"ზურაბ ჟვანიამ მითხრა, საქართველოს მთავრობა იარაღის გადამყიდველებად იქცა, ღამ-ღამობით იკრიბებიან და ყველაფერს თემურ ალასანია ხელმძღვანელობსო“ - კვირის პალიტრა

"ზურაბ ჟვანიამ მითხრა, საქართველოს მთავრობა იარაღის გადამყიდველებად იქცა, ღამ-ღამობით იკრიბებიან და ყველაფერს თემურ ალასანია ხელმძღვანელობსო“

ა რ ქ ი ვ ი 2021 წელი

"იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას. მოვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დაიწყოს ღია მოსმენა. დაიკითხონ მოწმეები, ყველა, ვისაც გვქონდა ურთიერთობა გუდისთან და ალასანიასთან. ჩვენ ვერ ვენდობით მხოლოდ პროკურატურას და სასამართლოს, ამიტომ ვითხოვთ, ეს პარლამენტში მოხდეს. მტკიცებულებები, ალბათ, განადგურებულია, მაგრამ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ამ საქმის ბოლომდე ჩაფარცხვა“

მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია. პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ­ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით თემურ ალასანია აუცილებლად უნდა დაკითხულიყო. ირაკლი კაკაბაძის მტკიცებით, მან და კიდევ რამდენიმე პირმა წლების წინ საგამოძიებო უწყებას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა პროკურატურას ამ დეტალების გამოძიება არ უცდია. ამ დღეებში აპირებს პარლამენტს მიმართოს და მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ყოფილი პრემიერის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების დეტალები გამოიძიონ. ის ხელს თემურ ალასანიასა და მისი მეგობრისკენ იშვერს, მათ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ ყველა სიტყვაზე პასუხს აგებს.

- ალასანია "ნაცმოძრაობის" არაფორმალური მმართველია. ხედავთ? ჩამოვიდა, დაემუქრა მათ, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა და უცებ დასხა ხალხი საშიმშ­ილოდ. მაშინ უფრო ვიწრო წრეში ჩანდა, ოფიციალურად კაბინეტიც მისცეს კანცელარიაში. არსებობს კიდეც ცნობილი გამოთქმა­ - "პრეზიდენტის ბიძის" თანამდებობა. თემურ ალასანიამ დაიწყო­ ყველა­ საპრივატიზაციო ობიექტის "დაკრიშვა". ფულს სძალავდა ხალხს. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოსძალა ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს და არამარტო მას, ამ სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო. მე მაშინ "თბილავიამშენში" ვმუშაობდი­ და გვქონდა "ბოინგის" პროექტი. პროექტს ბატონი გია მაისაშვილი წერდა, ბატონი­ პანტიკო თორდია ხელმძღვანელობდა და "AEESI" და ამერიკის საგარეო ინვესტიციის კორპორაცია აფინანსებდნენ. გადაწყვეტილი იყო სამოქალაქო ავიაციაზე გადასვლა.­ პროექტი 2002 წელს დაიწყო და 2004 წლისთვის მზად იყო ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ "ბოინგის" ვიცე-პრეზიდენტ პიკერინგს. ამ დროს მიშა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. სწორედ მაშინ ჩაერია საქმეში ორი პირი, რომლებმაც მოინდომეს, 31-ე ქარხანაზე დაემყარებინათ კონტროლი. ესენი იყვნენ თემურ ალასანია­ და ერიკ გუდისი, რომელიც არის თბილისელი­ ებრაელი და დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს.­ გუდისის მამა სამხრეთ კავკასიაში იარაღ­ით­­ ვაჭრობდა, ის იყო ამ საქმეში მთავარი...­ მოკლედ, მათ ქარხანაში­ ირაკლი რეხვიაშვი­ლი მოჰყვა­. ერიკ გუდისიც არის იარაღის მთავარი გამყიდველი, ალასანიას მეგობარია, მის ჯგუფშია და ერთად მოქმედებენ. მათთან ერთად იყო ასევე ცნობ­ი­ლი ვიქტორ გუდი, რომელიც კოლუმბიაში დააკავეს იარაღის მიწოდებისთვის... ალასანიამ და ერიკ გუდისმა გადაწყვიტეს, "ბოინგის" პროექტი ჩაშლილიყო და პრაქტიკულად ჩაშალეს კიდეც. მე და ბატონ პანტიკოს 2004 წლის 11 სექტემბ­ერს ალასანიასა და გუდისთან ამერიკაში ჩასვლამ მოგვიწია... დაიწყეს იმაზე­ ლაპარ­აკი, რომ თბილისის საშუალე­ბით უნდა გაყიდულიყო დიდი რაოდენობით რუს­უ­ლი­ იარაღი: ავტომატი "კალაშნიკოვი",­ ტანკები, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალ­ებები, თვითმფრინავები და ა.შ. ამისთვის ერთ-ერთი შერჩეული ობიექტი გახლდათ "თბილავიამშ­ენი", რომელიც მაშინ პრივ­ა­ტიზებული იყო და ხელში ჩაგდება უნდოდათ. ასევე უნდოდათ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს აეროპორტი, ამისთვის კი საჭირო იყო მთავრობის თანხმობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზურაბ ჟვანია. იმ დროს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა კახა ბენდუქიძე. ალასანიამ და გუდისმა ამერიკიდან ჩამოიყვანეს ფიქციური ჯგუფი და ითხოვდნენ აეროპორტის ხელში ჩაგდებას.

