"როგორც უგულო ფანქარი ვერაფერს დახატავს, ვერც უგულო ადამიანი შექმნის ვერაფერს ღირებულს“ - კვირის პალიტრა

"როგორც უგულო ფანქარი ვერაფერს დახატავს, ვერც უგულო ადამიანი შექმნის ვერაფერს ღირებულს“

"არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვის გული სუფთაა და თვითონაც მიილტვის უფლის შესაცნობად“

როგორი იქნება მომავალი ახალი წელი ჩვენთვის ან ჩვენი ქვეყნისთვის? დღეს ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - ნათელი! ეს მარტივი პასუხი სულაც არ არის და ყველასთვის ცნობილ სამყაროს კანონზომიერებებს ემორჩილება. ბნელს ნათელი ცვლის, სიძულვილს - სიყვარული, ბოროტებას - სიკეთე, ამიტომ ის ადამიანებიც გამოჩნდებიან, ვინც ნათელი მომავლისთვის საფუძვლის მომზადებას ეცდება.

გორის ფერისცვალების ეკლესიის სამრევლო სკოლის მოძღვრის, მამა ბასილის­ მოსმენის შემდეგ ამ იმედს არ დაკარგავთ. ამასთან, იმის გააზრებაც უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელ დღეს ჩვენი თუნდაც უმნიშვნელო ღვთისნიერი საქციელი ანათებს. Mმამა ბასილის გაკვეთილებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება, იმის დამტკიცება შეძლო, რომ ახლანდელ სიძულვილსა და ბოროტებას ის თაობა მოაშთობს, რომელსაც დღეს ქრისტიანულ ცხოვრებას და ადამიანობას შევასწავლით.

- მამაო, სოცქსელში გავრცელებულმა თქვენმა გაკვეთილებმა არაერთი დაარწმუნა, რომ ბავშვებისთვის ქრისტიანული ცხოვრებისა­ და ადამიანობის სწავლება სულაც­ არ ყოფი­ლა ძნელი. გასაკვირი ამ ფილოსოფიის ისე მარტივად ახსნაა, რომ პატარები ყველაფერს ხალისით ისმენენ. ამას როგორ ახერხებთ?

- ბავშვობის წესების გათვალისწინებით. თუ ბავშვებს მხოლოდ საკუთარ წესებს­ შევთავაზებთ, ისინი არ გამოგვყვებიან, მაგრამ თუ მათი თამაშებით ვითამაშებთ, მათი თანაშემოქმედები გავხდებით, ბავშვები აუცილებლად აგვყვებიან. მეც ასე "ვთამაშობ", ოღონდ, დროდადრო, რა თქმა უნდა, ამ თამაშში საკუთარი წესები შემაქვს.

- ესე იგი ბავშვებთან თქვენც ბავშვი ხართ, მაგრამ საინტერესო ბავშვი, რომელმაც საინტერესო ამბები იცის იმაზე, რა კარგია, როცა უფალთან ახლოს მივდივართ, ვსწავლობთ, როგორ დავამარცხოთ ბოროტება, როგორ დავეხმაროთ­ ადამიანებს...

- არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვის გული სუფთაა და თვითონაც მიილტვის უფლის შესაცნობად. სანამ ბავშვები პატარები არიან, ძალიან უნდათ, მშობელმა ეკლესიაში ატაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლებს არ სურთ, ან არ სცალიათ. ადამიანობა მარტივი არ არის. უფალმა ადამიანი სამყაროს გვირგვინად შექმნა და ეს მას ღირსეულობას ავალებს. გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობდა, ადამიანი ხშირად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ის სამყაროს გვირგვინია, უღირსი საქციელი არ შეშვენის, ტყუილი არ უნდა თქვას, ხალხი არ დააბეზღოს და კაცს არ უღალატოსო. პატარები ასეთ ამბებს სიხარულით ისმენენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გარშემო არავინ არის, რომ ამაზე ესაუბროს, ბავშვის გულში სიკეთე აღძრას. არც მშობელი, რომელიც მუდმივად ჩივის, რომ დრო არ აქვს. მშობლები ამჯობინებენ, შვილები სხვადასხვა საგნის­ შესასწავლად ატარონ. ბოლოს გამოდის ისე, რომ ბავშვებს ყველაფერი ვასწავლეთ, მაგრამ სიყვარულისა და თანაგრძნობის სწავლა დაგვავიწყდა. როდესაც შვილის გულში თანაგრძნობას ვერ ხედავს, მშობელი მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობს, ასე რატომ მოხდა და შვილის გზიდან აცდენაში სხვების დადანაშაულებას იწყებს, ის კი ავიწყდება, რომ შვილს სულიერი ღირებულებები სწორედ თავად გაუუფასურა, როდესაც არ სცადა ბავშვისთვის ესწავლებინა, რა არის სიყვარული, სიკეთე. თუ მშობლის სინანულს ვერ ხედავს, შვილს ის როგორღა ექნება? მშობლის მაგალითი უდიდესია.

