ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც საქართველომ 2021 წელს დაკარგა... - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც საქართველომ 2021 წელს დაკარგა...

კოვიდპანდემიამ, რომელიც საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ჯერჯერობით დაუმარცხებელ მტრად იქცა, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ოჯახებს დიდი ტკივილი მოუტანა. ყოველდღე კორონავირუსით გამოწვეული გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ათეულობით ადამიანი იღუპება.

2021 წელს კოვიდპანდემიით გამოწვეული გართულების და, ასევე, სხვადასხვა მიზეზის გამო, უამრავი ცნობილი ადამიანი გამოაკლდა ქართველ საზოგადოებას: ჯემალ ჭკუასელი, გელა ჩარკვიანი, კახი კავსაძე, გურამ დოჩანაშვილი, თემურ წიკლაური, ანზორ ერქომაიშვილი, რეზო გაბრიაძე, ზურა დოიჯაშვილი, ბუბა ხოტივარი, მარინა ჯანაშია, დავით სოკოლოვი, გოგა ოსეფაშვილი, ნუგზარ ზაზანაშვილი, გიორგი კახაბრიშვილი, ზურა ბაკურაძე, ზურაბ ინაშვილი, მამუკა ჩიხლაძე, მანანა მაჩაბელი, ნინო საკანდელიძე, გოჩა ლომია, ზურა სამადაშვილი, მიშო ჯაფარიძე, ლეილა ძიგრაშვილი, ზურა ქავთარაძე, ამირან ქადეიშვილი, ავთანდილ მიქაძე, ლევან ცუცქირიძე, ნინო თუთბერიძე, ერმალო მაღრაძე, თამაზ ტყემალაძე, ზურა რთველიაშვილი, ირაკლი ჭანტურია, მალხაზ გელაშვილი, ია ნანეიშვილი…

ყველასათვის საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და 2021 წლის 6 აპრილს, ანდერძის მიხედვით, შვილის გვერდით დაკრძალეს.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მწერალი სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს. იგი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში". მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

guramdochanashvili.jpg

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - "სამოსელი პირველი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება დოჩანაშვილის ინტერვიუ, სადაც მწერალი მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ტრაგედიასა და სირთულეებზე საუბრობს:

"ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან...“

2021 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე.

kvachantiradzee-1640943482.jpg

თამაზ კვაჭანტირაძე 1963-2006 წლებში იყო თსუ-ის ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1978-1990 წლებში ჟურნალის -"ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ ("ბალავარი“) რედაქტორი. ავტორი და წამყვანია სატელევიზიო საავტორო გადაცემის - "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში ტელეგადაცემის - "მოგზაურობა სასიტყვეთში“.

1993-1998 წლებში იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი.

თამაზ კვაჭანტირაძე 2000-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. ასევე, 2008-2012 წლებში - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები“. იგი წიგნების: "მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002) ავტორია.

2021 წელს საქართველომ კიდევ ერთ დიდი ხელოვანი, რეზო გაბრიაძე დაკარგა. ის 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის "მიმინო", "არ იდარდო", "ქინ ძა ძა", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე" და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

gabriadzee-1640944065.png

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, პრემიები - "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", "ცარსკოსელსკაია პრემია", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

71 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია.

"სული ბოთლიდან გათავისუფლებულ ჯინს ჰგავს, რომელიც სასწაულებს სჩადის... ცხოვრება მართლაც ისე უნდა განვვლოთ, რომ მარადისობაში აღმოვჩნდეთ. სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგებაო“...

marina-janashia.jpg

მარინა ჯანაშიას ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის, შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებებზე შექმნილ სპექტაკლებში. ფილმში "კუკარაჩა“ მან ანიკოს როლი შეასრულა.

2021 წელს საქართველომ უდიდესი მსახიობი კახი კავსაძე დაკარგა. ყველასათვის საყვარელი მსახიობი ვირუსთან თითქმის ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. მას კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში დაბრუნება კვლავ მოუხდა. მსახიობი 85 წლის ასაკში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

kavsadze.jpg

75 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლმა თემურ წიკლაური. მომღერალი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თითქმის ორ თვეს მკურნალობდა. თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიის" უცვლელი სოლისტი, ანსამბლ "ციცინათელას" წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო.

wiklauri.jpg

მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: "არწივი", "მეფე აიეტი", "გერვასი" და "ნიკო ფიროსმანი". მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის "საქართველოს მანანებო", ალექსანდრე ბასილაიას "იყიდება საქართველო", ვაჟა აზარაშვილის "დინამო" და სხვა. თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

14 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა.

doijashvili.jpg

ცნობილი ქართველი მომღერალი, ქორეოგრაფი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

chkuaseli.jpg

"ის ყოველმხრივ დიდი კაცი იყო, ყველანაირ სიყვარულში! და თუკი ჩვენს ქვეყანას თავისი სახელითა და გვარით ვინმე დარჩა, ვინც დღეს ცოცხალი აღარ არის, ერთ-ერთი იყო და არის ბატონი ჯემალ ჭკუასელიც!“ - ამბობს "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ივანე ჩხაიძე, ანსამბლ "ერისიონის" მენეჯერი და ჯემალ ჭკუასელის სიძე.

2021 წელს გარდაიცვალა პოეტი ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი).

jarjii-1640944431.jpg

ჯარჯი ფხოველი 27 მაისს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პოეტური კრებულების: "100 ლექსის“, "შავი რვეულის“, "ფურცლების“, "დილის არაყის“, "ჩაძირული არქიპელაგიას“ავტორია. მისი ბოლო კრებული "უდაბნოს წიგნი“ 2013 წელს გამოიცა.

2021 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი. გავრცელებული ინფორმაციით, ის "კოვიდ-19“-ს ებრძოდა.

ბუბა ხოტივარი 1946 წის 13 ივნისს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

buba-xotivari.jpg

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991 წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992 წწ.-ში იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წწ.ში - კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი" (ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა". იგი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

"ადამიანმა დედამიწა შეაწუხა თავისი გაუმაძღრობით, თავისი განუწყვეტელი ექსპლოატაციით. დედა რომ გაგიბრაზდება, იმას გვიკეთებს ახლა დედამიწა. ეს არის ალიყური, წამორტყმა გამოსაფხიზლებლად, იმიტომ, რომ ადამიანი თავს იღუპავს და დედამიწასაც ღუპავს განუწყვეტელი ნავთობის ქაჩვითა და გაზის ამოტუმბვით, ატმოსფეროს გათახსირებით. ერთმანეთს ეჯიბრებიან წარმოების გამრავალფეროვნებაში, არადა, გაცილებით ნაკლები სჭირდება ადამიანს ტანსაცმელიც, საჭმელიც... ადამიანს ნაკლები მატერიალური მოთხოვნილება რომ ჰქონდეს და მეტი სულიერი, დედამიწა ასე არ დასჯიდა“ - განაცხადა "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კინორეჟისორმა.

2021 წელს საქართველომ კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი - ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა. 81 წლის ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

1382erqomaishvili.jpg

"ყველა ერს, თუ მართლაც ერი არის, აქვს განსაკუთრებული იდენტობა, რის გარეშეც შეუძლებელია, ის ერი არსებობდეს, რადგან ინდივიდუალიზმზე არის, გარდა ყველაფრისა, ერებიც დაფუძნებული. რაღაც უძლიერესი აქვთ მათ, რაშიც ვლინდება იგი. ჩვენთან ეს არის მრავალხმიანობა. ანზორი ის კაცი იყო, ვინც ამას - ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც ჩვენ ძალიან განგვასხვავებს ბევრი სხვა ერისგან, დღედაღამ უჯდა, მასზე ფიქრობდა, პრაქტიკულად ამას ახორციელებდა, ეძებდა, როგორც ისტორიკოსი, მასალებს. საქართველოსთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა ამ უდიდესმა პიროვნებამ, ამ უდიდესმა ადამიანმა”, - მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი.

2021 წელს ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე იგი საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

charkvianigelaa.jpg

1992 წლიდან 2003 წლამდე საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. გელა ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან - ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

2001 წელს მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა. გელა ჩარკვიანმა შექსპირის "მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.