"ბაგრატიონების ორი შტო ერთმანეთს უჩიოდა... და დავიწყეთ კამპანია "საბო - მეფედ!" - კვირის პალიტრა

"ბაგრატიონების ორი შტო ერთმანეთს უჩიოდა... და დავიწყეთ კამპანია "საბო - მეფედ!"

რაზე სწყდებოდა გული ჰერმან საბოს მას შემდეგ, რას პარლამენტმა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მანდატი გაუუქმა, მისი ადგილი "გირჩის სამეფოს მეფემ" - ჰერმან საბომ დაიკავა. 2020 წლის საპარლამენტო სიაში ის მეხუთე ნომერი იყო. ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ დაბადების დღის საჩუქარი გაუკეთა, რადგან პარლამენტმა სწორედ 19 ნოემბერს ცნო მისი უფლებამოსილება. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დაახლოებით 100-120 წელია, რაც ჩემი გვარი საქართველოშია, უფრო ქართველი ვარ. ჩემი წინაპრები რუსეთის მეფის კარზე სამხედრო ჩინის მფლობელები იყვნენ და ისე მოხდა, რომ საქართველოში მოავლინეს. არქივებში ვეძებ მათზე ინფორმაციას. ერთი წინაპარი გორის მთავრის მოადგილე იყო, მეორე - ზაქათალას გენერალ-გუბერნატორი. ზაქათალა მაშინ თბილისის მაზრაში შედიოდა..."

"დედა ქართველი მყავს, სამაჩაბლოდან, მსახიობია მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მამა თეატრის რეჟისორი გახლდათ. თეატრში გაიცნეს ერთმანეთი. სამწუხაროდ, მამა 9 წლის წინ გარდაიცვალა. თბილისში სულ 6 თუ 7 საბოა დარჩენილი. ყველანი, სავარაუდოდ, ერთი შტოდან მოვდივართ. მყავს და, ანა საბო, რომელიც დიზაინერია. საერთოდ, საქართველოში წარმოშობით უნგრელი სულ 30-40 ადამიანია დარჩენილი..."

"უნივერსიტეტში პროცესმა იმდენად ამიცრუა გული სწავლაზე, რომ უბრალოდ, დიპლომის ასაღებად დავდიოდი. შესაბამისად, ბევრი დრო მქონდა, რომ მემუშავა და ოჯახს დავხმარებოდი. მსახიობისა და რეჟისორის ოჯახში გავიზარდე, მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. ყოფილა დღეები, იმდენი ამიღია ე.წ. ჩაისთვის, რამდენიც დედაჩემის მთელი თვის ხელფასი იყო. ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ მგონია, ეს იმაშიც წამადგა, რომ შრომის ფასი ვისწავლე..."

"გადავწყვიტეთ, ჩვენი საზოგადოება შეგვექმნა, რომელსაც ექნებოდა პატარა კონსტიტუცია, სადაც ჩამოვწერეთ, რა პრინციპების გვჯერა. ამ დროს იაგო ხვიჩიამ თქვა, ეს ჩვენი დაწერილი მოდელი ძალიან ჰგავს საკონსტიტუციო მონარქიას; იქაც მეფეს არა აქვს არანაირი ფუნქცია მშვიდობიანობის დროს და როცა სახელმწიფოს უჭირს, მაშინ მოდის და კრიზისმენეჯერია; მოდი, ჩავწეროთ და ჰერმანი იყოს ამ საზოგადოების მეფეო. სიმბოლური ტიტულია და ძნელბედობის ჟამს, მე და ლევან ჯგერენაიას გვაქვს ფუნქცია, აღმასრულებელი ხელისუფლება გადავიბაროთ მთლიანად და "გირჩი" დავაბრუნოთ ჩვენივე კონსტიტუციის ფარგლებში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა