"ვინც უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი, ამით არაფერი შეიცვლება... კრიტერიუმი, რომ ექიმების ოჯახში დაიბადა, არაფერს ნიშნავს. თვითონ როგორ დათანხმდა ამ თანამდებობას?" - კვირის პალიტრა

"ვინც უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი, ამით არაფერი შეიცვლება... კრიტერიუმი, რომ ექიმების ოჯახში დაიბადა, არაფერს ნიშნავს. თვითონ როგორ დათანხმდა ამ თანამდებობას?"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა. იგი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"ზურაბ აზარაშვილი გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში. მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო "დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე, "თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის - საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება. ის არის 5 შვილის მამა. მე ვფიქრობ, რომ ზურა იქნება წარმატებული მინისტრი. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამდენად დიდი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მთელი სამინისტროს ბიუჯეტი არის, დაახლოებით, 6 მილიარდი ლარი, ეს არის მთელი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა,“- ასეთი შეფასება მისცა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ მინისტრს.

რა ცვლილებებს განახორციელებს იგი ამ სისტემაში, ეს მომავალში გამოჩნდება. როგორც ირკვევა, მას ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და ამიტომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებიც არ იცნობენ.

ვატო სურგულაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში:

- აბსოლუტურად არ ვიცნობ ამ ადამიანს. ვიცი, რომ "ქართუ ბანკის“ წარმომადგენელია, მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. კრიტერიუმი, რომ ექიმების ოჯახში დაიბადა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე დავიბადე ინჟინრების ოჯახში, მაგრამ ეს სფერო არ ვიცი. ამაზე რთული სამინისტრო არ არსებობს, ბიუჯეტის მესამედი მიაქვს და მითუმეტეს - იმ კრიტიკულ მდგომარეობაში, რაშიც ჩააგდო წინა მინისტრმა ტიკარაძემ და მისმა გუნდმა ეს სამინისტრო, რთული იქნება მართვა. კოვიდთან ჩავარდნილ ვაქცინაციის ღონისძიებებს და სხვა საკითხებს ვგულისხმობ. უზარმაზარი სამინისტროა, მარტო ჯანდაცვა არ არის, დევნილების და შრომის და სოციალური საკითხები, იმდენი საკითხი შედის. მართლა უზარმაზარი სფეროა, რომელში გარკვევასაც წლები სჭირდება. ამ ვითარებაში დედა-მამა ექიმები რომ არიან, არაფერს ნიშნავს. მაქსიმუმ, წამლის საყიდლად თუ შესულა აფთიაქში. როდესაც მეკითხებოდნენ, ვის დანიშნავენ მინისტრადო, ვამბობდი, ერთადერთ ლოიალურ ადამიანს, რომელსაც არ ეზარება ტაშის დაკვრა და მუდმივად იტყვის, რომ მადლობა ბატონ პრემიერს, მადლობა მამა-მარჩენალს, არავითარი სხვა კრიტერიუმით აქ არ არსებობდა დანიშვნა, გარდა ლოიალობისა არსებული ხელისუფლების მიმართ.

- აუცილებელი იყო ექიმის დანიშვნა? როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, ჯანდაცვის მინისტრად ხშირად ინიშნებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო განათლება, მაგრამ არიან კარგი მენეჯერები...

- ექიმის თუ არა, იმ ადამიანის დანიშვნა იყო აუცილებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ამ სისტემაში, კერძოდ - რომელიც ჯანდაცვის პრობლემებში ჩახედულია, მითუმეტეს - ამ ვითარებაში. ამას სჭირდება სათანადო გამოცდილება. კარგად მართავდა საბანკო სისტემას, ეს არ ნიშნავს, რომ კარგად მართავს ამხელა სტრუქტურას, სადაც ამდენი პრობლემაა. ვუსმენდი ყოფილ მინისტრს, ქალბატონ ტიკარაძეს და იმდენი ტყუილი თქვა, გავოცდი. ტრაბახის მეტი არაფერი არ იყო მის გამოსვლაში. როცა ამდენი პრობლემები არსებობს ქვეყანაში, მითუმეტეს - იმ ფონზე, როცა პანდემია მძვინვარებს, ვაქცინაციის პროცესი სრულიად ჩავარდნილია, ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და ჩვენ გამოვდივართ და ვიძახით, რომ ჩვენ მაგრები ვართ. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება ამ საახალწლო კონცერტების და საახალწლო ღონისძიებების დროს. მართლა არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ვნახავთ, როგორ გაიზრდება 15 იანვრიდან ინფიცირებულთა მაჩვენებელი. პრაქტიკულად, ვაქცინაცია გაჩერებულია. თუ ვაქცინაციამ მოიმატა, ისიც იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც მესამე დოზას, ბუსტერს იკეთებს. ვინც არ იყო აცრილი, ისინი არც აპირებენ. ძალიან მინდა მოხდეს რეალური ცვლილებები, სისტემური ცვლილებები. სისტემური მიდგომა არ გვაქვს და სადღაც არის ხვრელი. თვითონ როგორ დათანხმდა ამ თანამდებობას? ამას მივხვდი, ვინც უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი, ნებისმიერი ადამიანი, გინდაც სტომატოლოგი, გინდაც იურისტი, გინდაც ეკონომისტი და გინდაც სანტექნიკოსი, ამით არაფერი შეიცვლება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ.

ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე ექსპერტსაც, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, იმ ერთადერთი მიზეზით, რომ პირადად არ იცნობენ ახალ მინისტრს.

"არ ვიცნობ ამ ადამიანს, რა კომენტარი გავაკეთო, ვიცი რომ თავდაცვის სამინისტროდან არის და არის ეკონომისტი. ვნახოთ, ჯერ ვაცადოთ, ვერაფერს გეტყვით. შევხვდებით, მოვუსმენთ მის ხედვებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ“, - ამბობს დევი ტაბიძე.

როგორც აღმოჩნდა, არც აკაკი ზოიძე იცნობს პირადად ახალ მინისტრს. "არ ვიცნობ ამ ადამიანს, თქვენგან გავიგე პირველად ახლა ამ ადამიანის დანიშნვა, არ ვიმყოფები თბილისში, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.

(სპეციალურად საიტისთვის)