"ჩემი წლევანდელი ნატვრა იქნება, ასეთი ტკივილი აღარასდროს აღარ ვიგრძნო არც მე და არც სხვამ - არავინ!“ - კვირის პალიტრა

"ჩემი წლევანდელი ნატვრა იქნება, ასეთი ტკივილი აღარასდროს აღარ ვიგრძნო არც მე და არც სხვამ - არავინ!“

"ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა"- ეს წერილი 10 წლის ნიკოლოზ ჩხაიძემ შარშან 21 დეკემბერს მისწერა გიორგი კეკელიძეს. მამა სულ ორი თვის გარდაცვლილი ჰყავდა მაშინ. ცხადია, მანამდე თოვლის ბაბუას სათამაშოებს აბარებდა­ და ვერ ხვდებოდა, რომ ამ სურვილებს­ სწორედ მამა უსრულებდა, 2020 წლის წერილი კი ასეთი სევდიანი გამოუვიდა... დავინტერესდით, რა შეიცვალა და როგორია წელს ამ ოზურგეთელი ბიჭის სურვილები.

მარიამ ვადაჭკორია, ნიკოლოზ ჩხაიძის დედა: - მე 26 წლის ვიყავი, გიორგი 29-ის, როდესაც ჩემი ნათესავის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი და ერთ თვეში­ გავყევი ცოლად. სამი შვილი გვეყოლა:­ ნიკოლოზი, ნინო და ნიტა. ნიკოლოზი მე-6 კლასშია, ნინო მე-5-ში, ნიტა კი მხოლოდ 3 წლისაა და პატრიარქის ნათლულია. გვინდოდა მეოთხეც გაგვეჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ დაგვცალდა.

მეუღლე ეკონომისტი იყო, მაგრამ ხან დისტრიბუციაში მუშაობდა, ხან - მშენებლობაზე. ოზურგეთში ადვილი არ არის სამსახურის შოვნა. თავისი შვილებისთვის დღედაღამ შრომობდა, იდეალური­ მეუღლე­ და მამა იყო, კარგი შვილი, საუკ­ეთესო მეგობარი... ზღაპრული ოჯახი გვქონდა, მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული. შვილების მომავალი და მათი კარგ ადამიანებად აღზრდა იყო ჩვენთვის მთავარი საფი­ქრალი. ახლა აღარაფერია, ყველაფერი დამთავრდა ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონზე. შარშან 27 ნოემბერს გარდაიცვალა, 39 წლის იყო... 30-ში დაბადების დღე უნდა ჰქონოდა... სამსახურში გულმა უმტყუნა და შინ, თავის შვილებთან, ვეღარ დაბრუნდა. არასდროს პრობლემები არ მქონია, არასდროს მიგრძნია ტკივილი, ახლა კი ძალიან გამიჭირდა ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. ვცდილობ, გამოვიდე მდგომარეობიდან და მყარად დავდგე ფეხზე, რადგან ვიცი, ახლა უფრო მეტად ვჭირდები ჩემს შვილებს.

nikolozi2-1640539537.jpg

- ნიკოლოზი, ალბათ, ადრეც სწერდა წერილებს თოვლის ბაბუას, მაგრამ ამ წერილმა ყველა ააღელვა.

- გიორგი კეკელიძის პოსტებს გულგრილად ვერასდროს ვტოვებდი. მისი "გურული დღიურებიც" გამოსვლისთანავე­ წავიკითხე. ნიკოლოზსაც მოწონებული ჰქონდა­ მისი ფეისბუკგვერდი. იმ დღეებში გიორგიმ დაწერა ბავშვზე, რომელიც თოვლის ბაბუას წიგნებს სთხოვდა. ნიკოლოზმა ეს რომ წაიკითხა, მითხრა, მეც მინდა წერილი გავუგზავნო გიორგი ბიძიას, ოღონდ საჩუქარი არ მინდა, სულ სხვა სათხოვარი მაქვსო. კარგი, დაწერე, რაც გინდა და გავუგზავნოთ-მეთქი. გიორგიმ იმ წამსვე დადო ეს წერილი­ თავის გვერდზე­ და მახსოვს, პირადშიც მომწერა, თქვენ, ალბათ, ნიკოლოზის დედა ხართ, როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთო. რას წარმოვიდგენდით, ამხელა ამბავი თუ მოჰყვებოდა­ წერილს, ამდენი მნახველი და გამზიარებელი თუ ეყოლებოდა! უამრავი ადამიანი ანუგეშებდა ნიკოლოზს, ამხნევებდა, ეფერებოდა, ეკითხებოდა, რაზე ოცნებობდა... გიორგიც ელაპარაკა, მანაც ჰკითხა, რა სურდა. გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ეს ამბავი, რადგან ვიცით, როგორია მისი დამოკიდებულება­ მამის მიმართ. უთხრა, რომ მამა მასაც გარდაცვლილი ჰყავს; რომ მამამისი არსადაც არ წასულა, პირიქით, ამის შემდეგ უფრო ახლოს იქნება ნიკოლოზთან და საითაც გასწევს, ყველგან გაჰყვება; რომ ყველა აღმართზე ზურგიდან ხელის შეშველებას რომ იგრძნობს, ისიც მამამისი იქნება და თუ დაღმართზე დაშვებული ძალას იგრძნობს და შეჩერდება, ეგეც; რომ მამას ყოველთვის ექნება ბილეთი ავტობუსზეც და თვითმფრინავზეც და როდესაც ნიკოლოზი გაიზრდება და ახალ გზებს მოსინჯავს, მამაც იქ იქნება. დაჰპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა ჩვენთან და მართლაც, რამდენიმე დღეში გვესტუმრა. ეს იყო 28 დეკემბერს. ჩამოუტანა უამრავი წიგნი და გასართობი. ნიკოლოზმაც დაახვედრა პატარა, სიმბოლური საჩუქარი. მერეც ეხმიანებოდა ხშირად, როგორც თავის პატარა მეგობარს. სტიპენდიაც დაუნიშნა.

