"50-მეტრიან ხრამშია გადავარდნილი მიკროავტობუსი, დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა, იქ ავარია არასოდეს მომხდარა" - კვირის პალიტრა

"50-მეტრიან ხრამშია გადავარდნილი მიკროავტობუსი, დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა, იქ ავარია არასოდეს მომხდარა"

საშინელი ავტოავარია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ ანანურთან 29 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მერსედერსის მარკის "სპრინტერი" "ნივას" შეეჯახა, რის შემდეგ ხევში გადავარდა. როგორც ამბობენ, მანქანაში 9 პირი იჯდა, ძირითადად ტურისტები. სამწუხაროდ, 2 ადამიანი, დედა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი არასრულწლოვანია. დანარჩენმა მგზავრებმა ავტოავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღეს. დაშავებულების ნაწილი თბილისში, ზოგიერთი კი მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც მერის წარმომადგენელი სოფელ ანანურში გენადი გულბათაშვილი ამბობს, ავარიის დროს სიკვდილს გადაურჩა "ნივის" მძღოლი. "არ მისული ანანურის ხიდთან მოხდა ეს შემზარავი ტრაგედია. შეჯახების შემდეგ "სპრინტერი" სავალი ნაწილიდან გადავარდა და 50 მეტრის სიღრმის ხრამში ჩავარდა. ორივე მანქანა ერთ ზოლზე მოძრაობდა, წინ მიდიოდა რუსული წარმოების "ნივა", რომელსაც მართავდა ადგილობრივი, სოფელ ჭართლის მაცხოვრებელი. რა მოხდა არ ვიცით, შესაძლოა გასწრებას ცდილობდა "სპრინტერის" მძღოლი, რადგან "ნივას" გვერდიდან არის დაჯახებული, იმდენად ძლიერი იყო დაჯახება, რომ მანქანის საბურავი მოძვრა. მძღოლი გადარჩა. ეტყობა შეჯახების შემდეგ ვეღარ დაიმორჩილა საჭე, დაკარგა ორიენტაცია და გადავარდა 50 მეტრიან ხრამში, მანქანა რამდენჯერმეა გადაბრუნებული. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები და მაშველები, თხოვდნენ ყველას ახლოს არავინ მისულიყო. როგორც ვიცი, ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მიკროავტობუსის მძღოლი გადარჩა, სამაშველოს უფროსს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მძიმედ დაშვებულები არიან, საერთოდ მიკვირს იქ როგორ გადარჩა ვინმე. ორივე მანქანა მოდიოდა ჟინვალიდან ანანურის მიმართულებით, რამ განაპირობა ავარია არ ვიცით. იქ ავარია არასოდეს მომხდარა. არ არის საავარიო ადგილი, როგორ და რატომ მოხდა, არ ვიცით. ყველა ტურისტები არიან, ძალიან მძიმე ამბავია. გადაანაწილეს სხვადასხვა კლინიკებში დაშავებულები. გამიკვირდა იქ ხალხი როგორ გადარჩა, მაშველები იყვნენ, მაგრამ დაშავებულების ამოყვანის პრობლემა არ იყო, გზა არის ქვევით, სადაც ჩავარდა, იმ მხარეს წყალი არ არის".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)