კახა კუკავა: "მე, ლევან გაჩეჩილაძესა და ეკა ბესელიას ერთნაირი პოლიტიკური წარსული გვაქვს" - კვირის პალიტრა

კახა კუკავა: "მე, ლევან გაჩეჩილაძესა და ეკა ბესელიას ერთნაირი პოლიტიკური წარსული გვაქვს"

"ქართული პარტიიდან“ წამოსული ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანამებრძოლის - ეკა ბესელიასა და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას პირდაპირ არ ადასტურებს კახა კუკავა, მაგრამ ამბობს, რომ ამ სამ ადამიანთან სიამოვნებით ითანამშრომლებს, რადგან "მათ ერთნაირი პოლიტიკური გზა აქვთ გავლილი". მისი თქმით, შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე, ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია დღეს-ხვალ პოლიტიკური პარტიის შექმნას ვაპირებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" ღიაა და მზად ვართ, სხვებთან ერთად განვაგრძოთ ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ამ სამ ადამიანს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

- მოგვიანებით სწორედ ასეთი ინფორმაცია დასტურდება ხოლმე.

- არ გამოვრიცხავ, ასეც მოხდეს. არ მითქვამს, ეს კატეგორიულად გამორიცხულია-მეთქი. ამ ადამიანების ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანება, ალბათ, ლოგიკურიც იქნება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის რეალური ძალა, რომელსაც რადიკალურ ოპოზიციას უწოდებენ. არც "გარვიანებული" ვართ და არც "გაექვსიანებული", არც "ვასმიორკებით" დავდივართ და არც ვინმეს "შესტიორკები" ვართ. ბევრი საერთო გვაქვს, თუნდაც ის, რომ 26 მაისისა და 7 ნოემბრის დაზარალებულები ვართ და საერთო ბრძოლა გვაერთიანებს.

- 7 ნოემბერსა და 26 მაისს სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დაზარალდნენ.

- დიახ, მაგრამ ვინც 7 ნოემბერს დაზარალდა, 26 მაისს თავი აარიდა. ჩვენ სამს კი ის გვაერთიანებს, რომ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ სხვებივით პოლიტიკური კურსი არ შეგვიცვლია. პირიქით, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტეთ. იმ დღიდან 26 მაისის დარბევამდე ეს ორი პოლიტიკოსი თავის საქმეს აქტიურად აკეთებდა.

- ლევან გაჩეჩილაძე და ეკა ბესელია მაისის პოლიტიკური პროცესების აქტიური ფიგურები არ ყოფილან.

- როგორ არა, იყვნენ, უბრალოდ აქციის ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. ტრიბუნაზე კი არა, ხალხთან ვიდექით. პოლიტიკურად აქტიური ფიგურები არ ვიყავით, მაგრამ დარბევის ღამესაც იქ ვიყავით. ამიტომ ვამბობ, ერთნაირი გზა გვაქვს გავლილი-მეთქი.

- თქვენთან ერთად კოკა გუნცაძეც იქნება?

- არა, ჩვენი პარტიული ინტეგრაციის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, უბრალოდ თანამოაზრეები ვართ. ჩვენ პოზიციას იზიარებს ალეკო შალამბერიძე, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც სინდის-ნამუსი და პრინციპულობა ეყო და "რვიანზე" სიმართლე თქვა, ამ პოლიტიკური გაერთიანებისგან არაფერი გამოვა, რადგან ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლების დავალებებს ასრულებენო. დანარჩენები უსინდისოდ იტყუებოდნენ. ასე რომ, ყველა პრინციპული ადამიანი ჩვენი თანამოაზრეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დროულია ახალი პოლიტიკური გაერთიანების გამოჩენა?

- დღეს ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა არსებობს - პარტია "თავისუფალი საქართველო" და მისი გაფართოება ჩვენი პრიორიტეტია. თუ ისინი ჩვენთან თანამშრომლობას მოისურვებენ, გამიხარდება.

- ლევან გაჩეჩილაძეს მუდმივად სკანდალებშია გახვეული. ეს უხერხულობას არ შეგიქმნით?

- რა თქმა უნდა, სკანდალები არის და იქნება "რუსთავი 2"-სა და "რეალ TV"-ზე იმ პირების გარშემო, ვინც ხელისუფლებისთვის მიუღებელია, თორემ რაში სჭირდებათ მათზე ცუდის თქმა, ვინც 26 მაისს მომხდარზე პასუხისმგებლობას მომიტინგეებს აკისრებდნენ. ასე რომ, სკანდალები ჩვენთვის სტიმული და ერთგვარი გარანტიაა საზოგადოების წინაშე, რომ ეს რამდენიმე ადამიანი ვართ რეალური ოპოზიციური ძალა და არა ისინი, ვისაც ღამღამობით ხან მაჭავარიანის მისაღებში პოულობენ და დღისით კი ბოკერიას სამდივნოში.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)