"შეძრწუნებულმა მძღოლს განწირული ხმით ვუკივლე, არ ეტევა და დაწოლილს თუ წამოიყვანთ, მაშინ შეიძლება-მეთქი! ლოდინითა და საახალწლო ორომტრიალით დაღლილ ხალხს სიცილის ტალღამ გადაუარა" - კვირის პალიტრა

"შეძრწუნებულმა მძღოლს განწირული ხმით ვუკივლე, არ ეტევა და დაწოლილს თუ წამოიყვანთ, მაშინ შეიძლება-მეთქი! ლოდინითა და საახალწლო ორომტრიალით დაღლილ ხალხს სიცილის ტალღამ გადაუარა"

საახალწლო სამზადისთან და კახეთთან დაკავშირებით ბევრი ამბავი მახსენდება, რადგან იქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ყოველთვის იქით მიმიწევს გული, განსაკუთრებით - დღესასწაულებზე. რამდენიმე წლის წინაც გადავწყვიტე ჩემს ოჯახთან ერთად ახალი წლის დღეები სოფელში გამეტარებინა. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამის ყიდვა დაგვვიწყებოდა და მეორე დღესვე უმისამართო დეპეშასავით სასწრაფოდ მაფრინეს უკან, დედაქალაქში.­ მაშინ სოფლიდან სამარშრუტო ტაქსი კვირაში ორჯერ დადიოდა. წამსვლელი ბევრი იყო - ზოგს გასაყიდად მოჰქონდა­ თავისი ნაშრომ-ნაჯაფი, ზოგი შვილებთან­ მიდიოდა საახალწლო ნობათით ხელდამშვენებული, ზოგიც ჩემსავით ახალი წლისთვის ყიდულობდა სურსათ-სანოვაგესა თუ საჩუქრებს.

კახელები და ამბები "მარშრუტკიდან"

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წინა დღეს მძღოლს დილითვე დავურეკე და ვთხოვე, ადგილი "დაეჯავშნა", ოღონდ - "ერთვარსკვლავიანი", რადგან მარტო მივდიოდი. დაახლოებით საათ-ნახევარში ყველა თავ-თავის ადგილზე იჯდა, მას შემდეგ, რაც ბარგი უსაფრთხოდ დაიგულეს,­ ზოგი ღვინის ჭურჭელს უმოწმებდა თავსახურს, გზაში არ დაიღვაროსო, ზოგი მაინც უკმაყოფილო იყო მძღოლის გადაწყვეტილებით და ჩხუბობდა, სად შეჭყუნე ჩემი კვერცხები, იცოდე, დამემტვრევა და შენ გაზღვევინებ მაგის საფასურსო, ზოგი ჩურჩხელების ბედზე წუხდა, ზოგსაც ადგილი არ მოსწონდა, წინ ჯდომა მერჩივნაო.

როგორც იქნა, დავიძარით, რა თქმა უნდა, მუსიკის ჰანგების ფონზე. სიმღერები, ძირითადად, ან სატრფიალო იყო ("ოცნებას ვიცი ვერვინ დამიშლის,/ რადგან ოცნება მარტო ჩემია,/ ოცნებით მაინც იქნები ჩემი,/ ოცნების მეტი რა დამრჩენია"), ან ცხოვრების ამაოებასა და ქონა-უქონლობას ეხებოდა ("ზოგი იცინის, ზოგი კი ტირის,/ ცხოვრების განსჯა უფრო რთულია,/ ზოგი ცხოვრების მეგობარს ეძებს,/ ზოგის ოცნება მარტო ფულია./ ძუნწი ყოველთვის სიმდიდრეს ფიქრობს,/ ღარიბს რაცა აქვს, არ მალავს, ყვირის,/ ღარიბი გლახაკს ლუკმას მიაწვდის,/ მდიდარი კაცი, არ მაქვსო, ტირის./ ამ ქვეყნად მაინც არვინ არ ვრჩებით,/ აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი, /ღარიბს რაც ჰქონდა, სულ ქეიფობდა,/ მდიდარს რა დარჩა, აბა, მითხარი - ოთხი ფიცარი").

