"გარიყული ლიდერები ბოროტ საქმეებს ჩუმად გეგმავენ: უკრაინისა და ტაივანის გარდა არის სხვა ცხელი წერტილებიც 2022 წლისათვის“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"გარიყული ლიდერები ბოროტ საქმეებს ჩუმად გეგმავენ: იმ დროს, როცა უკრაინა და ტაივანი პრესის სტატიებში ხშირად ხვდება, არის სხვა ცხელი წერტილებიც 2022 წლისათვის“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც პროგნოზირებულია კონფლიქტების გაჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე (ავტორი - როჯერ ბოისი, პოლიტიკური მიმომხილველი).
"დღეს აშკარად ჩანს, მსოფლიოში ორი მთავარი კონფლიქტი სად შეიძლება გაღვივდეს - რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და ჩინეთ-ტაივანის ხელისუფლებას შორის, მაგრამ მოსკოვისა და პეკინის მიმართ უკვე ისეთი დიპლომატიური მოლაპარაკებები იწყება, რომ "იარაღის ჟღარუნის“ მიუხედავად, არც ერთი და არც მეორე მხარე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისათვის ჯერ მზად არ არის“, - წერს როჯერ ბოისი.
პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, დასავლეთის გონება ჩასწვდა იმას, რომ უკრაინისა და ტაივანის თავისუფლებები ურთიერთკავშირშია, რაც სავარაუდო აგრესორებისათვის გამაფრთხილებელი მომენტია და მათ აიძულებს, შედეგებზე იფიქრონ და შეჭრის გეგმები გადადონ:
"მე შეიძლება ზოგიერთმა ზედმეტად ოპტიმისტად ჩამთვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: აშკარაა, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარი და ტაივანის სრუტე ძლიერი საერთაშორისო დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, კრიზისული გეგმები უკვე შედგენილია და, აქედან გამომდინარე, სიტუაცია ნაკლებად სარისკოა. მაგრამ არის ისეთი კონფლიქტის კერები, რომელიც დასავლური დიპლომატიის ყურადღების პერიფერიებში მოექცა. პირველი მათ შორის შეიძლება დავასახელოთ პაკისტანის ნავსადგური გვადარი, რომელსაც ჩინეთმა უთვალავი ფული მოახმარა და სადაც პეკინი დე ფაქტოდ უზარმაზარ ჩინურ ქალაქს აშენებს. გვადარი ერთ-ერთი განშტოებაა ჩინური სატრანსპორტო დერეფნისა "ერთი გზა, ერთი სარტყელი“. პაკისტანის ადგილობრივი მოსახლეობა და ისლამისტები ძალიან დიდ უკმაყოფილებას ამჟღავნებენ ჩინური გეგმების მიმართ“, - აღნიშნავს როჯერ ბოისი.
მეორე მტკივნეული წერტილი მსოფლიოში, ავტორის აზრით, არის სირიის ქალაქ ლატაკიის ნავსადგური, სადაც ისრაელმა ფარული ძირგამომთხრელი მოქმედება დაიწყო. საქმე ის არის, რომ ლატაკიაში ირანის ძალებია განლაგებული, იქვე მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა "ხმეიმიც“ და ეს ყველაფერი არასტაბილურობის "ერთ დიდ გორგალს“ წარმოადგენს.
და ბოლოს, მესამე ცხელ წერტილად "თაიმსის“ მიმომხილველი ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს, რომლის ჰაკერების არმია საოცრად სწრაფად იზრდება. ჩრდილოკორეელ კიბერჰაკერებს სამხრეთელებისათვის დიდი უსიამოვნების მიყენება შეუძლიათ, და არა მარტო მეზობელი სამხრეთკორეელებისათვის, არამედ - მსოფლიოს სხვა შორეული სახელმწიფოებისთვისაც. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