2004 წლის 11 დეკემბერს ჩამოვედი ამე­რ­იკიდან. ჩემი რეისით მოდიოდა ნიუ-იორკიდან ზურაბ ჟვანია, რომელმაც მადლენ­ ოლბრაიტის პრიზი მიიღო. ზურა ჩემი ძვ­ელი მეგობარი იყო და მასთან ხშირი ურთ­იერთობა მქონდა. ზურას ახლდა ვანო მაჭავარიანი, თუმცა მას ჩვენი საუბარი არ მოუსმენია. ზურას გუდისზე ვესაუბრე. ეს თემა პირველად მე წამოვწიე, რადგან ამ ადამიანის გამოჩენა უცნაური იყო. გუდისი­ და ალასანია სექტემბერშივე ამბობდნენ, რომ ჰქონდათ დიდი სამხედრო შეკვეთები. ალასანია სულ იმეორებდა, მე ვარ გაეროს ბიუროკრატი, მე ამ შემთხვევაში შუამავალი­ ვარ, რეალურად ბიზნესს ჩემი ძმაკაცი ხელმძღვანელობსო, მაგრამ ისინი ერთად არიან. გუდისი ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად. ცხოვრობდა 86-ე ქუჩაზე ნიუ-იორკში და მის სახლშიც ვარ ნამყოფი. მაშინ გუდისის მამაც ცოცხალი იყო. გუდისს დიდი ქონება აქვს, მულტიმილიარდერია, სახლები აქვს ფლორიდასა და სხვადასხვა ქალაქში. არ მალავდა, რომ სახლში საუკეთესო კონიაკი ჰქონდა შენახული თემურ ალასანიასთვის. მისი საქმეები სწორედ თემურის საშუალებით კეთდებოდა. ამერიკაში მე და პანტიკო თორდია წაგვიყვანეს და გვაჩვენეს სხვა პარტნ­იორები. აბელ ლასკასი, რომელიც იყო ლიტველი, ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ მერე ამ ბიზნესს გამოეთიშა. სადღაც ტყეში რესტორნებში დავყავდით, ნიუ-ჯერსის შტატში. იქიდან თემურ ალასანია გამუდმებით რეკავდა მიშა სააკაშვილთან, რომელსაც როგორც თავის ქვეშევრდომს, ისე ელაპარაკებოდა და აძლევდა დავალებებს, რომელ ქარხანას ვინ მიხედავდა, ვინ ვის დააფარებდა ხელს და ა.შ. პანტიკოს თხოვნით, სამი თვე დავრჩი იქ. პანტიკოს არ უნდოდა ამ კონტრაქტზე­ ხე­ლის­ მოწერა, რადგან ეს "ბოინგთან" მო­ლა­პარაკების ჩაშლას ნიშნავდა, ეს მოლაპარაკება კი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სამოქალაქო ავიაციის პროექტების განხორციელებას ნიშნავდა. მე ამერიკაში დავრჩი იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა - იქ ჩემი კონტაქტები მაქვს... გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. დავიწყე მოკვლევა, ვინ იყო გუდი­სი. შევხვდი ამერიკაში ყოფილ ელჩს, ბატონ ლევან მიქელაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი­ ადამიანი იყო. მან ტელეფონი თავის კაბი­ნეტში დატოვა­, ქუჩაში გავედით და იქ მითხრა, ესენი არიან "ჩეკისტები", "გრუს" ჯგუფი, ყიდიან "გრუს" იარაღს­ და ფრთხილად იყავიო. იგივე მითხრა მამუკა წერეთელმაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე იყო და მანაც იცოდა გუდისისა და ალასანიას დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ. ბატონი­ ლევანი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა... გუდისმა და თემურ ალასანიამ გადაწყვიტეს, სამ­ხედრო გაყიდვები გაეზარდათ. გუდისმა თქვა, რომ მილიარდ 200 მილიონის შეკვეთა­ ჰქონდა ინდოეთიდან­ - ეს არალეგალური შეკვეთები იყო. შემდგომაც­ სერიოზული ვაჭრობა ჰქონდა ბევრ ქვეყანაში: პერუში, კოლუმბიაში, სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში... იგულისხმებოდა­ საბჭოთა ტიპის სუ-25-ები, ტანკები, სასროლი საშუალებები... იარაღის ნაწილები ჩამოდიოდა რუსეთიდან, იწყობოდა საქართველოში, გადიოდა და იყიდებოდა. იყო ლეგალური გაყიდვაც და არალეგალურიც. ამისთვის მათ სჭირდებოდათ თბილისის აეროპორტი, მაგრამ ამაზე საჭირო იყო შეთანხმება ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ზურაბ ჟვანიას­ ესაუბრეთ მათზე. თვითონ რა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ?

