რატომ "შეჭამა“ ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა - კვირის პალიტრა

რატომ "შეჭამა“ ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა

პროფესორი ლადო პაპავა "კვირის პალიტრასთან" 2021 წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- თუ პოლიტიკურ კონტექსტს ავიღებთ, 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია გამოსაყოფი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნა და მისი მხოლოდ ნაწილობრივი ხელმოწერა, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავიდან ხელი არ მოაწერა და კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციის ყველა ხელმომწერი წევრი. შემდეგ იყო "ქართული ოცნების" მიერ დოკუმენტის ანულირება სწორედ იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აწერდა ხელს და ყველაფერი დაგვირგვინდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, რომელსაც ოპოზიცია რატომღაც ყოველგვარი კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე თვლიდა, რომ უნდა ყოფილიყო რეფერენდუმის ტოლფასი კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც, თუ "ოცნება" ვერ აიღებდა მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ 43%-ს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. რეალურად მმართველმა პარტიამ გაცილებით მეტი ხმა აიღო, რითაც აჩვენა, რომ უკვე არარსებული დოკუმენტის მოთხოვნასაც გადააჭარბა, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

2021 წელს ქვეყანაში ქურდულად შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი. მისი დაბრუნება ყოველთვის იყო დაკავშირებული არეულობის მოლოდინთან, მაგრამ ქართველი ხალხი არ აჰყვა პროვოკაციას და სააკაშვილს მიუჩინა ის ადგილი, რაც დაიმსახურა.

- ეკონომიკაში წლეულს ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო?

- ვითარება ძალიან რთულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გავლენა მასზე გლობალურმა პროცესმა მოახდინა - კერძოდ, პანდემიამ. ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ეკონომიკაში არ ჩასახულა და მისი საფუძველია პანდემიით განპირობებული შეზღუდვები. თუმცა 2021 გარღვევის წელიც იყო, რადგან მსოფლიოში ვირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინა შეიქმნა და გაზაფხულიდან საქართველოშიც დაიწყო ვაქცინაცია, რამაც დადებითი როლი ითამაშა ეკონომიკაში. ვაქცინაციის ტემპი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ რაც ჩატარდა, მთავრობას ამანაც მისცა შეზღუდვების გაუქმების საშუალება, რასაც უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოჰყვა. ამიტომ შეიძლება ითქვას, 2021 წელს საქართველოშიც და საზოგადოდ, მსოფლიოშიც ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლეთ. ამან მოგვცა საშუალება, ეკონომიკის 10%-იანი ზრდისთვის მიგვეღწია.

- 10%-იანი ზრდა ის მაქსიმუმია, რაც ქვეყანას შეეძლო? მოსახლეობას ეს არ ეტყობა.

- არის თუ არა მაქსიმუმი, თქმა შეუძლებელია. 10%-იანი ზრდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა შარშან სერიოზული ვარდნა გვქონდა შეზღუდვების გამო. მთავარია, მთავრობამ მიზანმიმართულად წარმართა ეკონომიკური პოლიტიკა ისე, რომ მაღალი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა მოსახლეობას ეს არ უგრძნია, მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ჩნდება კითხვა, რატომ? თუ ვერ ვიგრძნობთ, რაში გვჭირდება ასეთი ზრდა? საქმე ის არის, რომ 2021-მა წელმა თავი დაგვამახსოვრა ძალიან მაღალი ინფლაციითაც. როდესაც წლიური ინფლაცია 12,5%-ია, ხოლო ეკონომიკური ზრდა - 10%, ცხადია, ინფლაციამ ეკონომიკური ზრდა "შეჭამა". თუმცა ზრდა 10%-ის ნაცვლად, დავუშვათ, 5%-იანი რომ ყოფილიყო, მოსახლეობა უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა.

- შესაძლებელი იყო, რომ ინფლაცია ასეთი მაღალი არ ყოფილიყო?

- ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა ვიცოდეთ, რამ განაპირობა ინფლაცია. მაღალი ინფლაცია არ არის წმინდა ქართული მოვლენა, ის გლობალური ფენომენია. პანდემიის გამო უამრავმა კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა, რასაც მოჰყვა მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა და მსოფლიოში მიწოდების შემცირება. როდესაც ბაზარზე მიწოდება მცირდება, ამას ფასების ზრდაც მოჰყვება. პრაქტიკულად, მსოფლიო მოიცვა მიწოდების გლობალური ჯაჭვის რღვევით გამოწვეულმა ინფლაციამ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაგებულ მახეში გაება, რომელსაც ინფლაციის თარგეტირება ჰქვია, და რომლის მექანიზმი ასეთია: ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი მიზნობრივი მაჩვენებელია ინფლაციის დონე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა ბანკმა წლიური 3%-ით განსაზღვრა. როდესაც გაქვს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, ვალდებული ხარ დიდად არ დაარღვიო, მაგრამ ეროვნულ ბანკს საამისო მექანიზმი არ გააჩნია - ის ვერ გაზრდის ბაზარზე მიწოდებას, რადგან არც იმპორტი შეუძლია და არც ადგილობრივი წარმოების გაფართოება. ეროვნულ ბანკს შეუძლია ფულის მასის ზრდით ან შემცირებით განსაზღვროს ინფლაციური პროცესი. როდესაც მაღალი ინფლაციაა, ეროვნულ ბანკს შეუძლია გააძვიროს ფული და ამით შეზღუდოს ინფლაცია. მაგრამ როგორც კი ფულს აძვირებს, ამით მოთხოვნის ინფლაციას თოკავს, რადგან ის დამოკიდებულია ფულის მასაზე - ანუ ფულის გაძვირებით ამცირებ მოთხოვნას და ინფლაციასაც მოთოკავ. მაგრამ ახლა პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში ჩვენ მოთხოვნის ინფლაცია კი არა, მოწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაცია გვაქვს. სხვა სიტყვებით, დღევანდელი ინფლაციის წარმომავლობა არსებითად განსხვავებულია იმისგან, რასაც ეროვნული ბანკი "ებრძვის". იმის გამო, რომ ეროვნული ბანკი შეზღუდულია ინფლაციის თარგეტირების რეჟიმით და მას სხვა ინსტრუმენტი გარდა მოთხოვნის ინფლაციის მოთოკვისა არ გააჩნია, მან დაიწყო მოთხოვნის ინფლაციის მოთოკვა, რომელიც სინამდვილეში დღეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც ნაკლები პრობლემაა, ვიდრე მიწოდების შემცირებით გამოწვეული ინფლაცია.

ეროვნულმა ბანკმა ფულის გაძვირებით ის გამოიწვია, რომ საქართველოში კრედიტი გაძვირდა. ამის გამო კი კომპანიებს უფრო გაუჭირდებათ კრედიტის აღება, რათა ბაზარზე მიწოდება გაზარდონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მიწოდების პრობლემა ისედაც მწვავე იყო, რამაც ინფლაცია გამოიწვია, ეროვნულმა ბანკმა კი მიწოდების შეზღუდვას შეუწყო ხელი, რაც უფრო ნეგატიურად აისახება ინფლაციაზე. მაშასადამე, ეროვნული ბანკის ღონისძიებები არათუ ხელს უწყობს ინფლაციის მოთოკვას, პირიქით, ინფლაციას ზრდის. ინფლაციის თარგეტირების მექანიზმი ასეთ შემთხვევაში უსუსურია. ეს ყველა იმ ქვეყნის პრობლემაა, სადაც ცენტრალური ბანკი ამ პრინციპით მუშაობს.

- რის გაკეთება შეიძლება ამ მახიდან თავის დასაღწევად?

- მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი და სხვა ცნობილი ეკონომისტები კარგა ხანია თვლიან, რომ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი მკვდარი მექანიზმია. მკითხველმა კარგად რომ წარმოიდგინოს, რასთან გვაქვს საქმე, ორიოდ სიტყვით ავხსნი: ავტომობილის სამართავად მძღოლი რას უყურებს, მხოლოდ სიჩქარეს? მხოლოდ საწვავის ნაშთს? მხოლოდ საგზაო ნიშნებს.? რა თქმა უნდა, მძღოლი ყველაფერს ერთად ამოწმებს. მაშ, რატომ უნდა იყოს ცენტრალური ბანკი ფოკუსირებული მხოლოდ ერთ - ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე? რა, ცენტრალური ბანკის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ავტომობილის? ამიტომ დღეს მსოფლიოში უკვე სერიოზულად დგას ეს საკითხი, რომ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმი გადაიხედოს და ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დონეზე გადაწყდება. ამის მერე ჩვენც გვეშველება და სხვებსაც.

- მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო?

