გიუზელიურტი და სელიმეს კათედრალი - კვირის პალიტრა

გიუზელიურტი და სელიმეს კათედრალი

იხილეთ წინა ნაწილი

ბერების ხეობის დათვალიერების შემდეგ გავწიეთ იჰლარას ხეობისკენ, რომელიც 100 კილომეტრითაა დაშორებული გორემეს. იჰლარასკენ მიმავლებმა მაინც გადავუხვიეთ გზიდან.

2-1640950651.jpg
ამაღლების ეკლესია ჰასანას მთაზეა აგებული

გიუზელიურტში, ცენტრალური ტრასიდან კარგად ჩანდა ეკლესია, სიმუსების რაზმის მეთაურს - თამთა ჭანტურიას სხვა ტურების დროსაც ჰქონია შენიშნული და ფიქრობდა, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ახლოდან გვენახა.

3-1640950701.jpg
ამაღლების ეკლესიას გასაოცარი ადგილმდებარეობა ჰქონდა

ეკლესიას გასაოცარი ადგილმდებარეობა ჰქონდა: ირგვლივ ულამაზესი ბუნება, ადგილი კი - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. იგი ანალიპსის ანუ ამაღლების სახელობის აღმოჩნდა და არა - გრიგოლ ღვთისმეტყველის.

4-1640950763.jpg
თითქოს ლოდები გიგანტურმა ძალამ შემოაწყო ერთმანეთზე

იქვე მდებარე საინფორმაციო სტენდიდან გავარკვიეთ, რომ გვიანდელი ხანის ყოფილა - XIX საუკუნის, თუმცა ამ მიდამოებში უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ნასახლარებიც აღმოუჩენიათ და ხეთების პერიოდის ნაგებობებიც.

5-1640950816.jpg
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია

ანალიპსის ეკლესია აგებულია მთაზე, რომელსაც ადგილობრივები ჰასანის მთას უწოდებენ. არქიტექტურის თვალსაზრისით იგი ორიგინალობით არ გამოირჩევა და ე.წ. მარტივი, ნავის ფორმისაა.

6-1640950853.jpg
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის აიაზმა

მის გვერდითაა შენობა, სადაც რამდენიმე ოთახი დერეფნის სისტემითაა განლაგებული. იქვე, მინდორში უცნაურად განლაგებული უზარმაზარი ლოდები შევნიშნეთ, თამთას თქმის არ იყოს, გეგონებოდა, რაღაც გიგანტურმა ძალამ შემოაწყო ერთმანეთზეო...

7-1640950915.jpg
ერთ-ერთი მიწისქვეშა ქალაქის ოთახი

ტრასას დავუბრუნდით და გიუზელიურტიდან აქსარაის პროვინციის კიდევ ერთ ზღაპრულ წალკოტში აღმოვჩნდით.

თამთამ ამჯერად მართლაც მიგვიყვანა სამხრეთ კაპადოკიელი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის დიდ საკათედრო კომპლექსთან. 5-ნახევარი კილომეტრის სიგრძის ულამაზეს ხეობას, სადაც ეს კომპლექსია, სამონასტრო ხეობა ჰქვია და მნიშვნელობით რეგიონში, იჰლარას შემდეგ - მეორეა.

8-1640950980.jpg
ამ კიბეებს კომპლექსის სხვა ეკლესიებისკენ მივყავართ

ხეობის ორივე მხარეს 28 ეკლესია, 2 მიწისქვეშა ქალაქი, კლდეში ნაკვეთი ადგილები და რამდენიმე მონასტერია, რომელთა ნაწილი ტურისტებისთვის დახურულია. ანატოლიის მონასტრებიდან ყველაზე ბოლოს სწორედ ამ ხეობაში შეწყდა ქრისტიანული წირვა-ლოცვა. ცენტრალური ტაძრის ეზოში ძალიან ღრმა აიაზმაა - მოსანათლი ადგილი.

9-1640951040.jpg
კლდის ეკლესია

კიბეებით შეძლებისდაგვარად ბოლომდე ჩავედით შიგნით, ახლოს რომ გვენახა, სად ინათლებოდნენ ძველი ქრისტიანები. მერე ხეობის ერთი პატარა მიწისქვეშა ქალაქი და სხვა ეკლესიებიც ვნახეთ, ბოლოს კი მისი უმაღლესი წერტილიდან გადმოვხედეთ მწვანეში გადაშლილ ეკლესია-მონასტრებს.

სამონასტრო ხეობიდან პირდაპირ იჰლარაში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ გზად, დაახლოებით, VIII საუკუნის სელიმეს კათედრალის მონახულების სურვილმა გადაგვძალა და იქაც ავირბინეთ.

10-1640951073.jpg
კლდის ეკლესიის გუმბათის ფრესკები

კლდეზე შეფენილი და რომაელებისა და ბიზანტიელების ზეწოლას გამოქცეული პირველი ქრისტიანების მიერ კლდეშივე გამოკვეთილი უძველესი კომპლექსი უმძაფრეს შთაბეჭდილებას ახდენს. გარედან თითქოს უჩისარის ციხეს წააგავს, შიგნით კი ბევრად განსხვავებულია.

11-1640951186.jpg
სელიმეს კათედრალი

კლდის მარშრუტს ისრები გვკარნახობდა და ჩვენც ხან ერთ კალთაზე მივხტოდით (პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ბევრგან მხოლოდ საცალფეხო და დაღარული ბილიკი იყო), ხან მეორეზე. აქ კარგადაა შემონახული სვეტები და თაღები, ეგაა, აქა-იქ შემორჩენილა X-XI საუკუნეების ფრესკები, რომლის დიდი ნაწილი კოცონის ჭვარტლს გაუნადგურებია.