"უფლის გზით სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა...“ - საჩუქარი მკითხველს! - კვირის პალიტრა

"უფლის გზით სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა...“ - საჩუქარი მკითხველს!

ჩვენი ერთგული მკითხველისთვის გაზეთის შემდეგ ნომერში საჩუქარია! - "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის "გაცოცხლებული სახარება", რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა. ეს არის წიგნი, რომლის სახელის წარმოთქმა სიყვარულივით უბრალოა, მაგრამ წაკითხვა სულისშემძვრელი, რადგან იმ მარადიულ განცდასა და იმედს იტევს, რითაც ჩვენ მოვევლინეთ სამყაროს: ნებსით თუ უნებლიე შეცოდებანითა და მათ გამო სინანულით. ქალბატონმა ლალიმ მოგზაურობა წმინდა მიწაზე სულისშემძვრელად გადმოსცა, საუკუნეთა გასაყარზე წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ მოზღვავებული შთაბეჭდილებები ერთ პაწია წიგნად აკინძა იმგვარი სიყვარულით და სითბოთი, თითქოს ჩვენც მასთან ერთად გვემოგზაუროს ბეთლემიდან გოლგოთამდე, მოგვეხილოს წმინდა მიწის სანახები... აქ ბევრს დაუდგამს ფეხი, ბევრის სული შეძრულა წმინდანთა დიდების შეგრძნებით, მაგრამ იშვიათად თუ მისწვდენია იმ სიტყვებს, რომლითაც სტრიქონებს შორის თავადაც ხშირად ევედრება უფალს - უფალო, რასაც ვხედავ და განვიცდი, იმის აღწერა შემაძლებინეო! და მან შეძლო: მან სახარება "გააცოცხლა" ისეთი ძალით, რომ ჩვენც მის კვალდაკვალ მივდივართ.

"ვიცი, უნდა დავწერო ის, რასაც ვწერ, მაგრამ წინდაწინ ვიცი ისიც, მიახლოებითაც რომ ვერ მივაგნებ იმგვარ სიტყვათა წყობას, რომელიც იმის ხორცშესხმას შეძლებს, რის შესახებაც ძალიან მინდა გიამბოთ, ანუ, ერთი ბანალური წინადადებით თუ ვიტყვი, ამის გადმოცემა შეუძლებელია! მაინც შევეცადოთ... ქვეყანას, რომელზეც მოგითხრობთ, ისრაელი ჰქვია, ისრაელი, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს თავისი იერუსალიმით, ბეთლემით, ნაზარეთით, სიონითა თუ გეთსიმანიის ბაღით, ქვეყანა ბიბლიური აბრაამითა თუ დავითით, ქვეყანა უფლის რჩეული და უფლის გამცემი... სამი ათასი წელია, ვინ არ მიახლებია ამ წმინდა მიწას, ყველას თავისი ტვირთი ჰქონია - იუდეველს, ქრისტიანსა თუ მუსლიმანს, ყველას მიუგნია თავისი სალოცავისთვის და ყველას ჰგონებია, რომ ამ ქალაქის რაღაც ნაწილი სწორედ მას ეკუთვნის; ამ შეხვედრისთვის მაინც მთელი სიცოცხლე უნდა ემზადო და მერე სულ იფიქრო - ღმერთო, ერთხელ კიდევ მომატარე ამ ცოცხალი სახარების მიწაო... ალბათ, ამას ჰქვია "იერუსალიმით დაავადების სინდრომი". და არა მგონია, ის მხოლოდ მე შემყროდეს. ეს არის ქალაქი ყველასათვის - ამ მიწაზე ყველას საკუთარი იერუსალიმი გელოდებათ, იქნებ სკეპტიკოსებსაც კი. სხვებს თავი დავანებოთ და ჩვენ უფლის გზით ვიაროთ (ნუ მოგვიშალოს ღმერთმა...)".

ამ წიგნის ავტორი მუდამ მზად იყო უპოვართათვის ხელის გასაწოდებლად, განსაცდელში ჩავარდნილის წამოსაყენებლად, უმცირესი სიკეთის დასანახავად, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ეძებდა და პოულობდა იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევ­დნენ. ეს იყო ის ნიჭი, რომლითაც აუცილებლად გარწმუნებდა, რომ ნებისმიერი დაცემის შემდეგ წამოდგომა მოდის, ნებისმიერი ტკივილის შემდეგ - სიმშვიდე და სიხარული, რადგან უფალი მუდამ შენ გვერდითაა. ქალბატონი ლალი ამ ყველაფერში იმაზე მეტად იხარჯებოდა, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ ადამიანს შესწევს ძალა, მას შეეძლო ყველას სატკივარის გაზიარება. ალბათ, ამიტომაც წავიდა ძალიან ადრე - ამ წიგნის დაწერიდან მეოთხე წელს გარდაიცვალა, კვლავ წმინდა მიწის ხსენებაში - რა პატარა ყოფილა ეს ადგილები და რამხელა მადლს იტევსო, და მადლიერებით უფლისადმი იმ ტკივილებისთვის, რომელიც მას მიენიჭა. ამბობდა, როდესაც წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობ, საკუთარი ტკივილები მავიწყდება, ჩემი ტკივილები მათ ტკივილებთან რა შესადარებელიაო...

ახლა, როდესაც "გაცოცხლებული სახარება" შემოვა ჩვენს ოჯახებში, ამ წერილსაც იმ იმედით, იმ ლოცვით და გადარჩენის იმედით დავამთავრებ, რომლითაც ავტორი "გაცოცხლებულ სახარებას" ამთავრებს: "შემოქმედო ღმერთო, დაუსაბამოო, არ დაგვამორჩილო მაცდურებასა და ბოროტებას, გვიმრთელე სინდისი, იხსენ დიდი განსაცდელის წინ მდგარი ჩვენი ერი და ქვეყანა, მკრეხელობისაგან დაგვიცევ, განგვამტკიცე რწმენაში და მოგვმადლე მოტევება ცოდვათა. წინ ხომ შენი განკითხვის ჟამი გვიდგას. ყოველივესთვის გმადლობ, უფალო".