- მან ყველაფერი იცოდა. ძალიან ნეგატიურად­ შეაფასა ეს ჯგუფი და მითხრა,­ მოსკოვიდან იმართებაო... მე ზურას ­მათ ჩამოსვლამდე, 11 დეკემბერს ვესაუბრე, 14-15 დეკემბერს კი ისინიც ჩამოვიდნენ საქართველოში. თემურ ალასანიამ ეს ჯგუფი ვი-აი-პი გასასვლელიდან გამოიყვანა და ამის შემდეგ ის უკვე იწყებს მთელი ქართული ეკონომიკის გაკონტროლებას. სამხედრო გადაზიდვებში ძალიან დიდი ფული კეთდება. "ნაცმოძრაობა" დღესაც ამ ფულზე "ზის", უდესია­ნისა და კეზერაშვილის მეშვეობით უნაწილებენ ამ ფულს პარტიას და თავიანთ ტელევიზიებს... პეტრე მამრაძემ გაიხსენა დიალოგი ჟვანიასა და გუდისი-ალასანიას შეხვედრიდან, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმართა 17-18 დეკემბერს. ცნობილია, რომ ისინი ითხოვდნენ, მათთვის ტენდერის გარეშე მიეცათ თბილისის აეროპორტი. ამის სანაცვლოდ ზურაბ ჟვანიას შესთავაზეს წილი მილიარდ 200 მილიონის­ ღირებულების ცნობილი ინდური საქმიდან­ - წლიური 300 მილიონი, მაგრამ ზურასგან უარი მიიღეს. ამის მერე იყო ის სპექტაკლი, რაც მიშამ მოაწყო. მათი წასვლის შემდეგ ზურა ავიდა სააკაშვილის კაბინეტში და ამ ამბავს მოუყვა. მიშამ გაითამაშა, ზურას თვალწინ "აღშფოთებულმა" დაურეკა ბიძამისს და უთხრა, სასწრაფოდ წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან. გაყარე ახლავე ეგენი, ეს როგორ გაბედესო... რასაც პეტრე მამრაძე ამბობს, ზურა ჟვანიას მონაყოლია. გუდისი ვერ შეუთანხმდა­ ვერც ბენდუქიძეს.­ მეორე დღეს, 19 დეკემბერს, დანიშნული­ იყო შეხვედრა "მერიოტში" - კონტრაქტზე­ უნდა მოეწერათ ხელი. მხოლოდ "თბილავიამშენთან" ტექნიკური ხელმოწერა იყო დარჩენილი. პანტიკო ეწინააღმდეგებოდა,­ მაგრამ მას შეეძლო წინ გადადგომოდა პრეზიდენტის ბიძას, რომელიც, ფაქტობრი­ვად, ქვეყნის მმართველი იყო?! ალასანიამ მთელი ჯგუფი მოიყვანა­ "მერი­ოტში", მაგრამ გუდისი არ იყო, არადა ხელი მას უნდა მოეწერა.­ თქვეს, პუტინმა­ დაურეკა და მო­ს­კ­ოვში­ გაფრინდაო. ეს შოკის მო­მ­გვრელი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ჟვანიამ შეაჩერა ომი სამაჩაბლოში­. რატომ წავიდა გუდისი პუტინთან, არავინ იცოდა­ და ხელმოწერა გადაიდო. თქვეს, თებე­რვალში მოვა­წერთო და კრება დაიშალა. მერე გავიგეთ ისიც, რა სცენა გაითამაშა მიშამ... თუმცა მანამდე ატყდა ერთი ამბავი, აი, რა მაგარია, კორუფციაში არ ჩაერია, გუდისიც გააგდოო, თუმცა გუდისი არ გაჩერებულა... ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ერთმანეთს ხვდებიან თემურ ალასანია და ტარიელ ონიანი და მსჯელობენ­, როგორ მოაშორონ ჟვანია. ბენდუქიძეზეც იყო ლაპარაკი. თუმცა ბენდუქიძის მოშორება რთული­ არ იყო, რადგან იმ პერიოდში მას გუნდი არ ჰყავდა, ერთი ახირებული კაცი იყო და იოლად შეიძლებოდა ეკონომიკის მინისტრობიდან მისი მოხსნა. ასეც მოხდა, იანვრის ბოლოს ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. დარჩენილი იყო ერთი კაცი - ზურაბ ჟვანია.