- მაგრამ, მამაო, მშობელი იმასაც ხომ ხედავს, რომ ბოროტი ზოგჯერ ეკლესიაშიც აღწევს. ბევრი მშობელი სწორედ ამას ასახელებს მიზეზად, რომ ეკლესიაში არ დადის.

mamao2-1640534937.jpg

- როდესაც ბავშვს ერთი ცუდი სტომატოლოგი შეხვდება და ატკივებულ კბილს ვერ გაუყუჩებს, ნუთუ მას მშობელი მეორე სტომატოლოგთან არ მიიყვანს?! სწორედ ასე უნდა მოძებნოს მშობელმა სხვა გზა შვილში სულიერების აღსაზრდელად. სულს ხომ უფრო მეტად სჭირდება მოვლა, რადგან დამახინჯებულ სულზე უარესი არაფერია. ჩვენ მშობლებს ამის შესახებ ვაფრთხილებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად ისმენენ, არადა, ქრისტიანობის ისტორიაშიც არაერთი მაგალითია, როცა ადამიანმა გაფრთხილება არ შეისმინა და ინანა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. იულიანე­ განდგომილის ცნობილი გამოთქმა: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო" სწორედ გვიანი სინანულიდან მოდის. ქრიტიანების სასტიკად მდევნელ იულიანეს მხედარმთავარი არტემი ხშირად აფრთხილებდა, სისასტიკე არ ჩაედინა, თორემ დაისჯებოდა, თუმცა კეისარმა ამ გაფრთხილებისთვის არტემი დილეგში ჩააგდო. სპარსელმა მოხუცმა იულიანეს ჯარი უდაბნოში შეიტყუა, სადაც ის მახვილით განგმირეს. სიკვდილის წინ მან ამოიოხრა და აღმოხდა: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო", რითაც ქრისტეს წინაშე აღიარა, რომ სცდებოდა...სწორედ ამას წინათ მეუბნებოდა ერთი პატარა გოგონა, ძალიან მინდა მამა დამელაპარაკოს, მაგრამ ის სულ ტელეფონში თამაშობსო. წარმოიდგინეთ მუდარით სავსე პატარა გოგონა, რომელიც მამის ყურადღებას გულის ფანცქალით ელოდება, მამა კი ყურადღებას არ აქცევს და ტელეფონშია ჩაძირული. მერე კი გვიკვირს, რატომ გაქრა სიკეთე შვილების გულებიდან. უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, რომ წრფელი გული შეინარჩუნონ. ხშირად უნდა ვესაუბროთ ღვთის სიყვარულზე. იცით, როგორ ვგავართ ადამიანები ჩვენს გარემომცველ სამყაროს? უფალმა ხომ ადამიანის შექმნისას მასში ყველა ის ელემენტი მოაქცია მცირე ნაწილაკებად, რომლებიც გარშემოა. მოდი, ადამიანი შევადაროთ ფანქარს. როგორც უგულო ფანქარი ვერაფერს დახატავს, ვერც უგულო ადამიანი შექმნის ვერაფერს ღირებულს. როდესაც ფანქარი დიდი ადამიანის ხელს ემორჩილება, ის მშვენიერებას ქმნის. ზუსტად ასევე ქმნის ადამიანი დიდ საქმეს, როდესაც უფალს ემორჩილება. ჩვენი წინაპრები, რომლებიც უფალს ემორჩილებოდნენ, მართლაც აკეთებდნენ დიდებულ საქმეებს. მაგრამ ფანქარი ზეწოლისას ძალზე ადვილად ტყდება, ვინაიდან მას არ შეუძლია, ამ დროს ელასტიკური გახდეს. ადამიანს განსაცდელი ტეხს მხოლოდ მაშინ, როცა ვერ აცნობიერებს, რომ განსაცდელი ყველასთვის არის, ამიტომ მან კი არ უნდა გაგტეხოს, არამედ გაგაძლიეროს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მშვენიერი არაკი არსებობს იმის შესახებ, როგორ ჩაუვარდა კაცს ჭაში ვირი, როგორ იდარდა და მერე როგორ მოიფიქრა: ჩემი ვირი მაინც ბებერი იყო, ის მალე მოკვდებოდა, ამიტომ რადგან ასე მოხდა, ერთბაშად ორ საქმეს გავაკეთებ: ვირს დავმარხავ და ჭასაც ამოვავსებო. როდესაც კაცმა ჭა თითქმის მთლიანად ამოავსო, იქიდან ვირი ამოხტა და გაკუნტრუშდა. თურმე რა ყოფილა? კაცი რომ ვირს ზემოდან მიწას აყრიდა, ვირი ამ მიწას ზურგიდან იფერთხავდა და ტკეპნიდა. ასე ამოვიდა ჭის თავამდე და გადარჩა. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ადამიანს უდიდესი განსაცდელიდან გამოსვლა შეუძლია, თუკი ამაზე იფიქრებს.

