"რა შეაფერხა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის საქმიანობამ, კონკრეტულად რა გაფუჭდა" - კვირის პალიტრა

"რა შეაფერხა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის საქმიანობამ, კონკრეტულად რა გაფუჭდა"

"ალბათ, კარგი იქნებოდა ინიციატორებს ჰქონდეთ ისეთი კვალიფიციური პასუხი შეკითხვაზე: რა შეაფერხა ინსტიტუტისასეთმა საქმიანობამ, კონკრეტულად რა გაფუჭდა", - ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა თამარ კორძაიამ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას ინიციატორებს მიმართა კითხვით, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ინსპექტორის სამსახურის ამ სახით ჩამოყალიბებისას შეცდომა დაუშვეს, ახლაც ხომ არ ფიქრობენ, რომ იმავე შეცდომას უშვებენ.

„ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საწინააღმდეგოდ წინა მოწვევის პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, დღეს ეუბნებიან, რომ ამის მიღება არ შეიძლება ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში, მაგრამ ჩემი შეკითხვაც იყო საინტერესო ინიციატორთან, მაშინ თუ დაუშვით შეცდომა, როგორ ფიქრობთ, ახლაც ხომ არ უშვებთ შეცდომას, როცა სხვებს არ უსმენთ-თქო და პასუხი არ გაუცია. ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ დღეს ხელისუფლება თვითნებობს და მეორე, დაჩქარებული წესით იღებს ისეთ ცვლილებებს, რომელზეც ერთი წლის მერე თუ დასჭირდა, ისევ გვეტყვის, ბოდიში შეცდომა დავუშვით მაშინო. ალბათ, კარგი იქნებოდა ინიციატორებს ჰქონდეთ ისეთი კვალიფიციური პასუხი ასეთ შეკითხვაზე: რა შეაფერხა ინსტიტუტის ასეთმა საქმიანობამ, კონკრეტულად რა გაფუჭდა, როდესაც ინსტიტუტი ასე მუშაობდა, რატომ ვიღებთ დაჩქარებული წესით მაინც და მაინც ახალი წლის წინა საათებში ამ ცვლილებებს და რატომ არ შეიძლება თუნდაც რიგგარეშე სხდომები ჩატარდეს იანვარში და იანვარში უფრო კვალიფიციურად განვიხილოთ ეს საკითხები? მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.