- ჟვანიასთან მერეც გისაუბრიათ ამ თემაზე?­

- დიახ. 5-დან 10 იანვრამდე შუალედში­ გარდაიცვალა ზურას მამიდა, ბატონ ერლომ ახვლედიანის და. ჩვენ იქ ვიყ­ავით - ზურაბ რთველიაშვილი, მაკა რაზმაძე, კიდევ სხვები და ღამეებს ვუთევდით. ღამის 3 საათზე დაცვის გარეშე ამოვიდა­ ზურა, მამიდამისის ხსოვნისთვის ჭიქა ღვინოს­ თავი წაუქცია... იმ დღეებში ზურა მიწვეული გვყავდა ავსტრალიელი მხატვრის ნახატის გადასაცემად, რომელიც "ვარდების­ რევოლუციას" ეძღვნებოდა. გვერდზე გამიყვანა­ და მითხრა, ამ ცერემონიალზე ვერ მოვალო. რატომ-მეთქი. არ შემიძლია, ეს "ვარდების რევოლუცია" არ მიხსენო, არ მაინტერესებს არაფერი, რაც მაგათთან არის დაკავშირებული, გადადგომას და ამერიკაში­ ოჯახთან ერთად წასვლას ვაპირებო. იქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიწვიეს, წავალ, ოღონდ ჯერ ოჯახი უნდა მოვამზადო, მერე კი ვიტყვი,­ რომ გადავდექი და წავალ, რამდენიმე წელი პოლიტიკისგან მინდა დავისვენოო. ვკითხე, რატომ-მეთქი და მიპასუხა, საქართველოს მთავრობა იქცა იარაღის გადამყიდველების­ მთავრობად, ღამ-ღამობით იკრიბებიან ცალკე, ყველაფერს თემურ ალასანია ხელმძღვანელობს და იგეგმება, როგორ გააკეთონ შავი ფული მილიონობით და მილიარდობით რუსული იარაღის გაყიდვითო; ვიცი, რომ მაინც თავისას გააკეთებენ და მინდა, წავიდე ამ ქვეყნიდანო. ეს საუბარი ზურას გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე იყო. ის მართლა აპირებდა ამერიკაში წასვლას, მერე იქ მოემზადებოდა და ამერიკელებთან ერთად ოპოზიციურ მოძრაობას ჩამოაყალიბებდა. აღარ უნდოდა, მიშასთან ყოფილიყო ასოცირებული, რადგან ის "გრუს" იარაღის გადამყიდველების ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელიც საქართველოში შავ ეკონომიკას ქმნიდა და მდიდრდებოდა. მის მთავრობას ფული ამ გზით შემოდიოდა. იარაღი პერუში, კოლუმბიაში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. ზურაბ ჟვანია ამერიკელებისთვის საქართველოში პირველი კაცი იყო, ამიტომ უნდოდა ამერიკაში თავის მეგობართან წასულიყო, წლების მერე კი უკან ჩამოვიდოდა, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მას იმედი ჰქონდა, რომ თავისი გუნდი გვერდით დაუდგებოდა. ეს რომ გავიგე, Mმივხვდი, საქმე ცუდისკენ მიდიოდა... ამის შემდეგ ჩემთან საყურადღებო ზარი გაისმა...