- აქ მარტივი პასუხი არ არსებობს. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, სწორი იყო. ჩვენ საერთო შედეგით უნდა შევაფასოთ მთავრობის საქმიანობა, შედეგი კი 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა. ეს მთავრობის მუშაობის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს.

რაც შეეხება წლის ბოლოს გაცხადებულ პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, მე სრულად ვიზიარებ. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, ონლაინკაზინოების შესახებ გადაწყვეტილება უფრო ადრეც მიღებულიყო. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა 2021 წლის თებერვალში. ჯერ წელიწადიც არ არის გასული მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის და ამ პერიოდში მან მოახერხა მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. თქმა, რომ მთავრობა ყველაფერში უშეცდომოა, შეუძლებელია, თუმცა შედეგი ნამდვილად პოზიტიურია და კურსი, რაც მთავრობამ პანდემიის დროს აიღო, სავსებით გამართლებულია. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ორი არჩევნები ჩავატარეთ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ორივე, ცალკეული პრობლემების მიუხედავად, დადებითად შეაფასეს.

- ეკონომიკური პოლიტიკა უთუოდ პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას...

- ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. როგორც წესი, პოლიტიკა ჯაბნის ეკონომიკას. ხშირად მიიღება ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ეკონომიკურად არ არის გამართლებული. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წელს გატარებული ღონისძიებებით ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომელიც ეკონომიკას დააზარალებდა. სხვა შემთხვევაში, ამხელა ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება უუნაროა, ვერ მართა პანდემია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია და ა.შ. თქვენ ასეთ შეფასებას უსაფუძვლოდ მიიჩნევთ?

- რაში გამოიხატება ხელისუფლების უუნარობა? დასაჭერი ციხეში არ ზის, პასუხი არ მოეთხოვება? გახსოვთ, თებერვალში რა "ცხელი" დღეები იყო, როდესაც ნიკანორ მელიას დაჭერის გამო პრემიერი გადადგა, თითქოს ეს სახელმწიფოს ჩამონგრევას გამოიწვევდა, მაგრამ ეს საკითხი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოგვარდა. ფაქტია, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგი უნარი აღმოაჩნდა თებერვლის ოპერაციის მშვიდობიანად ჩატარების, მთავრობისთვის სტრატეგიული ხედვის შემუშავების, პანდემიის წესების დაცვით არჩევნების ჩატარების და რაც მთავარია, განსაკუთრებული დამნაშავის იზოლაციისთვის. ამიტომ ის, რომ მთავრობა უუნაროა, მითია, რაც გამოჩნდა კიდეც და მოგონილია მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დაკნინების მიზნით.

- სააკაშვილის ჩამოსვლამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რა გავლენა იქონია?

- სააკაშვილის ჩამოსვლა რევოლუციის მოწყობაზე, სინამდვილეში კი სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო გათვლილი. ხელისუფლებაში მოსვლის სხვა მექანიზმი მას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ვიღაცები არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ აქ მოსახლეობა რევოლუციას მოაწყობდა და არ გამოვრიცხავ, ამ გზავნილების წყარო რუსეთში იყოს, რადგან სტაბილურად არასტაბილური საქართველო ყველაზე მეტად მხოლოდ რუსეთს აწყობს. არ ვიცი, ვინ რა უთხრა, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მთავარი სიგნალი მოსკოვიდან მოდიოდა, რათა მისი აქ ჩამოსვლით არეულობა დაწყებულიყო. ამ ყველაფერს ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი და დამნაშავე ციხეში ზის. ეს არის მთავარი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება რამდენად პერსპექტიულია?

- საზოგადოებაში, სადაც მწვავედ დაპირისპირებული მხარეებია და ამის გამო საზოგადოებაც გახლეჩილი, აუცილებელია პლატფორმა, სადაც შეხვედრა და საუბარი იქნება შესაძლებელი. არავინ არის იმ ილუზიით შეპყრობილი, რომ ხვალ ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ვიმეორებ, უნდა იყოს ადგილი, სადაც ილაპარაკებენ.

- ჩავთვალოთ, რომ პანდემია მსოფლიოში არ გამწვავდა - ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორი იქნება?

- 6%-იანი ზრდის პროგნოზი რეალისტურად მეჩვენება. თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. მთავარი პრობლემაა, დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეტირების მახეში. თუ დარჩება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაღალი ინფლაციის გამო ვერ გაუმჯობესდება.

რუსა მაჩაიძე