პუტინის ყოფილი სიძე საფრანგეთის ყოფილი პრემიერით ჩაანაცვლეს - ვინ არის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული კომპანიის სათავეშია - კვირის პალიტრა

პუტინის ყოფილი სიძე საფრანგეთის ყოფილი პრემიერით ჩაანაცვლეს - ვინ არის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული კომპანიის სათავეშია

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობკომპანიაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი გახდა. როგორც ამბობენ, დირექტორთა საბჭო დატოვა კომპანიის ტოპ-მენეჯერმა კირილ შამალოვმა, რომელიც მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ყოფილი სიძეა.

კომპანია "სიბურის" დირექტორთა საბჭო კირილ შამალოვმა დატოვა, თუმცა ის კომპანიის აქციების მცირე ნაწილს მაინც ფლობს. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, საფრანგეთის ყოფილი პრემიერის კანდიდატურა კომპანიაში ჯერ კიდევ 18 ნოემბერს წარადგინეს, თუმცა "სიბურის" წარმომადგენლებმა ამის შესახებ ინფორმაცია გვიან გაავრცელეს.

ვინ არის კირილ შამალოვი?

ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა კირილ შამალოვი 26 წლის გახლდათ, კომპანია "სიბურის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. "სიბური" რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიად ითვლება.

39 წლის შამალოვს მედიაში ვლადიმერ პუტინის ყოფილ სიძედ მოიხსენიებენ. ის ნიკოლაი შამალოვის ვაჟია, რომელიც ბანკ "Россия"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და, ამავე დროს, სავარაუდოდ, პუტინის ახლო მეგობარია. "როიტერსის" ცნობით, უმცროსი შამალოვი 2013 წელს კატერინა ტიხონოვაზე დაქორწინდა. "როიტერსისა" და "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ტიხონოვა პუტინის უმცროსი შვილია. პუტინს არასდროს დაუდასტურებია ეს ინფორმაცია, თუმცა არც უარი განუცხადებია.

2018 წლის იანვარში "ბლუმბერგის" ცნობით, ტიხონოვა და შამალოვი დაშორდნენ.

tixonova-1640597762.jpg

როგორც ცნობილია, 2014 წლის სექტემბერში კომპანია "სიბურის" ერთ-ერთ მილიარდერ მეწილეს - გენადი ტიმჩენკოს, რომელსაც პუტინის ახლო მეგობრად მიიჩნევენ, სანქციები დაუწესეს. ტიმჩენკო იძულებული გახდა, კომპანიის აქციების 17% შამალოვისთვის მიეყიდა. 2017 წელს კი კომპანიის აქციების ნაწილი შამალოვმაც გაყიდა და წილის 3,9% დაიტოვა.

რატომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ფიონი?

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამჟამად კომპანია "სიბურის" დირექტორთა საბჭოს სათავეში დიმიტრი კონოვია. კომპანიამ სექტემბერში თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ კომპანიასთან - "ტაიფთან" აწარმოა მოლაპარაკება და მედიასაშუალებები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ახალი კომპანიის აქციონერთა კანდიდატი იყო საფრანგეთის ყოფილი პრემიერი.

გაზაფხულზე "სიბურის" კიდევ ერთი მეწილე კომპანია "სოგაზი" გახდა და დირექტორთა საბჭოს წევრად პუტინის ყოფილი მრჩეველი - ანტონ უსტინოვი დასახელდა. დირექტორთა საბჭოს მესამე ახალი წევრი კი ჯგუფ "ტაიფის" გენერალური დირექტორი ალბერტ შიგაბუტდინოვია.

"სიბურის" წარმომადგენელთა თქმით, ფიონს აქვს ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ასეთ დიდ კომპანიას გამოადგება. მედიის ცნობით, ფიონი უკვე მეორედ აირჩიეს რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად, პირველი კომპანია "Зарубежнефт"-ი გახლდათ.

ფიონი არ არის პირველი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული კომპანიის სათავეშია.

fioni-1640597778.jpg

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთში ყველაზე დიდი ნავთობკომპანიის - "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია. ის ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. "როსნეფტის" გარდა, გერმანიის ყოფილი კანცლერი Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის ხელმძღვანელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოში კიდევ სხვა ევროპელ მაღალჩინოსანს ვხვდებით. 2021 წლის ივნისში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კრაისლი დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. მედიის ცნობით, 2018 წელს მის ქორწილში საპატიო სტუმარი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელთან ერთადაც იცეკვა კიდეც.

ასევე ცნობილია, რომ კომპანია "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოში ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი და ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი ტობი ტრისტენ გატია.

ეკონომისტ სერგეი გურიევის თქმით, რომელიც BBC-ის ესაუბრა, კომპანიები დირექტორთა საბჭოში სპეციალურად ნიშნავენ ყოფილ მაღალჩინოსნებს. ეს სტრატეგია მათთვის მომგებიანია:

"კომპანიები დირექტორთა საბჭოში ყოფილ მაღალჩინოსნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევენ. კვლევების მიხედვით, კომპანიებისთვის ყოფილი პოლიტიკოსები სწორედ მათი სანაცნობო წრითა და გავლენებითაა ღირებული, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ყოფილი პოლიტიკოსები მოხიბლოს. ეს მას საშუალებას აძლევს, გავლენა იქონიოს ევროპის ელიტურ წრეებზე და ამით თავს იზღვევს, მაგალითად, ახალი გამოძიებისა და სანქციებისგან".

გურიევის თქმით, "შროდერიზაცია" - ტერმინი, რომელიც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თომას ივლესმა გამოიყენა, სულ უფრო მასობრივი ხდება. "შემაშფოთებელია, რომ დღევანდელი დასავლელი პოლიტიკოსები პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, არა იმიტომ, რომ ეს მათი ამომრჩევლების ინტერესებშია, არამედ, უფრო იმიტომ, რომ მათი გადადგომის შემდეგ ეს მათ შემოსავლის ზრდაში დაეხმარება.

"რატომ არ შეუძლიათ ამ პირებს ევროპულ კომპანიებში დასაქმდნენ? იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ევროპულ კომპანიებში დირექტორთა საბჭოში ადგილის დაკავებისთვის კონკურენცია ძალიან დიდია. მეორე მხრივ კი, რუსული კომპანიები მათ გაცილებით მეტს უხდიან. მესამე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს დასავლეთში არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს", - ამბობს ექსპერტი გამოცემასთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, 2017 წელს საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ექსპრემიერ ფიონის წინააღმდეგ საქმე გაიხსნა, ამ პერიოდში ფიონი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ამბობდნენ, რომ ფიონი, როცა პარლამენტის დეპუტატი იყო, ოჯახის წევრებს ფიქტიურ ხელფასს აძლევდა.

2020 წლის ზაფხულში მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პარიზის სასამართლომ ის სახელმწიფო რესურსების გაფლანგვაში დაადანაშაულა. 2021 წლის ნოემბერში საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაეცა. (წყარო)