- ვინ დაგირეკათ?

- გუდისმა ამერიკიდან. ძალიან გამიკვირდა, რადგან იმ პერიოდში "თბილავიამშენში" საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ვმუშაობდი და, წესით, ჩემთვის არ უნდა დაერეკა. მის სიტყვებში პირდაპირ გაისმა მუქა­რა. მითხრა, მათ მოაშორებენ, ის ორი, Толстый и главный - მითხრა რუსულად, ბენდუქიძე და ჟვანია იგულისხმა, 15 რიცხვიდან მთავრობაში აღარ იქნებიან; კიდევ ერთხელ ჩამოვა ჩვენი ჯგუფი, თურქი პარტნიორები­ მოვნახეთ, გავაფორმებთ ხელშეკრულებას და აეროპორტი ჩვენი იქნება, შემოვიტანთ რუსულ იარაღს, ავაწყობთ და ვერავინ ვერაფერს გააკონტროლებსო... ვუთხარი, ძალიან ცუდ რაღაცას მეუბნებით, მოაშორებენ რას ნიშნავს, ზურა ჩემი მეგობარია და ბენდუქიძესაც ვიცნობ-მეთქი. თანამდებობიდან მოხსნიანო. მე რატომ მირეკავთ-მეთქი, ვკითხე. ყველას ვახარე, ვინც ჩვენი­ მეგობარია; აბა, არ უნდა გაგიხარდეს? ამხელა კონტრაქტს ვაწერთ ხელს, მილიარდობით დოლარი იქნებაო. ფულზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ურთიერთობებია, არცერთის თუნდაც თანამდებობიდან მოშორება არ გამიხარდება-მეთქი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში კახა ბენდუქიძე მართლაც მოხსნეს ეკონომიკის მინისტრობიდან და მრჩევლის თანამდებობაზე გადაიყვანეს. უცებ რომ ასრულდა მისი სიტყვები, გამიკვირდა. იმ საუბრისას ვკითხე კიდეც, ეს მიშასთან შეთანხმებულია-მეთქი? მიშას ვინ ჰკითხავს, ვირს მოვატ...ებთ, ჩვენ ყველაფერში გვემორჩილება, რასაც ვუბრძანებთ, ყველაფერს აკეთებსო. ეს საუბარი იყო იანვარში, თებერვალში­ კი ზურაბ ჟვანია მოკლეს...

თებერვლის ბოლოს ძალიან ფრთხილი­ წერილი დავწერე პრესაში და მიშას მივმართე, გამოძიება სჭირდება ამ საქმეს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია-მეთქი... შოკში­ ვიყავით. ზურას ბიძაშვილები­ ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და პირველ­ დღეს მის სახლში რომ მივედით, მოვიდა ალასანიაც. რატომ უნდა მოსულიყო?­ მან ოჯახის შანტაჟში მიიღო მონაწილეობა, ოჯახის წევრებიც მისკენ იშვერენ ხელს... ვფიქრობ, ამ საქმეში მიშა, როგორც ჩამფარცხავი, ისე იყო. შეიძლება­ მკვლელობის შესახებ არც იცოდა და მერე გაიგო... იარაღის ამბავს უკავშირდება ეს მკვლელ­ობა. იმ საქმეში დიდი ფული იყო, რითაც საზრდოობს ალასანია და ასაზრდოებს "ნაცმოძრაობას" და მათ ტელევიზიებს.

