ყველაზე ცნობილი ძარცვები მსოფლიოში
დეკემბერი მსოფლიოში წინასაახალწლო სამზადისთან, სახურავებზე გუდით ხელში მოსიარულე თოვლის ბაბუებთან, ბრჭყვიალა ფერებთან, სამკაულებსა და საჩუქრებთან ასოცირდება, თუმცა გარკვეულ წრეებს წელიწადის ბოლო თვე იმ სენსაციურ და მასშტაბურ ძარცვებს ახსენებს, რომლებიც უკვე წლებია, მსოფლიოს რეიტინგების პირველობას არ თმობს.
მუზეუმის 50 ელფერი
1985 წლის 27 დეკემბერს მძარცველებმა მექსიკის ანთროპოლოგიის მუზეუმში შეღწევა ისე მოახერხეს (ღობეს გადაახტნენ და შემდეგ სავენტილაციო სისტემით შენობაში მოხვდნენ), რომ მუზეუმის რვა დარაჯიდან არავის გაუგია, ხელს კი 124 უძვირფასესი ექსპონატი გააყოლეს, რომლებიც მუზეუმის სარდაფში, შვიდ ვიტრინაში იყო დაცული. მაიას, აცტეკებისა და ინკების საგანძურის ეს ნაწილი ოქროს, ნეფრიტისა და ფირუზის ნაკეთობები გახლდათ.
მომხდარის შესახებ მხოლოდ დილით გაიგეს, როცა დარაჯები შეიცვალნენ. როგორც გაირკვა, მუზეუმს, რომელშიც მექსიკის ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი ინახება, ელექტრონული სიგნალიზაციის სისტემა არ გააჩნდა და არც ვიტრინები იყო დაკეტილი. უიშვიათესი ექსპონატები დამნაშავეებისგან თავს მხოლოდ "600-წლიანი წყევლით იცავდნენ".
მძარცველები კოლეჯის კურსდამთავრებულები აღმოჩნდნენ, რომლებიც ძარცვამდე 50-ჯერ ესტუმრნენ მუზეუმს. პოლიციამ მოახერხა 118 ექსპონატის მოძებნა და მუზეუმში დაბრუნება.
რემბრანდტი და რენუარი ნავში
2000 წლის 22 დეკემბერს სტოკჰოლმის რამდენიმე რაიონში ავტომობილების აფეთქების ხმა ერთდროულად გაისმა, თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა - შემთხვევის ადგილებზე გასული პოლიციის მანქანების მოძრაობა დაზიანებულმა საბურავებმა შეაფერხა. საქმე ის იყო, რომ გზაზე ლურსმანი ეყარა და მანქანები წინ ვეღარ მიდიოდნენ. სანამ ქალაქის სამართალდამცავნი თავს იმტვრევდნენ, უკავშირდებოდა თუ არა მომხდარი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას, ცნობილი გახდა, რომ გაიძარცვა ქვეყნის ეროვნული მუზეუმი. წაიღეს რემბრანდტის ერთი და რენუარის ორი ცნობილი ტილო. ნაძარცვი შედევრების ღირებულება 36 მლნ დოლარი იყო. მძარცველებმა მხოლოდ ერთი საათი დაყვეს მუზეუმში და შემდეგ სანაპიროსთან მდგარი ძრავიანი ნავით უშველეს თავს.
მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილების აფეთქება და პოლიციის მანქანების დაზიანება სწორედ მუზეუმის მძარცველების ნახელავი იყო ყურადღების გადასატანად.
2001 წელს განსასჯელის სკამზე 13 ადამიანი მოხვდა, ეროვნულ მუზეუმს კი ხუთი წელი დასჭირდა ექსპონატების დასაბრუნებლად.
ვინსენტი მაფიის ბოსისთვის
2002 წლის 7 დეკემბერს ამსტერდამში დამნაშავეების სამიზნე ცნობილი იმპრესიონისტის ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი გახდა. მძარცველები ღამით გათბობის მილით სახურავზე აძვრნენ და შენობაში შეაღწიეს. წაიღეს მხატვრის ორი ცნობილი ტილო, რომელთა ღირებულება 100 მლნ დოლარი იყო. დამნაშავეები მუზეუმიდან მის გახსნამდე გავიდნენ.
