წლის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა - კრემლის ულტიმატუმი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

წლის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა - კრემლის ულტიმატუმი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ

2021-მა წელმა კოვიდპანდემიასთან მსოფლიოს მეტ-ნაკლებად წარმატებულ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ჩვენს პლანეტას არც სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებები დაჰკლებია და არც - ახალი ომები...

პუტინის ულტიმატუმი ბაიდენის პასუხის მოლოდინში...

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის თავზე, 2021 წლის მიწურულს, მსოფლიო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ახალი დიდი ომის საშიშროების წინაშე დადგა.

კარტი გახსნილია - თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოფიციალურად, დოკუმენტზე ხელმოწერით არ დაადასტურებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და მის შემადგენლობაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რუსეთი იტოვებს უფლებას, განახორციელოს სამხედრო-ტექნიკური ხასიათის საპასუხო ქმედებები. დიდი მკითხაობა არ უნდა, ეს საპასუხო ქმედებები რას შეიძლება ნიშნავდეს. კოსმოსურ ფოტოსურათებზე (რომლებსაც კომერციული თანამგზავრები სისტემატურად იღებენ და ისინი მალევე ვრცელდება სოციალურ ქსელებში) ერთხელ დახედვაც საკმარისია, რომ ნათელი გახდეს - რუსეთის შეიარაღებული ძალების 100 ათასზე მეტი სამხედრო ათასობით საბრძოლო ტექნიკასთან ერთად უკვე თავმოყრილია უკრაინის საზღვრების გასწვრივ და სხვადასხვა მიმართულებიდან მათი ერთდროული შეტევა უკრაინას ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებს.

მომავალი, 2022 წლის იანვარში დაგეგმილია რუსეთ-აშშ-ის მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომლის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, კერძოდ, ამერიკა ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად დასთანხმდება პუტინის ულტიმატუმს, თუ, პირიქით, უფრო რადიკალურ ზომებს მიიღებს უკრაინა-საქართველოს ალიანსში გაწევრების დასაჩქარებლად.

ავღანეთის ოცწლიანი ომის დასასრული

2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ნატოს მრავალეროვნული ძალების გამოყვანა დიდი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა იყო. ავღანეთის ოცწლიანი ომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის და, უპირველესად, თავად აშშ-ისთვის აღმოჩნდა უძირო ჭაობი, რომელშიც, ფაქტობრივად, უშედეგოდ ჩაიმარხა ტრილიონამდე დოლარი, მაგრამ მთავარი პრობლემა არამარტო კოლოსალური თანხების ხარჯვა და ავღანეთში დაღუპული და დასახიჩრებული ათიათასობით სამხედროა. ავღანეთის ოცწლიანმა ეპოპეამ მთავარი დარტყმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმას მიაყენა.

იმის მაგივრად, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდანვე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სწრაფად გაეგრძელებინა აღმოსავლეთით გაფართოება, სანამ რუსეთი ჯერ კიდევ შედარებით სუსტი იყო და ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა, მან თავის მთავარ მოწინააღმდეგედ საერთაშორისო ტერორიზმი მიიჩნია და კრემლიდან მომდინარე საფრთხე უკან გადასწია, ამის მწარე შედეგს კი ახლა იმკის - პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით მომძლავრებული რუსეთი დასავლეთს უკვე ულტიმატუმებს უყენებს.

ქართულ სამხედრო კონტინგენტს 12 წელი მოუხდა ავღანეთში ნატოსთან ერთად მოქმედება, რაც ჩვენთვის გარკვეული თვალსაზრისით სასიკეთო იყო, მაგრამ ამ დაპირისპირებაში საქართველოსხელა ქვეყნის მიერ ნატოს ინტერესებისთვის გაღებული კონტრიბუცია - 32 დაღუპული და 300-მდე დაჭრილი ჩვენი მებრძოლიც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი გახლდათ.

"სარაკეტო პინგ-პონგი" ისრაელის ცაში

2021 წლის მაისში, როდესაც ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა ისრაელის ქალაქებისკენ რაკეტების ზალპი განახორციელეს, ისრაელის ცაში ნამდვილი სარაკეტო ომი გაჩაღდა.

