"ხალხს საზღვარგარეთ უფრო მოვწონვარ, ვიდრე საქართველოში" - კვირის პალიტრა

"ხალხს საზღვარგარეთ უფრო მოვწონვარ, ვიდრე საქართველოში"

ქართველი მოდელების წარმატება

ახლახან, თურქეთში გამართულ კონკურსზე - Best Model of the World ქართველმა კონკურსანტებმა გვასახელეს: გოგონებიდან მოდელი ნინი გრძელიშვილი "ტოპხუთეულში" მოხვდა და ორ ნომინაციაში - Best Catwalk da Best National Costume გაიმარჯვა, ვაჟებიდან კი - ლუკა თიგიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა...

პანდემიის გამო, საერთაშორისო კონკურსისთვის საქართველოს წარმომადგენლების შესარჩევად კასტინგი 3 დღე მიმდინარეობდა, რათა ხალხმრავლობა არ ყოფილიყო...

მოვახერხეთ, რომ თურქეთიდან დაბრუნებულ ნინი გრძელიშვილთან ინტერვიუ ჩაგვეწერა...

- 34-ე წელია, რაც Best Model of the World იმართება. ეს კონკურსი მოდის სფეროში დიდი მოვლენაა - საკმაოდ სერიოზული და მასშტაბურია. სხვათა შორის, ეს ის კონკურსია, სადაც ნაომი კემპბელი აღმოაჩინეს. ამ კონკურსში მეორედ ვმონაწილეობდი. დიდი ხანია, კონკურსანტის ამპლუაში არ ვყოფილვარ და ამას არც ვგეგმავდი: არ ვიცი, 23 წლის ასაკში "თავის დაბერება" რატომ გადავწყვიტე, მაგრამ კონკურსებში მონაწილეობაზე უკვე უარი მქონდა ნათქვამი - საორგანიზაციო საკითხებში "გადავეშვი"... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა: თურქეთში საკმაოდ დიდ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრე. მოგეხსენებათ, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი ამ კონკურსის ეროვნული დირექტორი გახლავთ და ფინალს დაესწრო. სხვათა შორის, ისეთი რამ მოხდა, რაც წინათ არასოდეს მომხდარა - ეროვნული დირექტორი ჟიურის წევრებს შორის დასვეს. რა თქმა უნდა, კონკურსანტისთვის ეს დიდი სტიმულია...

კოვიდპანდემიის გამო, სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი "დაპაუზებულია"... კონკურსში 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი (გოგონები და ვაჟები) მონაწილეობდა. საერთოდ, ფინალი ყოველთვის შემაჯამებელია, ანუ ყველაფერი ფინალზე არ წყდება - კონკურსანტებს მანამდე აკვირდებიან: რეპეტიციაზე, გალა-ვახშამზე... აფასებენ, ქულებს წერენ... რეპეტიციებზე ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს განსხვავებული ჩატწალკ-ი (სიარულის მანერა) ჰქონდა. მოდელისთვის ეს დიდი კომპლიმენტია. "საქართველოს" რომ გამოაცხადებდნენ ხოლმე, უკვე ყველა ელოდა, რომ პოდიუმზე განსაკუთრებული ჩატწალკ-ით უნდა გავსულიყავი (იცინის). თავად ამას ვერ ვამჩნევ - ჩემთვის განსაკუთრებული არაფერია...

- ცოტა რამ კონკურსის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ გვიამბე...

- მოსამზადებელი პერიოდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დატვირთული რეჟიმი გვქონდა: რეპეტიციები, სხვადასხვა აქტივობა... კონკურსი რამდენიმე ტურისგან შედგებოდა: საცურაო კოსტიუმებში გადაღება გაიმართა "ბუქისთვის"; შემდეგ - ნაციონალური კოსტიუმების ტური, სადაც ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე ნუგზარ კვანტალიანმა იზრუნა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. გოგონებიდან ამ ტურში მე გავიმარჯვე, ვაჟებიდან - შრილანკის წარმომადგენელმა. 11 დეკემბერს უკვე ფინალი გაიმართა. ტელევიზია "ლაივში" აშუქებდა... ქართველმა კონკურსანტებმა ჩვენი ქვეყანა საკმაოდ სასურველი შედეგებით ვასახელეთ, თუ ძალიან თამამი განაცხადი არ გამომივა...

- რა ხდებოდა კონკურსს მიღმა?

- ძალიან კარგი ნაკადი იყო, არა მხოლოდ კონკურენციის თვალსაზრისით: პროფესიონალი, საუკეთესო მოდელები მონაწილეობდნენ, თუმცა - ძალიან მეგობრულები. თან, საქართველოდან მარტო არ ვყოფილვართ: დიზაინერი გიორგი ტატანაშვილი გვახლდათ, ასევე - ქეთა ხორბალაძე. ისინი კონკურსანტების ჩაცმულობაზე სულ ზრუნავდნენ... საქართველოში კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დამუხტული დავბრუნდი...

grzelishvili-2-1641108701.jpg

- აღნიშნე, დიდი ხანია, კონკურსებში მონაწილეობა არ მიმიღიაო. როგორ ინარჩუნებდი ფორმას?

