კანონი, რომელიც ჯოჯოხეთიდან დაგვიხსნის - კვირის პალიტრა

კანონი, რომელიც ჯოჯოხეთიდან დაგვიხსნის

"მესმის იმ მედიის, რომელიც შემოსავლებს ამ ბიზნესის რეკლამებიდან იღებდა და დღეს ერთიანად შემოსავლების გარეშე დარჩება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ არ მიგვეღო რეკლამის შესახებ კანონი და არ შეზღუდულიყო რეკლამა, მაშინ ამ ყველაფერს შედეგი არ ექნებოდა..."

ლუდომანია, ანუ თამაშდამოკიდებულება ბოლო წლებში საქართველოს თავის ტკივილად იქცა. არაოფიციალური მონაცემებით, აზარტულ თამაშებში მილიონამდე ადამიანია ჩართული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. სამწუხაროდ, აზარტდამოკიდებულებში კატასტროფულია სუიციდის რიცხვიც.

ამ დრომდე ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მედიასივრცეში "პალიტრამედია" იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვლიდან უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებასა და ამ გზით სოლიდური შემოსავლების მიღებაზე. სულ ახლახან, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის. ასევე, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება. პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება აისახა. განისაზღვრა დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები. ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინგადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყება.

aritamasho.jpg

"ნელ-ნელა შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩართულია სათამაშო ბიზნესში"

გიორგი კაპანაძე, საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი:

- პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია პრემიერის გადაწყვეტილება, რომლის მეოხებითაც რეალურად იწყება აზარტული თამაშების ბიზნესის რეგულირება. ამაზე წლებია, ვსაუ­ბრობთ და კარგია, რომ დაიწყო სწორედ ონლაინთამაშების რეგულირება, რომელიც, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე დიდ პრობლემად იქცა ქვეყანაში. დაბალშემოსავლიანი ადამიანები, რომლებიც თამაშში­ უკანასკნელ კაპიკებს აგებენ, სწორედ ონლაინთამაშებში არიან ჩართული და არა სახმელეთო კაზინოებში და სლოტ კლუბებში. კარგია, რომ ყველა იმ მთავარ პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება, რომელიც გამოსასწორებელია. დღეს იმდენი ადამიანია თამაშში ჩართული, რაც უფრო შევამცირებთ მოთამაშეთა წრეს, მით უფრო უკეთესია. ასევე, მიმაჩნია, რომ საჭირო იყო რეკლამის აკრძალვა. მესმის იმ მედიის, რომელიც შემოსავლებს ამ ბიზნესის რეკლამებიდან იღებდა და დღეს ერთიანად შემოსავლების გარეშე დარჩება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ არ მიგვეღო რეკლამის შესახებ კანონი და არ შეზღუდულიყო რეკლამა, მაშინ ამ ყველაფერს შედეგი არ ექნებოდა - თუკი სატელევიზიო ეთერებით კვლავ გაგრძელდებოდა რეკლამირება, ჩვენ მხოლოდ შეზღუდვებით შედეგს ვერ მივიღებდით. ძალიან კარგია, რომ სოციალურად დაუცველები მოხვდნენ ამ სიაში, ასევე საჯარო მოხელეებსაც რომ არ ექნებათ თამაშის საშუალება. ეს ყველა ის პუნქტია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, თავადაც ვმონაწილეობდი ამ პროცესში, ამიტომაც მაქსიმალურად ნაკლებკრიტიკული ვარ და მიმაჩნია, რომ ყველა ეს პუნქტი აუცილებელი იყო. მათ შორის კარგია დაბეგვრა, მე 15-20%-ითაც დავბეგრავდი ამ ბიზნესს. ჯერჯერობით შემოვიდა 10%-იანი ზღვარი იმიტომ, რომ ეს ბიზნესი ძირითადად, ბიუჯეტში იხდის გადასახადს, ეკონომიკაში ვერანაირ დოვლათს ვერ ქმნის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დაიბეგროს.ამ რეგულაციებს შესაბამისი აღსრულება­ თუ არ მოჰყვა, შედეგი არ იქნება. მოვისმინეთ განცხადებები, რომ იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ ყველაფერს, მათ შორის ასაკობრივ ცენზს. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, ვფიქრობ, კარგ შედეგს მივიღებთ­ და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩართულია სათამაშო ბიზნესში. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ შესაძლოა, ამ ბიზნესმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს, უცხოურ საიტებზე გაგრძელდეს თამაში და შეიქმნას უფრო დიდი პრობლემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო ბიზნესის თავის გადასარჩენად წამოსული მესიჯები მგონია, არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ მოხდება. ყველას გვახსოვს, მაგალითად, როდესაც ონლაინსესხები კატასტროფულად გაიზარდა და შემდეგ ერთი ხელის მოსმით გადაწყდა მათი დარეგულირება, მოხდა საპროცენტო განაკვეთის დაწევა ისე, რომ ონლაინსესხები ბაზრიდან გაქრა. მაშინ ყველა საუბრობდა, რომ გაჩნდებოდნენ მევახშეები, მოხდა მსგავსი რამ? არა. როცა არსებობდა ონლაინსესხები, მაშინ გაცილებით მეტი მევახშე იყო და გაცილებით მეტი ადამიანი მიდიოდა მათთან, ვიდრე დღეს. დღესაც არის ხელზე გამაზვა, დღესაც მიდიან ადამიანები ამაზე იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვყავს პირობითად, 700 000 მოთამაშე, ამ მოთამაშეების რიცხვი რომ იზრდება, ბევრი ცდილობს, რაღაცნაირად ითამაშოს და მათ შორის, ხელზეც გამაზოს. ჩვენ თუ 700 ათასი ადამიანის ნაცვლად გვეყოლება 100 ან 50 ათასი, ბუნებრივია, იქიდან უფრო ცოტა იქნება, ვინც შეიძლება იფიქროს ხელზე გამაზვაზე. ამიტომ ეს პრობლემა თუ მოგვარდება, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები შანსია, მომავალში მოხდეს ხელზე გამაზვა. სათამაშო ბიზნესის ლობის ყველანაირი მცდელობაა, ხალხი შეაშინოს და დააჯერონ, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია.

