"დამავალეთ და უკრაინას რუსეთს შემოვუერთებ" - რამზან კადიროვის მორიგი დაქადნება?!
2021 წლის მიწურული დაქადნებების პერიოდად იქცა - ჯერ იყო და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ნატოს კატეგორიულად მოსთხოვა ხელის მოწერა ოფიციალურ დოკუმენტზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისაკენ და არ მიიღებს თავის რიგებში უკრაინასა და საქართველოს. ეხლა კი პუტინის "ჯარისკაცად“ წოდებულმა, ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა საქვეყნოდ დაიქადნა - მე რუსეთის, პუტინის ფეხოსანი ვარ და თუ დამავალებდნენ, დიდი ხნის წინ გადავწყვეტდი უკრაინის საკითხს... უკრაინა ჩვენი ტერიტორიაო...
კადიროვის დამუქრებები ადრეც ხშირად გაჟღერებულა, თუმცა თავიდან ეს, ძირითადად, იმ კონკრეტულ პიროვნებებს თუ ეხებოდა, რომლებიც სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდნენ კადიროვის მიერ ჩეჩნეთის მართვის მეთოდებს.
საქმე ისაა, რომ კადიროვი თავის მუქარებს მეტწილად ასრულებდა - კრიტიკოსების ნაწილი იმავე სოციალურ ქსელებში მალევე ბოდიშს უხდიდა კადიროვს, ხოლო ვინც "შეცდომას“ არ აღიარებდა, ან სრულიად ქრებოდა, ანკი მათ დემონსტრაციულად კლავდნენ წამების შემდეგ, მათ შორის - ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზეც...
ბოლო ხანს რამზან კადიროვის დამუქრებების არეალი უფრო გაფართოვდა და სულ სხვა მასშტაბები მიიღო.
ერთი თვის წინ კადიროვის ბრძანებით ჩეჩნეთის ოფიციალური შეირაღებული ფორმირებები (რომლებიც, წესით, მოსკოვს ემორჩილებიან, თუმცა, რეალურად, ისინი ჯერ კადიროვის ბრძანებებს ასრულებენ) გადასროლილი იქნა ინგუშეთისა და დაღესტნის საზღვრებთან მუქარის თანხლებით - თუკი ინგუშებს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია ექნებათ ჩეჩნეთთან, იმ სასაზღვრო რაიონებსაც დაკარგავენ, რაც წლების წინ დუდაევმა შეცდომით დაუთმოო...
რამდენიმე დღის წინ კი კადიროვის დამუქრების ადრესატი თავად თურქეთის პრეზიდენტი - ერდოღანი გახდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის - ჯოჰარ დუდაევის სახელობის პატარა სკვერი გახსნეს.
კადიროვმა თურქეთის პრეზიდენტს, რომელთანაც ურთიერთობების გაფუჭებას თავად რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც კი ერიდება, ღია მუქარა გაუგზავნა - თუკი არ გააუქმებთ დუდაევის სახელობის სკვერს, მაშინ ჩეჩნეთში ქურთების ლიდერის - ოჯალანის სახელობის ბაღს გავაშენებო...
თავისი მუქარებით უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გასული რამზან კადიროვისგან დიდ მოულოდნელობას აღარ წარმოადგენდა მისი მორიგი დამუქრება - ერთი პუტინმა ნება დამრთოს და მთელ უკრაინას დავაჩოქებ და რუსეთს მოვგვრიო...
რამზან კადიროვი თავის ორ ათეულ ათასამდე კარგად გაწვრთნილი და შეირაღებული მებრძოლით მართლაც წარმოადგენს დიდ საფრთხეს მეზობელი საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა უარყოფითი როლი შეასრულა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში ჩვენ წინააღმდეგ ჩეჩნების ნაწილმა.
მაგრამ დღევანდელი უკრაინა 2014 წლის დროინდელი აღარ არის, როდესაც ჩეჩნეთიდან, ასევე - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დონბასში ჩასული ათასი ჯურის შეიარაღებული პირი საშინელებებს სჩადიოდა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
უკრაინის არმიას შვიდი წლის შეუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებების მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა და კადიროვის "ჯარისკაცებს“ ადვილი "გასეირნება“ აღარ მოუწევთ უკრაინის ტერიტორიაზე...
პუტინის ნატოსადმი დაქადნება და მისი "ერთგული ჯარისკაცის“ - კადიროვის დამუქრება უკრაინაზე, კიდევ ერთხელ კარგად მიუთითებს იმას, რომ ამ კატეგორიის ხალხთან საუბარი მოლაპარაკებებით და დაყვავებებით არ შეიძლება, მათ მხოლოდ ძალის დემონსტრაციის ენა ესმით...