ერთი სიტყვით, ტექსტები რაღაცნაირად შეესაბამებოდა ჩვენს იმდროინდელ ყოფას (და ამდროინდელსაც) და მიუხე­დავად ოთხი ფიცრის პერსპექტივისა, მაინც გვიმაღლებდა წინასაახალწლო განწყობას - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მდიდრები არ ვიყავით - უცბად გაირბინა რამდენიმე საათმა და უკან წამოსასვლელად მზადებაც დაიწყო - ბარგიც გაორმაგებულიყო და წამოსასვლელი ხალხის რაოდენობაც. კართან რომ სკამია, მე ის მერგო.

დაახლოებით ერთი საათი მოანდომა მძღოლმა ხალხისა და მათი ნავაჭრის განაწილება-დაბარგებას. როგორც იქნა, ყველანი მოვთავსდით, ერთი ძალიან მსუქანი ქალბატონის გარდა. მძღოლს მგზავრის დაკარგვა არ უნდოდა და, იქნებ როგორმე დავსვათო, გვთხოვა. ამოვიდა ეს ჩემი მეზობელი და კარგა ხანს ცოდვილობდა მძღოლი, 120-კილოიანი ქალი როგორმე პატარა ხის სკამზე დატეულიყო! მანაც ხან გვერდულად სცადა კარში შემოტევა, ხან წაღმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკუღმაც კი. მთელი ორი საათი ეს ქალი, ფაქტობრივად, მე უნდა მეჯდეს კალთაში,“ - გავიფიქრე და ამ პერსპექტივით შეძრწუნებულმა მძღოლს განწირული ხმით ვუკივლე, არ ეტევა, ბატონო, და დაწოლილს თუ წამოიყვანთ, მაშინ შეიძლება-მეთქი! ლოდინითა და საახალწლო ორომტრიალით დაღლილ ხალხს სიცილის ტალღამ გადაურა. ყველა გავხალისდით, მხოლოდ მძღოლი ჩანდა ფინთ ხასიათზე. რა ვქნა, რა გიყო, ვერ ეტევიო, ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და ხელი ჩაიქნია, თქვენს ყბაში ჩავარდნას 5 ლარის დაკარგა არ მერჩივნაო?! მაშინ 5 ლარი ღირდა მგზავრობა, ახლა მგზავრობის ფასიც გაიზარდა და პროდუქტისაც, თუმცა იუმორის გრძნობა დღესაც არ დაუკარგავთ კახელებს და კვლავაც ჩვეული სიდინჯითა და სიჯიუტით ელიან უკეთეს ხვალინდელ დღეს, ახალი წლისთვისაც უწინდებური სიხალასითა და მონდომებით ემზადებიან და არც მე მეუბნებიან უარს, გაიხსენონ ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მხიარული ამბები.

"ხალხს სიმშვიდესა და ბარაქას ვუსურვებ, პოლიტიკოსებს კი ვეტყვი, ჭკუას მოუხმონ!"

დალი უთალიშვილი: - ახალი წლის წინა დღეს ბებია თონეში აცხობდა პატარ-პატარა კაცის ფორმის პურებს, "ბასილებს" ეძახდა. მთვარისა და ვარსკვლავის ფორმისასაც აცხობდა. დაალაგებდა ხონჩაზე თეფშით ხორბალს, სიმინდს, პურს, "ბასილებს", მოხარშულ დედალს, დადგამდა ღვინოს. დილით ადრე ადგებოდა, მთელ სახლს შემოუვლიდა ამ ხონჩით და მეკვლედ აუცილებლად თვითონ შემოვიდოდა. დაილოცებოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა"“და სამჯერ გაიმეორებდა ამას. დედას გამზადებული ჰქონდა ხორბალი და სიმინდი და თავზე დააყრიდა. სიმინდს იმის ნიშნად,­ რომ ბევრი წიწილა გაზრდილიყო და მაძღარი ყოფილიყო ფრინველი, ხორბალს კი იმისთვის, რომ იმ წელს ბევრი მოსავალი მოსულიყო. ბებიაჩემი პატარებს სათამაშოსაც დაგვიდებდა ხოლმე ბალიშის ქვეშ, ვითომ თოვლის პაპამ მოგვიტანა. მაშინაც იყო "სეკრეტსანტაობა", აბა, როგორ გგონიათ თქვენ! თოვლის პაპას წერილებში ვუწერდით, ვის რა გვინდოდა.

