2022 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი - რას უნდა ველოდოთ 2022 წყლის (შავი) ვეფხვის წელს - კვირის პალიტრა

2022 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი - რას უნდა ველოდოთ 2022 წყლის (შავი) ვეფხვის წელს

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2022 წელი წყლის (შავი) ვეფხვის წელი იქნება. ის 2022 წლის 1-თებერვალს (თბილისის დროით 9:46 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

2022 წელი - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ვეფხვის წელს შეესაბამება (ასევე ვეფხვის წელი იყო: 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010 წლები). დამდეგი წლის სტიქია - წყალია და შავ (ლურჯ) ფერთან ასოცირდება.

ვეფხვის წელი ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში ენერგიასთან, ძალასთან, სიმამაცესთან, ხელმძღვანელობის უნართან, მიზანსწრაფვასთან და ძალაუფლებასთან ასოცირდება.

აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ვეფხვის წელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ენერგიულ წლად მიიჩნევა. ჩინეთში ვეფხვი ცხოველთა მეფედ ითვლება, ამიტომ აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ვეფხვის წელს მოაქვს დინამიკა და ვინც მას ფეხს ვერ აუწყობს, ის უბრალოდ, დამარცხდება.

ვეფხვი ყველგან შეიძლება ჩასაფრდეს. შეინიღბოს, შეეხამოს გარემოს და ჯუნგლებში არ გამოჩნდეს. გადამწყვეტ მომენტში კი ისკუპოს და მსხვერპლს თავზე დაახტეს. სწორედ ასე, 2022 წელს მოვლენები მოულოდნელად, სწრაფად, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე შეიძლება განვითარდეს. მოვლენების ასეთი განვითარება ბევრ ადამიანს აბნევს, ისევე როგორც ვეფხვის მოულოდნელი შეტევა მსხვერპლს აშინებს და ერთ ადგილზე აშეშებს. ამიტომ 2022 წელს ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და ადამიანმა მისი კონტროლის საშუალება ძალიან მოკლე პერიოდშივე სრულებით დაკარგოს.

ვეფხვის წელი შეტევის წელია (ის ამით განსხვავდება წინა, ანუ ხარის წლისგან, როდესაც მოვლენები გაცილებით ნელა ხდება). აქედან გამომდინარე, 2022 წლისთვის დამახასიათებელი იქნება რისკიანობისა და სიმამაცის გამოვლენა. ეს ფეთქებადი და უკონტროლო წელია, რომელსაც რადიკალიზმი ახასიათებს. მნიშვნელოვნად მოიმატებს აზარტულობის, ავანტიურიზმის და ხიფათის ალბათობაც.

2022 წელს "იან" (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების აქტიურ, ენერგიულ გამოვლენაზე მიანიშნებს. წყლის სტიქიის მამრული ენერგია - ოკეანეა. ასევე ეს არის ზღვა და დიდი მდინარე. "იან" ენერგიის წყალს ახასიათებს ენერგიის ძლიერი, აქტიური გამოვლენა. მას დიდი ძალა აქვს, ამიტომ არ ფრთხილობს და არ ეშინია. ის შეიძლება აღელდეს, ნაპირებიდან გადმოვიდეს და დამანგრეველი გახდეს. მით უმეტეს, რომ "მებრძოლი" ვეფხვის წლის გავლენით კიდევ უფრო რთულ კომბინაციას ვიღებთ. ამიტომ 2022 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მოვლენების სწრაფი, დინამიკური და ზოგჯერ დამანგრეველი განვითარება.

როგორც მრავალსაუკუნოვანი ასტროლოგიური გამოცდილება გვიჩვენებს, ვეფხვის წელი შედის აღმოსავლური ასტროლოგიის ყველაზე სახიფათო ტრიადაში. როგორც წესი, ვეფხვის წელში მრავლად ხდება მასშტაბური სოციალური ცვლილებები, პოლიტიკური მღელვარებები, გაფიცვები, სამხედრო თუ სახელმწიფო გადატრიალებები, შეიარაღებული შეტაკებები, ომები, ტერორისტული აქტები, თავდასხმა სახელმწიფო მეთაურებზე და ა. შ.

მთლიანობაში, 2022 წელი ენერგიული იქნება, ამიტომ ამ პერიოდში აქტიურ და გაბედულ ადამიანებს საკუთარი გეგმების კონკრეტულ ფორმებში გადაყვანის საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი წინა წლებში დაწყებული კრიზისისთვის თავის დაღწევას შეძლებს.

დამდეგი წელი ახალი, საინტერესო, შემოქმედებითი და ამასთან რეალური გეგმების წარმოქმნისა და მათი რეალიზაციის პერიოდი იქნება. შესაძლებელი გახდება წარსული გამოცდილების გადახედვა თუ მისი ახალი კუთხით გამოყენება, ახალი გეგმების დასახვა, ახალი პარტნიორების მოძიება და ახალი მეგობრების შეძენა. ასევე მოსალოდნელია ძველი კავშირების ტრანსფორმაცია და ახალი კომბინაციების შექმნა.

სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ-სოციალურ ურთიერთობებში მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული გარდაქმნები და ცვლილებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ამგვარად, 2022 წელს უნდა ველოდოთ სერიოზულ ცვლილებებს და ხშირ შემთხვევაში სიტუაციების ძირეულად გადალაგებას. აქტიური და გაბედული ლიდერები, რომლებსაც რისკზე წასვლის არ შეეშინდებათ, უმეტეს შემთხვევაში წარმატებებს მიაღწევენ. ვეფხვის წელი "წყალობს" გაბედულ, აქტიურ, ენერგიულ, გამბედავ, მიზანსწრაფულ, ამტან და რისკიან ადამიანებს. ხოლო ყველა ის ადამიანი, რომელიც ლოდინზე ორიენტირებულია და მოქმედების დაწყებისთვის სამყაროსგან მინიშნებას ელოდება, დიდი ალბათობით შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებს.

2022 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების კარგ საშუალებებსა და შესაძლებლობებს. ბევრ ადამიანს შემოქმედებითი და კარიერული კუთხით წინსვლის რეალური საშუალება გაუჩნდება. ამ წელს განვითარებული მოვლენები ადამიანებს დაეხმარება ახალ აღმოჩენებში, მიგნებებში, ასევე საქმიან კავშირებში წარმატების მიღწევაში. 2022 წელს - ხარის პატიოსნებას, მიზანსწრაფვასა და შრომისმოყვარეობას ვეფხვის ენერგიულობა, ბრძოლისუნარიანობა და რადიკალიზმი შეცვლის. 2022 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი იქნება 2020-21 წლებიდან გადმოყოლილი კრიზისების მოგვარება, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი გახდება ახალი მასშტაბური იდეების რეალიზაცია.