"საჰაერო დარტყმები თუ სახმელეთო შეჭრა: როგორი ვარიანტები აქვს პუტინს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"საჰაერო დარტყმები თუ სახმელეთო შეჭრა: როგორი ვარიანტები აქვს პუტინს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "საჰაერო დარტყმები თუ სახმელეთო შეჭრა: როგორი ვარიანტები აქვს ვლადიმერ პუტინს უკრაინისათვის?" (ავტორი - მაქს სედონი, მოსკოველი კორესპონდენტი), რომელშიც რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

"რადგან ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინას სამხედრო ოპერაციით ემუქრება, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, სხვადასხვა ფართო სცენარის მიხედვით იმოქმედოს: პირველი - შეზღუდული შეჭრით აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, ერთდროულად; მეორე - მიზანმიმართული საჰაერო (სარაკეტო და საავიაციო) დარტყმებით; მესამე - სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით, კიბერშეტევების თანხლებით.

განალაგა რა ასიათასიანი არმია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ მას "ყველა სახის ვარიანტები აქვს", თუ მისი მოთხოვნა უკრაინასთან და ნატოს გაფართოებასთან მიმართებით დაკმაყოფილებული არ იქნება.

აშშ-ის დაზვერვის ხელთ არსებული მონაცემებით, ვლადიმერ პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ ჯერ არ მიუღია. არის ვარაუდი, რომ რუსეთის ჯარების თავმოყრა საზღვრებთან შეიძლება ერთგვარი ხრიკი იყოს - კრემლმა დასავლეთი რაღაც დათმობაზე რომ აიძულოს.

"პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებისთვის დღეისათვის ვლადიმერ პუტინს უფრო მეტი "სამსახურებრივი გამოცდილება" აქვს", - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის პოლიტიკის შემსწავლელი არაკომერციული ორგანიზაციის (CNA) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - "განა კიდევ რამდენი ოპერაციის განხორციელებაა საჭირო, რომ დაიჯერონ - მისი განცხადებები ბლეფი რომ არ არის?"

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა უარყო, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს, მაგრამ მკაფიოდ მიანიშნა: რუსეთი მზადაა "შესაბამისი სამხედრო-ტექნიკური ზომების" მისაღებად, რათა "მკაცრი რეაგირება მოახდინოს მტრულ ნაბიჯებზე".

შეზღუდული შეჭრა

როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, ყველაზე სავარაუდო "კაზუს ბელი" (ომამდე მიყვანის საბაბი) დაახლოებით ისეთი იქნება, რომელმაც 2008 წელს საქართველოსთან ომი გამოიწვია. როგორც ცნობილია, იმ დროს კრემლმა თბილისის მცდელობებს - განეხორციელებინა თავისი სეპარატისტული რეგიონის გაკონტროლება, რომელსაც ზურგს მოსკოვი უმაგრებდა - უპასუხა სახმელეთო შეჭრით, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით, საზღვაო ბლოკადით და კიბერშეტევებით.

პრეზიდენტთან დაახლოებული პირების თქმით, რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტს განიხილავს, როგორც დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას უკრაინის აგრესიისაგან. როგორც ცნობილია, დონბასში ორი თვითგამოცხადებული სეპარატისტული "რესპუბლიკა" მდებარეობს, რომლებსაც მოსკოვმა ბოლო წლებში დიდი დახმარება გაუწია, მცხოვრებლებს კი რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. 2014-2015 წლებში, რუსეთის არალეგალური სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინის არმიამ მარცხი განიცადა, რის გამოც კიევი იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობაზე წასულიყო მშვიდობიანი მოლაპარაკების მიზნით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის სამხედრო მოქმედების მასშტაბები და მათი განხორციელების ვადები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახდენს კაპიტულაციას უკრაინა რუსეთის მოთხოვნებზე.

დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, დეკემბრის შუახანებისთვის უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის სამხედრო ძალები, დაახლოებით, 100 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, მათ შორის - 50 მაღალმობილურ საბატალიონო ტაქტიკურ ქვედანაყოფებს. მათი პროგნოზით, იანვრის ბოლოს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან კონცენტრირებული რუსეთის არმიის რაოდენობა 175 ათას გადააჭარბებს. იანვრის ბოლო ის დროა, როცა გრუნტი გაყინულია და, შესაბამისად, ტანკების მოძრაობას ხელი არ შეეშლება.

