"მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება" - რას აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება" - რას აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი?

როგორც განგვიმარტეს, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, მას ხვალ ახალი მკურნალი ექიმი დაენიშნება, რომელთან შეხვედრის შესაძლებლობაც მოგვეცემა. დაველოდებით ხვალინდელ დღეს, თუმცა დღეს რაც მოხდა, ეს თავისთავად დარღვევაა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა განაცხადა.

როგორც საბა ბრაჭველი ამბობს, მას დღეს ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"გუშინ, თავად პატიმრის განცხადებით, იყო არასათანადო მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტი, გვინდოდა ამაზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. ჩვენი არ შეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაცია გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს", - აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დღეს ასევე იმყოფებოდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძეც, თუმცა სააკაშვილის მოსანახულებლად არც ის შეუშვეს.

ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.

"ინტერპრესნიუსი"