"გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა" - კვირის პალიტრა

"გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა"

"გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში ან უცხოეთში სამკურნალოდ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გორის კლინიკამ მოულოდნელად შექმნა სამედიცინო დოკუმენტაცია, თითქოს სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, რაც „პროფესიულ სინდისზე ხელის აღებაა“.

„გორის კლინიკამ უკვე გაიფუჭა რეპუტაცია და რეჟიმის სამსახურში ჩადგა, ვინაიდან მოულოდნელად შექმნეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თურმე ის განკურნებული ყოფილა, ამიტომ მზად არის, გადავიდეს ციხის პირობებში. ეს უკვე ნიშნავს პროფესიულ სინდისზე ხელის აღებას. ვიცით რა, სამედიცინო კომისიის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროებს შემდგომ მკურნალობას, მათ შორის ისეთი სახის გამოკვლევებს, რომლის უზრუნველყოფაც ამ კლინიკას არ შეუძლია, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ის იყოს გადაყვანილი საქართველოში მაღალი ხარისხის სამოქალაქო კლინიკაში. ხოლო თუ ამის უზრუნველყოფა არ შეეძლებათ და ისევ დაიწყებენ ძველ სიმღერას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუ ისევ უსაფრთხოების საკითხებით დაიწყეს მანიპულირება, მაშინ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სააკაშვილის წერილი გამოიტანა, სადაც ის წერდა, რომ ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც ცუდად გახდა.

„არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"