კახური სუფრა ხომ წარმოუდგენელია შაქარმოკიდებული, გემრიელი ჩურჩხელების გარეშე, მაგრამ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავ-ფეხი. ღორი მაშინ თითქმის ყველა ოჯახში იკვლებოდა. ერთ კარგ ამბავს მოგიყვებით ამასთან დაკავშირებით. მამაჩემი მოქეიფე კაცი იყო და დედა სულ ეჩხუბებოდა, გეყოს ამდენი ჭამა-სმა, იმუშავეო. ერთხელ ბრიგადირმა დაუძახა, სათემოებში წადი, ვენახია გასაუქმებელიო. პირს დავიბან და ახლავე წავალო, დაჰპირდა მამაჩემი. ბრიგადირი რომ გაიცილა, მეზობელმა დაუძახა, დღეს ჩემთან გადმოდი, ღორი დავკლათო. ხელ-პირს დავიბან და გამოვალო, იმასაც დაჰპირდა. მერე ადგა და მეზობელთან წავიდა.

მეორე დღეს ისევ შემოსძახა ბრიგადირმა, მიშა, იცოდე, გუშინ საცა იყავ, ისევ იქ წადი, ბარემ დაამთავრე საქმეო. მაშ, რას ვიზამო? ადგა და ისევ იმ მეზობელს მიადგა. გაუკვირდა მასპინძელს, დღეს რიღასთვის მოხვედი, აკი გუშინ დავკალით ღორი და ვიქეიფეთ კიდეცო. რა ვიცი, ბრიგადირმა მითხრა დილით, ადექი და სადაც გუშინ იყავ, ისევ იქ წადიო, ჰოდა, მეც მოვედიო...

ერთი ამბავი გამახსენდა კიდევ... ერთი კაცი ცხოვრობდა სოფელში, ისეთი ძუნწი იყო, ზამთარში თოვლს არ გასესხებდა. ჩამოივლიდა ხოლმე მეზობლებს და მარტო იმათ ჰპატიჟებდა, ვისაც ღორი ჰყავდა. ეკითხებოდა, დასაკლავი ღორი გყავსო? ვინც ეტყოდა, კიო, იმას დიდი ამბით ეპატიჟებოდა, მწვადებზე ვიქეიფოთო და თუ ვინმე უარს ეტყოდა, ეზოს ჭიშკრიდანვე გასძახებდა, არა გყავს და მეყოლე ვარდივითო! ასე "ბრაკავდა" მეზობლებს.

ყველაზე მეტად ბავშვებს მაინც თოვლი გვიხაროდა და არ მახსოვს ახალი წლის ღამე, რომ არ მოეთოვოს. 67 წლისა ვარ და ისევ ისეთი მოლოდინი მაქვს ახალი წლისა, როგორიც ადრე, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდი ძველ წელს მიჰყვებოდა თან. ყოველ ახალ წელს ვცდილობ, ისეთი სუფრა გავამზადო, რომ არაფერი აკლდეს. ასე მგონია, ამით დოვლათი და ბარაქა დაებედება ჩემს ოჯახს.

ახლაც მგონია, რომ ახალ 2022 წელს ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ აბა, რა ვიცი, იქნება კარგად? ხალხს სიმშვიდესა და ბარაქას ვუსურვებ, პოლიტიკოსებს კი ვეტყვი, მოუხმონ ჭკუასა და გონებას და თავიანთ ოჯახებზე კი ნუ იფიქრებენ მხოლოდ, ხალხზეც იფიქრონ! ისინი რომ ყელყელაობენ და ჩვენ კაპიკებს ვითვლით, როგორმე ოჯახები გადავარჩინოთ და შვილები და შვილიშვილები დავზარდოთ. პოზიციაც და ოპოზიციაც ერთმანეთს ამოუდგნენ გვერდში და იცხოვრონ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში...

