ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყება - ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა - კვირის პალიტრა

ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყება - ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა

ახალი, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდა, ნაწილი კი წლის განმავლობაში შევა ძალაში.

"ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა შეძლებისგვარად ერთად შეეკრიბა ცვლილებათა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უკვე 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ან ცოტა მოგვიანებით ამოქმედდება. მათ შორის: იანვრიდან ქვეყანაში 1-კვირიანი უქმეები ცხადდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8-9 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა.

იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ

იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, მასწავლებლებს გაეზრდებათ, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.

იზრდება პენსიები და დახმარებები

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ამასთან, იანვრიდან გაიზრდება დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.

ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს

ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს. ცვლილება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედა. შედეგად, გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.

კერძოდ, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).

საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავს. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.

ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყება

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში, შესაბამისად, წამლების მონიტორინგიც დაიწყება.

ცნობისთვის, ფარმაცევტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოუწევთ.

საქართველოში ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება

საწარმოებს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შესაძლებლობა ექნებათ დღის და ღამის საათებში ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით ისარგებლონ. შესაბამისი სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება. იხილეთ სრულად