"ერთმანეთის სიძულვილს, ჩხუბსა და დავიდარაბას მოლხენა და დალოცვა არ სჯობია?“ - კვირის პალიტრა

"ერთმანეთის სიძულვილს, ჩხუბსა და დავიდარაბას მოლხენა და დალოცვა არ სჯობია?“

პოზიტიური და ენაკვი­მატი - ასე იცნობს მთელი საქართველო მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს.­ მიიჩნევს,­ რომ ახალი წელი ახლის დასაწყისია, ამიტომ მას დადებითი ენერგიით უნდა შევხვდეთ.

- 46 წლის ბაღანას, რომლის ბავშვობა­ 90-იან წლებს დაემთხვა, მოსაგონარი რა უნდა ჰქონდეს? ბათუმში ვიზრდებოდი და სულ მეგონა, 1-ლი იანვრიდან ახალი­ ცხოვრება დაიწყებოდა, მაგრამ ასე არ ხდებოდა.­ იცით, ყველაზე დიდი სიხარული­ რა იყო? - აღარ მაძალებდნენ, რომ 12 საათამდე დამეძინა. კიდევ? - შემეძლო დამენახა ის საცოდაობა, რომელსაც მაშინ ფოიერვერკს ეძახდნენ, მაგრამ რომ გაისროდი, ნორმალურად ვერც კი ანათებდა. როცა წამოვიზარდე, მეგობრები მეპატიჟებოდნენ, რაც ცუდად მთავრდებოდა: მაშინ ისეთი გაფილტრული, ხარისხიანი სასმელები, როგორიც დღეს გვაქვს, არ იყო. ვინ რას ხარშავდა, კაციშვილმა არ იცოდა და ის უცნაური სითხე, რომელსაც ჭაჭას ვეძახდით, ჭაჭა კი არა, საშინელება იყო. 31-ში იმ ე.წ. ჭაჭას რომ დალევდი, მერე რამდენიმე დღე თავს ვეღარ ასწევდი, ამიტომ ხშირად სახლში მიმიტანდნენ ხოლმე. ყველაზე დიდი სიხარული მაინც ის იყო, რომ ახალ წელს შუქი მოდიოდა და შეგვეძლო ტელევიზორი ჩაგვერთო. სამაგიეროდ, ჩვენს სუფრას არ აკლდა არაფერი, რადგან სოფელი გვქონდა, სადაც "კეთილშობილი" ინდაურები და "არისტოკრატი" გოჭები იზრდებოდნენ, მათ სპეციალურად ახალი წლისთვის და ჩვენთვის ასუქებდნენ.

- გიტარის სწავლა როგორ გადაწყვიტეთ?

- რომ არა ჩემი მეზობელი ნინა ივან­ოვნა, ალბათ, გიტარაზე არც ვიფიქრებდი:­ 90-იანებში საქართველოდან წასვლა გად­აწყვიტა და ყველაფერი გაყიდა: ბინა, ავეჯი­, "მადონა" სერვიზი, სუვენირები, მაგრამ თავის ძველ გიტარას ვერაფერი მოუხერხა. ადგა და მე მაჩუქა: იკნებ ჩემმა ხვიჩენკამ გიტარაზე დაკვრა ისცავლოს და როცა დაუკრავს, გამიხსენოსო. ასე აღმოჩნდა ჩემს ხელში 15-მანეთიანი ლენინგრადის გიტარა, რომელსაც თავისი პასპორტი, ანუ ინსტრუქცია ახლდა. იმ დღის შემდეგ გიტარა ხელიდან აღარ გამიშვია, დაკვრა დიდი შრომით და წვალებით, მასწავლებლის გარეშე ვისწავლე. ჩემმა მეზობლებმა რომ შეხედეს, აგი ბაღანა გიტარას კარგად უკრავსო და ვის სახლშიც ჭიქა გაჭახუნდებოდა­, ყველა სტუმრად მეძახდა.

- ცნობილია, რომ პაროდირებაც გეხერხებათ, თუ გიოხუნჯიათ და ვინმესთან სხვა ადამიანის ხმით თუ დაგირეკავთ?