- შეიძლება, ბევრს გაეცინოს, მაგრამ რაკი დიდი ხნის განმავლობაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩამიცვამს, თავდაპირველად, მეშინოდა - არ ჩამოვვარდე-მეთქი (იცინის)... ბავშვებთან ერთად, გაკვეთილზე მასწავლებელიც ვმეცადინეობდი. დანარჩენს რაც შეეხება, მოვიტყუები, რომ ვთქვა, - ფორმაში ჩასადგომად, ვარჯიშით თავს ვიკლავდი-მეთქი.

- სიარულის განსაკუთრებულ მანერას, რომელიც ჟიურის წევრებს ასე ხიბლავთ, მხოლოდ პოდიუმზე ავლენ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასე დადიხარ?

- არ ვიცი. ეს უკვე მესამე საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ამ ნომინაციის გამარჯვებული გავხდი... ერთი შემთხვევა მახსენდება: საქართველოში "მის პლანეტა" ტარდებოდა. დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიყვანეთ. ერთ-ერთი ქვეყნიდან დიზაინერი მამაკაცი გვესტუმრა, რომელსაც თავისი სამოსის ჩვენება უნდა მოეწყო. რა თქმა უნდა, ჩვენებაში კონკურსანტები და პლუს, "კატრინის" მოდელები მონაწილეობდნენ. როცა კონკურსი საქართველოში იმართება, საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩართული ვარ ხოლმე. მოკლედ, "არამოდელურ" ფორმაში გიჟივით დავრბოდი, რაღაცებს ვწერდი - ფინალისთვის ტექსტს ვამზადებდი, საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდი... ეკა მგალობლიშვილი დიზაინერს ესაუბრებოდა - აზუსტებდნენ, ჩვენებას ვინ გახსნიდა, ვინ დახურავდა... ეკამ უბრალოდ, სიტყვას მოაყოლა - აი, ჩვენებაში ნინიც ჩვეულებრივად "ჩაჯდებაო". ის კაცი ვერ მიხვდა, ვისზე იყო საუბარი. ეკამ დააზუსტა - აი, ჩემი ასისტენტიო... დიზაინერმა გაოგნებული სახით ახედა და ჰკითხა, - ვაიმე, ესეც მოდელიაო (იცინის)?!. მოკლედ, იმ კაცმა სამოსი არაფრით შემირჩია - არ ჩათვალა, რომ მეც მოდელი ვიყავი... ფინალის დღეს უკვე ყველანი ლამაზად ჩაცმულები, მოწესრიგებულები, გაპრანჭულები ვიყავით. იმ კაცმა რომ დამინახა, მაშინვე ხელი მტაცა და "ბექსთეიჯში" "შემათრია": ჩვენება მე გამახსნევინა და დამახურვინა, სამოსი ორჯერ გამომაცვლევინა (იცინის)...

grzelishvili-1641108734.jpg

- როგორი ეპიდემიური სიტუაცია იყო თურქეთში?

- სხვათა შორის, სამედიცინო ნიღბის გაკეთებას მხოლოდ მაღაზიებში გვთხოვდნენ. პანდემია ნაკლებად იგრძნობოდა. "პისიარტესტების" გაკეთება ფინალამდე მოგვთხოვეს - მნიშვნელობა არ ჰქონდა, "მწვანეპასპორტიანი" იყავი თუ არა. კონკურსზე დამსწრე სტუმრების რაოდენობაც შეზღუდული იყო - მხოლოდ "ვიაიპ" სტუმრები იყვნენ წარმოდგენილები.

- კონკურსზე მიღწეული წარმატების შემდეგ, საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები თუ მიიღე?

- რაც საქართველოში დავბრუნდი, კონკურსზე თუკი ვინმე ფოტოგრაფი და დიზაინერი იყო, ყველა მწერს. სულ ვხუმრობ, - ხალხს საზღვარგარეთ უფრო მოვწონვარ, ვიდრე საქართველოში-მეთქი (იღიმის). შეიძლება, ცოტათი ცუდად ნათქვამი გამომდის, მაგრამ საზღვარგარეთ სხვანაირად ვიქცევ ყურადღებას და არ ვიცი, რითია ეს განპირობებული. ვერ ვიტყვი, რომ ტიპური ქართული გარეგნობა-მაქვს... ჩემთან თანამშრომლობის სურვილი ბევრმა უცხოელმა დიზაინერმა გამოთქვა. მართალია, ჯერ კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა ამაზე ვფიქრობ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"