ნიკა მელია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: "როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე მას არ გაეგება ჯანდაცვის სისტემის" - კვირის პალიტრა

ნიკა მელია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: "როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე მას არ გაეგება ჯანდაცვის სისტემის"

"დამცინავი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე მაღალდაფინანსებად უწყებას უნიშნავ ადამიანს მინისტრად, რომელსაც, როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრად ზურა აზარაშვილის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

"ის მხოლოდ იმიტომაა იქ წარმოდგენილი, რომ არის ხელის ადამიანი და "ქართუ ჯგუფის" თუ ბანკის თანამშრომელი. ეს არის რეჟიმი! სანამ ჩვენ ძალიან დიდ სიმართლეს ერთმანეთს არ ვეტყვით, რომ ვართ არამარტო პოლიტიკური ოპონენტების ოპოზიციაში, არამედ რეჟიმის ოპოზიციაში, არ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"რაც შეეხება 3 პრეზიდენტის შეხვედრას არის სავსებით შესაძლებელი. აქ არის საჭირო ნება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

"მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი მარგველაშვილი არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ნებაა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო და ვფიქრობ, წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. ვფიქრობ, უახლოესი მომავალი ამ პროცესის წარმატებას თუ წარუმატებლობას ჩვენ დაგვანახებს - ვგულისხმობ 3 პრეზიდენტის შეხვედრის საკითხს", - განაცხადა მელიამ.