- ეს მოძველებული ტრიუკია, პაროდისტები ხშირად მიმართავდნენ. ბესო ბერულაშვილი და მერაბ სიჭინავა არასდ­როს თავისი ხმით არ მირეკავდნენ. კიდევ­ კარგი, ახლა ჩემს ტელეფონს ნომრის ამომცნობი აქვს, მაგრამ მერაბი მაინც ჯემალ ბაღაშვილის ხმით მირეკავს. სასწაულად ჰბაძავს, მეც ვითომ ვერ ვხვდები...

- საახალწლო სამზადისში თუ მონაწილეობთ?

- ნაძვის ხეს ჩემი მეუღლე აწყობს, სახლსაც ისე ლამაზად რთავს, მეშინია, ჩემი სახლი ვეღარ ვიცნო. საცივი მე უნდა გავაკეთო, ოღონდ მეუღლის ზედამხედველობით. სხვადასხვა დელიკატესის მომზადებაც ძალიან მიყვარს. გოჭსაც მე ვწვავ. ერთი-ორჯერ "ხალადეციც" გავაკეთე, მაგრამ სამზარეულოში ყველაფერი მოვსპე და ცოლისგან სასტიკი საყვედური მივიღე. ადრე თოვლის ბაბუის როლსაც მე ვირგებდი - ჩემი უფროსი ბიჭი ახლა 20 წლისაა, მაგრამ პატარა რომ იყო, მისი თოვლის ბაბუა­ სულ მე ვიყავი. მეუღლემ სახელდახელოდ შემიკერა სამოსი. ირაკლი გაოცებული უყურებდა წითელწვერიან მოხუცს, რომელსაც მამის ფეხსაცმელები ეცვა, მისი ქამარი ეკეთა და ზურგზე ტომარა ჰქონდა მოგდებული, მაგრამ ეს სიამოვნება მხოლოდ რამდენიმე­ წელიწადს გაგრძელდა, სანამ არ მიცნო. 2010 წელს ჩემი მეორე ბიჭი - ილია გაჩნდა. მისთვის თოვლის ბაბუა ცოტა ხნით ვიყავი,­ რადგან მისი მოტყუება ცოტა ძნელია და ახლა ოჯახში საჩუქრებს თოვლის ბაბუას ფორმის გარეშეც კარგად ვარიგებ.

- ყველაზე უჩვეულო სიტუაციაში ახალი წელი როდის აღნიშნეთ?

- მთელი ჩვენი სამეზობლო ახალი წლის დღეებში ლიფტთან იკრიბება და იქ აღვნიშნავთ - ასეთი ტრადიცია გვაქვს. ყველაზე უჩვეულო მაინც პირველი ახალი წელი იყო, როცა თბილისში გადმოვედით. მაშინ რესტორანში ვმუშაობდი და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, რომელსაც ძველი ხის კარი ჰქონდა. 31 დეკემბერს ამ კარში მარჯვენა ხელის შუათითი მომყვა, ატყდა წივილ-კივილი, მეზობლებიც მოცვივდენენ... ყველა მირჩევდა, შინ დარჩიო. სამსახურში მაინც წავედი, მთელი ღამე ვუკრავდი და 10 წუთში ერთხელ გამაყუჩებელ წამალს ვისხამდი, რომ ტკივილი გამექარვებინა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო ახალი წლის ღამე იყო.

იცით, ყველაზე დიდი სიხარული რა არის? - როცა ახალ წელს ჩემი მოსწავლეები მილოცავენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სტუდია ჩემმა მოწაფეებმა მომირთეს, ნაძვის ხეც დამიდგეს, რადგან იცოდნენ, ამას მე არ გავაკეთებდი.

- ბევრს არ მოსწონს, რომ საქართველოში ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ...

- მე ძალიან მომწონს, ეგ კი არა, ლამის ჩემი დაბადების დღეც ორჯერ აღვნიშნო - ძველი და ახალი სტილით. 18 იანვარს ვარ დაბადებული და მთელი იანვარი ჩვენი ოჯახისთვის სიხარულის და ჟრიამულის თვეა. ერთმანეთის სიძულვილს, ჩხუბსა და დავიდარაბას მოლხენა და დალოცვა არ სჯობია? მინდა მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წლის შემობრძანება და ვუსურვო, რომ 2022 წელს ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ სიხარული და სასიამოვნო სიახლეები მოეტანოს.

ხათუნა ჩიგოგიძე