"მამაჩემმა მხოლოდ 60 მანეთი მომცა - უმაღლესში მაინც ვერ ჩააბარებ და უკან მალე დაბრუნდები, მაგრამ მშიერი რომ არ იყო, ამას გაძლევო­. მართალი იყო მამა" - კვირის პალიტრა

"მამაჩემმა მხოლოდ 60 მანეთი მომცა - უმაღლესში მაინც ვერ ჩააბარებ და უკან მალე დაბრუნდები, მაგრამ მშიერი რომ არ იყო, ამას გაძლევო­. მართალი იყო მამა"

"თუ ადამიანს თავად გაუღიმე, შენც გაგიღიმებენ. სხვას სიკეთე თუ გაუკეთე, ეს სიკეთე შენც მოგიბრუნდება. რა თქმა უნდა, სიკეთე იმისთვის არ უნდა აკეთო, რომ სამაგიერო მიიღო, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. ხშირად დავრწმუნებულვარ, რომ უკან მეტი გიბრუნდება, ვიდრე გასცემ“

არა მგონია, ბევრ ჩვენგანს ისე დაუნანებლად შეეძლოს სითბოსა და სიყვარულის­ გაცემა, როგორც ჟურნალისტსა და ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას შეუძლია. ისეთი არავინ არის, ვისაც არაფერი აწუხებს, მაგრამ ბადრი ვადაჭკორია ამას არასოდეს გაგრძნობინებთ. რაც მთავარია, დამშვიდობებისასაც აუცილებლად გეტყვით, რამხელა სითბო მოაქვს ადამიანისთვის მეორე ადამიანთან ურთიერთობას და რომ თქვენთან შეხვედრიდანაც სწორედ ეს სითბო მიაქვს. არადა, თვითონაც იმავეს გიტოვებს, თუმცა­ "კვირის პალიტრისთვის" მხოლოდ ეს არ არის - წლებია, საქართველოს ახალ წელს სწორედ ბადრი ვადაჭკორიას საოცარი ფოტოებით ვულოცავთ. იმ საოჯახო კალენდარზე გამოსახული ფოტოებით, რომელიც ხალხს ასე ძალიან უყვარს.

წინასაახალწლო დღეებში ბატონ ბადრიზე უკეთესი თანამოსაუბრე ვინ უნდა ყოფილიყო? ჰოდა, ჩვენც ვისაუბრეთ.

- ბატონო ბადრი, თქვენ ის ხართ, ვისაც შეუძლია ადამიანი იმედით აღავსოს. ამას როგორ ახერხებთ? როგორ იწყებთ დილას? ფოტოაპარატს იღებთ და...

badri3-1640534350.jpg

- ნაწილობრივ უკვე თქვით, დილას როგორც ვიწყებ. მთელი დღე მართლაც გადაღებაზე ვარ. ხან ზეციდან ვიღებ, ხან - დედამიწიდან, ხან - ხიფათიდან და ხან - სიმშვიდიდან. ეს საქმე ისე მიყვარს, შეუძლებლად მიმაჩნია ამის გარეშე ცხოვრება,­ მაგრამ ამაზე მეტად მიყვარს ადამიანი. ეს სიყვარული ენერგიით მავსებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავანაწილო, გავცე. ჰოდა, დღესაც ამით ვიწყებ. ამას ყველაზე­ კარგად ჩემს მეზობელ სუპერმარკეტებში გეტყვიან. ალიონზე სწორედ მათთან შევივ­ლი ხოლმე და ჩემს საქმეზე მერე მივდივარ. იქ რომ შევივლი და ისინი მე მახარებენ, მე კი - მათ, ეს არის სწორედ მშვენიერი...

- ეს ნიშნავს, რომ იქ ყველას იცნობთ, ყველას მოიკითხავთ, რაღაც საიმედოს ეტყვით... ზოგჯერ წამიერი დადებითი განწყობაც კი შეიძლება დღის ბოლომდე გაჰყვეს ადამიანს. რა იოლია და თანაც - რა რთული. ბევრს ხომ გამარჯობის თქმაც კი ეზარება...