ისრაელის დასახლებულ პუნქტებს "ჰესბოლას" მიერ სამხრეთ ლიბანიდან და ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტების ნამსხვრევები არც მანამდე დაჰკლებია, მაგრამ მაისის სარაკეტო თავდასხმები მასშტაბურობით გამოირჩეოდა და ყველა საფრთხის განეიტრალება ასე ნაქები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც კი ძალიან გაუჭირდა. საპასუხოდ ისრაელის ავიაცია წერტილოვან საჰაერო დარტყმებს აყენებდა ღაზის სექტორში მოძრავ პალესტინელთა მობილურ სარაკეტო დანადგარებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოსდევდა. საბოლოოდ დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ, ჩანს, დროებით - მანამდე, სანამ პალესტინელები გახარჯული რაკეტების მარაგს შეავსებენ და ახალ სარაკეტო იერიშებს დაგეგმავენ.

samx-1640536073.jpg
ქართველი სამხედროების არსენალში ამერიკული ავტომატური ყუმბარსატყორცნების გამოჩენა გაზრდის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ქვეითების დაზიანების ალბათობას

რითი შეივსო ქართული არმიის არსენალი

2021 წელი შეიძლება იმითაც იყოს დასამახსოვრებელი ქართველი სამხედროებისთვის, რომ მათ შეიარაღებაში ახალი იარაღი გამოჩნდა ამერიკული მსხვილკალიბრიანი "ბრაუნინგის" ტყვიამფრქვევებისა და ავტომატური ყუმბარსატყორცნების სახით. ეს საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფური იარაღია და ბრძოლის ველზე დიდი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა. მათი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ორ-სამ მებრძოლს შეუძლია ამ ტყვიამფრქვევისა და ავტომატური ყუმბარსატყორცნის სწრაფად გადატანა სხვადასხვა საცეცხლე წერტილზე, რაც შეესაბამება ტოტალური თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისზე ძლიერ სავარაუდო მოწინააღმდეგესთან შესაძლო მომავალი ბრძოლის ტაქტიკად აირჩია.

ამასთან, "ბრაუნინგიდან" გაშვებული 12,7 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების ჯერი რამდენიმე ასეულ მეტრზეც კი საცერივით ხვრეტს იმ ჯავშანტრანსპორტიორების ბორტებს, რომლებიც რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ძირითადი მობილური საშუალებაა, ავტომატური ყუმბარსატყორცნებიდან გაშვებული 40 მმ-იანი ყუმბარების ნამსხვრევებს კი მოწინააღმდეგის ქვეითების დაზიანება შეუძლია მაშინაც კი, თუ ისინი რაიმე საფრის უკან დგანან, რადგან ყუმბარები ზემოდან ეცემა.

გასულ წელს ქართული არმიის არსენალში გაიზარდა ამერიკული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების, "ჯაველინების", რაოდენობაც. ქართული და უკრაინული არმიების შეიარაღებაში გამოჩენილი "ჯაველინების" შიშით რუსმა ტანკისტებმა ტანკების კოშკურებზე რკინის გისოსების დადუღება დაიწყეს, რამაც ტანკებს სასაცილო იერი შესძინა, თანაც ძალზე საეჭვოა, თითქმის კუსტარულად დადუღებულმა "რკინის მესერმა" რუსული ტანკები "ჯაველინის" წერტილოვანი გამანადგურებელი დარტყმისგან დაიცვას.

samx3-1640536073.jpg
რუსეთის არმია მზად არის უკრაინის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასასხმელად, თუკი ნატო უარს არ იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა შეასრულა თავისი თავდაცვის მინისტრობის დროინდელი დაპირება და დაიწყო ქართული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების გარემონტება, ანუ ქართული სამხედრო ავიაცია ჯერჯერობით სიკვდილს გადაურჩა.

ქართული არმიის ლოჯისტიკური შესაძლებლობები ასეულობით ახალი, თანამედროვე, დასავლური წარმოების სატვირთო და სპეციალური ავტომობილით გაიზარდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტოტალური თავდაცვის დროს საბრძოლო დანაყოფების ოპერატიულად გადასროლისათვის.

წლის ბოლოს "დელტამ" ისრაელთან ერთად ამერიკული ავტომატური კარაბინის კლონის საცდელი ნიმუშების დამზადება დაიწყო. დაგეგმილია მათი სერიული წარმოებაც ქართული არმიის გადასაიარაღებლად და ექსპორტზე გასატანად.

2021 წელსვე თავდაცვის სამინისტრომ დასახა უახლესი ათი წლის განვითარების გეგმა, რომლის თანახმად 2030 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალები უნდა გაძლიერდეს ხუთი ძირითადი მიმართულებით, რომ ეფექტიანად შეეძლოს ტანკების აფეთქება, თვითმფრინავების ჩამოყრა, უპილოტო მზვერავებით საჰაერო წერტილოვანი დარტყმების განხორციელება, არტილერიის მობილურობის გაზრდა და ოპერატიული დანაღმვა.

p.s 2021 წელმაც, ბოლო 13 წლის მსგავსად, საქართველოსთვის შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა, თუკი რუსეთ-ნატოს დაპირისპირება გაღრმავდება, 2022 წლის დასაწყისისთანავე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.