"ვეფხვი რევოლუციონერი, რეფორმატორი, ცვლილებების მომტანია" - 2022 წლის პოლიტ-ასტროლოგიური პროგნოზი - კვირის პალიტრა

"ვეფხვი რევოლუციონერი, რეფორმატორი, ცვლილებების მომტანია" - 2022 წლის პოლიტ-ასტროლოგიური პროგნოზი

"პანიკამ, შიშმა, უმუშევრობამ, პოლიტიკურმა თუ რელიგიურმა დაძაბულობამ, ერთმანეთის დისკრედიტაციამ, დაპირისპირებამ ქვეყნის განვითარება დააპაუზა", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი­ და ამას იმით ხსნის, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია შესული. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტიკაშიც.

- მოდის ვეფხვის წელი. ვეფხვი რევოლუციონერი, რეფორმატორი, ცვლილებების მომტანია. ვეფხვის წელიწადს არასოდეს ყოფილა სიმშვიდე. აქედან გამომდინარე, იქნება აგრესია, ქვეყნებს შორის დაძაბულობა. ვეფხვს მოაქვს ძირეული ცვლილებები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო. მაგალითად, ვეფხვი პანდემიას წელში გატეხს. "კორონა" პირველად 2019 წელს ჩინეთში გამოჩნდა, ღორის და ტახის წელიწადს. ღორი და ტახი ყოველთვის გაურბიან ვეფხვს, იმიტომ, რომ მათ ჭამს. ასე რომ, ვეფხვი აუცილებლად მოგვცემს გარდატეხის საშუალებას...

2022 წლიდან ნელ-ნელა გაუმჯობესდება ტურიზმი, ბიზნესი და ეს ეკონომიკას დადებითად დაეტყობა. ამასთან, იწყება კარმული კვანძების შეცვლაც. ამჯერად კარმული კვანძები ტყუპის ზოდიაქოდან კუროს ზოდიაქოში გადმოდიან. კურო არის საბანკო სისტემა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში საბანკო-საფინანსო სისტემაში ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. ეს შეეხება საკრედიტო სისტემასაც, სესხის გაცემის პრინციპებს. რაც მთავარია, ყოველივე ეს მორგებული იქნება სოციუმზე. მეტად განვითარდება დემოკრატიული პროცესები და მთავრობა იძულებული იქნება სოციუმთან დაკავშირებულ საკითხებზე იზრუნოს.

- კიდევ რომელ სფეროშია ცვლილებები მოსალოდნელი?

- სოფლის მეურნეობაში, ძირეული ცვლილებებია მოსალოდნელი, ასევე რელიგიურ სფეროში, შესაძლოა ახალი ლიდერებიც გამოჩნდნენ.

- რისი თქმა შეგიძ­ლიათ ხელისუფლების თავკაცებზე, მაგალითად, ღარიბაშვილზე?

- ბევრი ფარული მტერი ჰყავს, მის გარშემო მუდმივად ინტრიგები და ჭორებია. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ აჰყვეს პროვოკაციებს. თუ ამას მოახერხებს, პოზიტიური წელი ექნება, ხოლო თუ ემოციებს აჰყვება, თანამდებობას დაკარგავს.

- მისი მმართველობის განვლილ პერიოდს როგორ შეაფასებთ?

- სწორად იქცევა, უბრალოდ, მეტი სიმკაცრეა საჭირო. მას აქამდე უნდა აელაგმა ყველა ის ოპოზიციური ძალა, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას.

- ოპოზიციური ძალების ალაგმვა დემოკრატიულ პრინციპებს რომ ეწინააღმდეგება?

- როგორ გეკადრებათ, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება­ ბელადომანია, რომელიც სააკაშვილს უკავშირდება. სანამ ეს არ დასრულდება, ქვეყანას დამშვიდება არ ეღირსება. ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ზოგიერთმა­ ახლა ეროვნულ შეთანხმებაზე დაიწყო ლაპარაკი, რაც წყლის ნაყვაა. შეთანხმება და მშვიდობა არ არის "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგი. მას მხოლოდ ერთი რამ სურს - ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად. ვინაიდან "ნაციონალები" ამას არჩევნებით ვერ ახერხებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალადობით, დემონსტრაციებით, რევოლუციით შეეცდებიან. სალომე ზურაბიშვილს რა ჰგონია, "ნაცმოძრაობა" შეთანხმებას დადებს და საქმის კეთებას დაიწყებს?! ეს არის დიდი ტყუილი. გასაგებია, რომ ზურაბიშვილი თევზების ზოდიაქოა და დაპირისპირება არ უყვარს, მაგრამ ვურჩევ­ წარსულში დაშვებული შეცდომა გაითვალისწინოს.

- რას გულისხმობთ?

- გახსოვთ, რა თქვა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა რომ გამოუშვა ციხიდან? - ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ დაპირისპირება დასრულდეს და ქვეყანას განვითარების საშუალება მიეცესო. იმ ამბის მერე ყველაფერი პირიქით ხომ არ მოხდა?! ღარიბაშვილს ვურჩევ, "ნაციონალებთან" ბრძოლაში უფრო მკაცრი და შეურიგებელი იყოს.

- ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს ახალი წლის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძით ჩაანაცვლებენ.

- როგორც კი ეს მოხდება, შეგიძლიათ პარაკლისი გადაუხადოთ "ოცნებას", დაასაფლავოთ! ხალხი ამ პოლიტიკურ გუნდს მხარს აღარ დაუჭერს. დღეს თუ კიდევ ვინმე მხარს უჭერს "ოცნებას", მხოლოდ სამი კაცის გამო: ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და კალაძის. სხვათა შორის, კალაძეს ერთი სული აქვს აქედან გაიქცეს, მშვენიერი პროექტები ელოდება მილანში. ივანიშვილი უკვე თამაშგარე მდგომარეობაშია, ახლა მხოლოდ ღარიბაშვილსღა მიჰყვება ხალხი. თუ ისიც გადადგა და პრემიერი ტიკარაძე გახდა, შეგიძლიათ წინასწარ მიულოცოთ "ნაცმოძრაობას" შემდგომ არჩევნებში გამარჯვება. კოჰაბიტაცია დიდი შეცდომა იყო. რომ არა "ნაციონალებთან" კოჰაბიტაცია, დღეს ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს პოლიტიკური ძალა ხელს უშლის მთავრობის მუშაობას, პროგრესული კანონების მიღებას... ეს აბსურდული პოლიტიკა უნდა დასრულდეს, ამისთვის კი მკაცრი ხელია საჭირო.

- სააკაშვილს რას უქადიან ვარსკვლავები?

- განსაკუთრებულს არაფერს. ერთხანს იჯდება ციხეში, მერე მოუვლიან პატრონები. ტყუილად კი არ იყო ჩამოსული ბიძამისი, წაიყვანენ უკრაინაში.

ხათუნა ბახტურიძე