- ასეა. მადლობა ღმერთს, რომ პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა ჩემი აპარატი. პანდემიამ სხვა ქვეყანაში წასვლაში კი შემიშალა ხელი, მაგრამ სამაგიეროდ მთელი საქართველო შემოვიარე. თუ მთა-ბარად არ დავდივარ გადასაღებად, მაშინ ქუჩებში ვარ, სადაც მართლაც არ ჭირს მოქუფრული სახეების დანახვა. ცხოვრება რთულია, მაგრამ გაღიმება და სალამი მაინც არ უნდა გაგვიჭირდეს. შეიძლება ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ერთმანეთზე მხოლოდ თვალის შევლებითაც კი ვმოქმედებთ. როცა დილაუთენია კაცი დაძმარებული სახით ჩაგივლის, მთელი ცხოვრება შავბნელად მოგეჩვენება. რაც მეტ პოზიტიურ ენერგიას გასცემ, მით უფრო კეთილგანწყობილია შენს მიმართ სამყარო. მუდამ არ უნდა იწუწუნო, რადგან ეს მხოლოდ სხვაზე კი არა, უპირველესად შენზე მოქმედებს უარყოფითად. ზოგჯერ ერთი გაღიმ­ება ადამიანის ცხოვრებას ცვლის და ზუსტად ასევეა სიძულვილიც. სრულიად უცხო ადამიანსაც რომ მოუშალო ნერვები შენი საქციელით, მისთვის უცებ იქცევი სიძულვილის სათავედ. მერე ის ამ აგრესიას თავის გარშემო დაატრიალებს და სხვას მოუშლის ნერვებს: მეზობლებს, მეგობრებს, თანაც ისე, რომ ისინი ვერც მიხვდებიან, რა დააშავეს.

badri5-1640534351.jpg

- სამწუხაროდ, სიძულვილის მაგალითები­ თავზე საყრელად გვაქვს... თქვენთვის უცნობი ადამიანების სიკეთეს თუ ჰქონია იმხელა ძალა, რომ თქვენთვის ცხოვრება შეეცვალა?

- უცნობსა და ნაცნობს ამ შემთხვევაში­ მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ჩვენი­ გაცემული სიყვარული მეორე ადამიანამდე აღწევდეს. ისე კი, მართლაც შესაძლებელია, ცხოვრება სრულიად უცნობი ადამიანის სიკეთემ შეგიცვალოს. ენგელსის ქუჩას (ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩა - ავტ.) რომ ჩავივლი, წინ სინათლედ მიმიძღვება ქალბატონ თამარ გოზალიშვილის სახე. როდესაც გავიცანი,­ გოგებაშვილის სახელობის ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ, მე კი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ცხოვრებაში დილემა ჰქონდა და გადაჭრა უპერსპექტივოდ ესახებოდა. ძალიან ვნერვიულობდი და ჩემთვის მანამდე უცნობ ამ ქალბატონს გული გადავუშალე, ის კი წავიდა და ეს საქმე ისე მოაგვარა, გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. რა რჯიდა ქალბატონ თამარს, ჩემნაირი ხომ, ალბათ, კიდევ ბევრი შეხვდებოდა?!A მაგრამ ჩათვალა, რომ დახმარება შეეძლო და გულმა არ მოუთმინა, არ დამხმარებოდა. აი, სწორედ ასეთი­ ამბები ანათებს სამყაროს და დამიჯერეთ, რომ ასეთი ამბავი ბევრია.

badri2-1640534350.jpg

მეორე მაგალითსაც გეტყვით: ჩემთვის სრულიად უცნობმა ორმა ახალგაზრდა­ ქალბატონმა ჩემი მომავალი განსაზღვრა. 17 წლის ბიჭმა სკოლა დავამთავრე და უმაღლესში ვაბარებდი, მამაჩემმა კი მხოლოდ 60 მანეთი მომცა, უმაღლესში მაინც ვერ ჩააბარებ და უკან მალე დაბრუნდები, მაგრამ მშიერი რომ არ იყო, ამას გაძლევო­. მართალი იყო მამა: სკოლაში ვზარმაცობდი,­ თანაც მაშინ ერთადერთი უნივერსიტეტი და ერთადერთი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი­ იყო, სადაც მოხვედრა უძნელესი გახლდათ­, მაგრამ ვინაიდან წიგნებს ვკითხულობდი, პირველ გამოცდაზე ქართულში კარგი ნიშანი მივიღე და მეორე გამოცდაზე გასვლამაც მომიწია, მაგრამ საგამოცდო ბილეთი რომ ავიღე, ყველა საკითხში ისეთი უვიცი აღმოვჩნდი, ჭირის ოფლმა დამასხა. რა თქმა უნდა, ეს მაშინვე შემატყვეს, მაგრამ ერთმა გამომცდელმა ქალბატონმა, მაშინ რომ ძალიან დიდი მეგონა, არადა, 27-28 წლის თუ იქნებოდა, გვარი მკითხა. ჩემი გვარი რომ გაიგონა, მაშინვე მეორე ქალბატონს გასძახა, აი, ეს არის ის ვადაჭკორია, რომლის დაწერილმა თემამ დიდი ამბავი გამოიწვიაო. თურმე ისეთი რამ დამიწერია, ყველას მოსწონებია და ჩემთვის ორიანის დაწერა გაუჭირდათ. ბოლოს მითხრეს, ისე კარგად წერ, შენგან კარგი ჟურნალისტი დადგება, ამიტომაც რამე უნდა გიშველოთო და სამიანი ჩუმად ჩამიწერეს. ამ სამიანმა გამხადა ის, ვინც გავხდი. ჟურნალისტობა კი მინდოდა, მაგრამ­ ვინ იცის, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მომავალ მისაღებ გამოცდებამდე, საით წამიყვანდა ცხოვრება. ამ ქალბატონებმა გადამარჩინეს და ასე გაჩნდა ჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია.

