"მე უფრო პირად დღესასწაულებს ვაღიარებ და არა ვიღაცის დაწესებულს" - კვირის პალიტრა

"მე უფრო პირად დღესასწაულებს ვაღიარებ და არა ვიღაცის დაწესებულს"

ვისაც ბიძინა მახარაძის განუმეორებელი სხარტულები მოუსმენია, ვერც კი იფიქრებს, რომ ის ძალიან დინჯი, სერიოზული ადამიანია და მისი ყოველდღიური ყოფა დიდად არ განსხვავდება რიგითი ქართველის ყოფისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საბავშვო დღესასწაულად მიაჩნია, მასთან საუბარი მაინც მილოცვით დავიწყეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მე უფრო პირად დღესასწაულებს ვაღიარებ და არა ვიღაცის დაწესებულს. ვფიქრობ, ეს უფრო ბავშვების დღესასწაულია, ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა ყველაზე მეტად, პატარებს უხარიათ და ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს..."

"ანეკდოტური სიტუაციები ახალ წელს რუსეთში უფრო ხდება, რადგან იქ ეს დღესასწაული დალევას უკავშირდება. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, 20 დღით ადრე ლამის მთელი ქალაქი პარალიზებული იყო, არაფერი მუშაობდა და სადმე რომ მიხვიდოდი, უბრალო საბუთსაც კი არ დაგიწერდნენ: რას ამბობ, ახალი წელი მოდისო..."

"გონიოში დავიბადე და გავიზარდე, რომელიც ადრე პატარა რუსული დასახლება იყო. მახსოვს, საახალწლოდ ბავშვები მთელ სოფელს შემოვუვლიდით, მეზობლები მეკვლედ მისულ პატარებს ხელცარიელს ხომ არ გამოუშვებდნენ და კანფეტები გამოჰქონდათ, რაც მახარებდა. ახლა კი ახალ წელზე მეტად, შობა მიყვარს - ეს არის დღე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების დროს ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ და 42 წლის ასაკში მოვინათლე, შობა ჩემთვის მაინც უპირველესი დღესასწაულია..."

"ჩემს მეუღლეს უხარია: სუფრასაც აწყობს, ნაძვის ხესაც და ნათურებსაც რთავს, საცივს და გოზინაყს ყოველთვის ამზადებს. ვეხვეწები, დაგეხმარები-მეთქი, მაგრამ უარს ამბობს. ურჩევნია, ყველაფერს თვითონ მიხედოს. არადა, კულინარია მომწონს და კიდეც მეხერხება: შემიძლია, ხორციანი კერძები გავაკეთო, ჩახოხბილიც კარგი გამომდის და "სუპებიც". შვიდი წელი მარტო ვცხოვრობდი და "მზარეულობა" მაშინ ვისწავლე. ვაღიარებ, კულინარია ძალიან საინტერესო რამეა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე