"საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა დასრულების მრუდზეა - ქვეყანაში "ომიკრონის" ვირუსით მეექვსე ტალღა შემოდის" - კვირის პალიტრა

"საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა დასრულების მრუდზეა - ქვეყანაში "ომიკრონის" ვირუსით მეექვსე ტალღა შემოდის"

პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დასრულების მრუდზეა - ქვეყანაში მეექვსე ტალღა „ომიკრონის“ ვირუსით იქნება განპირობებული“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ამ დროისთვის 3500-ზე მეტი საწოლია თავისუფალი, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

„4 ოქტომბრიდან დღემდე, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ათასს პირველად ჩამოცდა. შესაბამისად, შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, შემცირებისკენ მიდის. ციფრები და ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდი, კერძოდ, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც 3500-ზე მეტია. ამდენი თავისუფალი საწოლი არ ყოფილა ბოლო 2 თვის განმავლობაში “, - აღნიშნავს ჩხაიძე.

მისივე თქმით, „კორონავირუსით“ ინფიცირებულ პაციენტებში 3-4 დღეა კლინიკური ნიშნების გამოვლენის პერიოდი.

„სიმპტომატიკა მძიმე არ არის. არ არის ძლიერი თავის ტკივილი, როგორც გრიპის დროს. მიმდინარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმე და ხანმოკლე. ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, კონტაქტიდან სამ დღეში ვლინდება დაავადების ნიშნები, განსხვავებით „დელტასგან“ და ჩინური ვარიანტისგან ,- განმარტავს ჩხაიძე მედიაჰოლდინგ "კვირაში".