გიგანტური ქვების საუფლოში - კვირის პალიტრა

გიგანტური ქვების საუფლოში

მოგზაურობა მომდევნო დილით განვაგრძეთ. ადრიანად გავიღვიძეთ, ბარგი ჩავალაგეთ, ჩვენს სასტუმრო "მატია ნასოსს" ანუ სიმუსურად - "მაიტა ნასოსს" გამოვემშვიდობეთ და ხეირიანად რომ დაგვეთვალიერებინა, სასტუმროდან იქვე ახლოს, ბერების ხეობაში, ე.წ. ფაშაბაღის სოკოებთან მეორედ მივბრუნდით. გზად კინაღამ კუს გადავუარეთ - ჩვენმა შტურმანმა ზვიად ჩიტაურმა იმარჯვა და დამუხრუჭება მოასწრო. სიცოცხლეგადარჩენილ კუს კი მის მხსნელთან მაგიდა-მთის ფონზე ფოტოსესიაც მოვუწყვე! კუ გავუშვით, მაგიდა-მთებსაც ჩავუქროლეთ და - 3-4 მილიონი წლის წინათ, უნიკალური რელიეფის გამოქვაბულში მოთავსებულ თანამედროვე თურქულ ჟანდარმერიასაც.

ასე მივადექით ულამაზეს ბერების ხეობას - ე.წ. ფაშაბაღებს.

2-1640680160.jpg

მოგვიანებით ჩემმა მეგობარმა გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა ამიხსნა, რომ იქ არსებული სხვადასხვა უნიკალური ფორმის ფიგურა, სამეცნიერო ენით - გეომორფოლოგიური შთენილი, რამდენიმე მილიონი წლის წინ კაპადოკიის სამი უზარმაზარი ვულკანის ამონაფრქვევი ლავის შედეგად წარმოიქმნა. დროთა განმავლობაში მასზე წყალმა და ქარმა მოახდინა ზემოქმედება და ასეთი უნიკალური მნიშვნელობის ბუნებრივი წარმონაქმნები იმიტომ მივიღეთო.

ამ უზარმაზარი ქვების თვალუწვდენელ საუფლოში ისეთი ლილიპუტები ვჩანდით, ლამის ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით. ძალიან კი ვცდილობდით, სიმაღლეები შეგვერჩია და ზემოდან დაგვეხედა ხეობისთვის, მაგრამ... აშკარად ამაოდ ვშთებოდით.

3a-1640680188.jpg

3b-1640680205.jpg

ბევრი ვეძებეთ, მაგრამ აქ ურღუპის მსგავს "ოჯახს" ვერსად წავაწყდით, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვის თეთრ მთებზე წამომართული "ცხოველთა და ფრინველთა" დიდი "ფერმა" ვიხილეთ.

4-1640680223.jpg

ცხადია, ნამდვილი ცხოველებითაც დავტკბით, უფრო ზუსტად, აქლემების ოჯახით, რომელიც იქაურ თურქებს შემოსავლის წყაროდ უქცევიათ - ვინ ფოტოს იღებს მათთან, ვინ დასეირნობს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მე ცოცხალი თავით არ მივუახლოვდი აქლემებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ზოოპარკებში მენახა, მაგრამ გავითვალისწინე, რომ ბარაქიანი შეფურთხება იციან და ვაითუ, თვალში არ მოვუვიდე რომელიმეს-მეთქი...

5-1640680250.jpg

სახტად დავრჩით, როდესაც ამ ქვის საუფლოში ვაზს გადავეყარეთ. იქვე შევიტყვეთ, რომ კაპადოკიის ტერიტორიაზე პირველად სწორედ აქ მოუშენებიათ ვაზი.

6-1640680277.jpg

ულამაზეს გოლიათ ქვებში ერთდროულად ორი შეყვარებული წყვილიც აღმოვაჩინე - ქვის და ადამიანის. დარწმუნებული ვარ, თქვენც იოლად შენიშნავთ ორივეს.

7-1640680300.jpg

აქვე ყოფილა სიმეონ მესვეტის კელიაც, სადაც წმინდანი V საუკუნეში, წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ეს ის დიდი სიმეონ მესვეტე გახლავთ, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში. რამდენიმე წლის წინ ამ სამლოცველოში, თურმე, ხისსაფეხურიანი კიბით ადიოდნენ დამთვალიერებლები, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, ეს კიბე დაზიანებულია და, როგორც თქვეს, მგონი, არც არავინ ფიქრობს მის აღდგენას. შესაბამისად, იქ ვერც ჩვენ მოვხვდით. ცნობილია, რომ სამლოცველოდან აღმოსავლეთით, 100 მეტრში კლდეში გამოკვეთილია ნიშა წარწერით: "მიმიღე, განსასვენებელო", რაც ზოგიერთ მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ სწორედ აქაა წმ. სვიმეონ მესვეტე დაკრძალული.

გიგანტური ქვების ცენტრშია გამოკვეთილი პატარა ეკლესიაც. შესასვლელთან ჯვარიც არის. ზუსტად მის წარმომავლობას ვერ გეტყვით, მაგრამ, ზოგადად, იმ კონკრეტულ ადგილას ეკლესიის არსებობდა გასაკვირი მართლაც არ არის.

8-1640680393.jpg

8b-1640680408.jpg

დიდი ხნით ვერც ფაშაბაღებში დავყოვნდით, რადგან შორი გზა უნდა გაგვევლო... იჰლარას ხეობის კლდეში ნაკვეთი ეკლესიების დაკეტვამდე უნდა მოგვესწრო ჩასვლა. იქ უპირველესად უნიკალური ფრესკის ნახვას ვესწრაფვოდით, ფრესკის, სადაც ერთად არიან გამოსახულნი წმინდა გიორგი, გურჯი ხათუნი და სულთანი. ამიტომ ფაშაბაღებში ბოლო სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ და იჰლარასკენ გავეშურეთ.

9-1640680426.jpg