"მიშას შიშით, ზიზღით, ბოღმით ბიძინა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს" - როგორ აფასებს პოლიტიკურ პროცესებს დავით დარჩიაშვილი? - კვირის პალიტრა

"მიშას შიშით, ზიზღით, ბოღმით ბიძინა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს" - როგორ აფასებს პოლიტიკურ პროცესებს დავით დარჩიაშვილი?

საკადრო გადადგილებები და მთელი რიგი დანარჩენი მოვლენები აჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ქმნის ორი პიროვნება, ეს არის ბიძინა და მიშა,-ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის მოსაწონ ნაბიჯებს დგამს.

"მიშას შიშით, ზიზღით, ბოღმით ბიძინა გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ეს ნაბიჯები მის გუნდზეც აისახება. კუჭავას წასვლა, ეს იყო მისი ტონის არმოწონება ბიძინას მიერ იმიტომ, რომ რბილ შთაბეჭდილებას ტოვებდა ან კუჭავა იყო უკმაყოფილო ბოლოდროინდელი საკანონდებლო ცვლილებების ინიცირებით და მას არ უნდოდა ამაზე ხელისმომწერი ყოფილიყო. ყველა შემთხვევაში, როგორ უნდა იქცეოდეს გუნდი, რა კანონები შემოჰქონდეს, როგორ უნდა გამოხატავდეს თავის დამოკიდებულებას ოპონენტების მიმართ, ეს ბიძინასგან მოდის, მის მოსაწონად იქცევიან ასე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კრედო ოპოზიციის განადგურებაა.

„ოპოზიცია უნდა განადგურდეს- ეს არის ბიძინას კრედო, ამ გზაზე დგას. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ამ გზიდან თუ არ გადაუხვია, თვითონ გადაყვება ასეთ დამოკიდებულებებს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არის მოცემულობა და ამ ნიშნით მიდის 2021 წელიც“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ლონდა თოლორაიას მისი საქმიანობის გამო სჯიან.

"ვისაც კი ლოგიკასთან შეხება ჰქონია და ოდნავ კრიტიკულად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მის ხელმძღვანელს იმის გამო სჯიან, რომ მან გარკვეული გამოძიება ჩაატარა და შედეგები დადო, იუსტიციის სანინისტრო დაადანაშაულა იმაში, რაშიც დასადანაშაულებელი იყო. ამიტომ სჯიან სასწრაფოდ, არ უწევენ ანგარიშს ელემენტარულ ლოგიკას, რომ ეს ამის ბრალია. არ უწვენ ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობის ხისტ გამოხმაურებებს“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, თუ სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, დასავლეთთან ქვეყნის ურთიერთობები გაფუჭდება, რაც ცუდი პოლიტიკური შედეგის მომტანი იქნება.

როგორც დავით დარჩიაშვილი აცხადებს, ლოგიკური იქნება, თუკი პრეზიდენტს ეს საკითხი აწუხებს, ვეტოს უფლება გამოიყენოს.

"ეს იქნება მესიჯი, რომ შეზღუდული უფლებების მქონე, მაგრამ უკვე მესამე ინსტიტუტი სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის შემდეგ, არსებითაც ოპოზიციაში უდგას დღევანდელ მმართველ რეჟიმს. მიაჩნია, რომ ქვეყანაში ცუდი რამ ხდება და ამ ცუდ რამეზე პასუხისმგებელი არის სწორედ "ქართული ოცნება. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვისაც და განსაკუთრებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის",- განაცხადა დარჩიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"