- სააკაშვილს ეცოდინებოდა, ზურაბ ჟვანია ქვეყნიდან წასვლას რომ აპირებდა?

- საქმეც ეგ არის! სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოკვლა! ჟვანიას ამერიკაში კარგი ურთიერთობები ჰქონდა. საფრთხე იგრძნეს და მიხვდნენ, რომ წასულიყო, მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. ხომ ამბობდა, იარაღის "ბარიგებთან" არ ვაპირებ ურთიერთობასო; თემურ ალასანია რუსეთის უშიშროების გენერალია და ეს კაცია დღეს საქართველოს მმართველიო... ორი-სამი წელია, თემურ ალასანიას მიერ დიდი ფული იხარჯება ამ მთავრობის გადასაგდებად. მე არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდა მას ივანიშვილთან, მაგრამ ახლა კავკასიაში იწყება სამხედრო სიტუაციის გადალაგება. ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აზერბაიჯანში პოზიციები ძალიან გაიმყარა. სომხეთი, ფაქტობრივად, შუაზეა გაჭრილი და იქ ძალიან ცუდი ვითარებაა. ახლა საქართველოს­ სრული ოკუპაციისთვის ემზადებიან და ამისთვის საჭიროა სააკაშვილისნაირი ფიგურა, რომელიც ამ ომს გამოიწვევს. ერთხელ უკვე ვნახეთ, როგორ აჰყვა პროვოკაციას და გადასცა ტერიტორიები რუსეთს და ამასაც თემურ ალასანია ხელმძღვანელობდა. მაშინ მან და გუდისმა დიდი ფული გააკეთეს - რამდენიმე მილიარდი დოლარი და ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. მიშას ფუნქციაა, რუსები რაც შეიძლება მეტად აგინოს. ხომ გაგიგონიათ, რომ ყველაზე დიდი აგენტი და პროვოკატორი ის არის, ვინც მეტს აგინებს უფროსს? აქაც ასეა. მას აქვს დავალება, რომ ეს გააკეთოს. მიშაც და თემურ ალასანიაც კა-გე-ბეს სკოლის გაზრდილები არიან. თემურ ალასანია 1987 წლიდან 2011 წლამდე გაეროში რუსული კვოტით იყო. მაღალი თანამდებობა ეჭირა განიარაღების კომიტეტში, სადაც სულ ხუთი წარმომადგენელია. საბჭოთა კავშირს და მერე რუსეთს თემურ ალასანია წარმოადგენდა. ამ კომიტეტში იყვნენ ასევე ამერიკის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებ. თემურ ალასანიას კაბინეტში ქვეყნების პრეზიდენტები ცერებზე შედიოდნენ. იმ ოთახში შეიძლებოდა შეგეძინა ძალიან ბევრი იარაღი გუდისის დახმარებით და თუ არ მოგცემდნენ, შეიძლებოდა "ნოლზე დარჩენილიყავი". ზურას გარდაცვალების შემდეგ სტატიები მინიშნებებით პრესაში რომ გამოვაქვეყნე, თემურ ალასანია­ სახლთან დამხვდა - ის ჩემი მეზო­ბელია - და მითხრა, მე და ქეთინოს გვინდა შენი დაპატიჟება, ავიდეთ ჩემთან და ყავა დავლიოთო. მე-12 სართულზე ცხოვრობს და ავედით. მითხრა, მე და ერიკ გუდისს გვინდა შენი დაპატიჟება კანარის კუნძულებზე, უნდა წაგიყვანოთ და მაგარ საქმეში ჩაგაბათო. იმერულად მოვუბოდიშე და უარი ვუთხარი. ვიცი, რაც ხდება კუნძულებზე - ალბათ, გადაწყვეტილი იყო ჩემი წყალში გადაგდება, მერე კი იტყოდნენ, რაღაც მოუვიდა და წყალში გადახტა, გიჟიაო. მეორე დღესვე დავწერე ახალი სტატია და ისიც გამოქვეყნდა. ამის მერე ატყდა პანიკა, მისი ჯგუფიდან რეკავდა ის ხალხი, ვინც ჩაბმული იყო ამ ყველაფერში.

