"თურქეთში დაწყებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი 2022 წლიდან აუცილებლად უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე" - კვირის პალიტრა

"თურქეთში დაწყებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი 2022 წლიდან აუცილებლად უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე"

ცოტა ხნის წინ თურქეთის ქალაქებში, ანკარასა და სტამბოლში, მოქალაქეებმა ეროვნული ვალუტის გაუფასურება გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ. "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" საფლავში, ხალხი - ხელისუფლებაში!"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისიდან კი თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული. რა გავლენას იქონიებს თურქეთში დაწყებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაზე, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ 2022 წლისთვის რეგიონის პოლიტიკურ დღის წესრიგში და რა შეიძლება გახდეს მთავარი საფრთხე, გამოწვევა საქართველოსთვის? - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ამასთან, იქ ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე მუშაობს, თურქეთში დაწყებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი 2022 წლიდან აუცილებლად უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. გრძელვადიანი პრობლემები შეიქმნება ორმხრივი ვაჭრობის კუთხით, შემცირდება თურქული ინვესტიციები და ამასთანავე, დაიკლებს ტურისტთა რაოდენობაც. რაც შეეხება 2022 წლის მთავარ გამოწვევას, ჩემი აზრით, ეს იქნება რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ახალ გაერთიანებას, მთავარია - შინაარსი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს უკრაინას და საქართველოს, იმიტომ, რომ ამ ორი ქვეყნის გარეშე შეუძლებელია საბჭოთა კავშირის აღდგენა.

- თქვენი კოლეგების ერთი ნაწილის ვერსიით, "3+3" სწორედ ის ფორმატია, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენაზე იმუშავებს.

- ოკუპანტ ქვეყანასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, ნებისმიერ ფორმატში, საფრთხის შემცველია.

- თქვენი ვერსიით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მიერ "3+3" ფორმატში მონაწილეობაზე უარის მიუხედავად, შეხვედრაზე ქართული დროშა მაინც ფრიალებდა, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ გამიზნული ჟესტი?

- დიპლომატიაში შემთხვევით არაფერი არ ხდება, მითუმეტეს - რუსულ დიპლომატიაში. მოსკოვში კარგად იციან საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი დამოკიდებულება, რასაც ჩვენთან არგაღიზიანების პოლიტიკას ეძახიან. შეგახსენებთ ზალკანიანის განცხადებას, სადაც ის რაღაც ტიპის გაერთიანებაში შესვლას დასაშვებად მიიჩნევდა, მაგრამ როდესაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია დაინახეს, ყველაფერი ჟურნალისტს გადააბრალეს. ამიტომ გამოჩნდა იქ საქართველოს დროშა და ფორმულირებაც "3+3" და არა - "3+2". მთავარი ის არ არის, ჩვენს ხელისუფლებას დეკლარირებული რა აქვს, მთავარია შინაარსი. გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანას დეკლარირებული აქვს პროდასავლური კურსი, მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი იკლებს, როდესაც ხელისუფლება იწყებს შეტევას დამოუკიდებელ მედიაზე და, ზოგადად, ნებისმიერ დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ დეკლარირებული განაცხადიდან გადახვევის მცდელობასთან გვაქვს საქმე.

batiashvili.png

- ასეთ მოცემულობაში რამდენად ადეკვატური და სწორია ოპოზიციის ბრძოლა?

- ოპოზიცია სუსტია, ახალს ვერაფერს გვთავაზობს. ჩამოყალიბდა ასეთი სტატუსკვო - ოპოზიცია ვერ ახერხებს ახალი მხარდამჭერების მობილიზებას და ხელისუფლება ამით ხეირობს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ახალი მხარდამჭერების მობილიზებას?

- მიზეზი ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ხალხს მობეზრდა ძველი სახეები და დაპირებები, რომლებიც წლიდან წლამდე არ იცვლება.

- ვიდრე ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში იყვნენ გართულნი, რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა ძალთა ბალანსი. ჩვენს სამეზობლოში ისე დაიწყო და დამთავრდა ომი, რომ ჩვენ ვერც ომის დაწყების პროცესი გავაანალიზეთ და ვერც შედეგები განვსაზღვრეთ. დაგვრჩა თუ არა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ რეგიონში აქტიური მოთამაშის სტატუსი შევინარჩუნოთ?

- დიახ, გასულ წელს, ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ძალთა ბალანსი. მივიღეთ გამარჯვებული რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, დამარცხებული სომხეთი და საქართველო, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აწყობს რეგიონში რუსული ძალების მომატება. რეგიონული მოთამაშის სტატუსის შესანარჩუნებლად პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოს პოლიტიკური ელიტის - ხელისუფლების და ოპოზიციის ინტერესი 95%-ით მიმართულია შიდა საკითხებზე და მხოლოდ 5% ეთმობა საგარეო თემებს. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ დამატებად, სავალდებულო სადღეგრძელოსავით იქცა, რომლის ბოლოშიც ყველამ უნდა თქვას, რომ დასავლურ ორიენტაციას უჭერს მხარს. სამწუხაროდ, რეალობა არის სხვა და საქართველო მხოლოდ განცხადებების დონეზე რჩება დასავლურ რელსებზე.

- რამდენიმე ხნის წინ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთის "მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე" და ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. თქვენი ვერსიით, რა პროცესია ეს და რა სარგებელს შეიძლება ველოდოთ ჩვენ აქედან?

- მე დიდი მოლოდინი არ მაქვს. მშვიდობიანი კავკასია ძალიან კარგია, მაგრამ ამას წყვეტენ ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები და არა - საქართველო და სომხეთი. ჩვენ ისეთი პრობლემების მოგვარებასაც კი ვერ ვახერხებთ, როგორიც ტერიტორიების შენარჩუნებაა და არც არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ფაშინიანის და ღარიბაშვილის შეხვედრა ერთ-ერთი ისეთი შეხვედრაა, სადაც ბევრ სასიამოვნო ფრაზას მოისმენთ, მაგრამ ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)