უცხოურ საიტებს რაც შეეხება, დღეს, როდესაც ტექნოლოგიები განვითარებულია, საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ქვეყანაში, მარტივია, რომ გააკონტროლო, ქართული საბანკო ბარათებით არ მოხდეს ოპერაციები უცხოურ საიტებზე, მაქსიმალურად უნდა შეზღუდო სათამაშო ბიზნესის უცხოური საიტები და ასეთ შემთხვევაში, არანაირი ფული არსად არ გაედინება. უბრალოდ, ეს ადამიანები ვერ ითამაშებენ უცხოურ საიტებზე და მორჩა! ადამიანებს მუდმივად ყურში არ ექნებათ ინფორმაცია, რომ მათ გამდიდრების შანსი­ აქვთ და, შესაბამისად, არც იფიქრებენ­ ამ ყველაფერზე.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათზე ისევ და ისევ ბიზნესმენების ზეგავლენა იყო, რომლებიც წლებია მათ ეხმარებიან, ასპონსორებენ... მაინც მგონია, ჩემპიონების განცხადება ერთჯერადი იყო, არ მიგრძვნია, რომ ისინი ამ ბიზნესს განსაკუთრებულად ქომაგობდნენ, გარდა ერთი ადამიანისა - ჰალკის, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან არ აქვს დიდი მხარდაჭერა, მისი სპონსორები გარკვეული ბეთები იყვნენ და ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სპორტსმენებს მხარდაჭერას გამოუცხადებს. სხვა სახსრები უნდა მოინახოს მათთვის და ვფიქრობ, გამოინახება კიდეც. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ როდესაც ეს რეგულაციები ამუშავდება, ერთიანად გაქრება სათამაშო ბიზნესი. ის ჯერჯერობით გააგრძელებს ფუნქციონირებას და დრო დასჭირდება, რომ სადღაც ჩადოს თანხები, მათ შორის, სპორტსმენების მიმართულებით. უბრალოდ, ახლა ისინი ცდილობენ თავის გადარჩენას, იქნებ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელი 2020-ში იყო 32 მილიარდი ლარი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია და ეს იყო ონლაინთამაშების ბრუნვის მაჩვენებელი გამომდინარე იქიდან, რომ ამ წელს, ძირითადად, ყველა ფიზიკური კაზინო დაკეტილი იყო და ადამიანები ონლაინ თამაშობდნენ. გარდა ამისა, მეორე ადგილზე იყო სათამაშო ბიზნესი და გამოვიდა ისე, რომ წამყვანი ბიზნესი ხდებოდა სათამაშო ბიზნესი, ამიტომაც იყო აუცილებელი ამის რეგულირება. რაც შეეხება მოთამაშეთა რაოდენობას, ზუსტი რიცხვი არ არის ცნობილი, არ იყო მარტივი ამის დათვლა, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან სკოლებში ჩატარდა კვლევები და როგორც აღმოჩნდა, 40-45%-მდე ბავშვმა თქვა, რომ მათ შეხება ჰქონდათ სათამაშო ბიზნესთან. ყურადღებაა მისაქცევი, რომ ამ ქვეყანაში ასეთი რამ აღარ მოხდეს. ვფიქრობ, სათამაშო ბიზნესში დაახლოებით მილიონამდე ადამიანია ჩართული.

