის მიმართაც კი ღირსეული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, თუკი სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია.

ქართველი საზოგადოების აზროვნებაში­ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აშკარაა, რომ მეტია­ საჭირო. ალბათ, დრო გვჭირდება, რომ სამოქალაქო განათლების დონე ამაღლდეს. ზოგი იტყვის, ევროპისა და ამერიკისგან რა გვაქვს სასწავლიო. ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოვლა-მოფრთხილება ვისწავლოთ. თუ ჩვენს ქვეყანას საკუთარ ოჯახად არ მივიჩნევთ, თუ მცირედის სიყვარული არ გამოვხატეთ, დიდ საქმეს როგორ შევეჭიდებით?!

წლებია პოლიტიკური ძალების დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას ვუყურებთ. ვამბობთ, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ვერაფერს ვცვლით.

- შერიგებაზე საუბრობენ.

- დიახ, მაგრამ მოჩვენებითი არ უნდა იყოს. როცა პოლიტიკური მხარეები ისეთივე აგრესიით საუბრობენ ერთმანეთზე, როგორღა დავიჯეროთ, რომ შერიგდებიან. ამასობაში კი დრო გადის. ვითარება­ რთულდება, სულ უფრო მეტი ადამიანი­ ტოვებს ქვეყანას. შეიძლება ეს პოლიტიკურ განცხადებად ჩამითვალონ, მაგრამ ვერ გავჩუმდები. მუდმივი დაძაბულობა, ქაოსი და ურთიერთსიძულვილი შორიდან უფრო ჩანს. ამიტომ ჯერ წასული ემიგრანტების დაბრუნებაზე საუბარი კი არ უნდა იყოს, წამსვლელთა ნაკადი უნდა შემცირდეს. თუმცა არა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, ან როგორ ავუაროთ გვერდი ომის ზღვარზე მისულ პროცესებს ისე, რომ ჩვენც არ ჩაგვითრიოს. მოულოდნელი სულაც არ იქნება, თუ რუსეთი კიდევ ერთ ფრონტს გახსნის, რადგან ვიცით მისი იმპერიალისტური ზრახვები. პარალელურად ცდილობს დაქსაქსოს ქართველი საზოგადოება, რათა უფრო ადვილად შეუტიოს და თუ ამაში ჩვენც დავეხმარებით, კმაყოფილი დარჩება. იმედია, ამას იაზრებს ხელისუფლება თუ პოლიტიკოსები, რათა ნებისმიერ სახიფათო ვითარებას ღირსეულად უპასუხონ.

შობა მოდის და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, კაცობრიობის ყველაზე დიდი სიხარულს. დღესაც ბეთლემის ბაგას ელოდება იესოს შობა. გაჭირვებაში და არა სასახლის კომფორტში დაბადებით უფალმა აჩვენა თავისი თავმდაბლობა ადამიანებს. განსაკუთრებით მივულოცავ მათ, ვისაც უჭირს, სტკივა და შია. ჩვენი ხელით მიმადლოს მათ უფალმა გვერდში დგომა, თუნდაც სანუგეშო სიტყვა. პანდემიაა, მსოფლიო ამ სენს ებრძვის. ვინც ღვთის წყალობას ითხოვს, მიმადლოს უფალმა ჯანმრთელობა. ასევე, დევნილობაში მყოფებს­, ვისაც საკუთარი კერა ენატრება, შეუსმინოს ქრისტემ; ის სწორედ მათთვის და იმ ადამიანებისთვის მოვიდა, რომელთაც ცოდვის განცდა აქვთ. ვისაც სინანული არა აქვს, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მიმადლოს. ვულოცავ შობას მთელ საქართველოს და მთლიანად სამყაროს, რადგან ქრისტე იშვა ყველა ადამიანის, მთელი სამყაროს გადარჩენისთვის.