ცხინვალის იზოლატორში ქართველი ტყვეები ისევ რჩებიან
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. ბოლო რამდენიმე დღეა იმავე მიზეზით შვიდი კაცი დააკავეს, თუმცა მათგან ოთხი უკვე გათავისუფლებულია. ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრად რჩება სამი ჩვენი მოქალაქე. მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე. მას ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოსური მხარე მას სასტიკად ეპყრობა.
"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის ნიშნები, ჩხიკვაძემ განზრახ, შეგნებულად დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შესაბამისად, მესაზღვრემ დააკავა. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მასზე ფიზიკური ზეწოლა იყო, სიცრუეა. დაკავებისას ის მესაზღვრეებს "ოკუპანტებს" უწოდებდა", - ნათქვამია ოსური მხარის განცხადებაში.
ოსური მხარის ე.წ. ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თუ ჩხიკვაძეს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი ვერ გახდება: "შესაბამისი ორგანოები იძიებენ მისი სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანს, რატომ დაარღვია საზღვარი და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მოქალაქის პასუხებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ან მისი რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ".
მამუკა ჩხიკვაძის და, ირმა ჩხიკვაძე ამბობს, რომ არ იცის, ახლა რა მდგომარეობაშია ცხინვალში მისი ძმა. მას საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვს.
ოსური მხარის ე.წ. ოფიციალურ განცხადებაში, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის, კახაბერ ნათაძისა და ვლადიმერ კანიაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საუბრობენ იმ მოტივით, რომ ისინი "სამხედრო დანაშაულებში" არიან "ეჭვმიტანილი", რაც ქართული მხარის ინფორმაციით, აბსურდია.
"იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობდნენ, ასევე მონაწილეობდნენ დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულების გამო დაისჯებიან, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის ჩადენილი", - ნათქვამია ოსური მხარის ე.წ. კა-გე-ბეს გავრცელებულ ტექსტში.
პ.ს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქართული მხარე ყველა ღონეს ხმარობს უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გასათავისუფლებლად. გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი ხაზიც", ასევე ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ირაკლი ბებუა, აფხაზეთის ციხის უკანონო პატიმარი...
დღემდე გაურკვეველია გასული წლის დეკემბრიდან უკანონო პატიმრის, ირაკლი ბებუას ბედიც, რომელმაც გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. დროშა დემონსტრაციულად დაწვა. მას ბრალად "აფხაზეთის დროშის შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება დასდეს", რასაც "გაუფრთხილებლობის გამო შეიძლებოდა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან მძიმე შედეგები". რამდენიმე დღეში ბებუას საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვაც წაუყენეს ბრალად.
როგორც მისი ოჯახის წევრი თამუნა ბებუა ამბობს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია: "ძალიან იშვიათად "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ვიღებთ ინფორმაციას. მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბოლოს დედამისს ელაპარაკა, კარგად ვარო, უთხრა. გასაგებია, რომ სხვას ვერაფერს ეტყოდა. ირაკლი ოჯახის ერთადერთი შვილია. დედამისი ამბობს, თუ ჩემს შვილს ვერ გაათავისუფლებენ, გადავალ აფხაზეთში და მეც დამაკავონო".