"2016 წლიდან დღემდე 220%-ით არის გაზრდილი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა"

თამარ ჯაფარიძე, ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ":

- ჩვენი მოძრაობა 2017 წლის 5 აპრილს დაფუძნდა და დედებმა ჩამოვწერეთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები, რაზე შეიძლებოდა სახელმწიფოს ემსჯელა. "კვირის პალიტრაში" დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის წერილი წავიკითხე, რომელიც ამბობდა, რომ ვინც ლუდომანიის წინააღმდეგ იბრძოლებდა, მას გვერდში დაუდგებოდა. ბატონმა ლევანმა მართლაც გაგვიღო კარი და იმ დღიდან ვთანამშრომლობთ. მერე შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი,­ რომელსაც სათავეში ჩაუდგა დღევანდელი ფინანსთა მინისტრი (იმხანად პირველი მოადგილე იყო) ლაშა ხუციშვილი. ბატონ ლევანს, მე, საპატრიარქოს ჯგუფს, ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს გვქონდა მკვეთრი ნაბიჯები, წინადადებები, რასაც დღეს ვხედავთ კანონპროექტში. ასაკობრივი ცენზი აუცილებლად უნდა დაწეულიყო 25 წლამდე, ეს იყო განრიდების სია, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მესამე პირის მიერ განრიდების სიაში ოჯახის წევრის მოხვედრა, ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე გადარიცხვის მექანიზმით აკრძალვა (ამაში TBC იყო პირველი კომერციული­ ბანკი, რომელიც სრულად გვიცხადებდა მხარდაჭერას) და რაც მნიშვნელოვანი იყო, სახმელეთო სამორინეების ქალაქის პერიმეტრიდან გატანა. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო რეკლამის აკრძალვა და მისი პოპულარიზაციის მოსპობა. ასევე, ჩვენი ინიციატივა ის იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს 40 ათასი ლარი თუ არ ექნებოდა წლიური ხელფასი, მას სახმელეთო თუ ონლაინზე არანაირი წვდომა არ უნდა ჰქონოდა. შემოსავლების სამსახურმა ამაზე არ ვიცი, რა მიზეზით გვითხრა უარი. 2018 წლიდან მიდიოდა ამ კანონპროექტზე მუშაობა, დავთქვით, რომ ბეგარა უნდა გაიზარდოს და ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოხდეს სარეაბილიტაციო ცენტრებზე ზრუნვა. რატომღაც, ესეც არ მიიღეს. ეს კანონპროექტი რომ დამტკიცებულიყო, 2022 წლიდან უკვე უნდა დაწყებულიყო ქალაქის პერიმეტრიდან სამორინეების ორ თავისუფალ ლოკაციაზე გატანა - აღმოსავლეთით და დასავლეთით, ამაზე არ წამოვიდნენ, ეს მუხლები ამოიღეს.ლობისტებმა თავისი ქნეს, რადგან­ ეს დიდი ბიზნესია. 2016 წლიდან დღემდე 220%-ით არის გაზრდილი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, მილიარდებზე ვართ გადასული, რაც კოლოსალური თანხაა. ძალზე გახშირებულია სუიციდის ფაქტები, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ყვიროდა ყველა საშუალებით. სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხული 3080 მოზარდიდან 12% უკვე ლუდომანია, ანუ აზარტდამოკიდებული და 20% - გადაჭარბებული მომხმარებელი. 11% - თამაშობს კამათელზე და კარტზე (აქედან 8% ბიჭია, 2% - გოგონა), ბიჭების 5% გარეთ რომ დგას სათამაშო აპარატები, ამაზე თამაშობენ, გადარიცხვებს აწარმოებენ, 1% კი - გოგონა. ჯამში ეს მოზარდების საკმაოდ სერიოზული ციფრია. დაახლოებით 48% ამბობს - მსიამოვნებს და ვთამაშობო. სუიციდის სტატისტიკასაც ჩვენს გარდა არავინ აწარმოებს, ეს ციფრი კატასტროფულია. შარშან, მარტო 2 თვეში 7 სუიციდის ფაქტი იყო. სამართლებრივი კუთხითაც გასაუმჯობესებელი გვაქვს საქმე - როდესაც სუიციდი ხდება, 115-ე მუხლით აღიძვრება საქმე, მაგრამ რამ მიიყვანა მოზარდი თვითმკვლელობამდე, ამას აღარც სასამართლო ადგენს, აღარც გამოძიება. ვფიქრობ, ეს კანონი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეს გვერდზე გასწევს. საზოგადოება ხელისუფლებას გვერდით უნდა დავუდგეთ. მსოფლიო ჩემპიონები, სამწუხაროდ, გვაშანტაჟებენ. მათ ქვეყანა, ბავშვები უყურებენ, ასეთ ტიტულოვან ცხოვრებაზე ოცნებობენ და არ შეიძლება მათ შავ ჭირს უპიარებდე. ვისურვებდი, ამ ადამიანებმა კეთილგონიერება გამოიჩინონ, ადეკვატურად შეხედონ რეალურ ცხოვრებას, გვერდით დაუდგნენ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ბოლომდე განვახორციელოთ კანონპროექტი.

2019 წელს იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ლუდომანიის დეპარტამენტმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ აზარტული თამაშები არის სიკვდილის მანქანა ქვეყანაში, ის ავითარებს ფსიქიკურ აშლილობას, ასევე იწვევს რიგ თერაპიულ დაავადებებს.

ჩვენი საზოგადოება ქედს იხრის მედიაჰოლდინგ "პალიტრის" წინაშე და მინდა ეს ხმამაღლა დავაფიქსირო. თავის დროზე პირველმა "პალიტრამ" თქვა უარი სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. ვისურ­ვებდი, ასე იფიქროს ყველა მედიასაშუალებამ და ქვეყანა ნამდვილად აშენდება. ეს არის საუკეთესო კანონპროექტი, რომელიც ადამიანებს შვებას მისცემს.

ითქვა, მაზიანები გახშირდებაო. შსს-ს ბევრი კვალიფიციური კადრი ჰყავს, ყველა უბანში ჰყავს რწმუნებული და იმედია, გააკონტროლებენ სიტუაციას, დაბეგრილი თანხა კი აუცილებლად უნდა მოხმარდეს თამაშდამოკიდებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციას.

"სმს-ი სმს-ზე მოდის, არიქა, ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ითამაშონ და ფულის შოვნა მოასწრონ"

ნინო ლოლაძე 29 წლის სანდრო ბერაძის დედაა, რომელიც ლუდომანიის მსხვერპლი გახდა. "პირველი არხის" ოპერატორმა 2019 წელს ცხვარიჭამიის ტყეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს ქალბატონი ნინო აქტიურად არის ჩართული აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში და დიდი სურვილი აქვს, სხვისი შვილების გადარჩენისთვის მაქსიმალურად დაიხარჯოს.

- ნებისმიერ სიტუაციაში დროულია რეგულაციების გამკაცრება. აქამდე ამ სენთან ბრძოლის საქმეში ჩემი შვილი და მისი მეგობრები უფრო აქტიურობდნენ. ახლა მეც გავაქტიურდი და თითქოს მეორე სუნთქვა მოგვეცა. სანდრიკას ამბავმა უფრო წამოსწია ეს პრობლემა, მანამდე ბევრმა არც იცოდა, რა იყო ლუდომანია. რადგან სახელმწიფომ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება, დიდი იმედი მაქვს, შუა გზაზე არ მიატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდება. სათამაშო ბიზნესი უფრო გააქტიურდა, სმს-ი სმს-ზე მოდის, არიქა, ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ითამაშონ და ფულის შოვნა მოასწრონ. აქ ხომ მილიარდებზეა ლაპარაკი და იქიდან რაღაც ნაწილი რომ მოაკლდეთ, იმის დათმობაც არ უნდათ. ახლა სპორტსმენებს იყენებენ იარაღად, შანტაჟისთვის იყენებენ ამ ადამიანებს. არ შეიძლება ვიღაცის თავზე გადავლა, მით უმეტეს, სიცოცხლეზე გადავლა. სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდიან ამ სიმწარეს, მანამ ვერაფერს გაიგებენ. ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორ ვუსურვებ მსგავსი ჯოჯოხეთი გაიარონ, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ამ ბავშვებმა ამდენ გამოცდილ და ნატანჯ ხალხს მაინც მოუსმინონ და გაიგონ, რომ მათ არავინ არაფერს მოაგებინებს, ეს არის სრული სისულელე. გამოფხიზლდნენ და დაუჯერონ უფროს თაობას, ისეთს, ვისაც ამ საკითხში თუნდაც მწარე გამოცდილება აქვს. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. მას შემდეგ, რაც ამ საკითხში ღრმად ჩავიხედე, იმდენი განადგურებული ოჯახი აღმოჩნდა, გაოგნებული ვარ. მით უმეტეს, ისინი იცნობდნენ სანდრიკას, წინ ასეთი მაგალითი ჰქონდათ და არ მეგონა, ამ გარემოცვაში ამდენი დაავადებული თუ იქნებოდა. 29 წლის შვილი დავკარგე, ჩემი სანდრიკა ამ სენს შეეწირა. მაქვს ჩანაწერი, 2016 წელს რომელიღაცა ტელევიზიით გამოვიდა და ამბობს, შეურაცხყოფა მივაყენე მენეჯერს, რათა გავეშავებინეო. წარმოგიდგენიათ, რა დღეში იყო? ვფიქრობ ხოლმე, მაშინ რამე რეგულაციები რომ დაწესებულიყო, ეგებ რამე საშველი ყოფილიყო. თვითონაც ბევრს ეცადა, მაგრამ ეს რეკლამები და შეთავაზებები აცდუნებდა და ისევ და ისევ ითრევდა თამაშში. სანდრიკა კაზინოში რომც არ შესულიყო, ტელეფონში არსებობდა უკვე ონლაინთამაშები და ამით შეეძლო ეს ყველაფერი გაეკეთებინა. სწორად გამიგეთ და, 29 წლის ბიჭის პირად სივრცეში ასე ვერ შეიჭრები, არ მოგცემს იმის უფლებას აკონტროლო, რას აკეთებს ტელეფონში. მე ერთადერთი ის ვიცი, რომ სანდრიკას გამო ერთი ადამიანიც რომ გადავარჩინო, ამით ჩემი შვილის სულსაც გადავარჩენ. სანდრიკას ვეღარ გავაცოცხლებ, მაგრამ სხვებიც არ მინდა დაიღუპონ. როცა მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაშინვე ავტეხე განგაში, ფსიქოლოგთანაც მივიყვანე და ფსიქიატრთანაც, თუმცა ვერაფერს გავხდი, ასეთ რთულ ფორმაში თუ იყო გადაზრდილი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მტერს არ ვუსურვებ, ეს ისეთი ჯოჯოხეთია.

"ვცდილობ, ჩემი სისუსტე გამოვიყენო ჩემს სიძლიერედ და სხვებს დავეხმარო"

ირაკლი სალუქვაძე, ექიმი, რომელმაც აზარტდამოკიდებულება დაამარცხა:

- 16-17 წლიდან გავხდი აზარტდამოკიდებული და ჩვენი ძირითადი გასართობი ტოტალიზატორი იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა კაზინო "აჭარა", სადაც საბოლოოდ მოვიწამლეთ. იმ ასაკში ჩვენთვის ეს იოლი ფულის შოვნის გზა იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რაც მამებისთვის ღირებული, გასართობი და კომუნიკაციის საშუალება იყო, ჩვენთვის აღმოჩნდა აგრესორი. ცუდმა პერიოდმაც იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა - იმ პერიოდში, როცა სახლში შუქი არ გვქონდა და ახალგაზრდები “ბირჟებზე ვიდექით, ცოტა არ იყოს, ფუფუნების წყაროდ გვესახებოდა კაზინო. ამ დამოკიდებულებას მერე ბევრი უბედურება მოჰყვა, დავკარგე ყველაფერი, რაც კი შეიძლება დაკარგოს ადამიანმა - ოჯახიდან და ურთიერთობებიდან დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული. ყველაფერს კარგავ, ცხოვრების აზრს კარგავ, რაღაც წრეში ერთვები და ემსგავსები ზაზუნას, რომელიც წინ ვერ მიდის და ნელ-ნელა იცვითება. თამაშდამოკიდებულება 20 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ძალიან ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, ჩავაბარე და დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. დღეს სასწრაფოს ექიმი ვარ და, ვფიქრობ, ჩემს პროფესიაში - წარმატებული. ბოლო 6 წელიწადია, უწყვეტად ვმუშაობ, მანამდეც, სტუდენტობის პერიოდიდან ვმუშაობდი. ლუდომანიამ, რა თქმა უნდა, უკან დამხია, ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა, თავს მოვრეოდი. მე კი არა, ნებისმიერ სტაჟიან მოთამაშეს რომ ჰკითხო, ყველა იტანჯება, ყველას უნდა, შეეშვას, მაგრამ ბევრს ეს არ შეუძლია. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, უკვე შემეძლო, რაღაც შემეცვალა."ფეისბუკზე" დაიდო პოსტი, რომ ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ვერიკო გოჯიაშვილი უფასოდ ჩაატარებდა არტთერაპიის რამდენიმე სეანსს თამაშდამოკიდებული პირებისთვის. ჩვენს პერიოდში ფსიქოლოგის მოძებნა პრობლემა არ არის, მთავარია, ადამიანმა იქამდე მისვლა მოინდომოს. ამ შემთხვევაში იმანაც იქონია მოტივაცია, რომ სეანსები უფასო იყო. თამაშდამოკიდებული ადამიანისგან წარმოგიდგენიათ, ზედმეტი ხარჯი გასწიოს იმის წინააღმდეგ, რაშიც წლები ცხოვრობს და თავს კომფორტულად გრძნობს? არის თუ არა კომფორტი, ესეც საკითხავია. ეს არის შინაგანი კომფორტი, რომელიც გარედან დისკომფორტს გიქმნის - ვერც ერთი მოთამაშე ვერ გეტყვის, რომ არ სიამოვნებს თამაშის პროცესი, მაგრამ ამ სიამოვნების ხარჯზე ჯამში იმდენი დისკომფორტი იყრის თავს, ძალიან ჭირს დამუხრუჭება. ერთი სიტყვით, წავედი სეანსებზე და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. იქამდე მივედი, რომ ახლა არტთერაპიის კურსებს მე ვატარებ, ანუ ვცდილობ, ჩემი სისუსტე გამოვიყენო ჩემს სიძლიერედ და სხვებს დავეხმარო. რამდენად გამომივა, არ ვიცი, მაგრამ მგონი, ჩანაფიქრი კარგია.

ამ კანონმდებლობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ეს ბევრად ადრე გადასადგმელი ნაბიჯი იყო, გვიან, მაგრამ ხომ გადაიდგა. ახლა მთავარია, კანონი ძალაში შევიდეს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს სათამაშო ბიზნესი. ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ შეიძლება რაღაცის კეთება ბევრი ადამიანის უბედურების ხარჯზე. საქართველოში ბევრი კარგი ბიზნესი არსებობს წამოსაწევად. ამ ბიზნესმა ფიზიკურად შეიწირა ბევრი ადამიანი. მთელი ცხოვრებაა ვალებს ვიხდი, ამასობაში დამენგრა ოჯახი, ურთიერთობები. მარტო მე ხომ არ დავზარალდი, ჩემმა ახლობელმა ადამიანებმაც დიდი ნერვიულობა გამოიარეს. რაც ვიზარალე, იმასთან შედარებით მატერიალურ ზარალს ყველაზე ბოლოს დავაყენებდი. ნებსით თუ უნებლიეთ, მე ყველას დავუშავე, ვინც ჩემს ირგვლივ იყო. როცა ხარ დამოკიდებული, შეიძლება ისეთ რაღაცაში გადაგაგდოს, რასაც ვეღარ დაიბრუნებ და დაგრჩეს მხოლოდ დიდი სინანული. დამოკიდებულ ადამიანებს ვეტყოდი, უყვარდეთ, ადამიანობასა და ცხოვრებაზე იფიქრონ და არა თამაშზე. ეს საშინელებაა! დამოკიდებულება ადამიანს ღუპავს, წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რომ ჩაქუჩს გირტყამდნენ თავში, ყოველ დღე იღვიძებდე და მაინც ჩაქუჩს უშვერდე თავს, ასეა დაახლოებით. ერთხელაც მაგრად გეტკინება და ხომ გასწევ თავს. ეტყობა, ყველაფერს თავის დრო აქვს, თავის გაწევასაც.