2003 წელს პოლიციამ დააკავა ორი ადგილობრივი, რომლებიც ბრალს არ აღიარებდნენ. მართალია, დამნაშავეები ციხეში მოხვდნენ, მაგრამ ტილოების მოძებნა ვერ მოხერხდა და წლების განმავლობაში ისინი იმ ნაძარცვი და დაკარგული ხელოვნების ნიმუშების ნუსხაში იყო, რომელთაც აშშ მთელ მსოფლიოში ეძებდა.
2016 წელს იტალიელმა სამართალდამცავებმა დაიწყეს იმ დროისთვის ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული იტალიური მაფიოზური დაჯგუფება "კამორას" წინააღმდეგ. ნეაპოლთან ახლოს, კასტელ ლა მარე დი სტაბიაში, ერთ-ერთი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებს ნარკოტიკების ნაცვლად დაკარგული ვან გოგის ტილოები შერჩათ ხელთ, რომლებიც "კამორას" ხელოვნების მოყვარულ ბოსს რამდენიმე წლით ადრე ეყიდა.
2017 წლის 21 მარტს ტილოები მუზეუმს დაუბრუნდა.
ძარცვა ბოლივუდურად
2007 წლის ნოემბერში ინდოეთში, სამხრეთ მალაბარის (კარალის შტატი) ერთ-ერთ რაიონში, მალაპურამში, Gრამინ Bანკ ცჰელამბრას-ის თანამშრომლებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა გაიგეს, რომ შენობაში, რომლის მეორე სართულზე მათი ბანკის ოფისი იყო, პირველი სართული ისევ გაქირავდა და უკვე დაკეტილი რესტორნის ნაცვლად ახლა იქ თანამედროვე კაფე-სასაუზმე დაიდებდა ბინას. სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და წლის ბოლოს ობიექტის საზეიმო გახსნაც იგეგმებოდა, მაგრამ 30 დეკემბერს სამსახურში მისულ ბანკის თანამშრომლებს სულ სხვა სურათი დახვდათ: მძარცველებს მათი ბანკის საცავიდან 80 კილოგრამი ოქრო და 2.500.000 რუპია წაეღოთ. დამნაშავეებს კაფე-სასაუზმეს ჭერიდან ბანკის საცავში გაკეთებული ხვრელი გამოეყენებინათ და მიმალულიყვნენ. ნათელი იყო, რომ საქმე კარგად დაგეგმილ დანაშაულთან ჰქონდათ.
მძარცველები ამის შემდეგაც აფორიაქებდნენ ინდოელ სამართალდამცავებს. ჯერ იყო და, მათთვის თავგზის ასაბნევად ერთი კილო ოქრო დატოვეს სასტუმრო "ხარდარაბადაში", მერე კი სხვადასხვა ქალაქიდან ტელეფონით რეკვა დაიწყეს. ალბათ, მოუხელთებელი დამნაშავეების დაკავებას პოლიცია კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდა, რომ არა ერთი იღბლიანი აღმოჩენა - მიაგნეს საიდუმლო ტელეფონის ნომერს, რომლითაც მძარცველები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. საბოლოოდ ოთხი პირი დააკავს და ნაძარცვის 80% დაიბრუნეს.
სანამ მთელი ინდოეთი სამამულო დამნაშავეთა სამყაროს ისტორიაში ყველაზე სენსაციურ ძარცვაზე მსჯელობდა, დამნაშავეთა ლიდერმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ძარცვა შთააგონა ბოლივუდში გადაღებულმა ფილმმა Dჰოომ, თუმცა მალევე თავად იქცა ინსპირაციის წყაროდ და ინდოეთს მეორე სართულზე განთავსებული ბანკების ძარცვის ტალღამ გადაუარა...
"ვარდისფერი პანტერები“
ამერიკელი იუველირის, ჰარი ვინსტონის სახელი მსოფლიოს ე.წ. მაღალი წრის წარმომადგენლებმა კარგად იციან. მისი საიუველირო მაღაზიების ქსელს, Hary Winston-ს, "ოსკარის" თუ კანის ფესტივალის დაჯილდოებისთვის სამკაულის შესაძენად არაერთი ცნობილი პირი თუ სამეფო ოჯახის წევრი სტუმრობს. სწორედ ჰარი ვინსტონის გრანულირებულია კარტიეს ცნობილი მსხლის ფორმის ალმასი. ეს სამხრეთაფრიკული ქვა ცნობილია კარტიე-ბარტონ-ტეილორის სახელით, რადგან ყელსაბამი 69.42-კარატიანი ბრილიანტით სწორედ ელიზაბეტ ტეილორს ამშვენებდა მსახიობ გრეის კელის დაბადების დღეზე.