- თქვენ ხომ მოგზაურიც ხართ, 100-მდე ქვეყანა გაქვთ მოვლილი. ეჭვიც არ მეპარება, მეგობრები ამ ქვეყნებშიც გეყოლებათ.

- ადამიანი ყველგან ადამიანია. ღიმილი და კეთილგანწყობა დადებითად მოქმედებს ყველაზე და უხილავ სიმებს აბამს. წლების წინ, როდესაც თურქეთში, საქართველოს საელჩოში დიპლომატიურ­ სამსახურში ვმუშაობდი, ერთადერთი არათურქოლოგი ვიყავი, ანუ ერთადერთი ადამიანი, ვინც თურქული ენა არ იცოდა და ურთიერთობას როგორ დავამყარებდი, ხომ წარმოგიდგენიათ - ენის ბორძიკით და მიმიკებით ძლივს ვახერხებდი რაღაცას, მაგრამ ბოლოს, როდესაც ჩვენი გუნდი შინ ბრუნდებოდა, თურქეთში ყველაზე ბევრი მეგობარი მე აღმომაჩნდა და ამ ხალხთან ამდენი წლის შემდეგაც ვმეგობრობ.

- სოციალურ სივრცეშიც უამრავი მეგობარი გყავთ. სასიამოვნოა, რომ თქვენი მართლაც ულამაზესი ფოტოებით მილიონიან აუდიტორიას ახარებთ.

badri4-1640534350.jpg

- მიხარია, რომ ასეა. მაგალითად, ჩემი გადაღებული გარეჯის ფოტოები მართლაც ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ასე ყალიბდება მაცოცხლებელი ურთიერთობები. როდესაც დაბადების დღე 162 000-მა ადამიანმა მომილოცა, სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გამიხანგრძლივდა!

- ამას დავამატოთ თბილისის ქუჩებში თქვენი სიარული და შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, ყველა კუშტად არ აგივლით გვერდს...

- საბედნიეროდ, მეტი ისეთი მხვდება, ვინც მაჩერებს და ფოტოების გამო მადლობას მიხდის.

- მოკრძალებულად ამბობთ, თუმცა, წამიკითხავს, რომ ხალხი თქვენი ფოტოებით აღფრთოვანებას ვერ მალავს. წერენ, მხოლოდ ვადაჭკორიას ფოტოებს აქვს ასეთი ფერები და მხოლოდ მას უღიმის ქუჩაში ხალხიო.

- თუ თავად გაუღიმე, შენც გაგიღიმებენ. სხვას სიკეთე თუ გაუკეთე, ეს სიკეთე შენც მოგიბრუნდება. რა თქმა უნდა, სიკეთე იმისთვის არ უნდა აკეთო, რომ სამაგიერო მიიღო, მაგრამ ეს თავისთავად ხდება. ხშირად დავრწმუნებულვარ, რომ უკან მეტი გიბრუნდება, ვიდრე გასცემ.

- საახალწლოდ რას გვეტყვით?

- ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ თქვენც და ჩვენს მართლაც ჯადოსნურ ქვეყანასაც. რა არ მინახავს, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვრწმუნდებოდი, რომ მართლაც ჯადოსნური ქვეყანა გვაქვს. რასაკვირველია, დედამიწაზე მრავალი ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ არა - ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენი საქართველოა. პირველად თუშეთი რომ ვნახე, სუნთქვაშეკრული ყოველ 50 მეტრში ვაჩერებდი ავტომანქანას და ამ სილამაზით ვტკბებოდი. როდესაც სამცხე-ჯავახეთში, სოფელ საროში, მე-7 საუკუნის ტაძრის გარშემო 4000-წლოვანი მონოლითური ციხე-სიმაგრეები დავინახე, ისეთი სიამაყით ავივსე, ნებისმიერი ერის შვილს შეშურდებოდა! არ დაგველიოს და არ მოგვეშალოს ასეთი საამაყო ყოველ წელიწადს და, რაც მთავარია, გაძლიერებული, გაერთიანებული და ფეხზე დამდგარი გვენახოს ჩვენი ქვეყანა.