- თუმცა, ირგვლივ იმდენი გასაცდელია... ბევრი ადამიანი ეძებს ხსნის გზას, მაგრამ ვერ პოულობს და ხედავს, რომ ამაში ხელს შური, სიძულვილი და სიხარბე უშლის... ამ სიტუაციაში გასაკვირი არ არის, თუ ბევრს იმის შეგრძნება გაუჩნდა, რომ აღარაფერი გვეშველება და უარესს უნდა ველოდოთ...

- მერედა საიდან იცის, რომ უარესს უნდა ველოდოთ? ასეთი წინასწარჭვრეტა უფლისაგან ვის გვეძლევა? მსგავსი ფიქრები მხოლოდ იმის შედეგია, რომ არეულობაში თავს ვგრძნობთ იმ ბავშვივით, რომელსაც დედისთვის ხელი გაეშვა, ტირის და შფოთავს. ის შვილი, რომელიც დედას ხალხში ხელჩაკიდებული მიჰყვება, სულაც არ ფიქრობს, რომ საშიშროება ელოდება, რადგან დედას არის მინდობილი. მას მხოლოდ ერთი ფიქრი აქვს - დედას­ ხელი არ გაუშვას. უფროსებიც სწორედ ასე ვართ. როდესაც უფალს ხელს გავუშვებთ, მისი აღარ გვჯერა და ვიწყებთ შფოთვას. წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობდა, მჯერა, რომ ღმერთი ისეთ უბედურებას არ მოგვივლენს, რომ მომდევნო უბედურებას ხელი შეუწყოსო. იმაზე ფიქრს, რაც არ ვიცით, სჯობს, უფალი მოვძებნოთ და ხელი ჩავჭიდოთ, მაგრამ მარტო სიტყვებით კი არა, გულით. ვიმეგობროთ იმ ადამიანებთან, ვინც სიკეთეს ეძებენ და იმედი არ დაუკარგავთ, თორემ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ათას სიკეთეს გადაუფრენენ და მაინცდამაინც ჭუჭყსა და უკეთურობასთან მივლენ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერია ისეთი­, რაც არ გაივლის. ჩემი ბავშვები ხარობენ, როდესაც არაკს იმ გაჭირვებულ ოჯახზე ვუყვები, რომლის მამამ სახლის კედელზე დაწერა: "სულ ასე არ იქნება!". როდესაც გაიზარდნენ, კეთილდღეობა მოიპოვეს და მამისეულ სახლში შეიკრიბნენ, მამას უთხრეს, ახლა მაინც წავშალოთ ეს წარწერაო, მამამ კი გაიღიმა და მიუგო, შესაძლოა, იმანაც გაიაროს, რაც ახლა გვაქვს და მაშინაც ხომ უნდა შევინარჩუნოთ სიკეთის მობრუნების იმედიო.

- მეც გმადლობთ ნუგეშისთვის, მამაო. ყველაზე მეტად რა დააცხრობს ჩვენს მუდმივ შფოთვას, რა მოგვაპოვებინებს სიმშვიდეს?

- გარდა იმისა, რაც უკვე გითხარით, კიდევ არსებობს სამი მიზეზი, რომელთა გამო ადამიანი აღარ შფოთავს. პირველია ადამიანის კმაყოფილება იმის გამო, რაც აქვს და რისთვისაც უფალს მადლობას უხდის. მეორე - მშვიდად არის ის ადამიანი, რომელიც ღმერთს ისე ენდობა, რომ მასზე მინდობილს აღარაფრის ეშინია. უფალს ადამიანი ასე მაშინ ენდობა, როდესაც ხედავს, რომ სწორედ უფალს მინდობით, მისი რწმენით ერთხელაც გაიარა განსაცდელი, მეორედაც, მესამედაც და ა.შ. ასეთ ადამიანს აღარაფრის ეშინია და ასეთი რწმენაც ბედნიერებაა. ასეთი მინდობის შესახებ წმინდა მამები იმასაც კი ამბობენ, როდესაც­ უფლს ვენდობით, ის თითქოს მოვალე ხდება, ხელი არ გაგვიშვასო. და მესამე - სიმშვიდის საფუძველი საკუთარი თავის დადანაშაულებაა და არა - დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება. თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენი ტკივილის მიზეზი ჩვენვე ვართ, მაშინ ხომ იმასაც ვეცდებით, საკუთარ თავს არ ვატკინოთ და ასე უფრო მშვიდად ვიქნებით. ამის მარადიული სიმბოლოა უფლის ჯვარცმა და მის გვერდით ჯვარზე გაკრული ავაზაკები... ჯვარი სწორედ იმ ავაზაკს შეეცვალა სიმსუბუქით და შვებით, რომელმაც თავისი დანაშაული იგრძნო. უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანი უფლის ანგელოზებს ჰგავს, რომელთა სული უჩინარია, მაგრამ მათ სულს ხელეწიფება ყველა სიკეთე. ჩვენს სულსაც ყველა სიკეთე ხელეწიფება, როდესაც უფალსა და ადამიანობას მინდობილები ვცხოვრობთ.