"ისეთი ნათელი, პოზიტიური და ფერადი წელი დაგვდგომოდეს, როგორიც ჩემი ნახატებია“ - კვირის პალიტრა

"ისეთი ნათელი, პოზიტიური და ფერადი წელი დაგვდგომოდეს, როგორიც ჩემი ნახატებია“

საახალწლოდ ყველა ეძებს ორიგინალურ და განსხვავებულ სუვენირებს, საჩუქრებს. მეც მინდა ჩემი ახალი წელი ყველაზე ნათელი, ლამაზი და ფერადი იყოს... ამ ძიებაში მთაწმინდის ძველ, კოლორიტითა და თბილი მოგონებებით სავსე ქუჩას ავუყევი, მერე ყველაზე ორიგინალურ კარზე დავაკაკუნე, რომელიც მასპინძელმა­ გამიღო. ასე მომიყვანა ახალმა წელმა მხატვარ-დეკორატორ მეგი გვენეტაძის­ ჯადოსნურ სამყაროში.

- ასე მგონია, ზღაპარში ვარ...

- ყველას თქვენნაირი რეაქცია აქვს და ეს ჩემთვის სტიმულის მომცემია. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო სტუმრიანობა ლიმიტირებული გვაქვს... პროფესიით ფერმწერ-დეკორატორი ვარ. თავიდან ტილოზე ვხატავდი. ბოლო 10 წელია, დეკორაციებზე ვმუშაობ. თავიდან ეს მხოლოდ ჰობი მეგონა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს ყოფილა ჩემი სულიერი კომფორტი... მარტო­ ტილოზე ხატვა არ მაკმაყოფილებს,­ ამიტომ გადავედი ავეჯზე, ჭურჭელზე, სუვენირებზე. მომწონს, როცა ძველ ნივთებს ჯადოსნური ფერებით ვავსებ და ახალ სიცოცხლეს ვძენ. ჩემს ნამუშევრებში თავმოყრილია გათანამედროვებული აზიური და ქართული ელემენტები. ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა სტილი, რომელიც არავისნაირი არ არის. ორნამენტული ნამუშევრებია. ფიგურები ამ ტექნიკის ძირითადი პრინციპია, ასევე - ხაზი და ფერიც. მუზა მოდის და ვხატავ, გადახატვა არ მჭირდება, პირიქით, ჩემგან იხატავენ. პლაგიატი ბევრია, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ იხატავენ. თავიდან არც ვიცი, რას ვხატავ, ვიწყებ და ვამთავრებ. ეს ნამუშევრები თავიდან ბოლომდე იმპროვიზებულია, ამიტომ არც ერთი არასდროს ჰგავს მეორეს, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტულ დაკვეთას არ ვასრულებ.

naxati5-1640539029.jpg

- როგორ გადახვედით ტილოდან ნივთების მოხატვაზე?

- ოჯახში გვქონდა სხვადასხვა­ ქვეყნიდან ჩამოტანილი თეფშების კოლექცია და ბავშვი რომ ვიყავი, ფლომასტერით­ ვალამაზებდი. შემდეგ კერამიკამაც გამიტაცა.­ აკრილი არაჩვეულებრივი საღებავია, ყველაფერზე იხატება. მოვსინჯე ხეზე - მოუხდა. მერე გადავედი ჩარჩოებზე, სკამებსა და სხვა ავეჯზე. ჩემს ნამუშევრებთან განშორება არ მიყვარს, თუმცა მასა­ლებს თავისი არცთუ მცირე ხარჯი აქვს და ამიტომ ზოგიერთი ნივთის გასხვისებაც მიწევს.

- გამოფენებს ხშირად აწყობთ?

- პანდემიის გამო ვეღარ ვაწყობ, მანამდე კი ჩემს მოსწავლეებთან ერთად წელიწადში რამდენიმე მქონდა. პანდემიის პერიოდში შინ მოვიწყვე შემოქმედებითი სივრცე. აქ მაქვს გამოფენილი ნამუშევრები და, ფიროსმანის არ იყოს, აქ ვიკრიბებით, ვსვამთ ჩაის და ვლაპარაკობთ ხელოვნებაზე.

naxati4-1640539029.jpg

- ამ ნამუშევრებს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ლამაზ და ფერად სიზმრებს ხედავთ...

- დიახ... ბევრჯერ მინახავს სიზმარში, როგორი გამოდის ნამუშევარი. რამდენჯერ ავმდგარვარ შუაღამისას და ჩანახატი გამიკეთებია, რომ არ დამვიწყებოდა.

- ნაძვის ხეს მხოლოდ თქვენი მოხატული­ სათამაშოებით რთავთ?

- არამხოლოდ, თუმცა ჩემს ნაძვის ხეზე მხოლოდ ის სათამაშოები კიდია, რომლებსაც გასასხვისებლად ვერასდროს გავიმეტებ.

- ჯადოსნურ კარს რამდენ ხანს ხატავდით?

- მთელი ზაფხული, იმიტომ, რომ შაბლონის გარეშეა მოხატული. ჩამოხსნილი მქონდა და ვატრიალებდი წინ და უკან.

- საყვარელი ფერები გაქვთ?

naxati2-1640539028.jpg

- ლურჯისა და მწვანის ტონები. ფერის გრძნობა მაქვს გამძაფრებული. ჩემთან სულ გაზაფხულია... სკოლაში მერხები სულ მოხატული მქონდა­. დახედავდნენ და იტყოდნენ, გასაგებია, აქ გვენეტაძე იჯდაო და წასაშლელად არ ემეტებოდათ... სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე ორი წელი ვიმუშავე მულტფილმების სტუდიაში ფაზიორად. სიზუსტესა და ტუშით ხატვასაც იქ მივეჩვიე, რამდენიმე მულტფილმზე მიმუშავია, მათ შორისაა - "სიზმარა", "ლეკვი"...

naxati3-1640539029.jpg

- ხატვის ნიჭი ვისგან გერგოთ?

- დედისგან. ყველა ნამუშევარი მას ეძღვნება. ჩემს ორივე შვილს აქვს ხატვის ნიჭი. ისინი ჩემი პირველი შემფასებლები არიან... მინდა "კვირის პალიტრის" მკითხველსა და მთელს რედაქციას სიყვარულით მივულოცო დამდეგი ახალი წელი. დაე, ისეთი ნათელი, პოზიტიური და ფერადი წელი დაგვდგომოდეს, როგორიც ჩემი ნახატებია.