ჩემს შვილებს აქამდე სჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ შარშან მიხვდნენ, რომ მამიკო ყოფილა მათი ოცნებების ამხდენი. ნიკოლოზი ერთ წელს წერილში საჩუქრებს კი არ სთხოვდა, ეხვეწებოდა, მესტუმრე და ჩემთან დარჩიო, არაფერს არ მოგთხოვ, გაგათბობ და გაგიშვებო. გიჟდებოდა გიორგი, ამ ბავშვს რანაირი სურვილები აქვს, ვერ გავიგეო. მეტისმეტად კეთილია. რომ უთხრა, სული მომეცი და გული ამოიღეო, მოგცემს. გიორგი ყოველ წელს ეუბნებოდა ბავშვებს, წერილები გარეთ დატოვეთ და აუცილებლად წაიღებს თოვლის ბაბუაო. რა თქმა უნდა, წერილებს თვითონ იღებდა. ნიტასაც კი კარგად ახსოვს მამამისი. დღე არ გავა, არ ახსენოს. ნინო უფრო გულჩათხრობილია, ვერ გამოხატავს, მაგრამ სამივე ყოველთვის მამას იფიცებს. როდესაც ძალიან მოენატრებათ, საფლავზე მიდიან. ნიკუშას როგორც კი რამე გაახსენდება, მაშინვე ტირის. ეს ერთი წელი მამამისის საწოლში წევს. საფლავზე უთქვამს, მამა, შენ როგორც ექცეოდი ჩემს პატარა დაიკოს, ზუსტად ისე მოვექცევი მეცო. ხშირად ეთამაშება ნიტას ისე, როგორც გიორგი ეთამაშებოდა, როდესაც სამუშაოდან ბრუნდებოდა. ალბათ, ამიტომაც ნიტა სულ ნიკას გაიძახის. მატერიალურად არ გვიჭირს, თუმცა ამ წერილის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ბავშვების გახარების სურვილი. ჩემი მეუღლის მეგობრებმა, თუკი რამე სურვილი ჰქონდა ნიკოლოზს, ყველაფერი აუსრ­ულეს. ახლა ჩემი ერთადერთი ოცნებაა, კარგად ისწავლონ და კარგი ადამიანები დაიზარდონ.

- ნიკოლოზ, თუ ელოდი, რომ ამდენი ადამიანი გულთან მიიტანდა შენს ამბავს?

- მეგონა, მარტო თვითონ წაიკითხავდა­ და ამით დამთავრდებოდა. ადრე თოვლის ბაბუას სათამაშოებს ვთხოვდი ხოლმე და ყველაფერს მისრულებდა. მერე მივხვდი, რომ მამა და დედა ყიდულობდნენ იმ სათამაშოებს. აღარ მჯერა მისი არსებობის, მაგრამ სასწაულების მჯერა და, ალბათ, ამიტომ მომინდა იმ წერილის დაწერაც...

- წელს რას მისწერ თოვლის ბაბუას, რა სურვილი გაქვს?

- ძალიან ბევრს ვტირი და ვდარდობ, როდესაც სასაფლაოზე მივდივარ... ყველაფერი მახსენდება, ამიტომაც ჩემი წლევანდელი ნატვრა იქნება, ასეთი ტკივილი აღარასდროს აღარ ვიგრძნო არც მე და არც სხვამ - არავინ!

ნინო ჯავახიშვილი