ოცნების ახალი წელი

ბესო ფშაველაშვილი: - მთელი ღამე ბარდნიდა იმ დღეს. დედა საახალწლო სამზადისში იყო: დიდ ქვაბში ინდაური იხარშებოდა, აქეთ - ღორის თავ-ფეხი, თან საგოზინაყე ნიგოზს ჭრიდა... მე ოცნებებით მოვითენთე: დილით მეკვლედ წავალ შუშანა დეიდასთან, მერე თელავში წაგვიყვანს მამა ნანსი დეიდასთან, სადაც გამორჩეულად გემრიელი საახალწლო სუფრა დაგვხვდება ნანსის საფირმო“კატლეტებით, ღორის ფეხებით და კნატუნა ყურებით, შოთა ძიას საავტორო მწვადით და სულ სხვანაირი ყაურმით, ცივად მოხარშული, ყვითელ-ყვითელი დედლით, თაფლივით გოგრით, ულამაზესი, გრძელფეხიანი ლანგრებით ნაირ-ნაირი მურაბით და უამრავი კანფეტით, განუმეორებელი გოზინაყით, როგორიც, მამაჩემის აზრით, მხოლოდ ნანსის გამოსდიოდა და, რაც მთავარია, თვითონ დეიდას ამ გოზინაყივით ტკბილი სურნელი და სითბო იდგა მთელ სახლში... იქიდან ლიდა ბაბოსთან გადავალთ, იქაც მამაჩემის სპეცშეკვეთით დაგვხვდება "სელიოტკა პოდ შუბკოი", წითელი და შავი ხიზილალა და დელიკატესები, რასაც სხვა ოჯახებში იშვიათად ნახავდით მაშინ და ყველაზე მთავარი ჩემთვის - ნაყინი ახალ წელს!

ოცნებებში გართულს ხატულა ფრთა მომისვა ძილის ანგელოზმა... 12 საათზე დედამ შუბლზე კოცნით შეგვაღვიძა მე და ჩემი და და პირში გოზინაყის ნაჭერი ჩაგვიდო, ასე ტკბილად დამიბერდითო!

მოკლედ, გათენდა ახალი წლის დილა, სულმოუთქმელად წამოვხტი, დავიბანე ხელ-პირი, დავტაცე ხელი სინს, რომელზეც ერთი თეფშით ხორცეული და მეორე თეფშით ტკბილეული ეწყო და გაუკვალავ თოვლში ხრაშა-ხრუშით გავიქეცი მეკვლედ შუშანა დეიდასთან, რომელიც დედას დეიდაშვილად ეკუთვნოდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ალბათ, როგორ ელოდებოდნენ ჩემი პატარა ფეხის სიკეთით შებიჯებას!

"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა", - დავ­ილოცე. დამსვეს აგუზგუზებული ღუმ­ლის გვერდით ტახტზე (ხუთი წუთი მაინც უნდა იჯდე გაუნძრევლად, რომ გაზაფ­ხულზე კრუხი არ წამოუხტეთ კვერცხებიდან). ამასობაში შუშანა დეიდამ შემოდგა­ ღუმელზე ძველებური ალუმინის ტაფა, ჩადო ღორის ქონი და ჩაახალა კვერცხები­. სამ წუთში მაგიდა მზად იყო ტაფამწვარით­, მწნილით, ხილით, ჩურჩხელებით, ასევე საფირმო“დედას პურებით, რომლის მსგავსს შუშანას გარდა ვერავინ აცხობდა.

- აბა, მოდი, მოდი, დაილოცე!“ - ფეხიან არყის სირჩაში რუკრუკით დამისხა სასმელი. მეც დიდი კაცივით დავილოცე და გადავკარი. გადავკარი და, ო, რა მადიანად მოვასუფთავე სამი კვერცხის ერბოკვერცხი! ღმერთო, ამ მოგონებასავით ნათლით გაბრწყინებული სასუფეველი დაუმკვიდრე მისი და ყველა წასულის სულს!

გარეთ ბარდნიდა. მე ჩემი ყურებიანი ქუდით და ჯიბეში ჩურჩხელებით ახლა უკვე სახლისკენ მივუყვებოდი ჩემივე გაკვალულ ბილიკს. ტანში "ვიშნიოვკისა" და შუშანას გულის სითბო მქონდა ჩაღვრილი და სულ აღარ მეფიქრებოდა ნანსი დეიდას და ლიდა ბაბოს ზღაპრული სუფრა!

ნინო ჯავახიშვილი