- უმძიმესი ბრალდებებია... პროკურატურაში არ დაგკითხეს?

- პროკურატურაში პირველად ზესაშვილი მესაუბრა, მაგრამ დაკითხვა არ ჩაატარებინეს და ამან ჩემი ეჭვი გამოიწვია. გამოიკვეთა, რომ მაინცდამაინც არ იყო გამოძიების ნება. მერე გაგვიყვანა გვერდზე ერთმა ხანდაზმულმა თანამშრომელმა და ორი ტომი გვაჩვენა, გვითხრა, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ეს ორი ტომი ასაბუთებსო; მთელი ეს მასალები თაროზეა შემოდებული და ჩამოღების ბრძანება არ გვაქვსო... 2019 წელს "სიცრუის დეტექტორში" მიმიწვიეს. იქ ვილაპარაკე ამ საქმეზე და დეტექტორმა აჩვენა, რომ ეს სიმართლეა. ამის შემდეგ ახალგაზრდა პროკურორი დამიკავშირდა. ძალიან კარგი გოგო იყო. მან დამკითხა და ვუთხარი, შეემოწმებინა ჩემი ძველი ნომერი, სადაც ნახავდა, იმ პერიოდში როგორ ისტერიკულად მირეკავდა თემურ ალასანია. ერთ კვირაში დამირეკა ამ გოგომ და დამიბარა. რომ მივედი, მითხრა, ეს ყველაფერი ჩანაწერებით დადასტურდაო. ამ დროს მოხდა საინტერესო რაღაც: ოთახში ვიღაც შემოვიდა თვალები დაუბრიალა, რაღაც ანიშნა. მერე გავიდა ის კაცი. ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ ამის მერე იმ გოგოს აღარ დაურეკავს. წესით, ჩემი ჩვენება უნდა იყოს საქმეში. იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას.

მოვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დაიწყოს ღია მოსმენა. დაიკითხონ მოწმეები, ყველა, ვისაც გვქონდა ურთიერთობა გუდისთან და ალასანიასთან. ჩვენ ვერ ვენდობით მხოლოდ პროკურატურას და სასამართლოს, ამიტომ ვითხოვთ, ეს პარლამენტში მოხდეს. მტკიცებულებები, ალბათ, განადგურებულია, მაგრამ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ამ საქმის ბოლომდე ჩაფარცხვა.­ ორივეს ორგანიზმში CO შპრიცით იყო შეყვანილი, მათ ორგანიზმში 70% CO აღმოჩნდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს შეეყვანათ ინტრავენური გზით, სხვანაირად ასეთი რაოდენობა ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა... ლევან სამხარაულიც ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა... ბენდუქიძის გარდაცვალებაც კარგად არის გამოსაძიებელი... მიშა სააკაშვილი ბიძამისის და გუდისის მძევალია და დღემდე მათ დავალებებს ასრულებს. ის რუსეთის "გრუს" ბრძანებით ჩამოიყვანეს საქართველოში და დავალებული აქვს, არიოს სიტუაცია. ამერიკელებს სერიოზულად ეშინიათ... შარლ მიშელიც ამიტომ იყო ჩამოსული... პირდაპირ რომ ვთქვათ, დასავლეთის ინტერესი განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებით, რომელიც რუსეთმა და თურქეთმა ერთად განახორციელეს. ახლა დასავლეთს უნდა, თვითონაც შემოვიდეს კავკასიაში, რადგან ეს 3+3 მთლიანად დევნის რეგიონიდან. სწორედ ამ ფორმულის განსახორციელებლად არის ჩამოსული სააკაშვილი საქართველოში. მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ერთი სიტყვაც თუ აღმოჩნდა ჩემს ნათქვამში ტყუილი, მზად ვარ, ციხეში წავიდე და პასუხი ვაგო.