2007 წელს პარიზში, ელისეს მინდვრებთან, მონტენის პროსპექტზე, საიუველირო მაღაზია Hარყ ჭინსტონ-ში მშენებლების ფორმაში გადაცმული რამდენიმე ახალგაზრდა შევიდა (მშენებლები სალონს ჰყავდა გამოძახებული) და 16 მილიონი ევროს ღირებულების საიუველირო ნაკეთობები გაიტანეს.
პოლიციამ ვერც ნაძარცვს და ვერც მძარცველებს ვერ მიაგნო, სამაგიეროდ, პარიზში ცნობილი სალონის ხელმძღვანელობას დაცვის სისტემების გაუმჯობესება ურჩია, მაგრამ მათ, იმის გათვალისწინებით, რომ მეხი ერთსა და იმავე ადგილს არასდროს ეცემა, პოლიციის რჩევა ყურად არ იღეს. ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის 3 დეკემბერს, ცნობილ საიუველირო სალონს ორი წყვილი ესტუმრა. ჯერ კარგა ხანს ათვალიერებდნენ და არჩევდნენ სამკაულებს, მერე კი თანამშრომლებს დაემუქრნენ და სხვა სამკაულების გამოტანა მოსთხოვეს. ამ დროს სალონში 10 მომხმარებელი და 15 თანამშრომელი იმყოფებოდა. აქვე ინახებოდა 1.200.000 დოლარის ღირებულების კარტიეს ყელსაბამიც... აღმოჩნდა, რომ ოთხი მძარცველი მამაკაციდან ორს ქალის ტანსაცმელი ეცვა. ხელდამშვენებული მძარცველები მოტოციკლეტით გაუჩინარდნენ...
სადაზღვევო კომპანიამ ნაძარცვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოდ 50 მლნ დოლარი დააწესა. ბოლოს და ბოლოს, დამნაშავეების კვალზე პოლიცია სალონის დაცვის წევრმა დააყენა. აღმოჩნდა, რომ მძარცველები უცხოელები იყვნენ, თუმცა სალონის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით იცოდნენ, ყველა თანამშრომლის სახელიც კი.
2009 წელს პოლიციამ 25 კაცი დააკავა, რომლებიც იუგოსლავიური დაჯგუფება "ვარდისფერი პანტერების" წევრები იყვნენ (ასაკი - 24-27 წელი). მათი ძირითადი საქმიანობა საიუველირო ნაწარმის ქურდობა იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007 წელს Hარრყ ჭინსტონ-ის პირველი ძარცვაც სწორედ მათი ნახელავი გახლდათ.იმავე წელს პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სენ-სენდენში, პოლიციამ საკანალიზაციო არხში მიაგნო კონტეინერს, რომელშიც 18 ბეჭედი და სამი წყვილი საყურე ინახებოდა. მათგან მხოლოდ ერთის ფასი 14 მლნ ევრო იყო. შემთხვევის ადგილი ერთ-ერთი მძარცველის სახლის მახლობლად აღმოჩნდა.
ქართული ძარცვის თავისებურებანი

მართალია, შემდეგი ფაქტი ჯერჯერობით ყველაზე ცნობილი ძარცვების რეიტინგში სათანადო ადგილს ვერ იკავებს, მაგრამ თავისი უცნაურობით და კომედიურობით ბოლივუდსაც კი გააოცებს.2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 32 წლის ბადრი ესებუამ, მძევლები აიყვანა და ხელისუფლებას 500.000 დოლარი და შვეულმფრენით ან მანქანით ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება მოსთხოვა, ვადად კი 2 საათი მისცა. სანამ ძალოვანები ესებუას ულტიმატუმზე მსჯელობდნენ, დამნაშავემ შეუძლოდ მყოფი მძევალი გაათავისუფლა. ბოლოს კი, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, პირდაპირი ეთერიც კი ჩართო. საბოლოოდ ხელისუფლებამ დააკმაყოფილა ესებუას მოთხოვნა - 500.000 დოლარი ჩანთით გადასცა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდეც მიაცილა. მას შემდეგ ესებუა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, უცნობია, სამაგიეროდ, ის უმალ იქცა შთაგონების წყაროდ და "საქართველოს ბანკმა" მოსვენება კარგა ხნით დაკარგა, თუმცა სხვა დამნაშავეები მხოლოდ ფულს არ ითხოვდნენ - ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა ახალგაზრდამ აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა...