"ვლადის წინაშე არ უნდა დავიჩოქოთ!" - რას წერს ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ვლადის წინაშე არ უნდა დავიჩოქოთ!" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამერიკულ ჟურნალ "ნეიშენელ რევიუში" (National Review) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ვლადის წინაშე არ უნდა დავიჩოქოთ!" (ავტორი - კევინ უილიამსონი), რომელშიც, ნატო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ხაზგასმულია, რომ დასავლეთმა გათავხედებულ რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

"რასაკვირველია, მოსწავლეებს შორის სკოლის ეზოს გარჩევების მსგავსი მოქმედება საერთაშორისო ურთიერთობებისათვის საუკეთესო ნიმუში არ არის, მაგრამ ზოგჯერ ხულიგნობის აღმკვეთი ყველაზე კარგი საშუალება ისაა, რომ დებოშის მომწყობს პირდაპირ ცხვირში დაარტყა და სისხლი წამოადინო.

მსოფლიო არენაზე ჩინეთმა რუსეთი, უზენაესი ბოროტმოქმედის როლში, მთლიანად დაჩრდილა და ახლა კრემლი თავისი მოქმედებით, პეკინს რომ გადაუსწროს, დასავლეთის ყურადღების მიპყრობას ცდილობს. კაცმა რომ თქვას, ბოლო დროს მოსკოვმა ყურადღება მართლაც დაიმსახურა - უკრაინას ომით ემუქრება და დასავლეთს ულტიმატუმს უყენებს - ნატო არ გააფართოვოთ, თორემ მშვიდობას დავარღვევო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის მიღებას 1990-იანი წლებიდან აჭიანურებს - კიევს ჯერ კიდევ იმ დროიდან სურდა მიღება, დღეს კი ქვეყანა სრულუფლებიანი წევრობის გზაზე დგას: 2008 წელს ნატომ და უკრაინამ წევრობის გეგმა შეათანხმეს, თანაც ახლახან გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინის მიღებაზე რუსეთს ვეტოს დადების უფლება არ აქვს. გამოდის, რომ ვლადიმერ პუტინი იმას ითხოვს, რაზედაც ნატომ ღია ტექსტით უარი თქვა - ახალი წევრების მიღების საკითხში მოსკოვს არავინ არაფერს დაეკითხება.

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ რუსეთი ხშირად ისტერიკებს მართავს და ამიტომ კრემლის გამოხტომებს იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევთ, რამდენიც საჭიროა. უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და თვითონ წყვეტს, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი უნდა იყოს. თავის მხრივ, ნატო სუვერენული სახელმწიფოების ორგანიზაციას წარმოადგენს აშშ-ის მონაწილეობით და თვითონ ადგენს, ვინ მიიღოს თავის რიგებში და ვინ - არა. რუსეთი კი მესამეხარისხოვანი ბანდიტური სახელმწიფოა, რომლის ლიდერთა მიერ გატარებული იდიოტური პოლიტიკის წყალობით, მოსახლეობა სიღატაკეშია ჩავარდნილი. წარმოიდგინეთ: გაზითა და ნავთობით მდიდარ რუსეთში მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე ლიეტუვის, ლატვიის ან სლოვაკეთის მშპ-ის მხოლოდ ნახევარს შეადგენს და ერთ მესამედს - პოლონეთთან შედარებით. უფრო მეტსაც ვიტყვი: რუსეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე პანამაში და კოსტა-რიკაში, ჩინეთთან შედარებით რომ არაფერი ვთქვათ. რუსეთის ბარბაროსული და დაუნდობელი მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ კარგად არის ცნობილი, მაგრამ როცა კრემლი არა მარტო ახლო მეზობლების სუვერენიტეტის შელახვას ცდილობს, არამედ - ისეთი ქვეყნებისაც, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი (სადაც კრემლი მკვლელობებს სჩადის) და აშშ (სადაც მოსკოვი არჩევნებზე გავლენას ახდენს), ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მთლად ხელიდან წასულ არამზადასთან.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი უნდა გავაძლიეროთო, მაგრამ სინამდვილეში თავისი რეალური მოქმედებით ევროპას არანაკლებად შორდება, ვიდრე ეს დონალდ ტრამპის დროს ხდებოდა. თეთრმა სახლმა თავისი უწესრიგო გამოსვლით ავღანეთიდან საქმე გაართულა და მას იმის შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ საკითხი რადიკალურად გადაწყვიტოს - მოიწვიოს ნატოს რიგგარეშე სამიტი და ალიანსში უკრაინის მიღების პროცესი დაიწყოს.

ენტონი ბლინკენის უწყებიდან (სახელმწიფო დეპარტამენტიდან) იქნებ ვინმემ შეახსენოს თავის ბოსს, რომ პოლონეთი, ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ბელარუსიის მხრიდან მადესტაბილიზებელი კამპანიის მსხვერპლი ხდება. ვლადიმერ პუტინის მომხრე ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრანტები თავისთან ჩაჰყავს და შემდეგ მათ პოლონეთში უკანონოდ გზავნის. ასეთ მოქმედებას თუ "საომარს" არ ვუწოდებთ, თავისი არსით ის მაინც "არამშვიდობიანია": მინსკი ლტოლვილებს და მიგრანტებს იარაღად იყენებს "რბილი" სოციალური ომის ჩარჩოებში. ვფიქრობ, ასეთი ქმედება ნატოს წევრი სახელმწიფოს მიმართ სამხედრო აგრესიად უნდა ჩაითვალოს და პასუხიც შესაბამისი უნდა გაეცეს.

ევროპელები ხვდებიან, რომ საერთო საგარეო პოლიტიკური გეგმა უნდა შემუშავდეს და თავდაცვის პოტენციალი გაძლიერდეს, მაგრამ დღეს ისინი ამერიკის სახით არასტაბილურ და არასანდო პარტნიორს ხედავენ. ძველი კეთილი და მტკიცე ურთიერთობების აღდგენას კი მრავალი წელი, ათწლეულებიც კი დასჭირდება. ცხადია, ამას ვერც ერთი სამიტით, ვერც შემრიგებლური განცხადებებით და ვერც გერმანიის ახალ კანცლერთან ერთი ტელეფონის ზარით ვერ მიაღწევ. აუცილებელია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ და სერიოზულად იფიქროს ატლანტიკური ალიანსის აღდგენაზე და გაითვალისწინოს არა მარტო ამჟამინდელი რუსული ხრიკები, არამედ სამომავლო კონფრონტაცია ჩინეთთანაც. სხვანაირად ჩვენ მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ ყოველივე ლაპარაკი დიპლომატიასა და ინტერნაციონალიზმზე მხოლოდ წინასაარჩევნო ფიციმტკიცია და - მეტი არაფერი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