რასაკვირველია, რუსეთის ჯარების ასეთ რაოდენობას (175 ათასი ჯარისკაცი) შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება - საბრძოლო მასალების მარაგი, საველე ჰოსპიტლები, სისხლის მარაგი და ა.შ. არის ცნობები, რომ მოსკოვი ამ მიმართულებებით მუშაობს. "პრინციპში, თუ კრემლს მართლაც აქვს დაგეგმილი შეჭრა, რუსებს დამატებითი ძალების თავმოყრა და მათი უზრუნველყოფა სწრაფად შეუძლიათ. ალბათ, ციმბირში განლაგებულ სამხედრო ნაწილებსაც გამოიყენებენ", - ამბობს რობ ლი, საგარეო პოლიტის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

მიზანმიმართული საჰაერო დარტყმები

Rand Corporation-ის უფროსი მკვლევრის - დარა მასიკოტის თქმით, რუსეთს შეუძლია, საჰაერო ავიადარტყმებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს - გაანადგუროს როგორც ფრონტის ხაზზე განლაგებული, ასევე - ქვეყნის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტები.

"რადგანაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს, საქართველოსთან 2008 წლის ომის დროიდან, მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სიმტკიცე მეტად აღარ გამოუცდიათ, [შესაძლოა რუსეთმა დანაკარგები განიცადოს], ამიტომ მოსკოვი სხვა იარაღით ისარგებლებს - მას აქვს უამრავი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, როგორც ყირიმში (შავ ზღვაზეც), ასევე - დონბასთან ახლოს. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემას ძალების მობილიზება დასჭირდება რუსული რაკეტების გასამკლავებლად", - ამბობს დარა მასიკოტი.

"პოტენციური დარტყმა შეიძლება მიყენებული იქნეს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმართულებით,რაც უკრაინის სახმელეთო ძალებს ძალიან დააზარალებს" - პროგნოზირებს Rand Corporation-ის უფროსი მკვლევარი.

უკრაინის მთავრობამ, ქვეყნის 41-მილიონიანი მოსახლეობით, ფიცი დადო, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიას წინ აღუდგება. როგორც დეკემბერში ჩატარებულმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, მამაკაცების 58% მზადაა, ხელში იარაღი აიღოს და რუსების წინააღმდეგ იბრძოლოს, თუ მტერი ქვეყნის სიღრმეში შეიჭრება. ბევრი სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფებშიც ჩაეწერება.

"მაგრამ რუსეთის სამხედრო უპირატესობა მაინც აშკარაა: რუსულ არმიას შეუძლია შეტევა რამდენიმე ფრონტიდან - ბელარუსიდან და ყირიმიდან (შავი ზღვიდან) დაიწყოს და უკრაინის არმია ორიოდე კვირაში გაანადგუროს", - ამბობს მაიკლ კოფმანი, - "უკრაინა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზეა განლაგებული. განა რა ძალები ჰყავს მას? უკრაინის არმიის ნაწილები იოლად იქნებიან იზოლირებულები ან იძულებულნი გახდებიან, უკან დაიხიონ, ქვეყნის სიღრმეში".

სრულმასშტაბიანი შეჭრა

სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიებსაც დაიკავებს, რომლებიც უკრაინის არმიას შეუძლია დონბასზე კონტრშეტევისთვის გამოიყენოს. ამით რეალიზდება ვლადიმერ პუტინის ნათქვამი, რომლის თანახმად, დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია მოსკოვის "ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენს".

მაგრამ ანალიტიკოსები ამ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან, რადგან მის განხორციელებას ცოცხალი ძალის დიდი რესურსი დასჭირდება და, შესაბამისად, რუსეთის არმიაში დანაკარგები მეტი იქნება.

"საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მასშტაბები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ზარალს მიაყენებს კრემლი უკრაინას, მისი კაპიტულირების მიზნით, კიევმა დამარცხება რომ აღიაროს", - ამბობს რობ ლი, - "რუსებს შეუძლიათ ორიოდე დღეში ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გამოიყვანონ მწყობრიდან და მისი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად დაასუსტონ. თუმცა კითხვა მაინც არსებობს - იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ კაპიტულაცია მოახდინოს? ყველაფერი უკავშირდება სავარაუდო დანაკარგებს და სარგებელს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