აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა - კვირის პალიტრა

აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა

"21-ე საუკუნეში შუქი და წყალი არა გვაქვს, მე-7-8 სართულებზე შეშას ხელით, წყალს კი ვედროებით ვეზიდებით“

"აფხაზეთის გაყიდვას არ დაგანებებთ!"­ "რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის!" "ხალხი არ გენდობა, დაიღალა ტყუილებით!.." "ბოდიში მოიხადე და წადი!", "მოგვეცით დენი და წყალი!" - გასულ კვირას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილმა ხალხმა­ ავტობუსებით გარშემორტყმულ შენობაში ამ ლოზუნგებით­ შევარდნა სცადა - მათ მილიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა სპეცრაზმმა პეტარდების სროლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ენერგეტიკული კრიზისი, უმუშევრობა,­ სამართალდამცველების თავგასულობა, ვეტერანების აბუჩად აგდება და რაც მთავარია, აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის თაობაზე საეჭვო განცხადებები - ეს და სხვა მიზეზები გახდა გაერთიანებული­ ოპოზიციის უკმაყოფილების საფუძველი, რომლებმაც ქუჩაში მომხრეებიც გამოიყვანეს.

ცნობისთვის: 2019 წელს, როდესაცე. ე. წ. ხელისუფლების სათავეში ასლან ბჟანიასა­ და ალექსანდრე ანქვაბის გუნდი მოვიდა, ამ პროცესებსაც წინ უძღოდა "პარლამენტში"­ შევარდნა და ქუჩაში შეიარაღებული პი­რების­ გამოსვლა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ მაშინდელი ოპოზიცია,­ ანუ ბჟანია-ანქვაბის გუნდი, ხაჯიმბას "მთავრობას" რუსეთთან ზედმეტ დაახლოებასა და დამოუკიდებლობის საქმეში უკუსვლაში ადანაშაულებდა, თუმცა ახლა აფხაზები ამბობენ,­ რომ "ბჟანია ნებისმიერი წვრილმანის გადასაწყვეტად მოსკოვში მიდის, ანქვაბი კი "კოვიდის" შემდგომ გართულებებს­ ებრძვის და მხოლოდ ხანდახან თუ გააკეთებს სიმბოლურ განცხადებებს".

ოპოზიციის აქციის კვალდაკვალ ბჟანიამ განაცხად: "არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში პრობლემებია, მაგრამ სახელმწიფოში არასტაბილურობისთვის საფრთხის შექ­მნის საფუძველი არ არსებობს". სწორედ ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტთან გადაინა­ცვლა და მისი გადადგომა მოითხოვა. ე.წ. პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერ­ებს შეხვდა. ბჟანია და ოპოზიცია დროებით კომპრომისამდე მივიდნენ. მართალია, აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ხელისუფლების ძალადობრივად შე­ცვლის­ თავიდან არიდება მოახერხა, მაგრამ აფხაზი ექსპერტების თქმით, ის მაინც დამარცხებულია და ახალ თავდასხმას უნდა ელოდოს... ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ მხარდამჭერებს ის მოთხოვნები გააცნო­, რომლებიც პოლიტიკურ დაძაბულობას განმუხტავს. კერძოდ, ერთი წლით გადაიდოს საპარლამენტო არჩევნები და 2022 წლის მარტში შერეული სისტემით ჩატარდეს. იმავდროულად, "დაიწყოს პრეზიდენტის ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცედურების შემუშავება". აფხაზების თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია დაიბლოკოს ბჟანიას ინიციატივა უცხოეთის, ანუ რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის თაობაზე და ენერგეტიკული სფეროების "განსახელმწიფოებრიობის გეგმა".

ხალხს დიდი იმედი არა აქვს, რომ ბჟანია-ანქვაბის გუნდი საპროტესტო მუხტის განელების შემდგომ თავის გეგმებზე უარს იტყვის, ამიტომ ახლა მთავარია, მათ მალულად მოქმედების უფლება არ მისცენ.

"ბჟანიას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის აპრილში ეწურება და ყველანაირად ეცდება რუსეთთან ერთად ხალხისგან­ მალ­ულად დაგეგმილი პროექტი განახორციელოს "მცირედი წარმატებების",­ მაგალითად, სასტუმრ­ოებისა და სხვადასხვა დანიშნულების­ ოფისების გახსნის დემონსტრირებით. ახლა, როდესაც­ ისევ იფეთქა "კოვიდმა", ბჟანია აცხადებს, რუსული საველე ჰოსპიტ­ალი აფხაზეთში ორ თვეში დაბრუნდება, ანუ კარგად რომ გამოიხშირებითო... საქმე­ ის არის, ოპოზი­ციაც სუსტია და ხალხიც დაიღალა. ასე რომ, თუ ბჟანიამ 2025 წლამდე სოციალური პრობლემების გამოსწორება, გაზიფიცირება, დენისა და წყლის პრობლემების აღმოფხვრა მოახერხა, ხალხში­ პროტესტი განელდება. სუვერენიტეტის რუსეთისთვის განაწილების შესახებ ბჟანიამ ადრეც განაცხადა, მაგრამ პროტესტმა მხოლოდ სოცქსელები მოიცვა; თუმცა, როგორც კი აცივდა, ხალხი კი დენისა და წყლის გარშე დარჩა, ქუჩაში გამოვიდა... თავის მხრივ, ხელისუფლებამ იცის, ვინ დგას მის პირისპირ - პირადი ინტერესებით შეპყრობილი ოპოზიცია. არსებობს კიდევ ერთი გზა - ოპოზიციამ ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება, რაც ხალხს არ სურს. არადა, ბჟანიამ ხალხი მოატყუა. "წინასაარჩევნო დაპირებები", ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისი, ჯერაც მოუგვარებელია. ხალხი ქუჩაში ანთებს კოცონს და მაღალსართულიან კორპუსებში შეშა ზურგით ააქვს", - წერს პუბლიცისტი ვერა კუცია.

"გასულ კვირას სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი­ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას მინისტრის რანგში პირველად შეხვდა.­ ყველამ ვიცით, რომ არძინბა რუსეთში მიღებული ფიგურაა და არც ერთ საკითხზე არა გვაქვს ინფორმაცია. მხოლოდ ერთი განცხადება­ გაავრცელა, რომლითაც რუსეთს "აფხაზეთის უსაფრთხოების საქმეში გაწეული­ დახმარებისთვის" მადლობა­ გად­აუხადა. არავის გვჯერა, რომ ამისთვის შეხვდნენ, მაგრამ ჩვენ ამისთვის არ გვცალია. 21-ე საუკუნეში შუქი და წყალი არა გვაქვს, მე-7-8 სართულებზე შეშას ხელით, წყალს კი ვედროებით ვეზიდებით", - წერს სოციალურ ქსელში ფატიმა ხაჯიმბა.

"მივმართავ აფხაზეთის ხელისუფლებასა და ხალხს, უარი ვთქვათ რუსეთიდან ნებისმიერ "ნაკადზე", არ გვჭირდება ისეთი დახმარება, რომლის კვალდაკვალ უზარმაზარ ვალებს ვიღებთ, მაგრამ ხალხი მაინც უშუქოდ ზის. ვალის გადახდა უახლოეს მომავალში დამოუკიდებლობის დათმობის ფასად მოგვიწევს. სიტყვით თანადგომას გვიცხადებენ, საქმით კი მარწუხებს გვიჭერენ", - წერს ასიდა ქორთუა.

"როგორც კი ვითარება დაიძაბა, მაშინვე გამოჩნდა რუსეთის კაცი, ინალ არძინბა, რომელიც ბოლო დროს ბჟანიას საყრდენი კადრია. ყოველ 3-4 წელიწადში პოლიტიკური გადატრიალებაა რუსეთთან დისტანცირების მოთხოვნით და სინამდვილეში­ უფრო ვუახლოვდებით. ევროპაში არ ვიცი და, რუსეთში ჩვენს შეყვანას მოინდომებს ინალ არძინბა", - წერს ესმა ტანია.